Facebook Twitter

3გ-ად-407-კ-02 4 აპრილი, 2003წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 27 მაისს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 15 მაისს მოპასუხე ნ. გ.-ზე გამოწერილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹... ორი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ნ. გ.-ის დავალდებულება მიწის ფართის გამოთავისუფლებასა და უკანონოდ აშენებული ფიცრული სახლის დაშლაზე. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

მოპასუხე ნ. გ.-ს, რომელსაც სოფ. ...-ში დაემეწყრა საცხოვრებელი სახლი, 2000წ. 15 თებერვალს კომისიური წესით შეურჩიეს ნაკვეთის მოცვლისათვის 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. ...-ში, ე.წ. “ჭ.-ში”, რაზედაც შედგა დათვალიერების აქტი შერჩეული მიწის ნაკვეთის ფართობის, საზღვრებისა და ზომების ჩვენებით. ვინაიდან ნ.გ.-ზე მოსაცვლელად შერჩეული მიწის ფართობი ირიცხებოდა სახელმწიფო მიწების ფონდში, საჭირო იყო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების დამტკიცება, რისთვისაც მასალები გადაგზავნილ იქნა მინისტრთა საბჭოში. აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ...-ის თემის საკრებულოს მონაწილეობით 2000წ. 15 მაისს კომისიის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთზე ნ.გ.-ს გამოუწერა მიღება-ჩაბარების ¹... აქტი, ხოლო შემდგომ იმავე თარიღით და იმავე სარეგისტრაციო ნომრით მიწის მართვის სამმართველოს მიერ ნ.გ.-ეზე გაცემულ იქნა კიდევ ერთი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ სხვა მიწის ნაკვეთის ჩვენებით. ამ მიწის ნაკვეთზე ნ.გ.-მ ჩადგა ფიცრული საცხოვრებელი სახლი და დაიწყო მიწის ნაკვეთის დამუშავება. მოსარჩელემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ითხოვა ორივე აქტის ბათილად ცნობა.

2002წ. 7 ივნისს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. მ.-მ, რომელმაც ითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. სარჩელში ა.მ.-მ მიუთითა, რომ ნ.გ.-ეზე გაცემული 2000წ. 15 მაისის ¹... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის უკანონო, ვინაიდან ეს მიწა არის სახელმწიფო ფონდში რიცხული მიწა, ამ მიწით სარგებლობს იგი განპიროვნების წესით და არ შეიძლებოდა ამ მიწის გაცემა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით. ა.მ.-მ ითხოვა 2000წ. 15 მაისის ¹... მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა, სადავო მიწაზე მისი უპირატესი უფლების დადასტურება და სსკ-ს 254-ე მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის დავალდებულება მასთან სადავო მიწაზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელი დააკმაყოფილა: ბათილად ცნო ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 15 მაისს მოპასუხე ნ. გ.-ზე გამოწერილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ორი _ ¹22/8-39 აქტი და ნ. გ.-ს დაავალა დაკავებული მიწის ფართობის განთავისუფლება. შესაბამისად მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა.მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სადავო მიწაზე უპირატესი უფლების დადასტურებისა და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა და მესამე პირს განემარტა უფლება – სადავო მიწაზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მიემართა ...-ის თემის საკრებულოსათვის. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ.გ.-ეზე გაცემული მიღება-ჩაბარების ¹... ორი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ნ.გ.-ეს არაკანონიერად აქვს დაკავებული სახელმწიფო მიწა და სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მან უნდა გაათავისუფლოს იგი და ჩააბაროს მესაკუთრეს – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას.

რაიონულმა სასამართლომ ა. მ.-ის მოთხოვნა მიწის სარგებლობაზე უპირატესი უფლების დადასტურების და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება ამ უკანასკნელის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის – ...-ის თემის საკრებულოსათვის მიმართვისა და ამ თხოვნაზე ადმინისტრაციული აქტით უარის თქმის თაობაზე. მისი მოთხოვნა უნდა განხილული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების წესით ...-ის თემის საკრებულოს მიერ და უარის შემთხვევაში ა. მ.-ს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ა.მ.-მ და ნ.გ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს.

