Facebook Twitter

3გ-ად-408-კ-02 11 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება და ვადაგადაცილებული სახელმწიფო დავალიანების გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 23 მაისს შპს “ს.”-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე – სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულისთვის მშენებლობის ხარჯების 179517 ლარის, მიყენებული ზარალის – 351113 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 300000 ლარის, მორალური ზიანის აღმოფხვრისათვის 100000 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯების 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.

თავის მოთხოვნებს მოსარჩელე აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 1996წ. 15 აპრილს შპს “ს.”სა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება სავარაუდოდ განისაზღვრა 80000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულებას იღებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში, ავანსის სახით, ჩაერიცხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 40%.

“ს.”-მ საკუთარი სახსრებით შეიძინა მასალები და 1997წ. ნოემბრისათვის მთლიანად შეასრულა შეკვეთა, რაც დასტურდება მხარეთა მიერ შედგენილი აქტებით. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 143349 ლარი. მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია ამ შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებული დავალიანების ნაწილი – 31477 ლარის ოდენობით. აუნაზღაურებელი თანხა შეადგენს 111873 ლარს.

მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის აუნაზღაურებელი თანხის 111873 ლარის გადახდის დაკისრებას დოლარის კურსთან მიმართებაში ინფლაციის გათვალისწინებით, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენდა 179517 ლარს მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდის აუცილებლობა. მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად მოსარჩელეს გადასახდელი აქვს საურავის გათვალისწინებით 351113 ლარი, მოპასუხის მიერ ვალდებულება შეუსრულებლობის შედეგად მას წარმოეშვა მძიმე ფინანსური მდგომაროება, რის გამოც ვერ შეასრულა შპს “ს.”-ესა და ახალციხის რეგიონალურ საბაჟოს შორის 03.09.97წ დადებული ხელშეკრულება, შესაბამისად შპს “ს.”-მ ვერ მიიღო 300000 ლარის შემოსავალი. მოპასუხის აღნიშნული ქმედებების შედეგად მოსარჩელეს შეელახა საქმიანი რეპუტაცია, ჩამოყალიბდა მოსაზრება მისი, როგორც არას.- პარტნიორის შესახებ, რამაც მიაყენა მას მორალური ზიანი. ამ მოსაზრების უარყოფისათვის, მოსარჩელეს მოუწევს რიგი სარეკლამო, საპრეზენტაციო და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა 100000 ლარის გაცემა.

ადვოკატის მომსახურების ხარჯი შეადგენს 500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.09.01 გადაწყვეტილებით მოსარჩელე – შპს “ს.”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ა) სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 111872 ლარისა და 71 თეთრის გადახდა.

ბ) მოპასუხეს დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯები 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

გ) მოსარჩელე შპს “ს.”-ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2775 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.

შპს “ს.” საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების ის ოდენობა, რომელიც მითითებულია საგადასახადო სამსახურის ცნობაში, რითაც ფაქტიურად დადასტურდა წარდგენილი ცნობის რეალობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აგრეთვე საგადასახადო ინსპექციის სხვა ცნობა, რომლის თანახმად შპს “ს.”-ე იძულებული იყო შეეჩერებინა ფუნქციონირება, რითაც დასტურდება, რომ ეს დავალიანება სხვა წყაროებიდან ვერ წარმოიშვებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დარიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ამ ცნობაში მითითებული ოდენობა.

ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის კურსთან სხვაობის მოთხოვნის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ადგილი არ ჰქონია ვალუტის შეცვლას, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 389-ე მუხლი, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლასაც, იმის გათვალისწინებით, რომ მასალების შეძენა და სამუშაოების შესრულება კასატორმა მოახდინა საკუთარი სახსრებით იმ პერიოდში, როდესაც აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ეროვნული ბანკისაგან დადგენილი კურსით შეადგენდა 1,29 ლარს, ხოლო მოცემული პერიოდისათვის კურსი შეადგენს 2.07 ლარს. კასატორი თვლიდა, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ანაზღაურების გადახდა ინფლაციური მოვლენების გათვალისწინებით, რაც შეადგენდა 179517 ლარს.

კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაკისრებაზე, ლარის კურსის აშშ დოლარის კურსთან სხვაობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოწინააღმდეგე მხარისათვის შპს “ს.”-ის სასარგებლოდ მიყენებული ზარალის – გადასახადის დაგვიანების გამო წარმოშობილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებისა და ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ინფლაციური მოვლენის გათვალისწინებით ანაზღაურებას.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მას, როგორც ფიზიკურ პირს, დაეკისრა სარჩელში აღნიშნული თანხის ნაწილის, სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, მაშინ როდესაც 1996წ. 19 აპრილის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ პირველ მოადგილესთან – შ.ბურჯანაძესთან. კოლეგიას მოპასუხედ უნდა ეცნო იურიდიული პირი – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და არა თვით რწმუნებული – ფიზიკური პირი. სასამართლოს უნდა ემოქმედა სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად და უკეთუ მოსარჩელე უარს იტყოდა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო კოლეგიას უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული შენობა იმყოფება ქალაქის მერიის საკუთრებაში. სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა შენობის მეპატრონე და საქმის განხილვის დროს ჩაება იგი თანამოპასუხედ. უმართებულოა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ორგანიზაციების ბუღალტრების მიერ 1998წ. 31 ივლისს შედგენილი ურთიერთშედარების აქტზე დაყრდნობით სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, თითქოსდა მოპასუხე აღიარებდა 143349 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით უნდა შესრულებულიყო 80000 ლარის ღირებულების სამუშაოები. კანონმდებლობის თანახმად, სათანადო კომისიას უნდა შეემოწმებინა სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი, რის საფუძველზეც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. დამატებითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ დამკვეთი მხარის მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში. კასატორი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ რიგ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შესრულებული სამუშაოს აქტებში უჩვენა ისეთი მასალების შეძენა და გახარჯვა, რაც მას არ შეუძენია. კონტროლის პალატის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს მიერ 1998წ. ივლის-აგვისტოს თვეებში ჩატარებული შემოწმების მიხედვით, დადასტურდა შესრულებული სამუშაოების აქტებში სამუშაოთა ღირებულების 17809 ლარით გადაჭარბება. კასატორი თვლიდა, რომ ხელშეკრულებით, ხარჯთაღრიცხვით და დეფექტური აქტით გათვალისწინებულ და შესრულებულად ნაჩვენებ 80000 ლარის ღირებულების სამუშაოებს უნდა გამოკლებოდა 1997 წელს მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხული 28000 ლარი, შედარების აქტში აღნიშნული და შემოსავალში აუღებელი ზედმეტად ნაჩვენები საამშენებლო მასალების ღირებულება 3476 ლარი, კავშირგაბმულობის სამუშაოების შესასრულებლად შეძენილი მასალებისა და ამ სამუშაოების შესასრულებელ მუშებზე გასაცემად დარიცხული ხელფასი – 4097 ლარი, დახერხილი ქვის შეძენაზე ზედმეტად ნაჩვენები 1792 ლარი და ქვის დაგებისათვის მუშებზე გასაცემი ხელფასის თანხა – 1805 ლარი, შესრულებული სამუშაოების აქტებში ხელოვნურად გაზრდილი – 17809 ლარი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი ითხოვდა, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, შესასრულებლად 51021 ლარის ღირებულების სამუშაოების მიჩნევას, საიდანაც მას დაეკისრებოდა მხოლოდ 23021 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 12 მარტის განჩინებით შპს “ს.” და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და საბოლოოდ მოითხოვეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 111872 ლარი, რომელიც აშშ დოლარის კურსთან მიმართებაში დღეისათვის შეადგენდა 179517 ლარს, საგადასახადო დავალიანებით გამოწვეული ზარალი 140800 ლარი და მორალური ზიანი 100000 ლარი.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებებს და თავის მხრივ მხარი დაუჭირა მის მიერ საკასაციო საჩივარში დაყენებულ საფუძვლებს. მოითხოვა მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულად ყოფილიყო მიჩნეული 51021 ლარის ღირებულების სამუშაოები, რასაც გამოაკლდებოდა მათ მიერ უკვე გადახდილი თანხა 28000 ლარი და გადასახდელად დაუდგინდებოდა 23021 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. მოსარჩელე შპს “ს.” -ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ა) მოპასუხე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა შპს “ს.”-ის სასარგებლოდ შესრულებულ სუმუშაოთა აუნაზღაურებელი თანხის ინფლაციური მოვლენებით გამოწვეული ზიანის ჩათვლით 168852 ლარის გადახდა.

