Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-427-კ-02 22 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს: მ., ლ., მა., თ. და თი. ჯ-ებმა, ქ. მ-ემ, ე. და თ. ა-ებმა, ნ. ც-მა, ნ. და თ. გ-ებმა, ა. და ნ. ვ-ებმა, მოპასუხეების მ. და დ. წ-ების და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 9 ოქტომბრის ¹335 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მ. და დ. წ-ების მიერ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაწყებული მშენებლობის აკრძალვა, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მშენებლობის გაგრძელების აკრძალვა.

მოსარჩელეები თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებს:

ცხოვრობენ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლში, რომლის ეზოში განთავსებულია ბაღი. მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 9 ოქტომბრის ¹335 გადაწყვეტილებით მ. და დ. წ-ებს ნებართვა მიეცათ ბაღის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ილახებოდა მათი უფლებები, მშენებლობა დააბნელებდა პირველი სართულის ფანჯრებს, გაუარესდებოდა ინსოლაცია და განადგურდებოდა მწვანე ნარგავები. გარდა ამისა, გამგეობის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის არ იყო წყალკანალის, სახანძრო დაცვის სამსახურის და ბუნების დაცვის სამსახურის ნებართვები. მიუთითებდნენ, რომ ... მდებარე სახლში ცხოვრობდა 31 ოჯახი, რომელთაც ბინები პრივატიზებული ჰქონდათ, სახლი წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას და სკ-ს 1513-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთიც წარმოადგენდა საერთო საკუთრებას, რის გამოც მშენებლობის დაწყებაზე ერთი მობინადრის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, არ უნდა მიეღო მშენებლობის დაწყების ნებართვა. მიუთითებდნენ, რომ საქმეზე დართული მასალების მიხედვით მშენებლობის დაწყების ნებართვა მიცემული აქვს 27 ოჯახს, რომელთაგან ნაწილი ... არ ცხოვრობს, ხოლო ნაწილი სხვაგან არის საცხოვრებლად გადასული. ფაქტობრივად მშენებლობაზე ნებართვა გაცემული აქვს 10-12 ოჯახს, რომელიც ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს.

მოპასუხეებმა – მ. და დ. წ-ებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ... მდებარე ეზო არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას, იგი ყველა მობინადრეს ეკუთვნის თანაბრად, სარგებლობის უფლებით. მშენებლობაზე ნებართვის აღებისას მობინადრეთა უმრავლესობამ მშენებლობის თანხმობა მისცა, ხოლო შემდეგ მოსარჩელეთა ზეგავლენით აზრი შეიცვალეს. საკითხი რამდენჯერმე შეისწავლა კომისიამ, რის შემდეგაც გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება. დადგენილი წესის დაცვით მიიღეს პროექტი და მშენებლობის დაწყების ნებართვა.

მეორე მოპასუხემ – კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გამგეობის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მეზობლების თანხმობას, რომელიც დამოწმებული იყო სახლმმართველობის მიერ და ამდენად, გამგეობის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ... მდებარე სახლის მობინადრეებმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

აპელანტები თავიანთ სააპელაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებს, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და განმარტა: მთაწმინდის გამგეობის მიერ საკითხი შეთანხმებული იყო ქალაქის არქიტექტურის დეპარტამეტთან, რის შემდეგაც განიხილა გამგეობის ტექნიკურმა კომისიამ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელი (მიწის რესურსების, სახანძრო, სანეპიდსადგურის, კეთილმოწყობისა და საინჟინრო ნაგებობათა, წყალკანალის, ინდივიდუალური მშენებლობის, არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტი). მათ მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ საკითხი განხილული იქნა გამგეობის სხდომაზე, რომლითაც უფლება მიეცათ წ-ებს ... ეზოში აეშენებინა 23 კვ.მ შენობა საოფისედ ან კომერციული საქმიანობისათვის. ასევე განმარტეს, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო 1998წ. 9 ოქტომბერს, მოსამზადებელი სამუშაოები (საძირკვლის ამოღება) დაიწყო იმავე წელს, რაც მობინადრეთათვის იმთავითვე იყო ცნობილი, მაგრამ მათ სარჩელი მხოლოდ 1999წ. დეკემბერში წარადგინეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით მ. და ლ. ჯ-ების, ქ. მ-ის და ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 9 ოქტომბრის ¹335 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... მცხოვრებთა მიერ საცხოვრებელი სახლი პრივატიზებული იყო და წარმოადგენდა მათ საკუთრებას. მშენებლობა მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული სახლის ეზოში და სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი და ის შენობა-ნაგებობები რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას. ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ განაშენიანების გარეთ დარჩენილი ფართი წარმოადგენდა მობინადრეთა საერთო საკუთრებას, და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიუთითა, მეზობლების თანხმობის არსებობის თაობაზე. თუმცა ვერც გამგეობის და ვერც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ყველა მესაკუთრის თანხმობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. და მ. წ-ებმა, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

კასატორები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვენ შემდეგი გარემოებებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის თაობაზე მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო 1999წ. აპრილიდან, მაგრამ სასამართლოს სარჩელით მიმართეს 1999წ. დეკემბერში, რითაც გაუშვეს გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება.

