Facebook Twitter

3გ-ად-431-კ-02 13 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: აბასთუმნის საცურაო აუზის პრივატიზების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კურორტ აბასთუმნის საცურაო აუზ “თ-ას” შრომითი კოლექტივის სახელით ე. ბ-ემ და ვ. ჩ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე – სახელმწიფო ქონების მართვის ადიგენის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვეს 2000წ. 13 ივლისს განხორციელებული საცურაო აუზის პრივატიზაციის გაუქმება. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ.

აბასთუმანში მდებარე საცურაო აუზ “თ-ას” 1991 წლიდან საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ 1996 წლამდე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ობიექტის გამოსყიდვას. საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 საქტემბრის ¹555-ე დადგენილების შესაბამისად შრომითმა კოლექტივმა თხოვნით მიმართა ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსს საცურაო აუზის პრივატიზების შესახებ, მაგრამ მათი მოთხოვნა სხვადასხვა მიზეზებით არ გაითვალისწინებს, ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ობიექტი საპრივატიზებო ნუსხაში არ იყო შეტანილი.

1995წ. 30 ივნისს მინისტრთა კაბინეტის ¹392 დადგენილებით, აბასთუმნის საკურორტო გაერთიანება შეტანილი იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. 1996 წელს მხარეებმა ხუთი წლის ვადით კვლავ გააგრძელეს საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2001წ. მაისამდე ითვლებოდნენ მოიჯარეებად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ადიგენის ქონების მართვის განყოფილება უსაფუძვლოდ ეუბნებოდათ უარს პრივატიზებაზე, საცურაო აუზი შეიტანა არაფუნქციონირებად ობიექტთა სიაში, თუმცა მისთვის ცნობილი იყო რომ საცურაო აუზი საქმიანობას ეწეოდა კანონიერად, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე და იხდიდა გადასახადებს. ამის გამო იძულებულები გახდნენ მიემართად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის პრივატიზების უფლების მინიჭების შესახებ, სადაც მათთვის შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ 2000წ. 12 მაისის გაზეთ “.......-ში” გამოცხადებული იყო, ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე.

სწორედ იმ პერიოდში ........-ის ეთერში, საინფორმაციო გადაცემა “........-მა” გააშუქა საცურაო აუზის პრივატიზაცია, რის გამოც ადიგენის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ¹27 ბრძანებით შეაჩერა საცურაო აუზის პრივატიზაცია. ხოლო შემდეგ 13 ივნისს მაინც ჩატარდა აუქციონი, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე საცურაო აუზი “თ-ა” ფუნქციონირებდა, მათთვის არავის უცნობებია პრივატიზაციის შესახებ და აუქციონი ჩატარდა უკანონოდ.

მოსარჩელეებს მიაჩნდათ რომ საცურაო აუზის პრივატიზებით დაირღვა მათი უფლებები, რის გამოც ითხოვდნენ მის გაუქმებას.

საქმის მომზადების სტადიაზე სასამართლოს განცხადებით მიმართა საცურაო აუზის ახალმა მესაკუთრემ ნ. გ-მა და მოითხოვა საქმეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვა და წარადგინა, სასარჩელო განცხადება რომლითაც ითხოვდა ბ-ესა და ჩ-ს დაკისრებოდა ბიუჯეტთან დავალიანების დაფარვა, რაც ობიექტს ერიცხებოდა პრივატიზებამდე, ამასთან ე. ბ-ე და ვ. ჩ-ი სასამართლოს ეცნო არასათანადო მოსარჩელეებად.

ადიგენის რაიონის სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით საცურაო აუზ “თ-ას” კოლექტივის სახელით ე. ბ-ისა და ვ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მესამე პირის ნ. გ-ის დამოუკიდებელი სარჩელი ე. ბ-ისა და ვ. ჩ-ის არასათანადო მოსარჩელეებად ცნობის შესახებ, ხოლო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დაკისრების თაობაზე გამოტანილი იქნა კერძო განჩინება.