ბ) მოპასუხეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა “ს.”-ს სასარგებლოდ ვადაგადაცილებული დავალიანების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თანხის 140800 ლარის გადახდა.

გ) მოპასუხეს დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯები 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

დ) მოსარჩელე შპს “ს.” განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

2. სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც აფუძნებდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმართულ საკასაციო საჩივარს.

აქვე კასატორი აღნიშნავდა, რომ მათ მიერ მოპოვებული ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სახელმწიფო საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001წ. 14 სექტემბრის ცნობა გაიცა შპს “ს.”-ის დირექციის 2001წ. 13 სექტემბრის ¹12 წერილის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს “ს.”-ს” საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისაგან მისაღები აქვს 111000 ლარი და სთხოვდა, საგადასახადო ინსპექციას, რომელსაც არ შეუმოწმებია აღნიშნული თანხის რეალობა, დაეანგარიშებინა შპს “ს.”-ს დირექციას რა თანხის გადახდა მოუწევდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას. აღნიშნული წერილის საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციამ გადაუანგარიშა და მისწერა პასუხი, რომ მას ბიუჯეტთან გადასახდელი ექნებოდა 140800 ლარი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს 2002წ. 25 სექტემბრის წერილით დადგენილია, რომ შპს “ს.”-ის დირექციას, ინსპექციაში ყოველთვიურად წარდგენილი სტატისტიკური ფორმა ¹პ-1-ის საფუძველზე, 1997 წელს შესრულებული აქვს 80000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

საოლქო სასამართლო დაეყრდნო ახალციხის სახელმწიფო საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001წ. 7 მაისით დათარიღებულ ყალბ ცნობას იმის შესახებ, თითქოს შპს “ს.”-ის დირექციას 1998წ. ივნისიდან 2001წ. 1 მაისამდე არ უმუშავია და ვერ იხდიდა ბიუჯეტის დავალიანების იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა ვერ გადაუხადა კუთვნილი 111000 ლარი და უსახსრობის გამო ვერ იმუშავა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი და საქმეზე დართულია შესაბამისი მასალები, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის “ვ.-ს” საბაჟოს ხელმძღვანელობისა და შპს “ს.”-ის დირექციას შორის 1997წ. 3 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფ. ნინოწმინდის საბაჟოს მშენებლობისათვის 1997წ. 15 სექტემბერს შპს “ს.”-ის ანგარიშზე ჩარიცხული იყო 75 000 ლარი, ხოლო 1999 წელს მანვე აღნიშნული ობიექტის მშენებლობისათვის მიიღო 15000 ლარის ღირებულების საამშენებლო მასალები.

შპს “ს.”-ეს კურორტ აბასთუმნის “ატეესზე” ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის, ტერიტორიული ფილიალის “სამცხე-ჯავახეთის ელექტროკავშირის მიერ 1997 წელს ჩაერიცხა 25000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს მიერ 2002წ. 25 სექტემბერს გაცემული ცნობის მიხედვით შპს “ს.”-ეს 1998 წელში წარდგენილი ფორმა ¹პ-1-ის მიხედვით შესრულებული აქვს 99000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

აქედან გამომდინარე კასატორი მიიჩნევდა, რომ საოლქო სასამართლოს და მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ შპს “ს.”-ეს 1998 წლიდან 2001წ. ოქტომბრის თვემდე უსახსრობის გამო არ უმუშავია, რის გამოც ვერ იხდიდა ბიუჯეტის დავალიანებას და რომ ბიუჯეტის დავალიანება სწორედ რწმუნებულის აპარატის გადაუხდელმა თანხამ განაპირობა, მოკლებულია საფუძველს.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა იმ ნაწილში, რომ ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, რადგან როგორც ცნობილია, ლარის კურსი იმ უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, იგი ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში იზრდება, ზოგთან კი მცირდება.

