გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-405-კ-02 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: განქორწინების აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 14 ივნისს ქ.ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაფორმდა ¹32 აქტი ცოლ-ქმარ ნ. და ი. კ-ეების განქორწინების შესახებ. 2000წ. 4 დეკემბერს აჭარის ა/რ შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რ.ჩ-ისა და ნ.კ-ის მიმართ, ე.ჯ-ის პირადი ქონების თაღლითობის გზით დაუფლების ფაქტზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (ძვ. რედაქცია) 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აჭარის არ შსს საგამოძიებო დეპარტამენტის 2002წ. 23 იანვრის დადგენიებით ნ.კ-ისა და ი.კ-ის განქორწინება ფიქტიურად ჩაითვალა, ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2002წ. 14 ივნისს მოხდენილი კ-ეების განქორწინების აქტის ჩანაწერი ¹32 კი _ იურიდიული ძალის არმქონედ, სკ-ს 1124-ე, 1126-ე მუხლების დარღვევის გამო, ხოლო ე.ჯ-ეს განემარტა განქორწინების აქტის რეგისტრაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. რის შესაბამისადაც განქორწინების შესახებ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელე ე.ჯ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის აზრით, განქორწინების შესახებ აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან ქორწინების შეწყვეტის აქტის გამოცემისას არსებითად დაირღვა ამ აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, ამ ფიქტიური განქორწინებით კ-ეები შეეცადნენ საცხოვრებელი ბინის შენარჩუნებას, რითაც ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000წ. 20 მაისს მან სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში ნ. კ-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა სპს «მ-ე და კომპანიასთან» არსებული ¹3088 ლომბარდიდან ნ.კ-ისა და მისი ძმის მიერ თაღლითობის გზით დატაცებული ოქროს ნივთებისა და თანხის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ.კ-ის ბინის დაყადაღება. 2000წ. 25 მაისს გამოტანილი იქნა განჩინება ბინის დაყადაღების შესახებ. ნ.კ-ემ სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მისი ბინის დაყადაღება იყო უკანონო, რადგან საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლის ი.კ-ის სახელზე ირიცხებოდა და ბინის პრივატიზაციით საკუთრება მოპოვებული ჰქონდათ მას და კიდევ სხვა პირებს. მოსარჩელის აზრით, ცოლ-ქმარ კ-ეებს შორის განქორწინების გამო შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დაყადაღებულ ბინასთან დაკავშირებით.
მოპასუხე მხარემ – ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებამ სარჩელი ცნო და მხარი დაუჭირა განქორწინების სააქტო ჩანაწერის გაუქმებას.
მესამე პირმა – ი.კ-ემ სარჩელი არ სცნო უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით ე.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2000წ. 14 ივნისს შესრულებული ცოლ-ქმარ კ-ეების განქორწინების აქტის ჩანაწერი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ-ემ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ე.ჯ-ის სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინებით ი.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. და ნ. კ-ეების მიერ ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში დაყენებული მოთხოვნა განქორწინების შესახებ მიზნად ისახავდა ნ.კ-ესა და ე.ჯ-ეს შორის არსებული ქონებრივი დავის თავიდან აცილებას, რადგან საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ნ.კ-ე თაღლითური გზით დაეუფლა ე.ჯ-ის ქონებას, რის გამოც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 184852 აშშ დოლარის გადახდა ე.ჯ-ის სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი ცოლ-ქმარი კ-ეების ურთიერთშეთანხმებისა განქორწინებაზე, რის შემდეგაც ნ.კ-ე არ მოითხოვდა ქონებას და შესაბამისად არ აღსრულდებოდა მასზე დაკისრებული ვალის გადახდის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს აზრით, კ-ეების მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტი, მათ შორის ქონებრივი დავის არარსებობაზე არ დასტურდება. ი.კ-ე განმეორებით შეტანილ განცხადებაში მიუთითებს, რომ ბინა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება უნდა დარჩეს მისი და მისი შვილების საკუთრებაში, ხოლო არაფერია ნათქვამი თუ რა ქონება უნდა დარჩეს მის მეუღლეს – ნ.კ-ეს და ეკუთვნის თუ არა მას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან წილი. ქონებაზე პრეტენზიას არ აცხადებს ნ.კ-ე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განქორწინება მოხდა ქონების გადარჩენის მიზნით. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ე.ჯ-ის არაუფლებამოსილების შესახებ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ირღვევა მისი უფლება, განქორწინებით მას ერთმევა საშუალება მოსთხოვოს ნ.კ-ეს ვალის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, განქორწინების აქტის გამოცემა ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ მოხდა არასათანადოდ შედგენილი და დამოწმებული განცხადების საფუძველზე, რადგან ი.კ-ის განცხადების ნამდვილობა დამოწმებულია თვით ი.კ-ის, როგორც გემის კაპიტნის მიერ, რაც განქორწინების აქტის გაუქმების საფუძველია, ვინაიდან დაირღვა «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და «ნოტარიუსის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი.კ-ემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ე.ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სკ-ს 1106-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა ქორწინება-განქორწინების ნებაყოფლობის შესახებ და გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ აიძულა კ-ეები დარჩენილიყვნენ ქორწინებაში, რაც ყოვლად დაუშვებელია და ანტიკონსტიტუციური.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-2 მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელე ე.ჯ-ე ვერ ადასტურებს, თუ კ-ეების სადავო განქორწინებით როგორ შეილახა მისი უფლება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება აღნიშნული განქორწინების გამო არ შეჩერებულა. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას განქორწინების თაობაზე ი.კ-ის განცხადების არასათანადო წესით დამოწმების შესახებ.
