Facebook Twitter

¹ 3გ-ად-403-კ-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: კომლიდან ამორიცხვა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ.-ემ 2000წ. 3 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების: ლ. გ.-ის, ლ. შ.-ის, ...-ის თემის საკრებულოს, ხელვაჩაურის სანოტარო კანტორის მიმართ და მოითხოვა კომლიდან ტ. და გ. ო.-ების ამორიცხვა და 1989წ. 5 დეკემბერს ლ. შ.-სა და ლ. გ.-ს შორის სახლის, დამხმარე ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე ლ. შ.-ე იყო მისი ძმის მეუღლე. 1963 წელში ისინი სასამრათლო გადაწყვეტილებით ერთმანეთს დაშორდნენ და ამ უკანასკნელმა სამ შვილთან ერთად მიიღო წილი, რომელიც 1970 წელს მიჰყიდა ს.-ს, რის შემდეგაც საცხოვებლად გადავიდა ქ.ბათუმში ... კომლში საცხოვრებლად დარჩა მოსარჩელის დედა ა. ო.-ე, რომლის 1978 წელს გარდაიცვალა. დედის ა. ო.-ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდროს, ფლობდა და მართავდა თვითონ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე მიუხედავად ამისა, 1980 წელს მოპასუხეს მისგან ფარულად კომლში ჩაუწერია ორი შვილი: ტ. და გ. ო.-ები, რომლებსაც ერთი დღეც არ უცხოვრიათ კომლში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომლში ძმიშვილების ჩაწერის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 90-იან წლებში.

მოპასუხე ლ.შ.-მ 1989 წელში გაიფორმა მეურვეობა ავადმყოფ შვილ ტ. ო.-ზე და მისი სამკვიდრო ქონება მიჰყიდა ლ. გ.-ეს. როგორც კი აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა, მან გააფრთხილა გ.-ე, რომ ქონების მემკვიდრე იყო თვითონ და გარიგება არ დაედო. ამის შემდეგ სახლს გაუკეთა რემონტი და დაიწყო ცხოვრება.

მოპასუხე ლ.გ.-ს სახლში მიტანილი ჰქონდა რაღაც წვრილმანი ნივთები და სამუშაო ინვენტარი, რომელიც წაიღო 1999 წელს. წაღების დროს ლ.გ.-ეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ ქონებას აკლდა ნივთები, მაგრამ შემდეგ დააბრალეს ქონების განადგურება.

მიუხედავად სახლის ყიდვა-გაყიდვისა, მოპასუხე ლ.გ.-ის მფლობელობაში არ გადასულა ქონება და მას 20 წლის განმავლობაში ფლობდა მოსარჩელე. მოპასუხე ლ.შ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1956 წელს ცოლად გაჰყვა შ. ო.-ს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. ცხოვრობდნენ სოფ. ...-ში. 1963 წელს მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მიიღო თავისი წილი, ხოლო შვილები დანარჩენ მამის კომლში ა. ო.-ე გარდაიცვალა 1978 წელს, რის შემდეგაც კომლში ჩაწერილები დარჩნენ მისი შვილები: ტ., ნ. და გ. ო.-ები, რის გამოც კომლში სამკვიდრო არ გახსნილა.

1989 წელს ლ.შ.-ე დაინიშნა მისი შვილის, ტ. ო.-ის, მეურვედ. იმავე წელს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თანხმობით სახლი მიჰყიდა ლ. გ.-ეს. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის შემდეგაც გაყიდულ ქონებას დაეუფლა ლ.გ.-ე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელისათვის იმ დროიდანვე ცნობილი იყო და ედავებოდა ლ. გ.-ეს, რის თაობაზეც არსებობს მრავალი სასამართლო გადაწყვეტილება და განაჩენი.

მოპასუხემ მოითხოვა, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით სასამართლოს უარი ეთქვა მოსარჩელისათვის.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის განჩინებით ა. ქ.-ის სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის გამოცხადებლობის გამო. განჩინება არ გასაჩივრებულა.

ა. ქ.-მ 2001წ. 6 ივლისს კვლავ წარადგინა სასარჩელო განცხადება იმავე საფუძვლებით, რომელიც ხელვაჩაურის სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო შემდეგ, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული.

ა. ქ.-მ 2001წ. 4 დეკემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით იმავე საფუძვლებით და მოითხოვა სახ. ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ა. ქ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ.-მ იმავე საფუძვლებით, რომლითაც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტ ა. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ.-ემ, რომელმაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას და აღნიშნა შემდეგი: საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობდა მამაპაპისეულ სახლში სოფელ ...-ში და ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. იგი არ ეთანმება სასამართლოს რომ კომლში ირიცხებოდნენ ტ. და გ. ო.-ები, ვინაიდან ისინი ა. ო.-ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ ქ.ბათუმში. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ არ ცნო ბათილად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ვინაიდან იგი გაყიდული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2003წ. 23 იანვარს, მაგრამ კასატორის (გამოცხადდა წარმომადგენელი მინდობილობის გარეშე) და მოწინააღმდეგე მხარის (ლ. გ.-ე, ...-ის თემის საკრებულო და ხელვაჩაურის სანოტარო კანტორა) გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო პალატამ სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადგილზე თათბირით დაადგინა საკასაციო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 აგვისტოს განჩინება, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ გამოტანილი, უნდა გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში დავა განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ქ.-ე მოითხოვს კომლიდან ტ. და გ. ო.-ების ამორიცხვას ლ. შ.-სა და ლ. გ.-ს შორის 1989წ. 5 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დავებს განეკუთვნება, ვინაიდან კომლი წარმოადგენს პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას. კომლის წევრად ჩაწერის გაუქმება კი წარმოადგენს კერძო (სამოქალაქო-საოჯახო) სამართლებრივი ხასიათის დავას და სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება ისევე, როგორც _ ფიზიკურ პირებს (ლ.შ.-სა და ლ.გ.-ს) შორის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკომლო წიგნში ჩაწერის შესახებ დავა, თავისი იურიდიული ბუნებით, არ გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმებიდან და ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. იგი ფაქტის დადასტურების მიზნით კომლის წევრთა მიერ ნების გამოვლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კომლიდან წევრის ამორიცხვასა და ფიზიკურ პირებს შორის დადებულ გარიგებასთან დაკავშირებული დავა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას არ წარმოადგენს და მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაუშვებელია.

ამდენად, სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საქმე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, მე-2, სსკ-ს მე-11 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 აგვისტოს განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.