Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-395-კ-02 30 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახაზინო საწარმო “ს-ის" ამბროლაურის წარმომადგენლობის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციას, მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანგარიშში დაეკისრა 19680 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შს რეგიონალური სამმართველოს მიერ მოსარჩელისათვის 6000 ლარის გადახდის ფაქტი და 2000წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეს, ნაცვლად 19680 ლარისა, სახაზინო საწარმო “ს-ის" სასარგებლოდ დააკისრა 4839 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა “ს-ის" დირექტორის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება.

2001წ. 13 დეკემბერს სახაზინო საწარმო “ს-ის" წარმომადგენელ დ. მ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო პოლიციის თანამშრომელთა ყალბ განცხადებას, თითქოს პოლიციის შენობაში რემონტი არ ჩატარებულა, მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანი რემონტის თაობაზე ინფორმირებული არ იყო, ვინაიდან მოცემული მომენტისათვის მათი სამასხური განთავსებული იყო სხვა შენობაში;

2. საოლქო სასამართლოში საქმის წარმოებით დაინტერესებული იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, რომელთანაც მოსარჩელის წარმომადგენელს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა;

3. საოლქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც პოლიციის ზეწოლითა და მუქარით, ექსპერტის მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოს ღირებულება შეგნებულად იქნა შემცირებული;

4. გაყალბებულია მოწმე მ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ სამუშაო არ შესრულებულა. აღნიშნულის დასტურად განმცხადებელი წარმოადგენდა მ-ის ხელწერილს, რომელიც უარყოფდა პოლიციისათვის განმარტების მიცემის ფაქტს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გამოტანილი იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ყოფილი, ხოლო ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ზეგავლენის შედეგად.

6. ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ აპელაცია მიღებული და განხილულ იქნა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე განმცხადებელი ითხოვდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოებით განახლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის განჩინებით “ს-ის" ამბროლაურის წარმომადგენლობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.

ქუთაისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის განჩინებით ამბროლაურის სახაზინო საწარმო “ს-ის" წარმომადგენელ დ. მ-ეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.

განცხადებაზე უარის თქმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ყველა ის საფუძველი, რასაც დ. მ-ე მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, მას წარდგენილი აქვს საოლქო სასამართლოში შესაგებლის სახით საქმის არსებითი განხილვისას. ამდენად, ყველა მითითებული გარემოება წარმოადგენდა სასამართლოს მსჯელობის საგანს.

გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი უთითებს, მის მიერ ასევე აღნიშნული იყო საკასაციო საჩივარში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში წარმოდგენილი წანამძღვრები არ პასუხობდნენ სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რის გამოც განმცხადებელს სსკ-ს 430-ე მუხლის შესაბამისად უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, “ს-ის" ამბროლაურის წარმომადგენელობის უფროსმა დ. მ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარში ძირითადად უთითებდა იმავე გარემოებებზე, რასაც განცხადებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან ირკვევა, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" “გ" და “ვ" პუნქტების საფუძველზე. კერძოდ, საქმის განახლების მოტივად განმცხადებელი უთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო:

ა) ექსპერტის “ყალბ" დასკვანას;

ბ) პოლიციის თანამშრომელთა “ყალბ" ჩვენებებს:

გ) მოწმის “ყალბ” განცხადებას:

დ) მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირად დაინტერესებას.

მითითებული საფუძვლებით საქმის წარმოების განახლება გათვალისწინებულია სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა", “ბ" და “გ" პუნქტებით, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია, დადგენილია მოწმის შეგნებულად მიცემული ცრუ ჩვენება, ექსპერტიზის ყალბი დასკვნა, დადგენილია ამ საქმეზე მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მარტოოდენ წარმოდგენილი საფუძვლების არსებობა კანონმდებლის მიერ მიჩნეული არ არის საქმის წარმოების განახლების საკმარის საფუძვლად. ამავე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებებათა უკმარისობის, არამედ _ რაიმე სხვა მიზეზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებლის მხოლოდ სიყალბის თაობაზე მითითება არ ქმნის ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობას და ვერ ჩაითვლება საქმის წარმოების განახლების საკმარის საფუძვლად.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი საოლქო სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და რომ სასამართლომ უარი განაცხადა მტკიცებულებათა მიღებაზე. წარმოადგენს კასაციის საფუძველს, რომელიც სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გასაჩივრების შემთხვევაში იქცევა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად, ხოლო, თავის მხრივ, საკასაციო საჩივრის საფუძვლის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლებთან გაიგივება დაუშვებელია და აღნიშნულის შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “ს-ის" ამბროლაურის წარმომადგენლის, დ. მ-ის, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლერბივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “ს-ის" ამბროლაურის წარმომადგენლის, დ. მ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.