3გ/ად-420-კ-02 8 მაისი, 2003წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრესის გამავრცელებელი ჯიხურის აღება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998წ. 25 აგვისტოს თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტმა, ვაკის რაიონის გამგეობის 1998წ. 26 ივნისის ¹ს-2121 წერილის საფუძველზე, მოქალაქე დ. ს-აზე 1998წ. 25 აგვისტოს გასცა ¹...... ორდერი, ქ. თბილისის ტერიტორიაზე ატქიტექტურულ-დიზაინური ობიექტის, კერძოდ, .... მიმდებარე ტერიტორიაზე 3მ2 ფართის პრესის გამავრცელებელი ჯიხურის განსათავსებლად. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1999წ. 25 აგვისტომდე. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტსა და დ. ს-ას შორის 1998წ. 7 ოქტომბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ზემოაღნიშნული ჯიხური. 1999წ. 9 სექტემბერს ვაკის რაიონის გამგეობამ ¹ს-1966 წერილით აცნობა არქიტექტურის საქალაქო სამსახურს და ქალაქის მთავარ მხატვარს, რომ განიხილა მათი წერილი და თანახმაა დ. ს-ას გაუგრძელდეს პრესის გამავრცელებელ ჯიხურზე ორდერის მოქმედების ვადა.
2000წ. 11 ივლისს თბილისის მერიასა და მთავარ არქიტექტორს განცხადებით მიმართა კასატორმა ა. ქ-ემ, რომელმაც დ. ს-ას ჯიხურის აღება მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებული ჯიხური მიდგმულია მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე, რის გამოც ჯიხურის გარშემო არსებული ანტისანიტარიითა და ჯიხურიდან შემოსული ხმაურით ილახება მისი უფლებები.
ა. ქ-ის განცხადების საფუძველზე, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა წერილობით აცნობა ვაკის რაიონის გამგეობას, რომ დ. ს-აზე გაცემული 1998წ. ¹...... ორდერის ვადის გასვლის გამო, 1999წ. აგვისტოდან ჯიხური ითვლება უნებართვოდ, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხზე სათანადო რეაგირება. ა. ქ-ის განცხადებისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ვაკის რაიონის გამგეობამ 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილით დ. ს-ას მოსთხოვა 15 დღის ვადაში ჯიხურის აღება.
2000წ. 17 აგვისტოს დ. ს-ამ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 განკარგულების გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ჯიხური არ ხელყოფს ა. ქ-ის ინტერესებს, იგი განთავსებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჯიხურის აღებით დაინტერესებულია გ. მ-ი, რომელსაც სურს ყაზბეგის ქუჩაზე შეძენილ სარდაფს ჯიხურის მხრიდან გაუკეთოს შესასვლელი და ამიტომ აქეზებს ა. ქ-ეს. მოსარჩელის განმარტებით, ვაკის რაიონის გამგებლის 1999წ. 9 სექტემბრის წერილის მიხედვით, ჯიხურზე ორდერის მოქმედების ვადა მას გაგრძელებული აქვს განუსაზღვრელი ვადით, ხოლო აღნიშნული ჯიხურის დადგმისათვის თავის დროზე გადაიხადა 1500 აშშ დოლარი.
