Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-410-კ-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს/ს «წ-მა” 2000წ. 24 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის სახით 490517,35 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹317 ბრძანებულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს კვებით მომარაგებისათვის გამართულ ტენდერში გაყინული ხორცის პოზიციაში გაიმარჯვა ს/ს «წ-მა”. 1998წ. 17 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერუიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს აგროსამრეწველო სამმართველოსა, ს.ს «წ-ს” (შემსრულებელი) და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო-საბიუჯეტო სამმართველოს (დამფინანსებელ-გადამხდელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ¹27.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების 2-2 პუნქტის თანახმად «გადამხდელ-დამფინანსებელს” ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა ჩაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (1950000ლ.) 25%, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო წარმოების მომზადებისა და საჭირო მასალების შესაძენად. თანხის წინასწარ გადაუხდელობის გამო თანხები საზოგადოებამ გასწია, რაც სკ-ს 317-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად შემოზიდული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მიწოდებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში, რაც არ სრულდებოდა და მოსარჩელეს ბანკიდან უხდებოდა კრედიტების აღება. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე იხდიდა ჯარიმის სახით შემზღუდავი ან არადროული გადაუხდელი თანხის 0,2%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოსარჩელე სკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების 2.2, 2.3 და 3.2 პუნქტების საფუძველზე ითხოვდა 490517,37 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების 2.2 და 2.3 პუნქტების დარღვევა გამოწვეული იყო ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ხაზინის მიერ არადროული დაფინანსების გამო და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ხაზინის თანამოპასუხედ ჩართვა და საჯარიმო თანხის მისთვის დაკისრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სახაზინო სამმართველომ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «წ-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 183750 ლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამინისტროს არანაირი დავალიანება სს «წ-ი” მიმართ არ გააჩნდა, პირიქით ხორკომბინატს გააჩნდა დავალიანება 102570 ლარის ოდენობით, რომელიც მოსაწოდებელი პროდუქციისათვის წინასწარ გადახდილ თანხას წარმოადგენდა.

მოითხოვა 102570 ლარის და ჯარიმის ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ის ოდენობით (რაც 2000წ. 31 ივლისამდე შეადგენდა 81180 ლარს), სულ 183750 ლარის სს «წ-ისათვის” დაკისრება.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით სს «წ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: თავდაცვის სამინისტროს გადასახდელად დაეკისრა 490517,35 ლარი. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა, ვინადიან დადგენილად ცნო, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სასახურიდან თანხები მას დროულად ჩაერიცხა, მაგრამ შემდგომში არამიზნობრივად იქნა დახარჯული.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ს.ს «წ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და დაკმაყოფილდებოდა შეგებებული სარჩელი.

აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 და 2.3 პუნქტების შესაბამისად ანგარიშსწორებას ამ სახელმწიფო დაკვეთაზე შემსრულებელთან ახორციელებდა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ხაზინა, ხოლო ხელშეკრულების ცენტრალური ხაზინის მიერ წინასწარი თანხის არ გადარიცხვის და შემოზიდული პროდუქციის დროულად აუნაზღაურებლობის შემთხვევაში «შემსრულებელი” იხსნიდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების ფინანსური უზრუნველყოფა ევალებოდა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ ხაზინას, რის გამოც იგი უნდა ყოფილიყო სათანადო მოპასუხე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის განჩინებით დაკმაყოფილადა სს «წ-ის” წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეზე დაინიშნა სასამართლო საბუღალტრო ექსპერტიზა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაზუსტებული შეგებებული სარჩელი წარუდგინა სასამართლოს და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის _ 96950 ლარის და ჯარიმის ყოველვადა გადაცილებულ დღეზე 0,2%-ის 247350 ლარის – სულ 344300 ლარის სს «წ-ისათვის” დაკისრება. მოსარჩელე სს «წ-ის” წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსათვის 400725 ლარის და 3 თეთრის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რაიონული სასამართლოს 2000წ. 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა სს «წ-ის” სასარჩელო მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400725,03 ლარის გადახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და სს «წ-ს” შორის დადებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაერიცხა საერთო თანხის (1950000) 25%, რაც შეადგენდა 487.500 ლარს. აღნიშნული თანხა თავდაცვის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან ჩაირიცხა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ სს «წ-ს” არ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ასევე არ სრულდებოდა ხელშეკრულების 2.3 პუნქტი და «შემსრულებელს” (სს წ-ს”) მიწოდებული პროდუქციის ღირებულება არ უნაზღაურდებოდა 10 საბანკო დღის განმავლობაში. რის გამოც ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელად დაეკისრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გადასახდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა. კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სს «წ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდება და დაკმაყოფილდება თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დროულად შესრულების მიზნით 2.2 პუნქტით გათვალისწინებული იყო წარმოების მომზადებისა და ნედლეულის შესაძენად ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში მთლიანი თანხის 25%-ის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ავანსს, რომელიც გაიცემოდა წინასწარ, შემდგომი გადახდების ანგარიშში. იგი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას. გადარიცხვის შემთხვევაში იგი ჩაითვლებოდა საბოლოო გადახდების ანგარიშში, ხოლო არგადარიცხვის შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო როგორც დავალიანება, რომელსაც შეიძლება დარიცხვოდა საჯარიმო სანქციები, ვინაიდან მოწოდებული პროდუქციის ღირებულება თავდაცვის სამინისტროს მიერ მთლიანად დაფარულია, მოსარჩელის მიმართ თავდაცვის სამინისტროს დავალიანება არ გააჩნია, პირიქით თვით სს «წ-ს” გააჩნია სამინისტროს მიმართ დავალიენაბა რაც საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურებული იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროების საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹317 ბრძანებულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს კვებით მომარაგებისათვის გამართულ ტენდერში გაყინული ხორცის პოზიციაში გაიმარჯვა სს «წ-მა”. 1998წ. 17 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეტერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს აგროსამრეწველო სამმართველოსა (დამკვეთი), სს «წ-ს” (შემსრულებელი) და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო-საბიუჯეტო სამმართველოს (დამფინანსებელ-გადამხდელი) შორის გაფორმდა მიწოდების ხელშეკრულება ¹27. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ¹317 ბრძანებულებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო-საბიუჯეტო სამმართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა ჩაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (1950000 ლარი) – 25%, ხოლო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე იხდიდა ჯარიმას, შემოუზუდავი ან არადროულად გადაუხდელი თანხის 0,2%-ს, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მთავარ სახაზინო-საბიუჯეტო სამმართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 25%, რის გამოც სს «წ-ის” ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ჯარიმის (ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 02%) მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სს «წ-ს” ჯარიმის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად მხარეებს ჯარიმის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდათ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში მთლიანი თანხის 25%-ის გადახდა ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა, ამიტომ მისი შეუსრულებლობა ჯარიმის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა.

საქმეზე დანიშნული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მთლიანად ანაზღაურებულია მოწოდებული პროდუქციის ღირებულება და ზედმეტად გადახდილია 96950 ლარი, რომლის ღირებულების პროდუქციაც სამინისტროს არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სს «წ-ის” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე, მაგრამ არ გაარკვია, თუ რა პერიოდამდე უნდა დარიცხოდა ჯარიმა წინასწარ გადაუხდელ თანხას, რასაც საკასაციო პალატის აზრით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან წინასწარ გადახდილი თანხა საბოლოოდ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მთლიანად ანაზღაურება და ზედმეტად 96950 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით წინასწარ გადაუხდელ თანხას ჯარიმა 0,2%-ის ოდენობით დაერიცხა 1999წ. 1 ოქტომბრამდე, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება, მისი 1.1 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 1998წ. განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ექსპეტრის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია თავდაცვის სამინისტროს მიერ თანხის ზედმეტად გადახდა და სს «წ-ის” მიერ მოთხოვნილი ჯარიმიდან გაქვითა ზედმეტად გადახდილი თანხა რაც თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელის საფუძველი იყო, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.