3გ-ად-423-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 მარტს შპს “გ.-მ" სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 25 თებერვლის ¹1-3/127 ბრძანების მოქმედების შეჩერება და იმავე ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997წ. 1 ნოემბერს შპს “გ.-სა" და ...-ის სამინისტროს სამეურნეო მომსახურების სახაზინო საწარმო “ს.-ს" შორის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო. მითითებული ხელშეკრულების თანახმად გაქირავებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ...-ის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის 197მ2 არასაცხოვრებელი ფართი, 5 წლის ვადით, კერძოდ, 2002წ. 1 ნოემბრამდე.
მოსარჩელე შპს “გ.-მა" მიუთითა, რომ მას ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ დაურღვევია, რის გამოც უკანონო იყო სადავო ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 25 თებერვლის ბრძანების გამოცემა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 მარტის განჩინებით გასაჩივრებული ბრძანების მოქმედება შეჩერდა, ხოლო საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
მოპასუხე ქონების მართვის სამინისტრო და მესამე პირი _ ...-ის სამინისტრო არ დაეთანხმნენ მოსარჩელის განმარტებას და აღნიშნეს, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებითYნაკისრ თანხას არ იხდიდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “გ.-ის" სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა დაცული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ცნობა დასტურად იმისა, რომ შპს “გ.-ი" ხელშეკრულებას არღვევდა და დროულად ან საერთოდ არ იხდიდა გადასახადებს.
სასამართლოს მოსაზრებით, ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 25 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელის ინტერესები შეილახა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩირა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სათანადო შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება 1997წ. 1 ნოემბერს იყო გაფორმებული 5 წლის ვადით _ 2002წ. 1 ნოემბრამდე. შპს “გ.-ის" მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რადგან მოსარჩელის მხრიდან გადასახადის ვადაში გადაუხდელობის ფაქტი მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
საქმის მასალებით დადგენილია ის ფაქტიც, რომ სადავო ქონებაზე იჯარის ფორმით გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 25 თებერვლის ბრძანება ისე იყო გამოცემული, რომ შპს “გ.-ისათვის" ამის თაობაზე ცნობილი არ გამხდარა, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებაც და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობაც იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებდა, კერძოდ:
1997წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანხმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში იგი 3 თვით ადრე ატყობინებდა მხარეს (დამქირავებელს) აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ და ახდევინებდა 3 თვის საარენდო შესატანს.
იმ დროს მოქმედი “იჯარის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა, თუ გავიდოდა იჯარის ვადა, საიჯარო ქონება განადგურდებოდა, აღარ გამოდგებოდა გამოსაყენებლად ან მოიჯარე მთლიანად გამოისყიდდა საიჯარო ქონებას. მითითებული კანონი ახალი სკ-ს ძალაში შესვლისას (1997 წ. 25 ნოემბერი) იქნა გაუქმებული, რომელიც ასევე არ იცნობს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას გამქირავებლის (მოიჯარის) ინიციატივით დამქირავებლისათვის შეტყობინების გარეშე, ამასთან, დადგენილია მოშლის 3-თვიანი ზოგადი ვადა (სკ-ს 557-ე 559-ე და 561-ე მუხლები).
აქვე ნიშანდობლივია სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ დებულება, რომელიც კვლავ უარყოფს საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესაძლებლობას და დავის არსებობისას საქმის გადაწყვეტას სასამართლოს პრეროგატივად მიიჩნევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადის დაუცველად, მეორე მხარის გაფრთხილების გარეშე შეწყვეტას არც მოქმედი კანონმდებლობა და არც შპს “გ.-სა” და ...-ის სამინისტროს შორის 1997წ. 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. ამდენად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი ქონების მართვის სამინისტროსათვის მიემართა თხოვნით უკვე უფლებრივად დატვირთული ქონების (შპს “გ.-ის" მიერ იჯარით აღებული ფართის) იჯარის გაცემის თაობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და არც ქონების მართვის სამინისტროს შეეძლო თბილისში, საქართველოს ...-ის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე 280 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის ფორმით გაცემის მიზნით კომერციული კონკურსი გამოეცხადებინა, რადგან 1997წ. 1 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულება იმავე ფართზე კვლავ მოქმედებდა, კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და შპს “გ.-ი" აგრძელებდა მის ფლობას. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შპს “გ.-ისათვის" მიმდინარე ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 15 თებერვლის ბრძანების გამოცემით შეილახა შპს “გ.-ის" კანონიერი ინტერესები და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.