2000წ. 5 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მესამე პირებმა ა. ქ-ემ და გ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს დ. ს-ასათვის ჯიხურის აღების დავალდებულება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ოქტომბრის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირად ჩაება თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური, რომელმაც არ ცნო სარჩელი და მხარი დაუჭირა მესამე პირთა სასარჩელო მოთხოვნას ჯიხურის აღებასთან დაკავშირებით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 სექტემბრის განჩინებით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დაინიშნა იმის გასარკვევად, თუ რა მანძილზეა დაშორებული სადავო ჯიხური ა. ქ-ის ბინის კედლიდან, ჯიხური ხელყოფს თუ არა ა. ქ-ის საყოფაცხოვრებო პირობებს და არღვევს თუ არა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. საექსპერტო დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ სადავო ჯიხური ა. ქ-ის ბინის კედლიდან დაშორებულია 15 სმ-ით, იგი მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, არ ლახავს ა. ქ-ის უფლებებს და შეესაბამება ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ას უარი ეთქვა ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს განკარგულების გაუქმებაზე, ამ განკარგულების არარსებობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილი; არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ისა და გ. მ-ის სარჩელი სადავო ჯიხურის აღგების თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ქ-ემ და გ. მ-მა. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გ. მ-მა წარმოადგინა მტკიცებულებანი მის მიერ ..... მდებარე სარდაფის შესყიდვის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უარი ეთქვა დ. ს-ას სარჩელს ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს განკარგულების გაუქმების შესახებ; ასევე არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ისა და გ. მ-ის მოთხოვნა ჯიხურის აღების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გ. გ-ას 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილი წარმოადგენს გამგეობის მიერ გამოცემულ ადმინიტრაციულ აქტს, იგი არის მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა დ. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვიტოს ¹ქ-1571 განკარგულების გაუქმების თაობაზე, ამ განკარგულების არარსებობის გამო;
2). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოს, სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდა ბათილად ეცნო ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილი, ვინაიდან დ. ს-ას სასამართლოსათვის ეს არ მოუთხოვია;
3). სასამართლო დაეყრდნო 2000წ. 22 სექტემბრს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის მიერ მიღებულ ¹1607/15 დასკვნას, რომლის მიხედვითაც სადავო ჯიხური მოწყობილია მოქმედ დებულებათა დაცვით და იგი არ ზღუდავს ა. ქ-ის კუთვნილი ბინის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჯიხურზე ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელებულია ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის ¹1966 წერილის საფუძველზე, რის გამოც მისი აღების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ორდერის არარსებობის გამო ჯიხურის აღების საკითხის დაყენება სათანადო ორგანოების, მათ შორის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის პრეროგატივაა, მოცემულ შემთხვევაში კი გამგეობას ჯიხური ფუნქციონირების საკითხი სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ ა. ქ-ე და გ. მ-ი, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ ჯიხურის აღების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე:
1)კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის ¹ს-1966 წერილით დ. ს-ას გაუგრძელდა ..... მიმდებარედ განთავსებულ პრესის ჯიხურზე ორდერის მოქმედების ვადა. აღნიშნული წერილით გამგეობა მხოლოდ თანხმობას აცხადებდა ორდერის ვადის გაგრძელებაზე, ვადის გაგრძელება კი უნდა მოეხდინა არქიტექტურის საქალაქო სამსახურს, რასაც ადგილი არ ჰქონია. პირიქით, არქიტექტურის სამსახური ყოველთვის ითხოვდა და ითხოვს სადავო ჯიხურის აღებას. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის წერილის საფუძვლად მითითებულია არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თხოვნა ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ არქიტექტურის სამსახურის ასეთი წერილი საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი;
2). ა. ქ-ე და გ. მ-ი ასევე არ იზიარებენ ექსპერტიზის დასკვნას ჯიხურის ფუნქციონირების კანონიერებაზე და აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის;
3). კასატორების განმარტებით, ვაკის რაიონის გამგეობის 2000წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს სარეკომენდაციო მნიშვნელობის მქონედ, რომელიც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ვინაიდან ამ წერილით დ. ს-ა ვალდებული იყო ჯიხური აეღო 15 დღის ვადაში და წერილის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მოწინააღმდეგე მხარე დ. ს-ა საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო საჩივარი არ ცნო ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც თანხმობა განაცხადა მისი წარმომადგენლის გარეშე საქმის განხილვაზე და წერილობით განმარტა, რომ მას სადავო ტერიტორიაზე პრესის გამავრცელებელი ჯიხურის განთავსებაზე საწინააღმდეგო არ აქვს.
საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა მესამე პირმა _ ქალაქ თბილისის მერიის აქრიტექტურის საქალაქო სამსახურმა და წერილობით განმარტა, რომ სადავო ჯიხურზე მის სამსახურს რაიმე ნებართვა არ გაუცია და თანახმაა ჯიხურის აღებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ესა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის დ. ს-ას სარჩელი ვაკის რაიონის გამგეობის 2002წ. 11 აგვისტოს ¹ქ-1571 წერილის გაუქმებაზე, გადაწყვეტილების მე-4 ნაწილით ასევე არ დაკმაყოფილდა კასატორთა ა. ქ-ისა და გ. მ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დ. ს-ას ჯიხურის აღების თაობაზე. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე პირთა მიერ ნაწილობრივ გასაჩივრდა მათ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ამიტომ სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად, გაუსაჩივრებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ჯიხურის აღების თაობაზე მ-ის დამოუკიდებელი მოთხოვნის მართლზომიერებაზე, თანახმად ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა;
2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, რომ არქიტეტქურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ვაკის რაიონის გამგეობის 1998წ. 26 ივნისის ¹ს-2121 წერილის საფუძველზე, 1998წ. 25 აგვისტოს დ. ს-ას სახელზე გაიცა ორდერი ¹......, 3 კვ.მ ფართის პრესის გამავრცელებელი ჯიხურის ..... მიმდებარედ განთავსების თაობაზე. ორდერი გაიცა ერთი წლის ვადით, 1999წ. 25 აგვისტომდე. 1998წ. 7 ოქტომბერს თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტსა და დ. ს-ას შორის დაიდო მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება ¹2648. ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 9 სექტემბრის ¹ს-1966 წერილით არქიტექტურის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ ვაკის რაიონის გამგეობა თანახმა იყო ...... მიმდებარედ განთავსებულ პრესის ჯიხურზე ს-ასათვის გაეგრძელებინა ორდერის ვადა. 2003წ. 29 აპრილს საკასაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი ¹4-12/211 მიმართვითაც ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა იმავე პოზიციას აფიქსირებს და განმარტავს, რომ გამგეობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო სადავო ჯიხურის ..... მიმდებარედ განთავსებაზე.