ასევე გამოტანილი იქნა კერძო განჩინება ქონების მართვის ადიგენის განყოფილების უფროსის მიმართ და რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქონების მართვის სამინისტროს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და საცურაო აუზის მისთვის მიკუთვნება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ისა და ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ადიგენის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის ადიგენის რაიონის განყოფილების 2000წ. 13 ივნისის აუქციონის შედეგების ოქმი. აპელანტებს უარი ეთქვათ აბასთუმნის საკუროტო გაერთიანების საცურაო აუზის პირდაპირი წესით მიყიდვაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საპრივატიზებოდ დამტკიცებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების პრივატიზების საკითხებს. წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ აბასთუმნის საცურაო აუზი დამტკიცებული არ იყო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში.

აბასთუმნის საცურაო აუზი წარმოადგენდა აბასთუმნის საკურორტო გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულს და აპელანტებს “სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 საქტემბრის ¹555-სს დადგენილების შესაბამისად პრივატიზების მიზნით, უფლება ჰქონდათ განცხადებით მიემართად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსათვის, თუ შრომითი კოლექტივის ამხანაგობა განცხადებას წარადგენდა საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოს მუშაკები სარგებლობდნენ სხვა მონაწილეთა თანაბარი უფლებებით. წარდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შეიქმნა შრომითი კოლექტივის ამხანაგობა და 14 დღის განმავლობაში მიმართა ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას უპირატესი შესყიდვის უფლების მისანიჭებლად.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს, რომ საიჯარო ხელშეკრულება, რომელზეც თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ აპელანტები; ფაქტიურად არ არსებობდა, რადგან ის დადგენილი წესით რეგისტრირებული არ ყოფილა და მასზე ხელისმომწერი პირი უფლებამოსილი არ იყო 1996წ.ათვის გაეგრძელებინა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რადგან კურორტ-სამმართველოს მთელი ქონება 1995 წლიდა უკვე შეტანილი იყო საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000წ. 13 ივნისის აუქციონი ჩატარდა კანონის დარღვევით, ვინაიდან ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსის მიერ კონკურსი შეჩერდა 2000წ. 5 ივლისის ¹27 ბრძანებით, რაც გამოქვეყნდა გაზეთ “......-ის” 2000წ. 9 ივლისს ¹23 ნომერში, ხოლო 8 ივლისის ¹28 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ¹27 ბრძანება და აუქციონის ჩატარების დღედ გამოცხადდა კვლავ 2000წ. 13 ივნისი, გამოქვეყნებული არ ყოფილა, რის გამოც დარღვეული იყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადიგენის ქონების მართვის რაიონული განყოფილებამ და მესამე პირმა ნ. გ-მა.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. როდესაც მიიჩნია რომ აუქციონის შეჩერების განცხადება წარმოადგენდა აუქციონის ჩატარების საწყის სტადიას და აუქციონის ჩატარების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2000წ. 8 ივლისიდან. კასატორთა განმარტებით აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიღება მაინც გრძელდებოდა და მიუხედევად ამისა ე. ბ-ეს და ვ. ჩ-ს განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე არ შეუტანიათ. მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც ბათილად სცნო აუქციონის შედეგების ოქმი თავისი შედეგებით რადგან მოსარჩლეებს ასეთი მოთხოვნა არ ჰქონდათ.

ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 3 აგვისტოს აპელანტებს მისცა ათდღიანი ვადა, რათა წარმოედგინათ შრომითი კოლექტივის მიერ გაცემული მინდობილობები, რომლითაც მათ ექნებოდათ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი განუხილველედ დარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბ-ემ ვერ წარუდგინა მინდობილობები სასამართლომ მაინც განიხილა და დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

