¹ 3გ-ად-397-კ-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის გადასახადის დავალიანების გადახდევნების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სოფ. ...ის გამგებელმა გ. ხ.-მ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე 22 ჰა მიწის ფართობზე მდებარეობს (ფუნქციონირებს) შ.პ.ს. “ს.-ის” ...-ის ტერიტორიული სამმართველოს დამხმარე მეურნეობა-კომპლექსი. აქედან 13 ჰა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო 9 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ...-ის ტერიტორიული სამმართველო თავს არიდებს კანონით დადგენილი წესით გადასახადების გადახდას, რადგანაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობად მიიჩნვს არა 9 ჰა, არამედ 4,5 ჰა, დანარჩენი ფართი კი მიაჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.
მოსარჩელე მოითხოვდა, მოპასუხეს დაკისრებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე-80221მ2-ზე – 1998-99 წლების გადასახადის 6709 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ გადარიცხული თანხის ერთი ნაწილი შეცდომით იქნა ჩარიცხული სხვა ანგარიშზე. მოსარჩელემ თანხის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის მიწის გადასახადი 4194 ლარისა და სასამართლო ხარჯების-საადვოკატო მომსახურეობისათვის 500 ლარის და სახელმწიფო ბაჯის 168 ლარის-დაკისრება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მელურის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ს.-ის” ...-ის ტერიტორიულ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 5209 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება რკინიგზის ...-ის ტერიტორიულმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა შემდეგი ძირითადი მოტივებით:
1. 1998-99 წლების მიწის გადასახადი მას გადახდილი აქვს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. მართალია გადახდილი თანხის ერთი ნაწილი მოხვდა სხვა ანგარიშზე, მაგრამ შეცდომა ამჟამად გამოსწორებულია.
2. დამხმარე მეურნეობა ფაქტიურად ფლობდა 20 ჰა მიწის ფართობს, საიდანაც 15 ჰა იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო 5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რის გამოც 9 ჰა-ზე, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გადასახადის გადახდას მიიჩნევდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადახდის კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები. აპელანტი მიიჩნევდა, რომ მოცემულ საქმეში სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა ეს უკანასკნელი.
სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე და ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვება.
მესამე პირმა ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ მიწის გადასახადების გაწერა არის სამმართველოს კომპეტენცია. მათთან არსებული მონაცემებით შპს “ს.-ის” ...-ის ტერიტორიული სამმართველოს ...ის მეცხოველეობის კომპლექსს დაკავებული აქვს 22 ჰა მიწის ფართობი. 9 ჰა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მითითებული მონაცემები არაერთხელ იქნა გადამოწმებული ამასთან, აპელანტის მოთხოვნით შესრულდა ადგილზე გაზომვითი სამუშაოები, კომისიისა და სპეციალისტების მიერ გაკეთებული იქნა შესაბამისი დასკვნები, რასაც აპელანტი უსაფუძვლოდ არ იზიარებს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით შპს “ს.-ის” ...-ის ტერიტორიული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
უცვლელად იქნა დატოვებული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება “ს.-ის” ...-ის ტერიტორიული სამმართველოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
“ს.-ა” გადასახადებს და მათ შორის მიწის გადასახადს 1998 წელში უხდიდა ...-ის რაიონის საგადასახადო ინსპექციას, ხოლო 1999 წლიდან საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას.
საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად “ს.-მ” მიწის გადასახადი უნდა გადაუხადოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოებს ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი შეტყობინებების საფუძველზე. ამავე კანონის შესაბამისად, გადასახადების ადმინისტრირებას ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კონკრეტულ შემთხვევაში კი მელურის საკრებულო.
აღნიშნულზე მითითებით, კასატორი მიიჩნევდა, რომ ...ის საკრებულო არ იყო სათანადო მოსარჩელე. რაც უსაფუძვლოდ არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს წინაშე, აპელანტის მიერ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, განმეორებით იქნა დაყენებული შუამდგომლობა, დამხმარე მეურნეობის ტერიტორიის მიწის ფართობის გაზომვის და კატეგორიის განსაზღვრის მიზნით კომპლექსური საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რათა გარკვეულიყო, თუ დაკავებული მიწის რა ნაწილი განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო, ხოლო რა ნაწილი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვევათა ცენტრში დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტიზა ვერ ჩატარდა განჩინებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის არარსებობის გამო საქმე დასკვნის გარეშე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
მიუხედავად დასკვნის გაუცემლობისა სასამართლომ 9 ჰა მიწის ნაკვეთი უსაფუძვლოდ მიაკუთვნა არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწას და კასატორს დააკისრა მითითებული თანხის გადახდა.