“სახელმწფიო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლისა და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მიწის სარგებლობა-განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომელიც, როგორც აღინიშნა, არ არის წინააღმდეგი ჯიხურის სადავო ტერიტორიაზე განთავსებაზე, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ორდერის არარსებობის გამო ჯიხურის აღების საკითხის დაყენება სათანადო ორგანოების _ ქ. თბილისის მერიისა და ვაკე-საბურთალოს რაიონიოს გამგეობის პრეროგატივაა, რომელთაგან ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა არ არის წინააღმდეგი ჯიხურის განთავსებაზე, ხოლო თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური, მართალია, იზიარებს საკასაციო საჩივარს, მაგრამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარჩელის წარდგენით არ მოუთხოვია სადავო ჯიხურის აღება.
3. რაც შეეხება კასატორ ა. ქ-ის მოტივს, რომელიც ჯიხურის აღებას ითხოვს იმის გამო, რომ ჯიხური მის ფანჯარასთან ახლოსაა მიდგმული და მისი უფლებები ილახება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯიხურის აღებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც გამოტანილია საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის 2000წ. 22 სექტემბრის ¹1607/15 დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ საგაზეთო ჯიხური კასატორ ა. ქ-ის საცხოვრებელი ბინის კედლიდან დაცილებულია 15 სმ-ით, ჯიხურით არ ზიანდება საცხოვრებელი სახლის კედელი, ჯიხური მოქმედ დებულებათა დაცვით არის მოწყობილი და არ ზღუდავს კასატორის კუთვნილი ბინის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერც კასატორ გ. მ-ის მოტივს მიიჩნევს სადავო ჯიხურის აღების საფუძვლად, რომელიც ჯიხურის იმ ადგილიდან აღებას ითხოვს იმის გამო, რომ მას დადგენილი წესით პრივატიზებული აქვს ..... მდებარე სარდაფი (არასაცხოვრებელი ფართი), რომლის სარგებლობაშიც ხელს უშლის ჯიხური, რადგან სწორედ ჯიხურის განთავსების ადგილზე სურს სარდაფში კარის ჩაჭრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2001წ. 28 ივნისისათვის, გ. მ-ის მიერ სარდაფის პრივატიზების მომენტისათვის, სადავო ჯიხური რამდენიმე წლით ადრე უკვე განთავსებული იყო სადავო ტერიტორიაზე, რაც მისთვის ცნობილი იყო, ამასთან სარდაფის პრივატიზების პირობებში არ არის მითითებული ყაზბეგის გამზირის მხრიდან სარდაფის კიბის ჩაჭრა, ამიტომ ჯიხურის აღებაზე გ. მ-ის მოტივს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს გ. მ-ისა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო პალატამ, ფაქტობრივ გარემოებათა მართებული გამოკვლევა-დადგენითა და კანონების სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ..... მიმდებარედ განთავსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურის აღების შესახებ ა. ქ-ისა და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან პალატამ მიიჩნია, რომ ჯიხურის სადავო ტერიტორიაზე განთავსებით პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგებოდათ კასატორებს, ხოლო კომპეტენტურ ორგანოებს დადგენილი წესით, სარჩელის წარდგენით არ მოუთხოვიათ ჯიხურის აღება. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრესის გამავრცელებელი ჯიხურის ..... მიმდებარედ განთავსების საკითხი დ. ს-ას მიერ უნდა დარეგულირდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 27-ე და სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.