Facebook Twitter

3გ-ად-402-კ-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თავდაცვის მინისტრის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორი ა. მ-ი 1997 წლიდან 2001 წლამდე სწავლობდა ....... ინსტიტუტში, სპეციალობით ვაჭრობის ეკონომიკა და მარკეტინგი. ამავე ინსტიტუტში მან გაიარა სახელმწიფო სამხედრო კათედრა. სამხედრო მომზადების კურსის გავლის შემდეგ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა შეფასებით “5” (ხუთი). სამხედრო ბილეთის მიღების დროისათვის ა. მ-ს ეცნობა, რომ თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ¹1964 ბრძანების საფუძველზე, ნაცვლად უმცროსი ლეიტენენტისა, მას მიენიჭებოდა რეზერვის სერჟანტის წოდება.

ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ¹1964 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით თავდაცვის მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 თავის მე-19 და 21-ე მუხლებს, რომლის მიხედვით პირი, რომელიც სამხედრო მომზადებას გაივლის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ფუნქციონირებს სამხედრო კათედრა, ენიჭება უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის განჩინებით, ადმინისტაციული საპროცესო კოდექსი 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. მ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 აპრილის განჩიენებით წარმოებაში მიიღო ა. მ-ის სარჩელი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაში მესამე პირის სატატუსით ჩააბა თბილისის დიდუბე-ჩუღირეთის რაიონის სამხედრო კომისარიატი, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება მოსარჩელე ა. მ-ი.

ა. მ-მა სსკ-ს 83-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, დაზუსტებული სარჩელი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუქნტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძნებულებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ:

1. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ თავდაცვის მინისტრის ¹117 ბრძანებაშიA “საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვისტთა დაკომპლექტების სრულყოფის შესახებ” აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს სტრუქტურულ და ფუნქციონალურ რეორგანიზაციას. ბრძანების მე-5 პუნქტით აიკრძალა რეზერვის მეორე და მესამე თანრიგში ოფიცერთა მორიგი და ვადამდე სამხედრო წოდებების მინიჭება. დადგინდა, რომ ეს წოდებები პირებს უნდა მიენიჭოს მხოლოდ საატესტაციო კომისიების დასკვნის საფუძველზე.

2. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეზერვისტთა საატესტაციო კომისიას არ მოუმზადებია დასკვნა ა. მ-ისათვის სამხედრო წოდების “უმცროსი ლეიტენანტი” მინიჭების შესახებ, შესაბამისად თავდაცვის მინისტრს ა. მ-ისათვის არ მიუნიჭებია სამხედრო წოდება _ “უმცროსი ლეიტენანტი”.

3. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებათა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 21-ე, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნტის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-19 მუხლი არეგულირებს რეზერვის ოფიცერთა მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე, აღნიშნულ ნორმაში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ პირს, რომელმაც გაიარა ასეთი მომზადება აუცილებლად უნდა მიენიჭოს ოფიცრის წოდება. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მოქალაქე რომელმაც გაიარა უმაღლეს სასწავლებელში მომზადება სამხედრო კათედრაზე, მიენიჭა ოფიცრის წოდება და ჩარიცხულია რეზერვში, სამხედრო სამსახურში შეიძლება გაწვეული იქნეს ნებაყოფლობით; კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით ოფიცრის წოდებებს, კერძოდ უმცროსი და უფროსი ოფიცრის წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი სამხედრო უწყება. კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად მობილიზაციის ან ომის დროს საქართველოს სამხედრო ძალების დასაკომპლექტებად იქმნება რეზერვი მოქალაქეებისგან, რომლებმაც გაიარეს სწავლება უმაღლეს ან სპეციალური სწავლებითA სამხედრო კათედრებზე რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით და თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭათ უმცროსი ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათაგან არსად არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ პირს, რომელმაც გაიარა სწავლება უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით, უპირობოდ, ავტომატურად უნდა მიენიჭოს უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, მოითხოვაAმისი გაუქმება და თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ¹1964 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა ა. მ-ის ნაწილში:

1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა თავდაცვის მინისტრის ¹117 ბრძანება, რომლითაც თავდაცვის მინისტრმა შეცვალა რეზერვში სამხედრო წოდების მინიჭების კანონით დადგენილი წესი. კერძოდ, აკრძალა რეზერვში, როგორც ვადამდე, ასევე მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, რაც ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-5, 12-ე და მე-13 პუნქტებს. კანონის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყოველი სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა. ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილია თუ რა ვადაში უნდა მიენიჭოს მორიგი სამხედრო წოდება, ხოლო მე-13 პუნქტით, კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, რეზერვის ოფიცრისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად კანონით დადგენილ ვადას ემატება ერთი წელი. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს მე-6 მუხლით.

2. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ¹117 ბრძანება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც სადავოს ხდის ამ დოკუმენტის ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციას და მის იურიდიულ ძალას.

3. სასამართლო კოლეგიის მიერ არასწორად იქნა განმარტებული “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-19, 21-ე, 38-ე და მე-40 მუხლები. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ბრძანების შეუსაბამობის შესახებ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლთან. კასატორის აზრით, ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ნორმის რედაქცია არ აძლევდა თავდაცვის მინისტრს უფლებას სამხედრო კათედრაგავლილი პირისათვის მიენიჭებინა სერჟანტის წოდება და ჩაერიცხა რეზევრში, ამის საშუალებას იძლევა 2002წ. 21 ივნისს განხორციელებული ცვლილებები. სასამართლო კოლეგიის მიერ არ იქნა გამოყენებული ნორმის ადეკვატური განმარტება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის პირი, რომელმაც გაიარა სამხედრო კათედრა და არ მიენიჭა ოფიცრის წოდება, არ ჩაირიცხება რეზევრში, შესაბამისად ასეთი პირი სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფალია და სახელმწიფო ვერ შეძლებს მათ გამოყენებას ამავე კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მობილიზაციის ან ომის დროს. 2002წ. 21 ივნისის ცვლილებამდე მე-19 მუხლით იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ფუნქციონირებს სამხედრო კათედრა, მზადდება რეზერვის ოფიცერი და არა რეზერვის სერჟანტი. ვინაიდან სამხედრო კათედრებზე მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამით “რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამა”, ამდენად სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლის Aშემდეგ სპეციალური გამოცდის ჩაბარების შედეგად ენიჭება ოფიცრის წოდება.

4. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 6 აპრილის ¹398 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგის ოფიცერთაA პროგრამით მომზადების შესახებ”, რომლის მე-15 პუნქტი ადგენს, რომ სტუდენტებს, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს სამხედრო მომზადებაში და მოხდება მათი ატესტაცია დადგენილი წესით, მიენიჭებათ თადარიგის ოფიცრის წოდება. რაც შეეხება დადგენილი წესით ატესტაციის გავლას, ამ დებულების ამოქმედების დღიდან ასეთი საატესტაციო კომისიები არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, ასეთი დასკვნა არასდროს გაკეთებულა, რაც დასტურდება მინისტრის 2001წ. 4 ივნისის ¹117 ბრძანებით, რომელმაც მხოლოდ ახლა დაადგინა ასეთი კომისიების შექმნა.A

მოწინააღმდეგე მხარის – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა ა. მ-მა 2001წ. 29 ივნისს დაამთავრა ..... ინსტიტუტი ვაჭრობის ეკონომიკისა და მარკეტინგის სპეციალობით. ინსტიტუტში გაიარა სახელმწიფო სამხედრო კათედრა და სახელმწიფო გამოცდაზე მიიღო შეფასება “5” (ხუთი). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ¹1964 ბრძანებით კასატორს მიენიჭა სერჟანტის პირველადი სამხედრო წოდება და ჩაირიცხა რეზერვში. კასატორს სამხედრო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ატესტაცია არ გაუვლია.

