Facebook Twitter

3გ-ად-414-კ-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია, ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და ხელფასის ანაზღაურებაზე ვალდებული ორგანოს დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 20 სექტემბერს ზესტაფონის რაიონის სოფ. ......-ის ბიბლიოთეკის გამგე ა. ბ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ 2000წ. 1 ივნისამდე ხელფასს ღებულობდნენ ზესტაფონის რაიონის ქვედა საქარის თემის საკრებულოს ბიუჯეტიდან. 2000წ. 1 ივნისიდან ქვედა საქარის თემის საკრებულომ შეწყვიტა მათზე ხელფასების გაცემა და მიუთითათ, რომ სოფ. .......-ის ბიბლიოთეკა ზესტაფონის რაიონის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო, რაზედაც რაიონის გამგეობა უარს აცხადებდა.

მოსარჩელემ სასამართლოსაგან უფლებამოსილი ადმინისტარციული ორგანოს დადგენა და მისთვის მიუღებელი ანაზღაურების 75 ლარის დაკისრება მოითხოვა.

იმავე საფუძვლებით, იმავე ადმინისტრაციული ორგანოებისაგან მიუღებელი ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს:

1. სოფ. ......-ის საშუალო სკოლის დირექტორმა გ. გ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 6045 ლარის ოდენობით);

2. სოფ. ......-ის ¹.... საბავშვო ბაღის გამგემ ფ. შ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 642 ლარის ოდენობით);

3. სოფ. .......-ის ¹.... საბავშვო ბაგა-ბაღის გამგემ მ. ჩ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 920 ლარის ოდენობით);

4. სოფ. ......-ის ¹.... ბიბლიოთეკის გამგემ მ. ჩ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 220 ლარის ოდენობით);

5. სოფ. ......-ის კულტურის სახლის დირექტორმა ქ. ქ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 161 ლარის ოდენობით);

6. სოფ. ......-ის ბიბლიოთეკის გამგემ თ. ხ-მა (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 149 ლარის ოდენობით);

7. სოფ. .....-ის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგემ თ. გ-ემ (თანამშრომელთა მიერ მიუღებელი 972 ლარის ოდენობით).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

მოპასუხემ _ ქვედა საქარის თემის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქვედა საქარის თემის საკრებულო თვითმმართველობას ახორციელებს, ხოლო ზესტაფონის რაიონის გამგეობა _ მმართველობას. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად _ სოფლად, თემში, დაბაში, ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო დამოუკიდებლად წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, ხოლო რაიონში _ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს წყვეტს რაიონის გამგეობა და რაიონის საკრებულო. ქვედა საქარის თემის საკრებულოს მოსაზრებით, ქვედა საქარის თემს გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რაც რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს იმერეთის რეგიონალურ სამსახურში. ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ფუნქციების, ამოცანების და საკითხების დაფინანსება, რასაც ორგანული კანონის მე-7 და მე-19 მუხლები განსაზღვრავს და აკონკრეტებს. ამ კანონის მე-8 და მე-14 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად რაიონსაც გააჩნია რაიონის ბიუჯეტი. სწორედ ამ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს განათლების, სკოლამდელი დაწესებულებების, კულტურის, სპორტის და სხვა საკითხების დაფინანსება. თუ თვითმმართველობის ორგანო თვითონ შექმნის ასეთი დონის სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებს, მაშინ იგი ვალდებულია თვითონ დააფინანსოს და შეინახოს ისინი. ორგანულ კანონში კი არ არის არცერთი მუხლი, რომელიც დაავალდებულებდა თვითმმართველობას შეესრულებინა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. მოპასუხემ _ ზესტაფონის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქვეყნის მასშტაბით საბიუჯეტო მოწყობა დღემდე “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება, რომლის თანახმადაც რაიონის სოფლებში განლაგებული საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება (მათ შორის განათლებისა და კულტურის) სოფლის საკრებულოების ბიუჯეტების მეშვეობით (გავლით) ხორციელდება. იმ სოფლებს, რომლებიც მცირე შემოსავლიანია და ვერ ავსებენ საბიუჯეტო ხარჯებს, რაიონის ბიუჯეტიდან რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეძლევათ ფულადი ასიგნებანი ტრანსფერის სახით. ხოლო იმ სოფლებს, სადაც მსხვილი სამრეწველო ორგანიზაციებია განლაგებული, უდგინდებათ საბიუჯეტო შემოსავლების მაღალი ნორმატივები იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ დაფინანსებული იქნეს საკრებულოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის თანახმად “ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონით”, ხოლო 36-ე მუხლის შესაბამისად “ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული აუცილებელი მინიმალური ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მინიმალური დონის არსებობას, მასზე შემოსავლების წყაროების მიმაგრებით”, “ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური ხარჯების დონე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით.” კანონის ამ მოთხოვნებმა დღის წესრიგში დააყენა ცვლილებები მომხდარიყო “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში, რაც დღემდე ვერ განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა: ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური ხარჯების განსაზღვრას. მიზნობრივი ტრანსფერების განსაზღვრას, ბიუჯეტების ხარჯების გამიჯვნას სხვადსხვა დონის ბიუჯეტებს შორის, ბიუჯეტების შემოსავლების გამიჯვნას სხვადახსვა დონის ბიუჯეტებს შორის”. აღნიშნული კანონპროექტი მართალია ვერ იქნა მიღებული, სამაგიეროდ მიღებულ იქნა ცვლილებები ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმარვთელობისა და მმართველობის შესახებ”. კერძოდ, “2000წ. 1 იანვრიდან ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების გამიჯვნას რაიონისა და მის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის, თაბის, დემის, სოფლის ბიუჯეტებს შორის რაიონის გამგეობის წარდგინებით განსაზღვრავს რაიონის საკრებულო”.

