Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-417-კ-02 23 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002წ. 7 მარტს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ამჟამად _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე სს “ს. ს. ბ-ის" მიმართ, მესამე პირად მიუთითა შპს “ს. ფ-ზე".

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 5 იანვარს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს, სს “ს. ს. ბ-სა" და შპს “ს. ფ-ს" შორის დაიდო ¹01 ხელშეკრულება საპენსიო თანხების გაცემის მომსახურების შესახებ.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა:

ა) შპს “ს. ფ-ის" მიერ დამკვეთისაგან გადარიცხული საპენსიო თანხების მხოლოდ დანიშნულებისამებრ განკარგვა და პენსიონერებზე პენსიების დროულად და დამკვეთის მიერ დადგენილი წესების დაცვით გაცემა;

ბ) სს “ს. ს. ბ-ის" მიერ პენსიების დასაფინანსებლად საჭირო თანხების შპს “ს. ფ-ის" ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა და ნაღდი ფულით მომსახურება.

2001წ. 15 ივლისს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები.

ზემოხსენებული ხელშეკრულებისა და შეთანხმების მე-5, მე-7 პუნქტების თანახმად სს “ს. ს. ბ-ს" ევალებოდა:

ა) სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ პენსიების დასაფინანსებლად ორი საბანკო დღის განმავლობაში შპს “ს. ფ-ის" ანგარიშზე საჭირო თანხების ჩარიცხვა;

ბ) ერთი საბანკო დღის განმავლობაში შპს “ს. ფ-ის" უზრუნველყოფა მომსახურებისათვის საჭირო ნაღდი ფულადი ნიშნებით.

აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სს “ს. ს. ბ-ში" 2002წ. 11 იანვარს ჩარიცხა 1188000 და 1155000 ლარი, ხოლო 2002წ. 16 იანვარს _ 350000 ლარი; ე.ი. სულ მოპასუხესთან გადაირიცხა 3088000 ლარი.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ, სს “ს. ს. ბ-მა", დაარღვია ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-5 და მე-7 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 785432 ლარი გადაიტანა თავის ანგარიშზე, თითქოსდა შპს “ს. ფ-ის" ვალების ასანაზღაურებლად.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ უდიდესი ზიანი მიაყენა პენსიონერებს, რადგან მათი კუთვნილი პენსიები ამ მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ გაცემულა.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს, სს “ს. ს. ბ-სა" და შპს “ს. ფ-ს" შორის 2001წ. 5 იანვარს დადებული ¹1 ხელშეკრულების, ამავე ხელშეკრულების 2001წ. 15 ივნისის ¹1 შეთანხების დარღვეულად ცნობა და მოპასუხის მიერ ამავე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად შპს “ს. ფ-ის" მიერ აღნიშნული ანგარიშიდან უკანონოდ მოხსნილ პენსია-დახმარებებზე გასაცემი თანხის, 785432 ლარის, მოსარჩელისათვის უკან დაბრუნება.

2002წ. 18 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და დამატებით ითხოვა 7000 ლარის მოპასუხისათვის გადახდევინების დაკისრება. აღნიშნული თანხიდან 5000 ლარი წარმოადგენდა წინასწარ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ხოლო 2000 ლარი _ საადვოკატო მომსახურების ხარჯებს.

სს “ს. ს. ბ-მა" თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი.

შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ სს “ს. ს. ბ." ზუსტად ასრულებდა 2001წ. 5 იანვრის ხელშეკრულების პირობებს და ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია. კერძოდ, მთელი თანხა _ 3088000 ლარი _ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჩაირიცხა შპს “ს. ფ-ის" ანგარიშზე. ამით სს “ს. ს. ბ-მა" ზუსტად შეასრულა 2001წ. 5 იანვრის მე-5 პუნქტითა და ამ ხელშეკრულებაში 2001წ. 15 ივნისის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებების პირობები. მოპასუხეს არ დაურღვევია შეთანხმების მე-7 პუნქტით ხელშეკრულების მე-10 პუნქტში შეტანილი ცვლილებისა და დამატების მოთხოვნები, პირიქით, შეასრულა ანგარიშის მფლობელის თხოვნა, კერძოდ: შპს “ს. ფ-ის" ანგარიშებზე ამ თანხების ჩარიცხვის შემდეგ, 2002წ. 17 იანვარსა და ამავე წლის 1 თებერვალს, მოპასუხეს ¹15-2/25 და ¹15-2/82 წერილებით მიმართა შპს “ს.ფ-ამ" და სთხოვა, რომ მათი ანგარიშებიდან, სს “ს. ს. ბ-ის" წინაშე შპს “ს.ფ-ის" ვალების დასაფარად, ჩამოეჭრათ 424576,2 და 400000 ლარი. სს “ს.ს.ბ-მა" შეასრულა შპს “ს.ფ-ის" თხოვნა და ვალის დასაფარად ჩამოაჭრა მას მითითებული თანხა, რაც სს “ს.ს.ბ-ის" მხრიდან დარღვევად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო.

