გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-398-კ-02 21 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლების არარსებობის აქტის დადასტურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ა-ის» დირექტორმა ვ.შ-მა აღიარებითი სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სადაც მოპასუხედ დასახელებული იქნა ქ.ქუთაისის მერია და მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილად ყოფილიყო ცნობილი, რომ ქ.ქუთაისის მერიასა და შპს «ა-ს» შორის 1994წ. 9 მაისს დადებული ხელშეკრულება კვლავ ძალაშია და არ არსებობს მისი მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 1997წ. 09 მაისს შპს «ა-სა» და ქუთაისის მერიას შორის დაიდო ხელშეკრულება სახაზინო საწარმო «ქ-ის» მართვაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში ისინი პასუხს აგებდნენ მოქმედი კანონმდებოლობით დადგენილი წესით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა მისი ვადის გასვლით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 8-5 პუნქტში აღინიშნა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ. 2001წ. 14 დეკემბერს შპს «ა-მა» მოპასუხისაგან მიიღო წერილი ¹1200 სადაც აღნიშნულია, რომ შპს «ა-ი» არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე, რის გამოც მერია ხელშეკრულებას წყვეტდა ვადამდე და იძლეოდა წინადადებას, მოსარჩელის მრიდან გათავისუფლებულიყო დაკავებული ფართი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ, რის გამოც ითხოვა სასამართლო წესით აღიარებული ყოფილიყო, რომ ხელშეკრულება კვლავ ძალაშია და არ არსებობს მისი ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.
ქ.ქუთაისის მერიამ თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ქუთაისის მერიასა და შპს «ა-ს» შორის 1997წ. 9 მაისს დადებული ხელშეკრულება «სახაზინო საწარმო «ქ-ის» მართვაზე კვლავ ძალაშია და მერიას არა აქვს წარმოდგენილი საფუძველი ამ ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს «ა-ის» მიერ, სადაც აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.ქუთაისის მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლების არარსებობის დადგენა, აღიარება, რის გამოც მერიის მიერ მსგავსი საფუძვლების წარმოუდგენლობა, სასამართლოს მხრიდან, მიჩნეული უნდა ყოფილიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
თავის მხრივ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქუთაისის მერიამ, რომელმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქმებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დავის საგნის არარსებობის მოტივით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის განჩინებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ასევე ქ.ქუთაისის მერიის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერიის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მიზნით არანაირი ქმედება განხორციელებული არ ყოფილა, მერიას სასამართლოსათვის არ მიუმართვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არანაირი საფუძველი წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც არ არსებობდა მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის მოსპობა არ ცვლის მხრის ინტერესს დავის საგნის მიმართ, კერძოდ კი ამ უკანასკნელის უფლებას, სასამართლო წესით იქნას აღიარებული მოწინააღმდეგე მხარესთან მისი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, შპს «ა-ის» მიერ განჩინება გასაჩივრებული იქნა საკასაციო სასამართლოში. სადაც კასატორი იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა საკასაციო საჩივრის სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტურ საფუძვლებს, კერძოდ კი სასამართლოს მხრიდან სახეზე იყო სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 105-ე მოთხოვნების დარღვევა, მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მის სარჩელს ეთქვა უარი.
მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირი საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ და ითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
1997წ. 9 მაისს შპს «ა-სა» და ქ.ქუთაისის მერიას შორის დაიდო ხელშეკრულება სახაზინო საწარმო «ქ-ის» მართვაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით.
მითითებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა ამავე ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის გასვლის გამო.
კასატორის მხრიდან სასამრათლო განხილვის არცერთ სტადიაზე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ქ.ქუთაისის მერიის 2001წ. 14 დეკემბრის წერილს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მერიის მხრიდან მოჰყვა რაიმე ქმედება. დადასტურებულია, რომ მითითებულ წერილს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოუწვევია, შპს «ა-ს» ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დაკავებული ფართი არ დაუტოვებია.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.
გამომდინარე იქედან, რომ შპს «ა-ი» ვერ ადასტურებს მერიის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ფაქტს, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მითითებული ქმედების კანონიერებასა თუ უკანონობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს სსკ-ს ნორმების დარღვევას და არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნას დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.