როგორც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 29 ნოემბრის წერილშია აღნიშნული, 1971წ. თებერვალში ...-ის რაიონის მეღორეობის სახელმწიფო საცდელი სადგურის მშენებლობისათვის სოფელ ...ის ...-ისა და ...-ის კოლმეურნეობების ფართობიდან გამოიყო 10-10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც დღესაც არ არის გადაყვანილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში, ამის გარდა თუ გამოყოფილი იყო 20 ჰა მიწის ნაკვეთი, აქედან 13 ჰა უკან დაუბრუნდა ...-ის საკრებულოს, მაშინ გაუგებარია, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ მეურნეობას დარჩა 24920 მ2 სასოფლო-სამეურნეო და 80221 არასასოფლო-სამეურნეო – სულ 105141 მ2 მიწის ფართი. ...-ის საკრებულო არ უარყოფს მითითებული 13 ჰა მიწის უკან დაბრუნების ფაქტს. ე.ი. დღეის მდგომარეობით მეურნეობას დაკავებული აქვს 7 ჰა საიდანაც 2,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო 4,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
რკინიგზის ...-ის დამხმარე მეურნეობა არ არის მეცხოველეობის კომპლექსი, იგი არის დამხმარე მეურნეობა და საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
საგადასახადო ინსპექციაში, დოკუმენტთა რეგისტრაციის წინგში, 858 ნომრით რეგისტრირებულია ჩანაწერი, რითიც ირკვევა, რომ 1998წ. 19 მაისს, ...-ის მიწის მართვის სამმართველომ ...-ის საგადასახადო ინსპექციას ¹147 წერილით აუწყა, რომ რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს დამხმარე მეურნეობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი შეადგენდა 50000 მ2 და ამ რაოდენობის მიწაზე უნდა მომხდარიყო მიწის გადასახადით დაბეგვრა. მითითებული წერილის საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციამ მოახდინა რკინიგზის ანგარიშიდან 2850 ლარის მოხსნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც აღნიშნული ექვემდებარებოდა გაუქმებას.
მოწინააღმდეგე მხარისა და მე-3 პირის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საკასაციო საჩივარს შემდეგი მოტივებით:
1. უსაფუძვლოა კასატორის განმარტება იმის შესახებ, რომ ...-ის საკრებულო წარმიადგენს არასათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან მიწის გადასახადი სრულად და მთლიანად, ყოველგვარი მომსახურეობის დარიცხვის გარეშე, გადაერიცხება მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
2. მიწის კატეგორიის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა დანიშნულებით იქნა მიწის ნაკვეთი თავის დროზე გამოყოფილი. ...-ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, აქედან გამომდინარე, მიწა მიეკუთვნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და მასზე გადახდილი უნდა იქნეს ამ კატეგორიის მიწებისათვის დადგენილი გადასახადი.
3. უსაფუძვლოა კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ მიწის ფართი შეადგენდა 20 ჰა-ს, ვინაიდან სასამართლო სხდომის ოქმში მათი მხრიდან დადასტურებული და აღიარებულია რომ მეურნეობას ფაქტიურად ეკავა 22 ჰა მიწის ნაკვეთი.
4. უსაფუძვლოა კასატორის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის “დ” პუნქტზე მითითება, ვინაიდან მოცემულ პუნქტში საუბარია იმ დასახლებული პუნქტების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის ობიექტების კუთვნილ ნაკვეთებზე, რომელიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით: მეურნეობა განთავსებულია მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში და მისთვის გადაცემული ნაკვეთი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
აქვე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ მიწის კატეგორიის გამსაზღვრისას სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საგადასახადო კადექსის 153-ე მუხლი, შესაბამისად საოლქო სასამართლოს მხრიდან განჩინების გამოტანისას ადგილი არა ჰქონია კანონის დარღვევას, რის გამოც, ითხოვდა, გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ...-ის რაისაბჭოს აღმასკომის 1971წ. 24 თებერვლის @¹96 გადაწყვეტილებით, ...-ის ტერიტორიაზე მეღორეობის სახელმწიფო საკონტროლო საცდელი კომპლექსის მშენებლობისათვის რკინიგზას გამოეყო მიწის ნაკვეთი, სადაც ფუნქციონირებდა დამხმარე მეურნეობა-კომპლექსი.
