გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-404-კ-02 12 მარტი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამკვიდროს მიღებაზე უარის შეუქცევადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 ოქტომბერს ნ., ნა. და ი. ბ-ეებმა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს და ხელვაჩაურის სანოტარო კანტორის მიერ 1998წ. 5 მაისს მათ ბიძაზე ბ. ბ-ეზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება, მათი მემკვიდრეებად ცნობა და ურეხის საკრებულოს საკომლო წიგნებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბ. ბ-ემ თავის დროზე მემკვიდრეობის მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო სკ-ს 1446-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.
მოპასუხე მხარის ბ. ბ-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მარწმუნებელს ადერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა კანონის მოთხოვნათა დაცვით ჰქონდა მიღებული.
სარჩელი ასევე არ ცნო ხელვაჩაურის სანოტარო კანტორამ, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის ურეხის თემის საკრებულო სარჩელს დაეთანხმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
2002წ. 4 იანვარს მოპასუხე ბ. ბ-ის წარმომადგენელმა სასამართლოს საჩივრით მიმართა და 2001წ. 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. ამასთან მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე კანონით დადგენილი წესით პროცესის შესახებ არ ყოფილა გაფრთხილებული. 2001წ. 8 იანვრის განჩინებით ბ. ბ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის ხელახალი განხილვა დაინიშნა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ 1998წ. 5 მაისს მოპასუხე ბ. ბ-ეზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის უფლება, ხოლო ნა. და ი. ბ-ეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვათ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. ბ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
აპელანტის წარმომადგენლის მითითებით ბ. ბ-ე სამკვიდროს ფლობას და მართვას მისი გახსნისთანავე შეუდგა. ასეთ შემთხვევაში სკ-ს 1447-ე მუხლის შესაბამისად მას შეეძლო სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა სამკვიდროს მოსაღებად დადგენილი დროის, ე.ი. 6 თვის განმავლობაში, მაშინ როცა განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ ბ. ბ-ემ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლიდან 8 თვის შემდეგ, 1997წ. 14 ივლისს გააკეთა.
სააპელაციო საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ სკ-ს 1434-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეს შეუძლია უარი ეთქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში. ბ. ბ-ეს კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროზე უარი არ განუცხადებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია ბ. ბ-ეს სამკვიდროს მიღებაზე უარი კანონით დადგენილ 3 თვიან ვადაში არ გაუფორმებია, მაგრამ რადგან ნოტარიუსმა უარი ნოტარიულად გააფორმა და მაშინ ამას მხარეთა შორის დავა არ გამოუწვევია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ეს პროცედურა კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 1446-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აპელანტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აჭარისა ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინება ბ. ბ-ის წარმომადგენელმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ბონდო ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორედ განმარტა იგი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 1992 წელს ვ. ბ-ემ თავისი ქონება და მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...ში შვილს ბ. ბ-ეს უანდერძა. 1996წ. 30 ოქტომბერს ვ. ბ-ე გარდაიცვალა, მაგრამ ბ. ბ-ემ 1997წ. 4 ივლისს თავისი ძმიშვილის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა, რაც ნოტარიულად გაფორმდა კიდეც ჩოხატაურის ნოტარიუსში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 1434-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ-ემ გამოიყენა ზემოთ მითითებული მუხლით მინიჭებული უფლება, გამოეხატა თავისი ნება და უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღებაზე მისი ძმიშვილის ნ. ბ-ის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან უარი ნოტარიულად გაფორმდა და ამას მხარეებს შორის დავა არ გამოუწვევია, უარის თქმა კანონიერად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სკ-ს 1446-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. ამდენად, მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ შეიტანა განცხადება სანოტარო ორგანოში უარის თქმის შესახებ, მას აღარ შეუძლია შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.