3გ-ად-415-კ-02 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ქ.ზუგდიდის ¹...-ე აფთიაქის პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. რ.-მ და მოითხოვა ქ. ზუგდიდში მდებარე ¹...-ე აფთიაქის მეწილედ ცნობა და 35 მ2 ფართის გამოყოფა ინვენტართან ერთად შემდეგი საფუძვლებით: 1991 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ქ.ზუგდიდის მზა წამლების ფორმების ¹...-ე აფთიაქის ...-ად. 1994 წელს აფთიაქის პრივატიზება მოახდინეს მოპასუხე შ.შ.-მ და მისმა მეუღლემ, რაც იმავე წელს გახდა მისთვის ცნობილი აფთიაქში შესამოწმებლად შესული კონტროლის პალატის წარმომადგენლებისაგან. მან შ.შ.-ს გადაუხადა 400 აშშ დოლარი და 80 ლარი, მაგრამ ამ უკანასკნელმა იგი არ შეიყვანა აფთიაქტის პარტნიორად და არ გამოუყო მისი წილი ფართი. ე. რ.-ა მიუთითებდა, რომ ვინაიდან მას გადახდილი აქვს შ.შ.-სათვის 400 აშშ დოლარი და 80 ლარი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 10 ოქტომბრის ¹728 დადგენილების შესაბამისად მას ეკუთვნოდა გადახდილი თანხის შესაბამისი წილი და კუთვნილი ფართის ინვენტარიანად გამოყოფა. 2000წ. 18 სექტემბერს ჩატარებულ მოსამზადებელ სხდომაზე ე. რ.-მ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა შპს “შ.-ის” პარტნიორად ცნობა მის მიერ გადახდილი თანხის წილის შესაბაისად.
ამავე სხდომაზე მხარეებს შორის მორიგების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლის თანახმადაც ე. რ.-ა ცნობილი იქნა შპს “შ.-ის” პარტნიორად, მისი წილი განსაზღვრა 850 ლარის ოდენობით, ხოლო საქმის წარმოება შეწყდა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული განჩინება შ. შ.-ს კერძო საჩივრის საფუძველზე გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 7 დეკემბრის განჩინებით და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
2001წ. 27 მარტს ე. რ.-მ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართა ახალი სასარჩელო მოთხოვნით სადავო ¹...-ე აფთიაქის პრივატიზაციის გაუქმების შესახებ თავდაპირველ სარჩელში მითითებული საფუძვლებით.
მოპასუხე შ.შ.-მ სარჩელი არ სცნო და წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ე. რ.-ა აფთიაქის პრივატიზების საქმის კურსში იყო თავიდანვე. 1995წ. 29 აგვისტოს შემდგარ აფთიაქის მუშაკთა კრებაზე ე. რ.-მ სურვილი გამოთქვა მიეღო მონაწილეობა ინვენტარის პრივატიზებაში, ხოლო შენობის პრივატიზებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული კრების მდივანი თავად კ.რ.-ა იყო და პირადად მოაწერა ხელი ოქმს. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს მიერ გაშვებული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ე.რ.-ს მიერ თავდაპირველად მიცემული 200 აშშ დოლარი და 50 ლარიდან 81 აშშ დოლარი გახარჯულ იქნა ინვენტარის პრივატიზებისათვის, დანარჩენი კი წამლების შეძენისათვის. ასევე წამლის შეძენაში იქნა გადახდილი ე.რ.-ს მიერ მიტანილი მეორე 200 აშშ დოლარი. შ.შ.-მ ითხოვა სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა 1995წ. 29 აგვისტოს ¹1 კრების ოქმზე ე. რ.-ს გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერის ე.რ.-სადმი კუთვნილების საკითხის გადასაწყვეტად. 2002წ. 15 იანვარს დამატებით ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის მოსარჩელე ე. რ.-ს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე.რ.-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ 1995წ. 29 აგვისტოს კრების ოქმის თანახმად ე.რ.-მ უარი განაცხადა შენობის პრივატიზაციაზე. ოქმზე ე.რ.-ს ხელმოწერის მისდამი კუთვნილება დაადასტურა კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნამ. აფთიაქის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1996წ. 16 დეკემბერს, ხოლო ამ პრივატიზაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით ე.რ.-მ სასამართლოს მიმართა 2001წ. 27 მარტს. საქართველოს კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკუთრების განხილვის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.რ.-ს მიერ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ე.რ.-მ. აპელანტმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ პრივატიზაციის მიმდინარეობის პროცესი მისთვის ცნობილი გახდა 1996 წელს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად. მან ამის შემდეგ შ.შ.-ს გადასცა 400 ამერიკული დოლარი და 80 ლარი, რის შემდეგადაც იგი დარწმუნებული იყო, რომ იქნებოდა აფთიაქის მეწილე, მაგრამ 1998წ. ოქტომბრის თვეში შეიტყო, რომ იგი აფთიაქის მეწილე არ იყო. აპელანტი არ ეთანხმება რაიონული სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებს სკ-ს 130-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მან თავისი დარღვეული უფლების შესახებ გაიგო 1998წ. ოქტომბერში. მანამდე იგი ღებულობდა აფთიაქიდან მოგებას, როგორც მეწილე და ამით, ბუნებრივია, არ შეეძლო სცოდნოდა თავისი დარღვეული უფლებების შესახებ. სააპელაციო საჩივარში ე. რ.-ა ასევე მიუთითებდა, რომ დარღვეული იყო საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობის საქმე განიხილა სასამართლომ, სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითება, თუ სად შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნა. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და 1996წ. 16 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 29 ივლისის განჩინებით ე. რ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.რ.-მ არამარტო იცოდა 1996წ. 16 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების შესახებ, არამედ იცოდა ობიექტის საპრივატიზაციოდ მომზადების შესახებაც. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით ე.რ.-მ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2001წ. 27 მარტს. შესაბამისად ე.რ.-ს საქართველოს კანონის “სახელმწიფო ქონების" პრივატიზების შესახებ" მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გაშვებული აქვს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ე.რ.-ს მოსაზრება, რომ 1998წ. ოქტომბრამდე არ იცოდა, რომ არ იყო აფთიაქის მოწილე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას მოქმედი 1964წ. სკ-ს 80-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება კი წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისუფლების დარღვევა. ე.რ.-ას თავისი უფლების დარღვევის შესახებ თავისუფლად შეეძლო შეეტყო 1998წ. ოქტომბრამდეც, რადგან იგი სადავო აფთიაქში მუშაობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.რ.-ამ შემდეგი საფუძვლებით: კასატორი მიუთითებს, რომ პრივატიზაციის მიმდინარეობა მისთვის ცნობილი გახდა 1996 წელს და არა 1994 წელს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა. მის მიერ პრივატიზაციისათვის გადახდილი იქნა 400 ამერიკული დოლარი, რაც დასტურდება კონტროლის პალატის შემოწმების შედეგებით. მისთვის ის ფაქტი, რომ იგი არ იყო პრივატიზაციის მონაწილე, ცნობილი გახდა 1998წ. ოქტომბრის თვეში, რადგან მანამდე იგი ღებულობდა აფთიაქიდან მოგების წილს და შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს. აღნიშნული მოსაზრებას იგი აფუძნებს სკ-ს 130-ე მუხლზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ე.რ.-ა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის განჩინების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის _ ¹...-ე აფთიაქის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ე. რ.-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ივლისის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ.ზუგდიდის ¹... აფთიაქის პრივატიზების პროცესი დაიწყო 1995 წელს და დამთავრდა 1997წ. 25 ივლისს, როდესაც მოპასუხე შ.შ.-ზე გაიცა სადავო ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹.... საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის მხოლოდ 1998წ. ოქტომბრის თვიდან გახდა ცნობილი აფთიაქის პრივატიზების თაობაზე და ამ დროიდან უნდა იქნეს ათვლილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მის სარჩელთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ კასატორისათვის სადავო აფთიაქის პრივატიზების თაობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1995წ. 29 აგვისტოს შემდგარი აფთიაქის მუშაკთა საერთო კრებიდან, სადაც ე.რ.-მ თანხმობა განაცხადა მსხვილი ინვენტარის პრივატიზებაზე, ხოლო შენობის პრივატიზებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მას აფთიაქის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია. მართალია, ე. რ.-მ სასამართლო პროცესზე უარყო აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობა და ოქმზე ხელმოწერაც მაგრამ საქმეში არსებული სასამართლო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია აღნიშნული ხელმოწერის კასატორისადმი კუთვნილების ფაქტი, რასაც საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იზიარებს. ამავე დროს კასატორი თავად მიუთითებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში, რომ აფთიაქის პრივატიზების პროცესი მისთვის ცნობილი გახდა 1996 წელს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა სადავო ¹... აფთიაქის პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2001წ. 27 მარტს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ კასატორის მიერ სარჩელი შეტანილია საქართველოს კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი უფლების დარღვევის ფაქტი, კერძოდ რომ იგი არ იყო სადავო აფთიაქის მეწილე, მისთვის ცნობილი გახდა 1998წ. ოქტომბრის თვეში და სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან უნდა იქნეს ათვლილი ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად მას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს გაშვებული. აფთიაქის პრივატიზებისას მოქმედი 1964წ. სსკ-ს 80-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სასარჩელო უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ კასატორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სურვილის შემთხვევაში შეემოწმებინა და გაეკონტროლებინა აფთიაქის პრივატიზების მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ იყო თუ არა იგი პრივატიზების მონაწილე და აფთიაქის რა წილი აღირიცხა მასზე, რაც კასატორს არ გაუკეთებია, მით უმეტეს, რომ 1998 წლამდე სადავო აფთიაქში მუშაობდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატიორმა თავისი უფლების დარღვევის შესახებ (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი) გულგრილობისა და დაუდევრობის გამო ვერ გაიგო. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მას აღნიშნული თავისუფლად შეეძლო და უნდა შეეტყო აფთიაქის პრივატიზების მიმდინარეობის პროცესში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე ანუ 1997წ. 25 ივლისამდე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კასატორის მიერ სარჩელი სადავო აფთიაქის პრივატიზების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამრათლოში შეტანილია ამ კატეგორის სარჩელებისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 29 ივლისის განჩინება არსებითად სწორია, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. რ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.