ზესტაფონის რაიონის გამგეობამ განმარტა, რომ იხელმძღვანელა რა ზემოაღნიშნული კანონებითა და ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციებით, რაიონის საკრებულოს წარუდგინა, როგორც 2000წ. რაიონის ბიუჯეტის, ისე 2000წ. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გამიჯვნის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტი. სოფლის საკრებულოების მიხედვით დადგინდა ნორმატივები და გამოიყო ტრანსფერები იმ თვალსაზრისით, რომ სოფლის საკრებულოების ტერიტორიებზე არსებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება განხორციელდებოდა სოფლის ბიუჯეტის მეშვეობით. მათ შორის ქვედა საქარის საკრებულოს პროექტით გათვალისწინებული იყო ნორმატივი 25%, ხოლო საკრებულომ მიზანშეწონილად ჩათვალა დარჩენოდა 30 პროცენტი, რაც დააფინანსებდა: განათლებას, კულტურას, მმართველობას და სპეცსახრებს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა, რომ ქვედა საქარის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე განთავსებულ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებათა მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურება ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის ბიუჯეტიდან უნდა განხორციელებულიყო. ზესტაფონის რაიონის გამგეობასვე დაეკისრა იმ თანხების გადახდა, რასაც მოსარჩელეები ითხოვდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, რაც არ იქნა გაზიარებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ და 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ იმავე საფუძვლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინებით ზესტაფონის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონები “განათლების შესახებ”, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ”, ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს “განათლების შესახებ” კანონის 19-ე, 21-23-ე, 34-36-ე, 43-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებას განათლების სფეროში, სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებსა და სახელმწიფო დაკვეთებს ამ სფეროში. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიყენოს კანონის “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” 15-16-ე, 29-37-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლების განაწილებას სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის, ასევე ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების მიმართულებების გამიჯვნას სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის. საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეში ზესტაფონის რაიონის საკრებულოსა და იმ პირთა ჩაბმაზე, რომელთა სახელითაც მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ ბაგა-ბაღის გამგე, ბიბლიოთეკის გამგე, სკოლის დირექტორი, მაშინ როცა მათზე არ არის გაცემული რწმუნებები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. პირველი აგვისტოს განჩინებით ზესტაფონის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად “განათლების, სკოლამდელი დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციაა”. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა ზესტაფონის რაიონის გამგეობის პრეროგატივაა. ამავე მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება განაწილდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის”, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზესტაფონის რაიონის გამგეობამ ვერ დაადასტურა მის მიერ საქარის თემის საკრებულოსათვის მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის ფაქტი. მათ მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომლის მიხედვითაც ქვედა საქარის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე განლაგებული განათლებისა და კულტურის ობიექტების დასაფინანსებლად გამოიყო 37,9 ათასი ლარი, სასამართლომ არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ “განათლების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობას, ხოლო 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების ღირებულება აღემატება ფინანსურ ნორმატივებს, ცენტრალურ და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ეძლევათ დამატებითი დაფინანსება. კანონი ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ცალსახად მიუთითებს დამატებითი დაფინანსების აუცილებლობაზე, როცა ადგილობრივ ბიუჯეტს არა აქვს შესაძლებლობა მცირე შემოსავლის გამო საკუთარი სახსრებით დააფინანსოს განათლებისა და კულტურის სფერო, რაც ზესტაფონის რაიონის გამგეობის მოვალეობის წარმოადგენს და იგი მას არ შეუსრულებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ შემდეგი საფუძვლებით: რაიონის სოფლებში განლაგებული საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსება ხდება ადგილზე სოფლის საკრებულოების მეშვეობით. რაიონის საფინანსო განყოფილებამ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლისა და ფინანსთა სამინისტროს 2000წ. 20 მარტის ¹05-09/3 და 22 იანვრის ¹05-17/13 წერილების შესაბამისად რაიონის გამგეობის მეშვეობით რაიონის საკრებულოს წარუდგინა 2000წ. რაიონის ბიუჯეტი და 2000წ. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით სოფლის საკრებულოებს დაუდგინდათ ნორმატივები და გამოეყო ტრანსფერები იმ თვალსაზრისით, რომ სოფლის საკრებულოების ტერიტორიაზე არსებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციების არსებობა განხორციელდებოდა სოფლის ბიუჯეტის მეშვეობით და ქვედა საქარის საკრებულოს პროექტით გათვალისწინებული ნორმატივის _ 25%-ის ნაცვლად დარჩა 30%, რითაც უნდა დაფინანსებულიყო განათლებისა და კულტურის დარგებიც. აღნიშნული ადასტურებს, რომ ქვედა საქარის თემის საკრებულოს ბიუჯეტის მეშვეობით უნდა დაფინანსებულიყო მის ტერტორიაზე არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციები. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაიცო სასამართლომ არ გამოიყენა “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე, 21-24-ე, 34-36-ე და 43-ე მუხლები, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის 15-16-ე, 29-ე, 37-ე მუხლები და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. პირველი აგვისტოს განჩინების გაუქმება და ქვედა საქარის თემის საკრებულოსათვის მის ტერიტორიაზე არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსების დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს სსკ-ს 272-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი სარჩელიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს მიუღებელი ხელფასების ანაზღაურება და ხელფასის ანაზღაურებაზე ვალდებული ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა. საკასაციო სასამართლო აღნშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული სადავო საკითხები დარეგულირებულია მთელი რიგი კანონებით და მათ საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოებს თავად აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. კერძოდ: “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, “განათლების სკოლამდელი დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციაა”. იმავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება განაწილდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად, ხოლო 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად 2000წ. პირველი იანვრიდან ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გამიჯვნას რაიონისა და მის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლის ბიუჯეტებს შორის რაიონის გამგეობის წარდგენით განსაზღვრავს რაიონის საკრებულო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2001წ. 2 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 61 მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მათთვის დელეგირებული უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებებს ახორცილებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