შესაგებლის ავტორი მიუთითებს 2001წ. 5 იანვრის სამმხრივი ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს “ს.ფ-ა" და სს “ს.ს.ბ-ი" ერთმანეთთან ანგარიშსწორებას ახდენდნენ დამოუკიდებლად.

შესაგებლის ავტორმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს შესაგებლით მიმართა, აგრეთვე, მესამე პირმა შპს “ს.ფ-ამ", რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

ფონდის მიერ 2002წ. 11 იანვარს ¹2 და ¹3 რეესტრებით სს “ს.ს.ბ-ში" ჩაირიცხა 2001წ. ნოემბრის კუთვნილი საპენსიო თანხა _ 3088000 ლარი. ფოსტამ, დროულად წარადგინა ბანკში საგადასახადო დავალებები, მაგრამ ბანკმა 2002წ. 7 თებერვალს მათი ძირითადი ნაწილი უკან დააბრუნა. დაბრუნებული დოკუმენტაციის ანალიზით გაირკვა, რომ აღნიშნული პერიოდისათვის შეუსრულებელი დარჩა 2655045 ლარის საგადასახადო დავალებები. მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ, 2002წ. 26 თებერვალს, “ს.ს.ბ-იდან" მიღებულ იქნა საბანკო ამონაწერები საპენსიო თანხების მოძრაობის შესახებ. როგორც ამ ამონაწერებიდან გაირკვა, ბანკის მიერ შპს “ს.ფ-ის" საპენსიო ანგარიშიდან 785432 ლარი გადატანილ იქნა მიმდინარე ანგარიშზე, ხოლო შემდეგ ჩამოიწერა, რაც ბუნებრივია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

2002წ. 23 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის _ სს “ს.ს.ბ-ისა" და მესამე პირის, შპს “ს.ფ-ის", მიმართ დაკმაყოფილდა, სს “ს.ს.ბ-ს" საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა პენსია-დახმარებებზე გასაცემად გადარიცხული თანხის, 785432 ლარის, გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.ს.ბ-მა".

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს ¹2, ¹3 და ¹4 რეესტრებში მითითებული თანხების ბანკში ჩარიცხვისას არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მთელი თანხა, 3088000 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჩარიცხა შპს “ს.ფ-ის" ანგარიშზე, რითაც შეასრულა 2001წ. 5 იანვრის მე-5 პუნქტითა და ამ ხელშეკრულებაში 2001წ. 15 ივნისის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებების პირობები. კასატორის განმარტებით, მას არ დაურღვევია შეთანხმების მე-7 პუნქტით, ხელშეკრულების მე-10 პუნქტში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მოთხოვნები, პირიქით, შეასრულა ანგარიშის მფლობელის თხოვნა, კერძოდ, შპს “ს.ფ-ის" ანგარიშებზე ამ თანხების ჩარიცხვის შემდეგ, 2002წ. 17 იანვარს და იმავე წლის 1 თებერვალს, ¹15-2/25 და 15-2/82 წერილებით მოპასუხეს მიმართა შპს “ს.ფ-ამ" და სთხოვა, რომ მათი ანგარიშებიდან, სს “ს.ს.ბ-ის" წინაშე შპს “ს.ფ-ის" ვალების დასაფარად, ჩამოეჭრათ 424576 ლარი და 400000 ლარი. სს “ს.ს.ბ-მა" შეასრულა შპს “ს.ფ-ის" თხოვნა და ამ უკანასკნელს ვალის დასაფარად ჩამოაჭრა ზემოთ აღნიშნულ წერილებში მითითებული თანხები, რაც სს “ს.ს.ბ-ის" მხრიდან დარღვევად არ შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული.

კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, არ გამოიყენა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 1999წ. 2 სექტემბერს გამოცემული ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების" მე-4 მუხლი და არასწორად განმარტა სკ-ს 816-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ეხება არასწორად გადარიცხული თანხების მოძრაობას.

კასატორმა ასევე მიუთითა “სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 38-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სარგებლობის შეზღუდვისა და ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ეკონომიკური აგენტის არა მარტო თანხმობით, არამედ მის დაუკითხავად მოხსნის სამართლებრივ მექანიზმსაც. ამდენად, კასატორის განმარტებით, მან შეასრულა ანგარიშის მფლობელის თხოვნა და ვალის დასაფარად კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაჭრა ამ უკანასკნელს ზემოთ აღნიშნულ წერილში მითითებული თანხები.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

აღნიშნული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა" და “სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის" რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი".

საკასაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო მხარეთა გამოუცხადებლობისა თუ მათი შუამდგომლობების გამო.

2003წ. 14 მაისს საკასაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მხარეებმა და მესამე პირმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება საკასაციო სასამართლოს მიერ.

მორიგების აქტში მითითებულია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სს “ს.ს.ბ-ს" შპს “ს.ფ-ისაგან" ეკუთვნის 891984 ლარი.

