Facebook Twitter

3გ-ად-411-კ-02 11 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: პრივატიზაციის და მიწის იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ვალდებულების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 30 აპრილს შ.ჯ.-მ, რ.ჯ.-მ, ჟ.ჯ.-მ, კ.ტ.-მ, ნ.ტ.-მ, მ.დ.-მ, დ.დ.-მ, ნ.დ.-მ და ო.მ.-მ სარჩელით მიმართეს აბაშის რაიონული სასამართლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და აბაშის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვეს პრივატიზაციისა და მიწის იჯარით ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ვალდებულების დავალება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელენი იყვნენ ...-ის კოლმეურნეობის წევრები და მუშაობდნენ კოლმეურნეობის მესაქონლეობის ფერმაში. 1992-93 წლებში კოლმეურნეობის დაშლის შემდგომ მეურნეობის ფერმა (სახბორე, საღორე კოშკი, საგუშაგო ჯიხური) და მიმდებარე 10 ჰა მიწის ფართობი მათ დაიტოვეს საკუთრებაში. შემდგომში ყველა სახის მიწა დადგინდა სახელმწიფოს საკუთრებად. 1997 წლიდან, როდესაც დაიწყო მიწების იჯარით გაცემა, ისინი დაიბარეს აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში და დაუდეს ზეპირი ფორმის ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ. სკ-ს 593-ე მუხლის თანახმად ეს ხელშეკრულება დადებული იქნა განუსაზღვრელი ვადით. მხარეებს შორის ზეპირი ფორმის იჯარის ხელშეკრულების არსებობას ადასტურებს თავად მოპასუხის მიერ საგადასახადო ინსპექტორისათვის გაგზავნილი ოფიციალური სია, სადაც მოიჯარეთა შორის 1997-2000 წწ. მითითებულია მათი წარმომადგენელი შ. ჯ.-ე. აღნიშნულს ადასტურებს მათ მიერ ყოველწლიური საიჯარო გადასახადის გადახდის ქვითრები. მოსარჩელეებმა 1998წ. 17 აპრილს განცხადებით მიმართეს აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და მოითხოვეს საიჯარო ხელშეკრულების წერილობითი გაფორმება, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ანალოგიური მოთხოვნით მიმართეს 2000წ. 27 ივლისს, რომლის პასუხი მათ ადვოკატს მხოლოდ 2001წ. 19 აპრილს დაუბრუნეს.

მოპასუხემ 2000წ. 13 დეკემბრის ¹2 ხელშეკრულებით მათ კუთვნილი სახბორე მიჰყიდა ვინმე ჯ.წ.-ეს, ხოლო სხვა ობიექტების პრივატიზების მასალები, მიუხედავად ოფიციალური მოთხოვნისა, მათ არ გადასცეს. ...-ის მესაქონლეობის ფერმის გაყიდვით აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ფაქტობრივად გაყიდა მათი ქონება, ე.ი. შეცდა უფლებაში. სკ-ს 73-ე მუხლის თანახმად, მოპასუხესა და მყიდველებს შორის დადებული გარიგება სადავო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბათილია. მოპასუხეებს ასევე დარღვეული აქვთ სკ-ს 487-ე და 489-ე მუხლები, რომლებიც გამყიდველს ავალებს მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

მოპასუხემ, ისე რომ მათთვის არაფერი არ ეცნობებია, მოშალა იჯარის ხელშეკრულება და სადავო 10 ჰა მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა ჯ. წ.-ეს, რითაც დაარღვია სკ-ს 606-ე მუხლის მოთხოვნები საიჯარო წლის დაწყებიდან 10 დღის ვადაში ხელშეკრულების მოშლის თაობაზე გაცხადების თაობაზე. სადავო 10 ჰა მიწის ფართობს ისინი იყენებენ საქონლის საძოვრად, რაც მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მათთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების კანონიერად მოშლამდე გაეფორმებინა ამ მიწის ფართობზე საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნულით შეილახა მათი უფლებები და ინტერესები. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილების მიერ მოქალაქე ჯ. წ.-ესთან ¹2 ხელშეკრულებისა და სხვა ფიზიკურ და იურდიულ პირებთან დადებული სოფ. ...-ის მესაქონლეობის ფერმის, სახბორის, სასილოსე კოშკისა და საგუშაგოს ჯიხურის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აღნიშნული ობიექტების საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღება, მოპასუხესა და მოქალაქე ჯ. წ.-ეს შორის დადებული 10 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დავალდებულება მათთან საიჯარო ხელშეკრულობის გაფორმებაზე.