კასატორის აზრით, სასამართლომ გააბათილა რა აუქციონის შედეგების ოქმი, არ იმსჯელა ბათილობის მექანიზმზე და მესამე პირს არ აუნაზღაურა ობიექტის შესაძენად გადახდილი თანხა და საცურაო აუზის რემონტზე გაწეული ხარჯები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ადიგენის რაიონული განყოფილების და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სსკ-ს 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საცურაო აუზ “თ-ას” აუქციონის შედეგების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹1-3/55 ბრძანებით ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმნის საკურორტო გაერთიანების საცურაო აუზი დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში და მისი პრივატიზება დაევალა ქონების მართვის ადიგენის რაიონულ განყოფილებას. საპრივატიზებო კომისიის 1999წ. 22 ნოემბრის ¹20 სხდომის ოქმის საფუძველზე ადიგენის რაიონულმა განყოფილებამ 1999წ. 23 ნოემბრის ¹60 ბრძანებით დაბა აბასთუმნის საკურორტო გაერთიანების საცურაო აუზის საწყის ფასად დაამტკიცა 2046 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში. ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმნის საკურორტო გაერთიანების საცურაო აუზის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “......-ს” 2000წ. 12 მაისის ¹19 ნომერში. აუქციონი დანიშნული იყო 2000წ. 13 ივნისს. ადიგენის რაიონული განყოფილების 2000წ. 5 ივლისის ¹27 ბრძანებით შეჩერებული იქნა საცურაო აუზის პრივატიზება, რაც გამოქვენდება გაზეთ მესაკუთრეს 2000წ. 9 ივლისის ნომერში. აღნიშნული ბრძანება გაუქმდა 8 ივლისის ¹28 ბრძანებით, და აუქციონის დღედ კვლავ განსაზღვრა ადრე გამოცხადებული დღე 13 ივნისი, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია, გაზეთ “.......-ში” არ გამოქვეყნებულა.

სააპელაციო სასამართლომ იმაზე მითითებით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ადიგენის რაიონული განყოფილების 2000წ. 8 ივლისის ¹28 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა 5 ივლისის ¹27 ბრძანება გაზეთ “.......-ში” არ გამოქვეყნდა, მიიჩნია, რომ დაირღვა “სახელწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის სულ ცოტა ერთი თვით ადრე გამოქვეყნების შესახებ და აღნიშნა, რომ აბასთუმნის საცურაო აუზ “თ-ას” პრივატიზების მიზნით 2000წ. 13 ივნისს ჩატარებული აუქციონით დაირღვა ინფორმაციის საჯარობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აუქციონის ჩატარების შეჩერების გაუქმება, განხილულ უნდა ყოფილიყო, როგორც აუქციონის ჩატარების საწყისი სტადია, რაც ასევე “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვას გულისხმობდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება საკასაციო პალატა და განმარტავს რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე მაინც, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო და აბასთუმნის საცურაო აუზ “თ-ას” აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა გაზეთ “.......-ს” 2000წ. 12 მაისის ¹19 ნომერში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათ შორის ე. ბ-ისა და ვ. ჩ-ისთვისაც, მათთვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ, რაც დასტურდება ამ უკანასკნელთა სასარჩელო განცხადებითა და საქმის მასალებით. მიუხედავად ამისა, მათ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამთ და განცხადებით არ მიუმართავთ ქონების მართვის ადიგენის რაიონული განყოფილებისათვის. 2000წ. 13 ივნისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ე. ბ-ის და ვ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა ერთადერთი მოტივი, რომ სასამართლოს ეცნო სადავო ქონებაზე მათი პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება 1991წ. საკურორტო გაერთიანებასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელეთა მოთხოვნა პირდაპირი წესით მიყიდვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში ძალაშია შესული. ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეთა უფლებადამცავ ინტერესს წარმოადგენდა სადავო ქონების მათთვის პირდაპირი მიყიდვის უფლების მინიჭება და ამ საფუძვლით აუქციონის შედეგების გაბათილება, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ვინაიდან საჯაროობის პრინციპის დარღვევის მოტივით. რადგან მოსარჩელეთა ინტერესს არ შეადგენდა აუქციონში მონაწილეობის მიღება, რაც საკასაციო სხდომაზეც დაადასტურა ე. ბ-ემ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კონტროლის პალატის 2000წ. 16 ოქტომბრის დასკვნის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადიგენის რაიონულ განყოფილებას, მიუხედავად 5 ივნისის ¹27 ბრძანებით აუქციონის შეჩერებისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება არ შეუწყვეტია და ამ პერიოდში რეგისტრირებული იქნა კიდევ ერთი განაცხადი (ჩ-ე მ. 12.06.00).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია კასატორთა მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადიგენის რაიონული განყოფილების და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ბ-ის და ვ. ჩ-ის სარჩელი 2000წ. 13 ივნისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ე. ბ-ეს და ვ. ჩ-ის გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.