3გ-ად-401-კ-ს-02 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ.-მა 2002წ. 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს სოფ. ...-ის თემის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზარალის _ 3220 ლარისა და სასამართლო ხარჯების, 67 ლარის, ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: დმანისის რაიონის გამგეობასა და მის შვილის, მ. მ.-ს, შორის 2000წ. 25 ივნისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახადაც მ. მ.-ს გადაეცა 10 წლის ვადით 15 ჰა სათიბი და 2 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი. 2000წ. 19 აგვისტოს დმანისის რაიონის გამგეობამ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოიჯარის ნებართვის გარეშე სოფლის მოსახლეობას ნება დართეს, მითითებული მიწის ფართიდან გაეთიბათ 6 ჰა სათიბი. მოსავლის 50%, როგორც შრომის ანაზღაურება, უნდა მიეღო მთიბავ მოსახლეობას, ხოლო დანარჩენი 50% სოფ. ...-ის საკრებულოს შემოსავალში უნდა აეღო. 6 ჰა სათიბიდან აღებულ იქნა 23 ტ თივა, საიდანაც ნახევარი მოსახლეობამ დაიტოვა, ნახევარში კი გადაიხადა თანხა _ ერთ ტონაში 120 ლარი, რომელიც შეტანილ იქნა სოფლის საკრებულოს ანგარიშზე. მოსარჩელეს აღებული თივიდან არავითარი ანაზღაურება არ მიუღია. მოსარჩელე ითხოვდა საკრებულოს მიერ მიყენებული ზარალის (23 ტ თივის ღირებულებაა _ 3220 ლარი) ანაზღაურებას.
დმანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დმანისის რაიონის სოფ. ...-ის თემის გამგეობას ი. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1580 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 67 ლარის, გადახდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონის გამგეობას არ ჰქონდა უფლება, ცვლილებები შეეტანა საიჯარო ხელშეკრულებაშ. კომისიამ დაარღვია მოიჯარის უფლებები და სკ-ს 592-606 მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ზარალის ანაზღაურება. ამავე დროს სასამართლომ ჩათვალა, რომ 6,85 ჰა-დან მიღებული შეიძლება ყოფილიყო, როგორც თავად მხარეებმა განმარტეს, 11,3 ტ თივა და თანხაც ამ რაოდენობიდან იქნა გამოანგარიშებული.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩივრებულ იქნა ორივე მხარის მიერ.
...-ის თემის გამგეობამ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ კომისიის მიერ 2000წ. 19 აგვისტოს მიღებულ ოქმს დაეთანხმა ყველა მხარე, თავად მოსარჩელეც და ამ ოქმის მიხედვით მითითებული თივის 50% უნდა წაეღოთ მთიბავებს, ხოლო 50% უნდა გაყიდულიყო და თანხა ჩარიცხულიყო ...-ის თემის საკრებულოს ანგარიშზე. ამ ოქმის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა მიეღო 668 ლარი და არა _ 1580 ლარი. საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და სოფ. ...-ის თემის საკრებულოსათვის 1580 ლარის ნაცვლად 688 ლარის გადახდის დაკისრება ი. მ.-ის სასარგებლოდ.
ი. მ.-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისი სასარჩელო მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 3200 ლარის დაკისრება, რადგან გამგეობის მიერ 2000წ. 17 აგვისტოს გაცემული ცნობით დასტურდება 6,85 ჰა მიწიდან 23 ტონა თივის აღების ფაქტი და ამ რაოდენობის თივის ღირებულება სწორედ მოთხოვნილ თანხას შეადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაAსააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო არასათანადო მოსარჩელის, ი. მ.-ის, მიმართ, რადგან მიწის ფართობი იჯარით აღებული ჰქონდა მ. მ.-ს და მოთხოვნის უფლებაც სწორედ მას ჰქონდა. აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილებულ იქნა მხოლოდ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2000წ. 19 აგვისტოს ოქმით ფაქტობრივად შეცვლილ იქნა მ. მ.-სა და დმანისის რაიონის გამგეობას შორის დადებული 10-წლიანი იჯარის ხელშეკრულების პირობები და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისია აღნიშნულზე არ იყო უფლებამოსილი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა 6,85 ჰა მიწის ფართობიდან შესაძლო ასაღები თივის ოდენობის დასაბუთება და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 11,3 ტ. თივის ღირებულება 1580 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ.-ას წარმომადგენელმა ი. მ.-მა იგივე საფუძვლებით, რომლებზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში და აღნიშნა, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის გარეშე, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 230-ე მუხლი, დადასტურებულად ეცნო მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით.
სოფ. ...-ის სათემო გამგეობის მიერ შემოტანილ იქნა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც არ ცნეს მ. მ.-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები და საქმეში არსებული 2002წ. 19 აგვისტოს ოქმის საფუძველზე ითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ...-ის თემის გამგებელმა შეამცირა შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა 1019 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო დარჩენილ ნაწილში ითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ მ. მ.-ის წარმომადგენელ ი. მ.-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, დადასტურებულად უნდა ეცნო მათ მიერ წარდგენილი მტკცებულებები და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისს 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალაწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ს XXVI თავის დებულებები, ანუ დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი სასამართლო უფლებამოსილია მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსაბუთებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. მე-4 მუხლის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცების წარმოსადგენად, ხოლო მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, სსკ-ს 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით და ამ მიმართებით არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ მ. მ.-ის მოთხოვნას თივის რაოდენობასთან დაკავშირებითაც, რადგან მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნილი 23 ტ თივა მთლიანი ფართიდან იქნა აღებული და არა 6,85 ჰა-დან. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს სწორად აქვს განსაზღვრული 6,85 ჰა მიწის ფართობიდან ასაღები თივის ოდენობა _ 11,3 ტ და მისი შესაბამისი ღირებულება _ 1580 ლარი.
საკასაციო პალატა მითითებული მოტივით ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო სარჩელის ავტორის, ...-ის თემის გამგებლის, მოსაზრებას, რომ ერთი ჰა-დან აღებულ იქნა დაახლოებით ერთ ტონამდე თივა და ამ ოდენობიდან უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურება, ამავე დროს თავად ჯ. ო.-მა საკასაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი 6 ჰა მიწის ფართიდან აღებულ იქნა 11 ტონა თივა.
აღნიშული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ უსაფუძვლობის მოტივით შესაბამისად უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ.-ის წარმომადგენელ ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დმანისის რაიონის სოფ. ...-ის თემის გამგეობის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება;
4. მ. მ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 65,6 ლარის ოდენობით;
5. დმანისის რაიონის სოფ. ...-ის თემის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 22,4 ლარის ოდენობით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.