მოპასუხე აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შესაგებებელში აღნიშნა, რომ, ვინაიდან ...-ის მეხბორეობის ფერმა და 10 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ფერმის შემდგომი ფუნქციონირების მიზნით გადაწყდა მისი პრივატიზება. გაზეთ “აბაშის მაცნეში” 2000წ. 2 ნოემბერს გამოქვეყნდა განცხადება ...-ის მეხბორეობის ფერმის პრივატიზების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა გაიცემოდა იჯარით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ჯ. წ.-ემ, რომელმაც მოახდინა ფერმის პრივატიზება, ხოლო შემდეგ განცხადებით მიმართა მუდმივ მოქმედ რაიონულ კომისიას მიწის იჯარით გადაცემის თხოვნით, რომელმაც 2000წ. 11 დეკემბერს იმსჯელა და ფერმის ეზოში მდებარე მიწა იჯარით გადასცა ფერმის მესაკუთრე ჯ. წ.-ეს. საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

აბაშის რაიონულმა სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: 2000წ. 13 დეკემბრის ¹2 ხელშეკრულება, დადებული ქონების მართვის აბაშის რაიონულ განყოფილებასა და ჯ. წ.-ეს შორის, ბათილად იქნა ცნობილი. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ამავე მხარეებს შორის 2001წ. 17 იანვარს დადებული 9,5 ჰა მიწის 49 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულება. აბაშის რაიონის გამგეობას დაევალა ჯ. წ.-ეს, შ. ჯ.-ესა და სხვათა შორის კონკურსის ჩატარება სადავო 9,5 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე ამ ფართობში მდგარ სახბორე შენობასთან ერთად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა: შ. ჯ.-ემ და სხვებმა, მოპასუხეებმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონულმა განყოფილებამ და აბაშის მიწის მართვის სამმართველომ.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა რ. შონიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება აბაშის რაიონის გამგეობისთვის კონკურსის ჩატარების დავალების ნაწილში იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებს სასამართლომ სკ-ს 604-ე მუხლით მინიჭებული უფლება დაურღვია, ვინაიდან მეურნეობის იჯარა მოსარჩელეთათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს და სადავო მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მეურნეობის შესანარჩუნებლად.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 592-ე მუხლი, მიუთითა რა, რომ მიწა უნდა გადაცემულიყო იჯარით და მოცემულ შემთხვევაში 9,5 ჰა მიწაზე არსებული ფერმა უნდა გადასცემოდა მიწის მოიჯარეს. ამ მუხლში არის ალტერნატივაც (ნაწილი პირველი) მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების გაცემა შეიძლება მოხდეს მასზე არსებული საცხოვრებელი ან სამეურნეო ნაგებობის გარეშეც.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ აბაშის რაიონულმა განყოფილებამ სავსებით კანონიერად მოახდინა მეხბორეობის შენობის დარჩენილი ნაწილის პრივატიზება აუქციონის წესით, სადაც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა მოქალაქემ ჯ. წ.-ემ, სადავო მიწის იჯარით გაცემისას კი აბაშის რაიონის გამგეობამ და მიწის მართვის რაიონულმა სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 8 აგვისტოს ¹446 ბრძანებით და ფერმის შემდგომი აღდგენისა და ფუნქციონირების მიზნით ფერმის ეზო იჯარის ხელშეკრულებით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულ ჯ. წ.-ეს. კასატორის მოსაზრებით, შენობის პრივატიზებისას და მიწის იჯარით გაცემისას არ ყოფილა დარღვეული მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული განხორციელდა კანონის მოთხოვნის სრული დაცვით და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ანალოგიური საფუძვლებით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აბაშის მიწის მართვის სამმართველომაც.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კასატორების: სახელმწიფო ქონების მართვის აბაშის რაიონული განყოფილებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორების: შ. ჯ.