კასატორი ა. მ-ი საკასაციო სასამართლოში შემცირებული მოთხოვნით ნაწილობრივ ასაჩივრებს თავდაცვის მინისტრის 2001წ. 1 აგვისტოს ¹1964 ბრძანებას, მისთვის სერჟანტის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭების ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონს და თავდაცვის მინისტრის ¹117 ბრძანების საფუძველზე მისთვის სერჟანტის სამხედრო წოდების მინიჭება, ნაცვლად უმცროსი ლეიტენენტის სამხედრო წოდებისა, კანონსაწინააღმდეგოა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორმა ....... ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი. კერძოდ, “საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 23 სექტემბრის ¹629 ბრძანებულების მიხედვით, ......... ინსტიტუტში მიმდინარეობდა რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადება და კასატორმაც სწორედ რეზერვის ოფიცრებად მომზადების კურსი გაიარა, სახელმწიფო გამოცდაზე შეფასება “ხუთიც” მიიღო, მაგრამ მას არ გაუვლია ატესტაცია, რაც “საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრების შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992წ. 6 აპრილის ¹398 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მიხედვით უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრების კურსდამთავრებულთათვის ოფიცერთა სამხედრო წოდების მისანიჭებელ სავალდებულო პროცედურას წარმოადგენდა. სახელდობრ, ამ დადგენილებით დამტკიცებული, კასატორის მიერ მითითებული “საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგის ოფიცერთა პროგრამის მომზადების შესახებ” დებულების მე-15 პუნქტი იმპერატიულად ადგენდა: “სტუდენტებს, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს სამხედრო მომზადებაში და მოხდება მათი ატესტაცია დადგენილი წესით, მიენიჭებათ თადარიგის ოფიცრის წოდება”. ამდენად, თადარიგის ოფიცრის სამხედრო წოდების მინიჭებისთვის ოფიცერთა მომზადების პროგრამა სამხედრო მომზადებაში გამოცდის ჩაბარებასთან ერთად აწესებდა დადგენილი წესით ატესტაციის გავლის სავალდებულობას. კასატორ ა. მ-ს კი, მართალია, ჩაბარებული აქვს სახელმწიფო გამოცდა სამხედრო მომზადებაში, მაგრამ ატესტაცია არ გაუვლია ე.ი კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურა ბოლომდე არ გაუვლია, ამიტომ მისი მოთხოვნა თავდაცვის მინისტრის ¹1964 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მისთვის ოფიცრის სამხედრო წოდების მინიჭების შესახებ, უსაფუძვლოა და საოლქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოტივს, რომ უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით სწავლება არ იწვევს უპირობოდ, ავტომატურად კურსდამთავრებულთათვის ოფიცრის (უმცროსი ლეიტენანტის) პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებას და აღნიშნულის შესახებ არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის მითითებული, ხოლო კასატორის მოტოვს, რომ მანამდე მისი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ატესტაციის გაუვლელად მიენიჭათ ოფიცრის წოდება, პალატა ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ თავდაცვის მინისტრის ¹1964 ბრძანება ეწინააღმდეგება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 21-ე, 38-ე, მე-40 მუხლებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება-განმარტებას ამ მუხლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის იმჟამინდელი რედაქცია მიუთითებდა, რომ რეზერვის ოფიცერთა მომზადება ხორციელდება იმ უმაღლეს ან საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სადაც სამხედრო კათედრები ფუნქციონირებს. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მაშინდელი რედაქციის მიხედვით, სამხედრო ვალდებულების მოხდას ექვემდებარება მოქალაქე, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრაზე გაიარა სამხედრო მომზადება, მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება და ჩაირიცხა რეზერვში, ხოლო მე-40 მუხლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნტის თანახმად, მობილიზაციის ან ომის დროს სამხედრო ძალების დასაკომპლექტებლად რეზერვი იქმნება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სასწავლებელთა სამხედრო კათედრაზე გაიარეს სწავლება რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით და მიენიჭათ უმცროსი ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება. კასატორის მიერ მითითებული ნორმებიდან არცერთი პუნქტი არ აწესებს რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამაგავლილი უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულისათვის უპირობოდ, ავტომატურად ოფიცრის სამხედრო წოდების მინიჭებას და არც ამ პროგრამით სტუდენტთა მომზადებისა და შემდგომ სამხედრო წოდების მინიჭების საკითხს განსაზღვრავს, რადგან აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის ¹398 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგს ოფიცერთა პროგრამით მომზადების შესახებ” და “საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვისტთა დაკომპლექტების სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” თავდაცვის მინისტრის 2002წ. 4 ივნისის ¹117 ბრძანება, რომლებიც ძალაშია, კასატორს სადავოდ არ გაუხდია მათი კანონიერება, ისინი “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართლებრივად წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სავალდებულოა შესასრულებლად. ამიტომ საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ თავდაცვის მინისტრის 2001წ. 4 ივნისის ¹117 ბრძანების უმართებულოდ გამოყენების შესახებ და თვლის, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არა აქვს, სასამართლომ სწორად გამოიყენა იურიდიული ძალის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს ა. მ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და კოლეგიამ კანონმდებლობის მართებულად გამოყენება – განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.