მხარეთა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ი.კ-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანია ქ.ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2000წ. 14 ივნისს გაფორმებული აქტი ¹32 ცოლ-ქმარ ნ. და ი. კ-ეების (კასატორი) განქორწინების შესახებ. სკ-ს 1106-ე მუხლის მიხედვით: «ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში». ამავე კოდექსის 1124-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში მეუღლეთა განქორწინება მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით დაიშვება, თუ მეუღლეებს არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არა აქვთ ქონებრივი დავა. ამდენად, მეუღლეთა ნებაყოფლობა და ურთიერთთანხმობა ქორწინება-განქორწინების საფუძველთა საფუძველია, რაც ასევე აღიარებულია «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ» ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული კონსტიტუციური უფლებაა, რომლის მიხედვითაც: «ქორწინება (ბუნებრივია განქორწინებაც იგულისხმება) ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას». ამდენად, მეუღლეთა ნებაყოფლობისა და ურთიერთთანხმობის საფუძველზე განქორწინების შესახებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაფორმებული აქტი, საკასაციო პალატის აზრით, თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს და არც განსახილველი დავაა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;
ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა _ ნ. და ი. კ-ეების განქორწინება უდავოდ სამოქალაქო კანონმდებლობიდან, კერძოდ საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავაა, რომელიც სკ-ს 1122-1124-ე მუხლებით რეგულირდება, შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობაც წარმოშობილია საოჯახო-საქორწინო ურთიერთობიდან და ამდენად, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან.
კ-ეების ქორწინების შეწყვეტის შესახებ აქტი ¹32 2000წ. 14 ივნისს სკ-ს 1124-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 48-56-ე მუხლების შესაბამისად, გაფორმებული (რეგისტრირებული) იქნა ქ.ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ, რომელიც საქმეზე მოპასუხედ არის ჩართული, მაგრამ პროცესუალურ სუბიექტად ადმინისტრაციულ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მარტოოდენ მონაწილეობა არ ცვლის სადავო სამართალურთიერთობის იურიდიულ ბუნებას და საკასაციო პალატის აზრით, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითია თვით სადავო ურთიერთობის არსი და სამართლებრივი ხასიათი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში სამართალსუბიექტად (მოპასუხედ), მართალია, ჩართულია ადმინისტრაციული ორგანო – ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება და მოსარჩელე ე.ჯ-ე ითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კ-ეების განქორწინების შესახებ გაფორმებული ¹32 აქტის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ბათილად ცნობას, მაგრამ სადავო აქტი თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, რადგან, თუმცა, იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს – ქ.ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ, მაგრამ გამოცემულია არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, რასაც საკასაციო პალატის აზრით, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს, როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და სავალდებულოა იმ პირთა წრისათვის, ვისაც ის ეხება. ქორწინება და განქორწინება კი, როგორც აღინიშნა, მეუღლეთა ნებაყოფლობასა და ურთიერთთანხმობაზეა დაფუძნებული და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება მეუღლეებზე ადმინისტრირებას კი არ ახორციელებს, არამედ სამოქალაქო კოდექსისა და «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის შესაბამისად, ახდენს ქორწინება-განქორწინების თაობაზე მეუღლეთა ნების (თანხმობის) რეგისტრაციას (ფიქსაციას). ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, არამედ სამართლებრივად სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი სამოქალაქო დავაა, რაც საქმეთა განსჯადობის წესების დარღვევით განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ – ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რის გამოც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ი.კ-ის საკასაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს, 2002წ. 14 აგვისტოს განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, სსკ-ს მე-11, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.