-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. შონიას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აბაშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა ამ ნაწილში, რომლითაც აბაშის რაიონის გამგეობას დაევალა. სადავო 9,5 ჰა მიწის ნაკვეთზე და იქ მდებარე სახბორე შენობაზე კონკურსის ჩატარება ჯ. წ.-ეს, შ. ჯ.-ესა და სხვათა შორის.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფერმის შენობის პრივატიზებისას დარღვეულ იქნა კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები და გაზეთ “აბაშის მაცნეში” გამოქვეყნებული ინფორმაცია სოფ. ...-ის მეხბორეობის ფერმის შენობის დარჩენილი ნაწილის პრივატიზების შესახებ არ შეიცავდა შესაბამის მონაცემებს. მითითებული იყო მხოლოდ ფერმის ფასი და რომ მიწა გაიცემოდა იჯარით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება აბაშის ქონების მართვის სამმართველოსა და ჯ. წ.-ეს შორის გაფორმებული 2000წ. 13 დეკემბრის ხელშეკრულების კანონის დარღვევით გაფორმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 9,5 ჰა სადავო მიწის ნაკვეთზე იჯარით ხელშეკრულებაც კანონის დარღვევით იქნა გაფორმებული, რადგან არ ყოფილა დაცული საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დადებული მე-8 თავის მე-2 პუნქტის მოთხოვნები კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე. თავად მოქალაქე ჯ. წ.-ს არა აქვს შეტანილი განცხადება სადავო მიწის იჯარით აღების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით ფლობდნენ მოსარჩელეები: შ. ჯ.-ე და სხვები და იხდიდნენ იჯარის ქირას. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება. აბაშის რაიონის გამგეობის დავალდებულების თაობაზე სადავო მიწაზე სახბორე შენობასთან ერთად კონკურსის ჩატარების თაობაზე, რადგან არ არის მოსარჩელეებთან კანონით დადგენილი წესით შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონულმა განყოფილებამ, აბაშის მიწის მართვის სამმართველომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორებმა მიიჩნიეს, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 592-ე მუხლი, მიიჩნია რა, რომ შესაძლებელი იყო იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი გადასცემოდა მოიჯარეებს სამეურნეო გამოყენებისათვის სამეურნეო ნაგებობების გარეშე. სააპელაციო პალატამ უგულვებელყო სკ-ს 171-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულება, რომელიც არეგულირებს მიწის ნაკვეთსა და სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების კუთვნილების საკითხს.

კასატორები მიიჩნევენ, რომ შენობის (სახბორის) პრივატიზება მოხდა კანონის დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა. შესაბამისად, თუ არ განხორციელდებოდა მიმდებარე ნაკვეთის იჯარით გაცემა, შენობის პრივატიზებას აზრი ეკარგებოდა. კასატორებმა ასევე მიუთითეს პროცესუალურ დარღვევებზე, კერძოდ, ჯ. წ.-ე საქმეში არ იყო ჩაბმული მოპასუხედ, რომელიც არის სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარე. სააპელაციო პალატამ დაუშვა შეცდომა, რადგან არ იმსჯელა სახბორის პრივატიზებაში გადახდილი თანხის თაობაზე. კასატორებმა ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვის მიზნით.

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილებისა და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს ერთობლივი საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორთა არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ სკ-ს 592-ე მუხლის არასწორად განმარტებისა და 171-ე მუხლის უგულვებელყოფის შესახებ, რომ სამეურნეო ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილია ამ შენობა-ნაგებობებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთი. სკ-ს 592-ე მუხლი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან ერთად ან მათ გარეშე, ხოლო ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებით სარგებლობისათვის. შესაბამისად, ჯ. წ.-ზე იჯარით გაცემული მიწა არის მთავარი ნივთი, მეხბორეობის ფერმის პრივატიზებული შენობა კი წარმოადგენს ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე (მიწაზე) საკუთრების უფლება ვრცელდება ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც და არა პირიქით.

საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორთა მოსაზრება საქმის განხილვისას პროცესუალური ნორმების დარღვევის თაობაზე საოლქო სასამართლოს მიერ, კერძოდ, ჯ. წ.-ს მოპასუხედ ჩართვის გარეშე საქმის განხილვის შესახებ და აღნიშნა, რომ კასატორი ადმინისტრაციული ორგანოებთან ერთად ისიც უნდა ყოფილიყო საქმეში მოპასუხედ ჩართული, ვინაიდან სადავო პრივატიზებისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა პირდაპირ და უშუალოდ ეხება მის კანონიერ ინტერესს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ მესაკუთრისა და სკ-ს 575-ე მუხლით მესაკუთრის ტოლფასი უფლებებით დაცულ მოიჯარის უფლებას. აღნიშნული მოტივით საკასაციო პალატამ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 21 მაისის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩააბა ჯ. წ.-ე, ხოლო 26 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწუყვეტილება და რ. ჯ.-სა და სხვების სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ აუქციონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. გამოქვეყნების კანონშესაბამისობას, არ იმსჯელა, თუ რამდენად შეესაბამებოდა გაზეთ “...-ში” 2000წ. 2 ნოემბერს ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე3 პუნქტის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აბაშის რაიონის გამგეობას ჰქონდა ჯ. წ.-ისათვის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების უფლება, ვინაიდან მოსარჩელეების მიერ მიწის გადასახადის გადახდა ვერ ადასტურებდა საიჯარო ურთიერთობის არსებობას მათსა და გამგეობას შორის. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მიწის იჯარით გაცემა საჭიროებს სახელმწიფო რეგისტრაციის საიჯარო რეესტრში. ეს მოთხოვნა მოსარჩელეების მხრიდან დაცული არ ყოფილა. გადასახადის გადახდის თაობაზე კი სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, როგორც მიწის მართვის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს იყო მიწის მართვის სარგებლობის გადასახადი და არა საიჯარო ქირა. საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში მოიჯარეს უნდა გადაეხადა ერთიც და მეორეც, რასაც მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446-ე ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, (სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და სხვა უძრავი ქონების შემდგომი ფუნქციონირებისა და გამოყენების საკითხი), ასევე _ მიწის მართვის დეპარტამენტის 2000წ. 8 თებერვლის წერილი, რომლის მესამე პუნქტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მიზნით აშენებული ძირითადი და დამხმარე შენობა-ნაგებობების, ფერმებისა და სხვა უძრავი ქონების გაყიდვის დროს ამ შენობებით სარგებლობისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთი უნდა გამოიყოს შენობა-ნაგებობებთან ერთად, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შესაბამისად კანონისა, გაუფორმდეთ იჯარა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა: შ.ჯ.-მ და სხვებმა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებსა და აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აბაშის გამგეობას შორის არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე მიწის იჯარის განუსაზღვრელი ვადით დადებული ზეპირი ფორმის ხელშეკრულება სკ-ს 593-ე მუხლის შესაბამისად. ის გარემოება, რომ მიწის ფართობით ისინი სარგებლობდნენ, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2000წ. 11 დეკემბრის ¹14 ოქმით, სადაც მითითებულია, რომ ისინი სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ. საიჯარო ურთიერთობას ადასტურებს თავად აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ საგადასახადო ინსპექციისათვის გაგზავნილი ოფიციალური სიები, სადაც კასატორები მითითებულნი არიან მოიჯარეებად და საიჯარო ქირის გადამხდელებად. აღნიშნულის საფუძველზე კასატორები იხდიდნენ საიჯარო ქირას სადავო მიწის იჯარით სარგებლობისათვის, გამგეობა აძლევდა შესაბამის ქვითრებს, სადაც გადახდის საფუძვლად მითითებულია საიჯარო გადასახადი ქვითრებზე მიწის იჯარით გაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არცერთი კანონი არ ადგენს, მითუმეტეს ზეპირი ფორმის არსებობისას. სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა კანონის შესაბამის ნორმაზე. კასატორებისათვის გაურკვეველია ტერმინები: “სახელმწიფო რეგისტრაცია”, “მიწის მართვის სარგებლობის გადასახადი”, რომელთა გამოყენებისას სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის განმარტებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ მათსა და მოპასუხეს შორის განუსაზღვრელი ვადით დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება სკ-ს 606-ე მუხლის შესაბამისად არ არის შეწყვეტილი და დღემდე გრძელდება. ამდენად, ჯ.წ.-ს გადაეცა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, რადგან აბაშის გამგეობას არ ჰქონდა უფლება კასატორებთან კანონიერი საიჯარო ხელშეკრულების არსებობის პირობებში სხვასთან დაედო ხელშეკრულება იმავე მიწის ნაკვეთზე და ამდენად, ჯ.წ.