ა. მ.-მ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს 1990 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებართვით. მას ჰპირდებოდნენ იჯარის გაფორმებას; მისი ოჯახის საკარმიდამო მიწა არის დამეწყრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივი შეცვლა, კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ნ.გ.-ისათვის მიცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების ნაწილში, ხოლო სკ-ს 592-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 ივლისის ¹446 ბრძანებულების IX მუხლის “დ” და “ე” პუნქტების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად სადავო მიწაზე მიწათმოსარგებლის უპირატესი უფლების დადასტურება და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის დავალდებულება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ნ.გ.-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის დამტკიცება შემდეგი საფუძვლებით: პირველ აქტზე, რომლითაც მიწის ნაკვეთი გამოეყო მ.გ.-ისა და მ. ბოლქვაძის მეზობლად, მას ხელი არ მოუწერია და ასეთი აქტი მისთვის უცნობია. მეორე აქტზე მან ხელი მოაწერა და ჩაიბარა. ასეთ ვითარებაში მას ჰქონდა საფუძველი ერწმუნა მომხდარის კანონიერება და სწორედ ამიტომ ამ ფართში ააშენა საცხოვრებელი სახლი და გასწია სხვადასხვა ხარჯი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციული აქტის მიმართ და მის მიერ გაწეული ხარჯი, არაფერი არ მიუთითა მისთვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4-8 ნაწილების მოთხოვნები იმის შესახებ, რომ უნდა დაედასტურებინა, თუ რატომ იყო ამ აქტების გაუქმება საჭირო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 15 მაისს ნ. გ.-ეზე გამოწერილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹22/8-39 ორივე აქტი. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. გ.-ეზე 2000წ. 22 თებერვლის ¹1 ოქმის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მონაცვლება იმავე ტერიტორიაზე და მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტის გაცემის საკითხის განხილვა, ასევე, ა. მ.-ზე .-ის საკრებულოს ¹6-ე ბრიგადის ტერიტორიაზე, ე.წ. “ჭ.-ში”, სახელმწიფო მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფის საკითხის განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ნ.გ.-ისათვის დამეწყრილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოცვლის თაობაზე და ნ.გ.-ემ თავისი დამეწყრილი მიწის ნაკვეთი ჩააბარა, ამიტომ უნდა მომხდარიყო სანაცვლო მიწის ნაკვეთის მასზე გადაცემა. ნ.გ.-ემ 2000წ. 15 მაისის ¹... მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო სანაცვლო ნაკვეთი და მიღებაზე მოაწერა ხელი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ორი აქტის არსებობა არ წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს ნ.გ.-ესათვის უკვე მიზომილი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისათვის და ამდენად, ორივე აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მიღებული უნდა იქნეს ახალი მიღება-ჩაბარების აქტი და აღნიშნული საკითხი და გადაწყვიტოს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ა. მ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფის ნაწილში მხოლოდ იმ ცვლილებით, რომ მიწის ნაკვეთი გამოეყოს არა სადავო ფართიდან, არამედ მომიჯნავე ტერიტორიიდან, რაც ასევე შედის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის კომპეტენციაში.

სააპელაციო სასამართლომ ნ. გ.-ის განცხადების საფუძველზე 2002წ. 4 სექტემბრის განჩინებით განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში: “დაევალოს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, განიხილოს ...-ის თემის საკრებულოს მიერ მოქ. ნ.გ.-ეზე 2000წ. 22 თებერვლის ოქმი ¹1-ის შესაბამისად მოახდინოს მიწის ნაკვეთის მონაცვლება იმავე ტერიტორიაზე და გასცეს მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტი”, იგულისხმება ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მეორედ მიეზომა ნ.გ.-ეს, რომელსაც ფლობს ამჟამად და რომლის გამოთავისუფლებასაც ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა სასარჩელო განცხადებით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც სასამართლომ დაავალა მმართველობის ორგანოებს, გამოუყოთ ნ.გ.-ისათვის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და გადაეცათ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე მოითხოვა მიწის ნაკვეთის მიღების უპირატესობის დადასტურება მის სარგებლობაში არსებულ ფართობზე და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სადავო მიწის ნაკვეთიდან. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა ი. ზ.-მ მოითხოვა გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი, როდესაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაავალა ნ.გ.-ისათვის ¹1 ოქმის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მონაცვლება და ახალი მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა. ასევე მიუთითა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე დაავალა სასამართლომ სადავო ნაკვეთის ნ.გ.-ისათვის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა შესაბამის ორგანოებს, როდესაც ამ უკანასკნელებმა სადავო ნაკვეთის მისთვის გამოყოფა არ ჩათვალეს შესაძლებლად იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა სახელმწიფო ფონდში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს კანონმდებლობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს დისპროზიციურობის პრინციპი. სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო 384-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

ა. მ.-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ნ.გ.-ისათვის გადაცემული სადავო მიწაზე მისი უპირატესი უფლების დადასტურებასა და ამ მიწაზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის დავალდებულებას, ხოლო ნ. გ.-ეს მოთხოვნას წარმოადგენდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელესათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი დავალდებულება 2000წ. 2 მარტის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით დაკავებული მიწის ნაკვეთის მასზე დაკანონება. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული მუხლების თანახმად ამ მოთხოვნების შესახებ უნდა ემსჯელა და დაემაყოფილებინა ეს მოთხოვნები ან უარი უნდა ეთქვა. სააპელაციო სასამართლო კი გასცდა მოთხოვნათა ფარგლებს – გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით ა.მ.-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაავალა აპელანტისათვის სხვა ადგილას (და არა სადავო მიწის ნაკვეთზე) მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფის საკითხის განხილვა, ე.ი. ფაქტობრივად კი არ გადაწყვიტა საკითხი, არამედ მხოლოდ საკითხის განხილვა დაავალა გამგეობას, ხოლო ნ.გ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა ამ უკანასკნელისათვის ¹1 ოქმის შესაბამისად იმავე ტერიტორიაზე მიწის მონაცვლების საკითხის განხილვა და ახალი მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა, მაშინ, როდესაც აპელანტი ითხოვდა ან გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებას, ან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 2 მარტის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას და დაკავებული მიწის ნაკვეთის მასზე დაკანონებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და ამდენად, ეს დარღვევები გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნ. გ.-ეს სარჩელთან დაკავშირებით რაიმე მოთხოვნა შეგებებული სარჩელის სახით არ დაუყენებია, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი კი ფაქტობრივად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამიტომ სააპელაციო სასამართლოს სასამართლო სხდომაზე განხილვამდე უნდა ემსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი კანონის საფუძველზე იქნა ბათილად ცნობილი მეორე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ნ.გ.-ეს მის მიერ ამჟამად დაკავებული მიწის ნაკვეთი გამოუყვეს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო და ამავე დროს გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულად არის დასაბუთებული. აღნიშნული გარემოებები კი სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოსა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე ხელახალი არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, ამ ეტაპზე შეუძლებელია საკასაციო პალატის მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვს დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. 'საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.