Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-412-კ-02 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საიჯარო ქირის გადახდა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" სარჩელით მიმართა ფოთის სასამართლოს მოპასუხე შპს “ტ-ის"'მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა 30015,10 აშშ დოლარის გადახდა და საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული 404 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის გამონთავისუფლება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1996წ. 7 ივლისს ფოთის ნავსადგურსა და შპს “ტ-ს" შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ტ-ს" იჯარით გადაეცა ... მდებარე 404 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1959,4 აშშ დოლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა წინასწარ, ყოველკვარტალურად, საანგარიშო პერიოდის პირველი თვის 5 რიცხვამდე, ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დამქირავებელის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს “ტ-ს" დაერიცხებოდა საურავი 0,5% დღეში, ყოველ გადაცილებულ დღეზე. წლიური საიჯარო გადასახადიდან ნავსადგურის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო თანხის 90%, ანუ 1763 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიუხედავად შპს “ტ-ის" მხრიდან დავალიანების აღიარებისა და მათ მიერ მოთხოვნისა, მოიჯარეს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არ გადაუხდია საიჯარო ქირა, რის გამოც დავალიანება შეადგენდა 30015,10 აშშ დოლარს. საიდანაც ძირითადი საიჯარო თანხა შეადგენდა 3527 აშშ დოლარს და დარიცხული საურავი 26488,9 აშშ დოლარს.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ წარადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მიუთითა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად შპს “ტ-ი" ვალდებული იყო საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოსთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, რაც არ გაუკეთებია და უკანონოდ ფლობდა ფართს. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹705 ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად ფოთის საზღვაო ნავსადგურს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება და ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლის თანახამდ, ნავსადგურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საიჯარო და მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები ირიცხებოდა ნავსადგურის ანგარიშზე. აღნიშნავდა, რომ ვინაიდან შპს “ტ-ი" ფლობდა ... მდებარე 404 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, ის ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი _ 6746, 87 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც დამატებით მოითხოვდა აღნიშნული თანხის შპს “ტ-ისათვის" დაკისრებას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ფოთის სასაზღვაო ნავსადგურმა".

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის საქალაქო მეურნეობის სამსახური, ხოლო 2002წ. 20 ივნისის განჩინებით ქ. ფოთის მერია.

სააპელაციო სასამართლოში სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" შეამცირა თავისი მოთხოვნა და ნაცვლად 36761 აშშ დოლარისა, მოითხოვა შპს “ტ-ისათვის" 30015 აშშ დოლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა სსიპ “ფოთოს საზღვაო ნავსადგურის" სარჩელი და შპს “ტ-ს" გადასახდელად დაეკისრა 30015 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ-სა და შპს “ტ-ს" შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 1996წ. 7 ივლისს ორი წლის ვადით, 1996წ. 1 ივნისიდან 1998წ. 1 ივნისამდე, რის გამოც მეიჯარეს საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ძველი სკ-ს მოქმედების დროს და გაგრძელდა ახალი სკ-ს ძალაში შესვლის შემდგომაც და მიუთითა, რომ საქმეში არსებული შპს “ტ-ის" დირექტორ ზ. კ-ს მიერ 1999წ. 14 აპრილის წერილით აღიარებული იყო ვალის არსებობა, რის გამოც სკ-ს 137-ე მუხლის თანხმად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, ამ დროისათვის მოქმედებდა ახალი სკ-ს ნორმები, რის გამოც სასარჩელო მოთხონა ხანდაზმული არ იყო და მიუთითა, რომ ვინაიდან შპს “ტ-ს" ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოსთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია და შესაბამისად ვალდებულება არ წამოეშვა ქონების მართვის ორგანოსთან, ხოლო ვალი აღიარებული იყო, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ-მა", რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სარჩელი.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც საქართველოს სსკ-ს 394-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 137-ე მუხლი და შპს “ტ-ის" 1999წ. 14 აპრილის საინფორმაციო წერილი მიიჩნია ვალის აღიარებად, თუმცა წერილი აღნიშნული რიცხვით საერთოდ არ არსებობს, რის გამოც მტკიცებულება შეაფასა არასწორად.

1999წ. 21 მაისისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურს არ გააჩნდა უფლებამოსილება მოეთხოვა შპს “ტ-ისაგან" საიჯარო ქირა, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ქონების მართვის სამინისტრო გახდა სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე და საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 სექტემბრის ბრძანებულით დამტკიცებული “საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს დებულების" III თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადრე დადებული საიჯარო ხელშეკრულებების უფლებამონაცვლე გახდა სახელმწიფო ქონების მართვის ფოთის სამმართველო, რის გამოც მიაჩნია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური არ იყო სათანადო მოსარჩელე.

სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იხელმძღვანელა გაუქმებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანდაზმული ვალდებულებით, არ გაარკვია ძირითადი და საჯარიმო სანქციების გაანგარიშება და მათი სისწორე.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1964წ. სამოქალაქო კოდექსი, ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო 1996 წელს.

გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რამდენადაც დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან მასში მონაწილეობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გადაწყვეტილება კი მიღებულია საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, ანუ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ტ-ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რადგან არ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება ურთიერთობის ახალი კოდექსით მოწესრიგების შესახებ, დავა უნდა გადაწყვეტილიყო 1964წ. სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და განმარტა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე მხარეთა შორის არსებული დავა უნდა მიჩნეულიყო ხანდაზმულად, რომ არა შპს “ტ-ის" დირექტორის ზ. კ-ს მიერ 1999წ. 14 მაისს ქ. ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის უფროსის გ. ი-ის სახელზე წერილობითი სახით შედგენილი განცხადება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი შპს “ტ-ის" მხრიდან წარმოადგენდა ვალის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რის გამოც სკ-ს 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად მიიჩნია. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად ახალი სკ-ს 137-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება სასამართლოსავე დათქმას ურთიერთობის მოსაწესრიგებლად 1964წ. სკ-ს გამოყენების თაობაზე, რადგან მოპასუხის მხრიდან ვალი აღიარებულია ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევეია, შპს “ტ-ის" 1999წ. 14 მაისის წერილზე ხელისმომწერი პირი ზ. კ-ა წარმოადგენდა თუ არა შპს სახელით საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და არ უმსჯელია აღნიშნული წერილით აღიარებული ვალი შეესაბამებიდა თუ არა სსიპ-ის “ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის" სასარჩელო თანხას და არ დაუდგენია თანხის ოდენობა.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან მხარის მიერ ვალის აღიარება წყვეტს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის პერიოდში და აღიარების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა ხელახლა აითვლება იმავე ვადით, რაც გათვალისწინებულია კანონით. სასამართლომ არ გაარკვია, შპს “ტ-ის" მიერ ვალის აღიარების შემდეგ სსიპ “ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურების" მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში იქნა თუ არა შეტანილი სარჩელი და იგი წარმოადგენდა თუ არა სათანადო მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ტ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.