მორიგების აქტის პირობების თანახმად, სს “ს.ს.ბ-ი" შპს “ს.ფ-ის" მიმართ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უთმობს, საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებიდან და ამ გადაწყვეტილებაზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე, რომლითაც შპს “ს.ფ-ას" სს “ს.ს.ბ-ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული აქვს 891984 ლარი, მოთხოვნის უფლებას 785432 ლარზე. ამავე დროს, სს “ს.ს.ბ." ვალდებულებას იღებს, რომ მის მიერ აღნიშნული მოთხოვნის უფლების დათმობა არ იქნება გაუქმებული და გათხოვილი.

ამ პირობების შესაბამისად, მოსარჩელე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შპს “ს.ფ-ისგან," სს “ს.ს.ბ-ის" სანაცვლოდ ითხოვს 785432 ლარის გადახდას.

მორიგების აქტში მითითებულია, რომ სს “ს.ს.ბ." უარს ამბობს საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული თანხიდან 785432 ლარის შპს “ს.ფ-ისთვის" გადახდევინებაზე, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულებას კისრულობს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გადაუხადოს 785432 ლარი.

მორიგების აქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ს.ფ-ას" არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული 785432 ლარის დავალიანება საკუთარი ფულადი სახსრებით ერთდროულად გადაიხადოს, შპს “ს.ფ-ა" თანახმაა, ეს დავალიანება დაფაროს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან მისი კუთვნილი მომსახურების თანხების აღნიშნული ფონდისგან გამოქვითვის გზით.

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და შპს “ს.ფ-ა" თანხმდებიან, რომ 785432 ლარი გადახდილ იქნება ეტაპობრივად, ამ შეთანხმების დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში.

აღნიშნული პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულების მიზნით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შპს “ს.ფ-ას" არ გადაუხდის კუთვნილი მომსახურების თანხას _ 785432 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა მხარეებისა და მესამე პირის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი მორიგების აქტის საფუძვლიანობა, მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, “სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს", უფლება აქვს,'საქმე დაამთავროს მორიგებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მიზანს და საქართველოს კანონმდებლობას.

მორიგების აქტიდან ირკვევა, რომ არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ს.ს.ბ-ს" შპს “ს.ფ-ისაგან" ეკუთვნის 891984 ლარი, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ მოპასუხე “ს.ს.ბ-ს" დაეკისრა 785432 ლარი.

ამდენად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, სს “ს.ს.ბ-სა" და შპს “ს.ფ-ას" ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ მოთხოვნები, რომლებიც სკ-ს 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, რადგანაც დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ მორიგების აქტში არ არსებობს სკ-ს 447-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობის არც ერთი საფუძველი და აღნიშნული მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის “დ" პუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, სს “ს.ს.ბ-ისა" და შპს “ს.ფ-ის" შუამდგომლობა 2003წ. 14 მაისის მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე;

3. დამტკიცდეს მხარეთა შორის 2003წ. 14 მაისს დადებული მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ა) სს “ს.ს.ბ." საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შპს “ს.ფ-ის" მიმართ უთმობს საარბიტრაჟო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებიდან და ამ გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე, რომლითაც შპს “ს.ფ-ას" სს “ს.ს.ბ-ისათვის" გადასახდელად დაკისრებული აქვს 891984 ლარი, მოთხოვნის უფლებას 785432 ლარზე. ამავე დროს, სს “ს.ს.ბ-ი" იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ აღნიშნული მოთხოვნის უფლების დათმობა არ იქნება გაუქმებული და გათხოვნილი.

ბ) მორიგების აქტის II ნაწილის I პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოსარჩელე, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სს “ს.ს.ბ-ის" სანაცვლოდ შპს “ს.ფ-ისაგან" მოითხოვს 785432 ლარის გადახდას;

გ) სს “ს.ს.ბ." უარს ამბობს მისთვის 2003წ. 11 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხიდან შპს “ს.ფ-ისათვის" 785432 ლარის გადახდევინებაზე.

დ) შპს “ს.ფ-ა" ვალდებულებას კისრულობს, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს გადაუხადოს 785432 ლარი.

ე) იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ს.ფ-ას" “გ" პუნქტში აღნიშნული დავალიანების საკუთარი ფულადი სახსრებით ერთდროულად გადახდის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია, შპს “ს.ფ-ა" თანახმაა, ეს დავალიანება დაფარულ იქნეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან მისი კუთვნილი მომსახურების თანხების ამ უკანასკნელისაგან გამოქვითვის გზით;

ვ) სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და შპს “ს.ფ-ა" თანხმდებიან, რომ 785432 ლარი გადახდილი იქნება ეტაპობრივად _ ამ შეთანხმების დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში;

ზ) ამ შეთანხმების “ვ" პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულების მიზნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შპს “ს.ფ-ას" არ გადაუხდის მის კუთვნილ მომსახურების თანხას, 785432 ლარს, რომელიც განაწილებული იქნება პროპორციულად 6 თვეზე;

4. მოცემულ საქმეზე შეწყდეს სასარჩელო წარმოება;

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.