1999წ. 1 აპრილიდან კომპლექსი გაუქმდა და მისი ქონება ბალანსიდან-ბალანსზე გადაეცა რკინიგზის ...-ის ტერიტორიულ ორგანოს. 1999 წელს რკინიგზის ტერიტორიულმა სამმართველომ, ...-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დამხმარე მეურნეობა-კომპლექსის სარგებლობაში არსებული 22 ჰა მიწის ფართობიდან დააბრუნა 13 ჰა ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ...-ის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებული 20 ჰა მიწის ფართის ნაცვლად საცდელი კომპლექსის მშენებლობისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი იქნა 22 ჰა მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საცდელი კომპლექსისათვის გამოყოფილი ფართი თავიდანვე შეადგენდა 20 ჰა-ს, ხოლო 13 ჰა-ის უკან დაბრუნების შემდეგ მის სარგებლობაში დარჩა მხოლოდ 7 ჰა მიწის ფართი.
საქმეში წარმოდგენილი რკინიგზის ...-ის ტერიტორიული სამმართველოს შესაგებელი, სადაც მხარე ადასტურებს მისი მხრიდან 13 ჰა-ს დაბრუნების შემდეგ 9 ჰ მიწის ფართის ფლობის ფაქტს. საგულისხმოა, რომ მითითებული ფართის ოდენობა მხარეს სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში.
სსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ოდენობის ნაწილში კასაციის საფუძველი მცდარია და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საოლქო სასამართლოს მხრიდან სსკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე და მიუთითებს, რომ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად მიწის გადასახადი მთლიანად ჩაირიცხება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ...ის საკრებულო, როგორც დაინტერესებული მხარე, უფლებამოსილია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს მისი დაკმაყოფილება.
ამდენად მითითებულ ნაწილში საოლქო სასამართლოს მხრიდან საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ რკინიგზის ...ის დამხმარე მეურნეობა არ წარმოადგენს მეცხოველეობის კომპლექსს და მის სახელწოდებაში აღნიშნულის თაობაზე ხაზგასმა ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
საქართველოს სახელმწიფო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ დამტკიცებული “ტერიტორიების ზონირების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის განსაზღვრის სარეკომენდაციო მეთოდიკის” 3.6. პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია საადგილმამულო წიგნში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე, გარდა იმ საწარმოებისა, სადაც მემცენარეობის და მეცხოველეობის პროდუქციას აწარმოებენ სამრეწველო საფუძველზე, როგორიცაა მეფრინველეობის ფაბრიკები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის ქარხნები, მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები და სხვა.
საქმეში წარმოდგენილია რკინიგზის ...-ის ტერიტორიული სამმართველოს “დამხმარე მეურნეობა-კომპლექსის” წესდება რომლის I და 2.1. პუნქტის შესაბამისად, მეურნეობა წარმოადგენს საწარმოს, რომლის საქმიანობის მიზანს შეადგენს საქონლის, ღორის, თევზის, ფრინველის ხორცის, ხილ-ბოსტნეულის წარმოება და რეალიზაცია. იმ გარემოებებს, რომ ტერიტორიაზე აშენებული და განთავსებულია შენობა-ნაგებობები- ფერმების სახით-ადასტურებს თავად კასატორიც.
საქმეში წარმოდგენილია სპეციალისტთა მიერ თეოდელიტის მეშვეობით ჩატარებული აზომვითი სამუშაოები, საიდანაც დასტურდება, რომ კომპლექსი განთავსებულია 80221 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რკინიგზის ...-ის ტერიტორიული სამმართველოს “დამხმარე მეურნეობა-კომპლექსში” პროდუქციის წარმოება ხდება სამრეწველო საფუძველზე და ამ თვალსაზრისით დაკავებული მიწა, ზემოთ მითითებული სარეკომენდაციო მეთოდიკის შესაბამისად, არ შეიძლება იქცეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამასთან სასამართლოს მხრიდან საქმეზე მიღებულია არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.-ის” ...-ის ტერიტორიული სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინება;K
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.