აღიარებული პრაქტიკით, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებს ეგრეთწოდებული ნომინალური პრინციპი ე.ი. პრინციპი იმის შესახებ, რომ ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო დადებული ხელშეკრულება.

სასამართლოს არაობიექტურობა ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ მოსარჩელე თავის საკასაციო საჩივარში ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და არა გადახდისაგან განთავისუფლებას. საოლქო სასამართლომ კი იგი გაათავისუფლა ბაჟის გადახდისაგან და ბაჟი დააკისრა სახელმწიფო რწმუნებულს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

მოწინააღმდეგე მხარის “ს.”-ის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ სცნეს და თავისი შეპასუხება, ფაქტობრივად დააფუძნეს იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან ითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ გაუქმებული უნდა იქნას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიღებულია სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ შპს “ს.”-ეს მის მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი სამუშაოთა შესრულების დეკლარაციებით, 1997წ. ნოემბრიდან ძირითადი გადასახადის და საურავის სახით ბიუჯეტში გადასახდელი აქვს 140800 ლარი.

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “ს.”-ეს 1998წ. ივნისის თვიდან აღარ უმუშავია და ვერ იხდის ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების დავალიანებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ “ს.”-ე იძულებული იყო შეეჩერებინა ფუნქციონირება, რითაც დასტურდება, რომ ეს დავალიანება სხვა წყაროებიდან ვერ წარმოიშობოდა და ამდენად, დადგენილი და უდავოა, რომ შპს “ს.”-ზე დარიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 140800 ლარს.

საოლქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ისე იქნა მიჩნეული დადასტურებულად, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. კერძოდ, სასამართლოს არ გამოურკვევია მითითებული თანხა წარმოადგენს თუ არა საზოგადოების ბიუჯეტისადმი დავალიანებას, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადაანგარიშებები და დეკლარაციები, არ არის წარმოდგენილი ცნობა ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება მარტოოდენ საქმეში წარმოდგენილ წერილს, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საკასაციო სასამართლო საფუძველსმოკლებულად მიიჩნევს ასევე საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული დავალიანების წარმოშობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა კასატორი, ვინაიდან “ს.”-ეს 1998წ. ივნისიდან აღარ უმუშავია.

საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი საბაჟო “ვ.-ს” სასარჩელო განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ნინოწმინდის საბაჟო საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობაზე ახალციხის რეგიონარულ საბაჟოსა და შპს “ს.”-ს შორის 1997წ. 3 სექტემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მშენებლობის ვადა განისაზღვრა 1997წ. სექტემბრიდან 1998წ. სექტემბრამდის, რისთვისაც “ს.”-ეს გადაეცრიხა შესაბამისი თანხა.

ის საბიუჯეტო დავალიანება კი, რომელსაც საოლქო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, წარმოშობილია 1997წ. ნოემბრიდან. ამდენად მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სხვა ურთიერთობებიდან “ს.”-ს დავალიანება არ შეიძლება წარმოშობილიყო მოკლებულია არგუმენტაციას.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ძირითად დავალიანებად მიჩნეული იქნა 94861 ლარი მაშინ როდესაც, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გაანგარიშებული იქნა 111 ათასი ლარიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებული და შესაბამისი მტკიცებულებებით უზრუნველყოფილი არ არის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც კასატორს შპს “ს.”-ის სასარგებლოდ დაეკისრა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების 140800 ლარის გადახდა. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ საქმე მითითებულ ნაწილში საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას ინფლაციით გამოწვეული ზარალის დაკისრების ნაწილში. საგულისხმოა, რომ მოცემულ ნაწილში გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას კანონის შესაბამის ნორმაზე, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, ხოლო თუ საკასაციო სასამართლო ივარაუდებს, რომ საოლქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ხელმძღვანელობდა სკ-ს 389-ე მუხლით, ამ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მითითებული მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის გაზრდას ან შემცირებას. ასევე, ვალუტის შეცვლას. თუკი ქვეყანაში აღნიშნულ მოვლენებს ადგილი არ ექნება, მაშინ, შესაბამისად არ არსებობს მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.