გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-396-კ-02 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის პირველადი რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს სენაკის «ს-ის” მესაკუთრემ მ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხედ დასახელებულ იქნა სენაკის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და მაღაზია «კ-ს” მესაკუთრე ზ. გ-ა. სარჩელის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა, მაღაზია «კ-ს” სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება.
მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: ... განთავსებული ტერიტორია, ე.ი. მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც დღეის მდგომარეობით განთავსებულია და ფუნქციონირებს შპს სენაკის «ს-ი”, 1991 წლიდან (სადღეღამისო ფასიანი სადგომის მოწყობის მიზნით) გაცემული იყო «ავტომოყვარულთა” საზოგადოებაზე.
1992წ. 10 ივნისის სენაკის რაიონის გამგეობის სხდომის ¹6/11-21 გადაწყვეტილებით «ავტომოყვარულთა” საზოგადოების ტერიტორიაზე ფუნქციონირების ნება დაერთო მრავალდარგოვან საკომისიო კომერციულ კოოპერატივ «კ-ს”.
1994წ. 13 აპრილს ადგილობრივი მმართველობის სენაკის რაიონული გამგეობის ¹18/7 გადაწყვეტილებით ... მდებარე ტერიტორია ჩამოერთვა «ავტომოყვარულთა” საზოგადოებას და ჩაირიცხა ქალაქის ფონდში. ხოლო მითითებული ტერიტორია ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 30 მაისის ¹62 გადაწყვეტილების I მუხლის საფუძველზე მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სენაკის «ს-ს”. გადაცემულ ტერიტორიაზე 1997 წელს შექმნილი იქნა ტექნიკური პასპორტი, ხოლო 1998 წლიდან «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ” კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს სენაკის «ს-ზე”.
შპს «ს-ის მიერ ტერიტორიის შესყიდვიდან ერთიწ. შემდეგ ამ უკანასკნელს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხა მაღაზია «კ-ზე”.
მოსარჩელე მიიჩნევდა რა, რომ ადგილი ჰქონდა მისი მიწის საკუთრების უფლებით მაღაზია «კ-ზე” უკანონოდ გადაცემას, მოითხოვა ამ უკანასკნელის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. მოწინააღმდეგე მხარემ მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ შპს სენაკის «ს-ზე” მაღაზია «კ-ს” ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე და მითითებული შეცდომა მათი მხრიდან გამოსწორებული იქნა სწორედ ამ უკანასკნელზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების გზით.
სარჩელს არ დაეთანხმა მაღაზია «კ-ს” წარმომადგენელი და მიუთითა, რომ სადავო ტერიტორია სარგებლობის უფლებით მაღაზიას გადაცემული ჰქონდა ჯერ კიდევ 1992 წლიდან, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადებისა" და «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მაღაზია «კ-ზე» მიწის რეგისტრაცია და საკუთრების მოწმობის გაცემა მოხდა მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელებული იყო ჯერ შპს სენაკის «ს-ზე», ხოლო სკ-ს 314-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგსიტრაციას დროის თანამდებობით, მ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კოოპერატივ «კ-ზე» 1999წ. 16 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაცია და ძალაში დარჩა შპს «ს-ის» რეგისტრაცია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ზ. გ-ას მიერ, სადაც აპელანტი აპელაციის საფუძვლად ძირითადად მიუთითებდა შემდეგ გარემოებაზე: 1. სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მაღაზია «კ-ს» მიწასთან მყარად დაკავშირების ფაქტი. 2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მაღაზიაზე მიწის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთები.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტი მოითხოვდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას; სენაკის რაიონის საკრებულოს 1994წ. 30 მაისის ¹82 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; შპს «ს-ზე» 1999წ. 21 სექტემბერს განხორციელებული მიწის რეგისტრაციის გაუქმებას და კოოპერატივ «კ-ზე» მიწის კერძო საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ძალაში დატოვებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით, ზ. გ-ას სააპელაციო საჩივარს სენაკის რაიონის სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ეთქვა უარი, უცვლელად იქნა დატოვებული სენაკის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადება პირველად შეიტანა «ს-მა» და პირველი გატარდა რეგისტრაციაში. ამდენად «ს-ის» მხრიდან დაცული იქნა სკ-ს 314-ე მუხლის მოთხოვნა, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის შესახებ.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელზე მოპასუხეები შეგნებულად ცდილობდნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან სენაკის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 ივნისისა და სენაკის მერიის გამგეობას 1998წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ იყო მითითება მიწის ნაკვეთზე. კერძოდ პირველ შემთხვევაში საუბარი იყო მითითებული მაღაზიის ფუნქციონირებაზე, ხოლო მეორეში მაღაზიის ზ. გ-ასთვის მიკუთვნებაზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მაღაზიის ფუნქციონირების ნებართვა არ ნიშნავდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონი. აქვე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მაღაზია «კ-ზე» მიწის რეგისტრაციით დაირღვა ზემოაღნიშნულ კანონის მე-7.7 მუხლის «ბ» პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, «მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება ეთქვას უარი თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაა».
