Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-422-კ-02 10 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ქონების აღწერის ოქმიდან ქონების ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. გ-მა, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის ქონების აღწერის ოქმიდან მისი ქონების ამორიცხვა, ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება და მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:

19.03.01წ. გორის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლებმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღწერეს და ყადაღა დაადეს ქ. გორში, ... მდებარე ქონებას. მოსარჩელის განმარტებით ქონება ეკუთვნოდა მას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო მისი ყოფილი მეუღლის – ლ. ყ-ი-გ-ის ქონებიდან, რომელთანაც იგი 1985 წლიდან განქორწინებულია და არ ეწევა ერთობლივ მეურნეობას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი ყოფილი მეუღლის ქონების ნაცვლად მოხდა მისი ქონების დაყადაღება, რის გამოც ითხოვდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მოპასუხე მხარემ – შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. გ-ს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა ც. მ-ის სასარგებლოდ. ვინაიდან იგი ამ თანხას ნებაყოფლობით არ იხდიდა, მოხდა ქ. გორში, ... მდებარე ბინაში ქონების აღწერა, სადაც ცხოვრობს ლ. გ-ი. ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

საქმეში მე-3 პირად ჩართულმა ც. მ-ემ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მოსარჩელისა და მისი მეუღლის მეზობლად. სესხის აღებაც ოჯახის საჭიროებისათვის მოხდა ერთობლივად მეუღლეთა მიერ. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ლ. გ-თან. სესხის ნაწილი _ 500 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ო. გ-ის მიერ. სესხის გაცემის მომენტში მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ლ. და ო. გ-ები განქორწინებულები იყვნენ, ვინაიდან ისინი დღესაც ერთად განაგრძობენ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან სესხის გაცემა არ მოხდებოდა.

გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ო. გ-მა უარი თქვა სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა აღმასრულებლებისაგან ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელემ მოითხოვა ქონების აღწერის ოქმიდან ქონების ამორიცხვა და ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება.

გორის რაიონული სასამართლოს 19.04.01წ. გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი ქონების აღწერის ოქმიდან ქონების ამორიცხვისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ო. გ-ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 12.04.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე აღმასრულებლის მიერ აღწერის ოქმიდან მისი კუთვნილი ქონების ამორიცხვა.

აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაება ლ. ყ-ი-გ-ი, რომელმაც წერილობით მხარი დაუჭირა სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარს და ითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, აღწერის ოქმიდან კუთვნილი ქონების ამორიცხვისა და ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე ო. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

1. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. ყ-ი-გ-ი, მიუხედავად მეუღლესთან განქორწინებისა, ცხოვრობს მასთან ქ. გორში, ... მდებარე ბინაში. კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მეზობლების მიერ ხელმოწერილ აქტს, რომელიც ადასტურებდა ლ. ყ-ი-გ-ის ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს; სასამართლო დაეყრდნო აგრეთვე სესხის ხელშეკრულებას, სადაც მსესხებლის მისამართად მითითებულია ქ. გორი, ... სააპელაციო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი სამისამართო განყოფილების ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ. ყ-ი-გ-ი რეგისტრირებულია მეუღლის მისამართზე. არც ო. გ-ის და არც ლ. ყ-ი-გ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საწინააღმდეგო დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ლ. ყ-ი-გ-ი ცხოვრობს ქ. გორში, ..., მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა და ქონების აღწერის აქტში შეტანილ ქონებას ფლობდა ლ. ყ-ი-გ-ი.

2. ვინაიდან აღწერილ იქნა მოძრავი ქონება, სააპელაციო სასამართლომ, სკ-ს 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ ნივთის მფლობელი მის მესაკუთრედ ივარაუდება, რის საფუძველზეც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. გ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტიების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სკ-ს 393-ე მუხ.), კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 158-ე მუხლი, პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი 1985 წლიდან განქორწინებულია ლ. ყ-ი-გ-თან. უკანასკნელს წლების განმავლობაში არ უცხოვრია მის ბინაში, ერთად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად არ იყო საკმარისი მეზობლების დამოწმება. სასამართლოს სკ-ს 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უნდა დაედგინა თანასაკუთრებაში ქონების არსებობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ სასამართლო დაადგენდა, რომ ვალდებულებით მიღებული გამოყენებული იყო მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. ც. მ-ის ახსნა-განმარტებაში იმის მითითება, რომ თანხა კასატორმა ყოფილ მეუღლესთან ერთად ისესხა, აგრეთვე სესხის ხელშეკრულებაში კასატორის სახელზე რიცხული ბინის მითითება, არ ადასტურებს ერთობლივი საქმიანობისათვის სესხის აღებას. თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისათვის მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოსათვის უნდა მიემერთა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო, სკ-ს 1171-ე მუხლის თანახმად მის ყოფილ მეუღლეს ეს უფლებაც აქვს წართმეული, ამასთანავე, განქორწინების შემდეგ ქონება რეალურად იქნა გაყოფილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ყ-ი-გ-ი მეუღლესთან განქორწინების მიუხედავად, ცხოვრობს მასთან ქ. გორში, ... მდებარე ბინაში. აღნიშნულ მისამართზე ლ. ყ-ი-გ-ის ცხოვრების ფაქტი დასტურდება საქმეში დაცული სამისამართო განყოფილების ცნობით, მეზობლების მიერ ხელმოწერილი აქტით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ქონების აღწერის აქტში შეტანილ ქონებას ფლობს ლ. ყ-ი-გ-ი, 05.30.85წ. განქორწინების მიუხედავად ო. გ-ი და ლ. ყ-ი-გ-ი განაგრძობენ ერთიან საოჯახო მეურნეობის წარმართვას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა. ვინაიდან კასატორის მიერ არ იქნა წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ს 407 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა გ. ბ-მა, ლ. ი-ემ მოვალის ქონების აღწერის შესახებ 19.03.01წ. აქტით აღწერეს და დააყადაღეს მოძრავი ქონება (ტელევიაორი, მაგნიტაფონი, მაგიდა, სკამი, გაზქურა, კამოდი). სკ-ს 158-ე მუხლის თანახმად, მოძრავი ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლეთა ქონება არ გაყოფილა, ქონების აღწერის აქტში შეტანილ ქონებას ფლობს ლ. ყ-ი-გ-ი. ამდენად, სკ-ს 1171-ე მუხლი არ ადასტურებს კასატორის პრეტენზიის მართლზომიერებას, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ეხება ერთ-ერთი მეუღლის მფლობელობაში მყოფი თანაზიარი ქონების გამოთხოვას, მაშინ როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მოვალის _ ლ. ყ-ი-გ-ის მიერ აღწერილი ქონების ფლობას, ქონების გაყოფის თაობაზე ო. გ-ს მოთხოვნა არ წამოუყენებია. ნასესხები თანხის საერთო ინტერესებისათვის გამოყენება დასტურდება იმით, რომ კასატორის მიერ სესხის ნაწილი, კერძოდ, 500 აშშ დოლარი იქნა გადახდილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ო. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, აღწერის სიიდან ქონების ამორიცხვის (ყადაღისაგან გათავისუფლების) შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა, კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე, ათავისუფლებს მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.06.02წ. გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.