ასევე უსწოროდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მშენებლობის დაწყების ნებართვის მისაღებად საჭირო იყო ყველა მეზობლის თანხმობა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მშენებლობით არცერთი მობინადრის უფლება არ ირღვევა და მიუთითებს, რომ სკ-ს 212-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით საერთო საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან და მიუთითებენ, რომ მათ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან ეკუთვნით იდეალური წილი ორ ბინაზე დაახლოებით 140 კვ.მ და ადგილის შერჩევის უპირატესობაც მათ ეკუთვნით, ვინაიდან მშენებლობა ხორციელდება მათი სარდაფ-საკუჭნაოს პირდაპირ, რომელიც იზოლირებულია ყველა საცხოვრებელი სახლიდან საავტომობილო გზით და გამოყოფილია რკინა-ბეტონის კედლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. და მ. წ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

სსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი პრივატიზებულია ამ სახლში მცხოვრებთა მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას. მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 9 ოქტომბრის ¹335 გადაწყვეტილებით დ. და მ. წ-ებს აღნიშნული სახლის ეზოში, მიეცათ მშენებლობის ნებართვა. ... მდებარე მიწის ნაკვეთი სკ-ს 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს სახლის მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებას.

საკასაციო პალატის აზრით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა თანამესაკუთრეთა აუცილებელ თანხმობაზე, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის ან მისი ნაწილის, ერთ-ერთი თანამესაკუთრის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვისათვის. ... მდებარე ეზო (მიწის ნაკვეთი) ამ ბინის მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებას რომ წარმოადგენს, ამას არც კასატორები უარყოფენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სკ-ს 212-ე მუხლის საფუძველზე მათი წილი საერთო საკუთრებაში უნდა განისაზღვროს მათ ინდივიდიალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით, რაც დაახლოებით 140 კვ.მ შეადგენს და ადგილის შერჩევის უპირატესობაც მათ ეკუთვნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან საქმეში არსებული ტექბიუროს ცნობის თანახმად, ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხება 29 მობინადრეზე და საერთო საკუთრებაში არსებული ფართი (მიწის ნაკვეთი) მიწის მესაკუთრეთა შორის გაყოფილი არ არის. მიწის ნაკვეთის (ეზოს) ნაწილი საჯარო რეესტრში კასატორთა სახელზე არ აღრიცხულა. ამიტომ, სკ-ს 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული თანამესაკუთრეთა თანხმობა, აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებისათვის უფლებრივად დატვირთვისათვის.

საქმეში არსებული მასალებით და კასატორთა მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მათთვის მშენებლობის დაწყების ნებართვა ყველა მობინადრეს არ მიუცია. მშენებლობის დაწყების ნებართვის მისაცემად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მესაკუთრეების) აუცილებელ თანხმობას ითვალისწინებს აგრეთვე, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიც.

საკასაციო პალატა თვლის, რომ 1997წ. 25 ნოემბრიდან, სკ-ს სამოქმედოდ შემოღების შემდეგ, როდესაც კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მრავალბინიანი სახლები იყო განთავსებული აღიარებული იქნა ამ ბინების მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აღარ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება დ. და მ. წ-ებისათვის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ მობინადრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რადგან ... მდებარე მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის განკარგვის უფლებაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გააჩნდა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ¹335 მიღებულია არაუფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ და იგი მიღებისთანავე წარმოადგენდა ბათილ ადმინისტრაციულ აქტს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორთა მოსაზრებას გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეთათვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 9 ოქტომბრის ¹335 გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 1999წ. ნოემბერში, რის შემდეგაც მათ განცხადებით მიმართეს გამგეობას და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 21 ნოემბრის ¹6 ტელეფონოგრამით შეჩერდა ... სავაჭრო ობიექტის მშენებლობა, ხოლო მას შემდეგ, რაც გამგეობამ 1999წ. 1 დეკემბერს გააუქმა მშენებლობის შეჩერება, მოსარჩელეებმა 8 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს.

სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეებს რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემისთანავე ჩაბარდათ ან სხვა რაიმე ფორმით ეცნობათ საქმის მასალებით არ დასტურდება. ამიტომ საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნიათ, რომ მათ აღნიშნული აქტის თაობაზე შეიტყვეს 1999წ. ნოემბერში, როდესაც კასატორებმა მშენებლობის დასაწყებად დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. სწორედ აღნიშნული დროიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლაც, რომელიც მოსარჩელეთა მიერ გაშვებული არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპრცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. და მ. წ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება;

3. დ. და მ. წ-ებს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.