საქართველოს კანონის “განათლების შესახებ” 22-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, დაწყებითი და საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პოგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობას, 35-ე მუხლის მეორე ნაწილის და 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მისაღები თანხების ოდენობა გაიანგარიშება სახელმწიფო დაკვეთითა და შესაბამისი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების საფუძველზე, სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

საქართველოს კანონის “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” 31-ე მუხლის შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლის განაწილება მათ ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აფხაზეთისა და აჭარის ა.რ. და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარომადგენლობითი ორგანოები დამოუკიდებლად წყვეტენ შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავლის გამოყენების მიმართულებებს, გარდა იმ მიზნობრივი ტრანსფერებისა და სესხებისა, რომლებიც გადაეცემა შესაბამის ბიუჯეტს სხვა დონის ბიუჯეტიდან, ხოლო 33-ე მუხლის თანახმად კი – მიმართულებების გამიჯვნა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის ხდება აფხაზეთის და აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილებული იქნა ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილების მიერ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე არ უნდა განიხილოს სასამართლომ, რადგან მოსარჩელეთა მიერ სარჩელში დაყენებული საკითხის – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, რომელმაც მათ მიუღებელი ხელფასი უნდა აუნაზღაუროს, განხილვა და გადაწყვეტა ზემოთ მითითებული კანონების შესაბამისად სხვა უწყებების, კერძოდ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენს. სსკ-ს 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამრათლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად, მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმეზე ¹3გ/ად-414-კ/02, ზესტაფონის რაიონის სოფ. ......-ის ბიბლიოთეკის გამგის ა. ბ-ისა და სხვათა სარჩელისა გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და ხელფასის ანაზღაურებაზე ვალდებული ორგანოს დადგენის თაობაზე, შეწყდეს საქმის წარმოება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.