Facebook Twitter

3გ-ად-399-კ-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საჩხერის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონის სოფ. ...-ში მცხოვრებმა ჯ. ს.-მ, რომლის საფუძველზეც საჩხერის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დასახიჩრებით მიყენებული ზიანისათვის 19320 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:

1983წ. თებერვლიდან მუშაობდა ონის რაიონის ...-ის სამმართველოში სანგრის მწმენდავ მუშად. 1985წ. 20 მაისს აფეთქების შედეგად მიიღო ტრავმა, რის შემდეგაც გახდა I ჯგუფის ინვალიდი. მას შემდეგ არის მწოლიარე ავადმყოფი და საჭიროებს მუდმივ მომვლელს.

1994წ. 1 აპრილამდე საწარმოო გაერთიანება «ს.-ა", რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ... სამმართველო, უნაზღაურებდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას, ხოლო 1994წ. 1 აპრილიდან მაღაროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეუწყდა ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა: ვინაიდან საწარმო გაერთიანება «ს.-ა" გარდაიქმა ჰოლდინგურ კომპანიად, ხოლო ... სამმართველო წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს და მისი უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისათვის დადგენილი თანხების გადახდა უნდა მოხდეს ტერიტორიული ერთეულის გამგეობების (მერიების) სოციალური დახმარების სამსახურის მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის I ჯგუფის ინვალიდი, შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით, საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მეორე მუხლის მე-2 ნაწილისა და 27-ე მუხლის თანახმად საჩხერის რაიონის გამგეობას 1994წ. 1 აპრილიდან 2001წ. დეკემბრამდე მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 92 თვის კუთვნილი თანხა _ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით და მომვლელის ხარჯები 10 _ ლარი, რომელსაც იგი, როგორც I ჯგუფის ინვალიდი, საჭიროებს. სულ ერთიანობაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილი თანხა შეადგენდა 19320 ლარს.

მოპასუხის, საჩხერის რაიონის გამგეობის, წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 დადგენილებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" შესახებ დებულებების 42-ე მუხლის I ნაწილით სახელწმიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანზიაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. ამდენად, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მის ზემდგომ ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც საწარო იმყოფებოდა, განურჩევლად იმისა, თუ რა სამართლებრივი ფორმითაა იგი შექმნილი. საწარმოს მიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა არ ქმნის ვალდებულების მოსპობის საფუძველს. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით ფუნქციონირებს სს «ს.-ა", მას, როგორც ... სამმართველოს უფლებამონაცვლეს და არა საჩხერის რაიონის გამგეობას, ეკისრება მოსარჩელე ჯ. ს.-ისათვის ზიანის ანაზღაურება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ იმ საფუძვლით, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა დაწესებულ იქნა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 1994წ. 1 აპრილიდან 1999წ. 1 ივლისამდე ზიანი უნდა ანაზღაურებოდა ქვეყანაში იმ დროს არსებული მინიმალური ხელფასის _ 1,5 ლარის _ გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, მოცემული პერიოდისათვის გადასახდელის თანხამ შეადგინა 1575 ლარი, ხოლო 1999წ. 1 ივლისიდან 2002წ. 1 აპრილამდე ყოველთვიურად _ 200 ლარი. შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა მომვლელისათვის გადასახდელი 10 ლარი, რაც ერთდროულად შეადგენდა 6930 ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩხერის რაიონის გამგეობას ჯ. ს.-ის სასარგებლოდ ერთდროულად დაეკისრა 1994წ. 1 აპრილიდან 1999წ. 1 ივლისამდე 1575 ლარი, 1999წ. 1 ივლისიდან 2002წ. 1 აპრილამდე _ 6930 ლარი, ხოლო 2002წ. 1 აპრილიდან ყოველთვიურად _ 210 ლარი.

სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონის გამგეობის მიერ. აპელანტი მოითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული თანხის სს «ს.-ისათვის" დაკისრებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილება. არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, საჩხერის რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის საფუძველზე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივების გათვალისწინებით, რომ «ს.-ა" განიცდიდა რეორგანიზაციას, გარდაქმნას, მაგრამ მისი ვალდებულებები რჩებოდა მის სამართალმემკვიდრეს _ სს «ს.-ს", რის გამოც ჯ. ს.-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელს.

მოწინააღმდეგე მხარის, ჯ. ს.-ის, წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საკასაციო საჩივარს იმავე საფუძვლებით, რითიც ქუთაისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ჯ. ს.-ი 1983 წლიდან 1985წ. 20 მაისამდე მუშაობდა ...-ში სანგრის მწმენდავ მუშად. 1985წ. 20 მაისს სანგრევში მომხდარი აფეთქების შედეგად მიიღო ტრავმა. 1986წ. 18 თებერვლის ¹9/4 სამედიცინო შემოწმების აქტის საფუძველზე ცნობილ იქნა პირველი ჯგუფის ინვალიდად საერთო და პროფესიული შრომის უნარის 100% დაკარგვით და თანახმად საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის 1988წ. 3 თებერვლის აქტისა, პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განესაზღვრა 100%-ით.

ამდენად, ის გარემოება, რომ ჯ. ს.-ზე ვრცელდება «შრომითი მოვალობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთლეობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქარველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოქმედება უდავოა და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც.

ქუთაისის საოლქო სასამართლოსა და შესაბამისად, რაიონული სასამართლოს მიერ დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ ... სამმართველო 1991 წლამდე შედიოდა საწარმოო გაერთიანება «ს.-ში", როგორც დამოუკიდევბელი იურიდიული პირი. 2001წ. 29 აპრილს საქართველოში მომხადრი მიწისძვრის შედეგად ... დაინგრა, ხოლო დარჩენილი ქონების მართვა გადაეცა სალიკვიდაციო კომისიას.

სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონიძიებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის ¹288 დადგენილებისა და საქართველოს რეპსუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1999წ. 11 ივლისის 01.10.10. დადგენილებით საწარმოო გაერთიანება «ს.-ა" გაუქმდა და მასში შემავალი საწარმოების ბაზაზე შეიქმნა 11 სააქციო საზოგადოება, მათ შორის _ სს «ს.-ა", რომელიც შეიქმნა აკუმულატორების წარმოებისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, წესდების შესაბამისად სააქციო საზოგადოება არ წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება «ს.-ის" სამართალმემმკვიდრეს.

ვერც საკასაციო საჩივარში და ვერც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო პრეტენზია კასატორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ყოველივე მითითებული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" 42-ე მუხლის მე-2 აბზაცი, რომლის შესაბამისადაც იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინებით გაიცემა ტერიტორიარული ორგანოების გამგეობის (მერია) სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში საოლქო სასამართლოს განჩინება მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში არ არსებობს განჩინების შემოწმების პროცესუალური საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე და 410 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჩხერის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.