გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-400კ-02 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ: 1990წ. 23 მაისს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ¹11.43.600 გადაწყვეტილებით საქაგრომრეწვის ¹4 ტრესტის ქუთაისის სპეცსარემონტო უბნის კოოპერატივ «ავტომობილს" სადღეღამისო ავტოსადგომისა და ავტომანქანების მიმდინარე შეკეთებისათვის ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე გამოუყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. კოოპერატივის ლიკვიდაციის შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა ინდივიდუალური საწარმო «გ. დ-ი", რომელიც რეგისტრირებულია ქუთაისის სასამართლოს 1996წ. 13 ნოემბრის დადგენილებით, როგორც კოოპერატივის სამართალმემკვიდრე, შესაბამისად მის მფლობელობაში გატარდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 2001წ. 1 ივნისს მან განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, რაზედაც უარი ეთქვა ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
გ. დ-ი განმარტავს, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და ამავე კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტით, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის არავითარი გადასახადი არაა დაწესებული და იგი უფასოა. ასევე ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ კანონის მე-16 მუხლის «გ" პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე არ ეკუთვნის რაიმე გადასახადის გადახდა, რადგან არის დიდ სამამულო ომში დაღუპული პირის შვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
1. 1999წ. 28 ოქტომბერს მიღებული კანონის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" მე-4 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, მათ შორის, გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. დ) «საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ინდმეწარმე «გ. დ-ის" მიერ კი ასეთი დოკუმენტები წარდგენილი არ ყოფილა;
2. სასამართლომ განმარტა, რომ გ. დ-ის მიმართ, რომელიც, მართალია, არის დიდ სამამულო ომში დაღუპული პირის ოჯახის წევრი, არ უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონით «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" გათვალისწინებული შეღავათები და არ უნდა გათავისუფლდეს მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდისაგან, რადგან კანონი ეხება არა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, არამედ ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანებს. ასეთ პირთა კატეგორიაში კი მოსარჩელე არ გადის.
გ. დ-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით, გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აპელანტი განთავისუფლდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული გადასახადისაგან, დანარჩენ ნაწილში გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სასამართლო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კანონის «ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას;
ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს;
გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭენებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს.
გ. დ-მა მიწის მართვის სამმართველოში წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ არ წარუდგენია კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და არ აქვს გადახდილი ერთჯერადი გადასახადი;
2. სასამართლოს აზრით, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადის გადახდა გ. დ-ს არ ევალება, რადგან იგი არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ შ. დ-ის ოჯახის წევრი. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის «ნ" პუნქტის მიხედვით, მიწის გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე;
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, გ. დ-ს მიწის მართვის სამმართველოში წარდგენილი აქვს განცხადება რეგისტრაციის შესახებ, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ არ აქვს წარდგენილი კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. ასევე არ აქვს გადახდილი ერთჯერადი გადასახადი, ამიტომ გ. დ-ის სარჩელის ეს მოთხოვნა, რომ მიწის მართვის სამმართველომ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში, არასწორია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ის, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომაც და მოთხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა «ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს 1998წ. 28 ოქტომბრის კანონი, რომლის მე-3 მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი.
2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან დაირღვა «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 25-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა გ. დ-ის ახსნა-განმარტება, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. დ-ის და ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლს 30 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: საქართველოს კანონის «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" მე-16 მუხლის შესაბამისად ამ კანონით დადგენილი სოციალური დავის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპულ (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:
ა) შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;
ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;
გ) არასრულწლოვან შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
კასატორი გ. დ-ი, მართალია, არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული შ. დ-ის შვილი, მაგრამ არ მიეკუთვნება ზემოაღნიშნული ოჯახის წევრთა კატეგორიას, რომელზედაც ვრცელდება სოციალური შეღავათები. ამავე დროს საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან და შესაბამისად ამ მუხლის მოთხოვნები განვრცობილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მათი კერძო საკუთრებად გამოცხადების შემთხვევაში.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაფუძნება საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის «ნ" პუნქტებზე, რადგან ამ მუხლით რეგულირებულ მიწის გადასახადს არანაირი შემხებლობა არ აქვს საქართველოს კანონის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულ ერთჯერად საზღაურთან, რომლის 1998წ. 12 დეკემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში საზღაური ორმაგდება.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორმა გ. დ-მა საკასაციო საჩივარშიც და საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც მიუთითა, რომ მას არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია მიწის რეგისტრაცია და საკუთრებაში აღრიცხვა, რომ იგი ითხოვდა მხოლოდ ერთჯერადი საზღაურის გადახდისაგან გათავისუფლებას. საქმეში არსებულ სასარჩელო განცხადებებში სწორედ აღნიშნული მოთხოვნებია დაფიქსირებული. სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნები და სსკ-ს 384-ე მუხლის შესაბამისად იმ ფარგლებში იმსჯელოს, რასაც ან მხარეები მოითხოვენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იურიდიულად იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვერ მიიღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, რადგან საჭიროა მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, შესაბამისად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფიდლეს ნაწილობრივ.
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.