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მითითებულ მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილი ჰქონდა კერძო ს-ის მიწის ფართობის ნ.გ-ას სახელზე გატარების ფაქტს.
არ დაეთანხმა რა საოლქო სასამართლოს განჩინებას, ზ.გ-ას მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი თავის საკასაციო საჩივარს ფაქტიურად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარს და აქვე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო კანონი, რომელიც გამოიყენა არასწორად იქნა მის მიერ განმარტებული. შესაბამისად მოითხოვა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
სარჩელზე თავდაპირველი მოპასუხე სენაკის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ მაღაზია «კ-ზე» მიწის რეგისტრაცია განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
მოწინააღმდეგე მხარემ მ.შ-ამ საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზედაც მაღაზია «კ-ა» განთავსებული, წარმოადგენს მის საკუთრებას და ამასთან, უსაფუძვლოდ ჩათვალა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მაღაზია განეკუთვნებოდა მიწაზე მყარად მიმაგრებულ ობიექტს და მოითხოვა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქმეში წარმოდგენილია სენაკის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება ¹6/11-21 რომლითაც დასტურდება, რომ კოოპერატივ «კ-ს» ნება დაერთო ეფუნქციონერა ქ.სენაკში, ... ქუჩაზე სადღეღამისო ავტოსადგომის ტერიტორიაზე.
ამავე გადაწყვეტილებით კოოპერატივის გამგეობას დაევალა მოეხდინა პავილიონის პროექტის რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმება.
საქმეში წარმოდგენილია კოოპერატიული მაღაზია «კ-ს» გენგეგმა, დათარიღებული 1992წ. 29 ივლისით, რომლითაც დასტურდება, რომ პავილიონი რომელშიც მაღაზია ფუნქციონირებს 1992 წლიდან განთავისებული იყო «ავტომოყვარულთა» საზოგადოებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.
მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის ფაქტი, რომ ნაგებობა აშენების დღიდან უცვლელადაა განლაგებული სადავო მიწის ნაკვეთზე.
საქმეში წარმოდგენილია პავილიონის ტექნიკური დახასიათება, რომელიც ადასტურებს პავილიონის მიწაზე მყარად მიმაგრების ფაქტს.
საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია ისე, რომ აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს მიერ უარყოფილი ან გაბათილებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკრვევია პავილიონის დაშლა და სხვა ადგილას გადატანა გამოიწვევს თუ არა ობიექტის ღირებულებასთან შედარებით არამართლზომიერად დიდ ხარჯებს. რაც იმთავითვე გაუგებარს ხდის რომელ ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას.
სკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან. ხოლო ამავე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან იმ ნაწილის განადგურების ან მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე ცალკე უფლებას ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
«ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვს გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სკ-ს უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ იქნა პავილიონის უძრავი ქონებისადმი მიკუთვნების შემთხვევაში რამდენად იყო შესაძლებელი ამ უკანასკნელის ცალკე უფლების ობიექტად მოაზრება.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, რას ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, როდესაც ეს უკანასკნელი მიუთითებს აპელანტის და მიწის მართვის სამმართველოს მხრიდან «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ საქართველოს კანონის 4.3 მუხლის «გ» პუნქტის დარღვევაზე. მითითებული მუხლის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის აუცილებელია კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
მხარეთა შორის დავის საგნად ქცეული არ არის ის გარემოება, რომ სადავო მიწის ფართობზე განთავსებული პავილიონი წარმოადგენს ზ.გ-ას საკუთრებას, მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია რას ეყრდნობა სასამართლო, როდესაც შპს სენაკის «ს-ზე» განხორციელებულ პირველად რეგისტრაციას სადავო მიწის ნაკვეთზე მიიჩნევს კანონიერად და თვლის, რომ მაღაზია «კ-ზე» რეგისტრაციის გზით დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და შესაბამისად შეილახა უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესები.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს სკ-ს 314-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საუბარია მხარეთა თანაბარ და აბსოლუტურ უფლებაზე, კერძოდ კი საკუთრების კონსტიტუციულ უფლებაზე რომლის დასადგენადაც განმსაზღვრელ და გადამწვეტ გარემოებად ვერ იქცევა რეგისტრაციის რიგითობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებულია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
აქვე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ პროცესუალურ შეუსაბამობებზე:
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხარემ არ გამოიყენა შეგებებული სარჩელის წარდგენის კანონი მისთვის მინიჭებული უფლება, მაგრამ აქვე სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას. სააპელაციო საჩივარში, გარდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სენაკის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და «ს-ზე" განხორციელებული მიწის რეგისტრაციის გაუქმება.
აღნიშნული, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, თავისი არსით, წარმოადგენს შეგებებულ სარჩელს. სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიღო სრულად (საქმეში არ არის სააპელაციო საჩივრის ნაწილის მიღებაზე უარის თქმის განჩინება ან განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე) ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში სრულად მიღებით სასამართლომ დაადასტურა სარჩელის მიღების ფაქტიც, რის შემდეგაც ის ვალდებული იყო ემსჯელა იმ მოთხოვნებზე, რაც სააპელაციო საჩივარში იქნა დაყენებული და მითითებულთან მიმართვაში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 412-ე და 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.