-სთან იჯარის გარიგების დადებისას სკ-ს 75-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად დაშვებულია არსებითი შეცდომა. ჯ.წ.-სთან დადებული ხელშეკრულება არღვევს კასატორების, როგორც მოიჯარეთა, სკ-ს 575-ე მუხლით მესაკუთრის ტოლფასი უფლებებით დაცულ უფლებას. კასატორები ასევე მიუთითებენ და აყენებენ საკითხს სადავო პრივატიზაციისა და იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებისას დაშვებული კანონადარღვევების თაობაზე, რომლებზეც იმსჯელა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში და რომელიც მხოლოდ პროცესუალური დარღვევის გამო იქნა გაუქმებული. კასატორები ითხოვენ, მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული კანონდარღვევები მათი საკასაციო საჩივრის დასაბუთების ნაწილად იქნეს მიჩნეული და გათვალისწინებული. ამგვარად, ჰქონდათ დაყენებული საკითხი სააპელაციო სასამართლოში და უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნული გარემოებები არ გამხდარა სადავოდ მხარეების მიერ. ამავე დროს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარის მიერ კონკრეტული დარღვევის ფაქტზე მიუთითებლობა არ არის იმის საფუძველი, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს კანონდარღვევაზე. კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას და აბაშის რაიონის გამგეობასა და მოქ. ჯ.წ.-ს შორის დადებული სოფ. მარანის მესაქონლეობის ფერმის მიმდებარე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულების და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილების მიერ მოქ. ჯ. წ.-სთან დადებული მეხბორეობის ფერმის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შ.ჯ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მხარეები არ ხდიან სადავოდ აუქციონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნების კანონშესაბამისობას, სასამართლომ არ უნდა იმსჯელოს გამოქვეყნების ფორმის შესაბამისობაზე “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ პრივატიზაციისა და საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომელიც ამ გამოქვეყნების საფუძველზე განხორციელდა და სასამართლო, რომელიც ადმინისტრაციული წესით იხილავს საქმეს, ვალდებულია, შეამოწმოს მთლიანად პრივატიზების კანონიერება, როგორც ეს გააკეთა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობამ 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პრივატიზების კანონშესაბამისობა მთლიანობაში უნდა იქნეს გამოკვლეული და ისე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-5 აბზაცის შინაარსი, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გადაწყვეტილების ამ ნაწილით დადგენილი გარემოებების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმეში არსებული საკასაციო სასამართლოს 2002წ. 13 მარტის განჩინებაში მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, მთავარი ნივთისა (მოცემულ შემთხვევაში _ სადავო მიწის ნაკვეთი) და ამ ნივთის არსებით შემადგენელი ნაწილის (ამ მიწის ნაკვეთზე არსებული მეხბორეობის ფერმის შენობა) შესახებ, რაც კონკრეტული საქმის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ”, საქართევლოს პრეზიდენტის 1998წ. 02 აგვისტოს ¹446-ე ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება მიუთითა რა გადაწყვეტილებაში, რომ სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა მოპასუხე ჯ.წ.-ისათვის ამ დებულების შესაბამისად კანონიერად განხორციელდა. მითითებული დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით. საქმეში წარმოდგენილი, აბაშის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2000წ. 25 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ შ.ჯ.-ს და დ.დ.-ს შეტანილი ჰქონდათ განცხადება სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე, ამიტომ აბაშის მიწის მართვის სამმართველოსა და აბაშის გამგეგბას უნდა გამოეცხადებინა კონკურსი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ სადავო მიწა ჯ.წ.-ს გადაეცა მისი განცხადების საფუძველზე მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით და არა კონკურსის შედეგების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მიერ ჯ.წ.-ის განცხადება, სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე, მხოლოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის ხელმეორედ განხილვის დროს იქნა წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არ არის გამოკვეთილი, თუ რა მიიჩნია დადგენილად სასამართლომ – სადავო მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცა კონკურსის ჩატარების შედეგად თუ _ უკონკურსოდ. აღნიშნული გარემოების დადგენა საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სრულყოფილად არ იქნა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მთითებული კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ამ ეტაპზე შეუძლებელია საკასაციო პალატის მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული მითითებით საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ჯ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.