Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-433-კ-02 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და ავტოფარეხის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ს-ის და მესამე პირების _ გორის გამგეობის ადმინისტრაციისა და გორის არქიტექტურის განყოფილების მიმართ და მოითხოვა გორის გამგეობის 2000წ. 22 მარტის ¹6 ოქმისა და ¹87 დადგენილების (გ. ს-ისათვის საერთო სარგებლობლობის ეზოში ავტოფარეხის ჩადგმის თაობაზე ნებართვის მიცემისა) და გორის არქიტექტურის განყოფილების მიერ გაცემული პასპორტის გაუქმება. აგრეთვე, გ. ს-ს დავალებოდა, თავისი ხარჯებით აეღო საერთო სარგებლობის ეზოში ჩადგმული ლითონის ავტოფარეხი.

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით: საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე ტერიტორიაზე სათანადო ნებართვით ჩადგმული ჰქონდა სათავსი, რომელსაც შესასვლელი კარი მოწყობილი ჰქონდა სამხრეთის მხარეს, რაც მისთვის მოუხერხებელი იყო და ამიტომ კარი გადაიტანა აღმოსავლეთის მხარეს. მის გასწვრივ მავთულბადით გააკეთა პატარა სათავსი, სადაც ინახავდა შეშას და სამეურნეო იარაღებს.

მოპასუხე გ. ს-მა გორის სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა სათავსის კარის სამხრეთის მხარეს გადატანა და მავთულბადით გაკეთებული სათავსის აღება, რადგან ამით ილახებოდა მობინადრეთა საერთო სარგებლობის ეზოთი სარგებლობის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნავდა, რომ იმ ადგილას, სადაც მას მავთულბადით შემოღობილი ჰქონდა სათავსი, გორის გამგეობის 2000წ. 22 მარტის ¹6 ოქმისა და ¹87 დადგენილების საფუძველზე გორის არქიტექტურის განყოფილებამ გ. ს-ს ნებართვა მისცა და დაუმტკიცა პროექტი 20 კვ.მ-ის, ლითონის ავტოფარეხის ჩადგმის შესახებ, რაც უკანონოდ მიაჩნდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 6-თვიანი ვადის გასვლის გამო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კანო მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

გ. ს-ი არის მისი მეზობელი მრავალბინიან სახლში. სახლის წინ მდებარე ეზო მობინადრეებს დატოვებული აქვთ საერთო სარგებლობაში, სადაც ყველა მეზობელს ჩადგმული აქვს სათავსი. ძირითადი პროექტით ავტოფარეხის ჩადგმა გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც მხედველობაში არ მიიღო გორის გამგეობამ და თავისი დადგენილებით გ. ს-ს ნებართვა მისცა ავტოფარეხის ჩადგმაზე. ასევე აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები მისთვის არავის გაუცვნია, ნებართვა მისგან არავის უთხოვია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მან აქტების არსებობიის შესახებ იცოდა. აღნიშნულის თაობაზე გაიგო 2000წ. დეკემბერში თვეში, როდესაც სარჩელის შესატანად დაიწყო საბუთების შეგროვება. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1, მე-8, 53-ე, 54.1-ე და 79.1 მუხლების მოთხოვნები და არასწორად დაასაბუთა სარჩელის უარყოფა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-მა იცოდა ვ. ს-ისათვის ფარეხის ჩადგმაზე ნებართვის არსებობა. 2000წ. ივლისში, ვინაიდან ამ დროს იქნა რეგისტირებული მისი განცხადება გამგეობაში, რომლითაც იგი ითხოვდა ავტოფარეხის კანონიერების შემოწმებას, მაგრამ მას სასამართლოსათვის არ მიუმართვას, რის გამოც დარღვეული ჰქონდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით, იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა კ. მ-მა.

საკასაციო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნული იყო მ/წლის 13 თებერვალს, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა კასატორი კ. მ-ი, მისი წარმომადგენელი გ. მ-ი და მესამე პირის წარმომადგენელი ი. ბ-ი. მოპასუხეებმა: გორის რაიონის გამგეობამ და ქალაქმშენებლობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურებმა წარმოადგინეს წერილობითი განცხადება მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის შესახებ. კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე საქმის მასალების გაცნობის მიზნით. პალატამ დააკმაყოფილა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმის განხილვა დანიშნა მ/წლის 27 თებერვალს. 27 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მესამე პირის წარმომადგენელი. არ გამოცხადდა კასატორი და მისი წარმომადგენელი. საკასაციო პალატამ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადგილზე თათბირით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერება, მიაჩნია, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც დამატებით წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის განჩინებით დადგენილად არის ცნობილი, რომ გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 22 მარტის ¹6 ოქმის ¹87 დადგენილებით გ. ს-ს ნება დაერთო ქ. გორში, ..., საცხოვრებელი ბინის ეზოში, არქიტექტურის განყოფილებასთან შეთანხმებით ჩაედგა ავტოფარეხი. ავტოფარეხის პროექტი გორის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმდა 2000წ. 23 ივნისს, რომლითაც განისაზღვრა ავტოფარეხის ჩადგმის ადგილი.

ავტოფარეხის ჩადგმამ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მანამდეც არსებული კონფლიქტური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. 2000წ. 3 ივლისს გორის რაიონის გამგეობაში რეგისტრირებულ იქნა კ. მ-ის განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვდა, გამგეობას შეესწავლა ავტოფარეხის კანონიერების საკითხი. გორის რაიონის გამგეობისა და არქიტექტურის განყოფილების მიერ შესწავლილ იქნა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და განმცხადებლის საჩივარი ჩაითვალა უსაფუძვლოდ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-ისათვის ავტოფარეხის ჩადგმის ნებართვის გაცემის თაობაზე ცნობილი იყო ნებართვის გაცემიდან რამდენიმე დღეში, ვინაიდან მან საჩივრით მიმართა გორის არქიტექტურას, მაგრამ სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რადგან, მისივე განმარტებით, საშუალება არ ჰქონდა, აენაზღაურებინა ადვოკატის ხარჯები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპეალიო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებით და მათ გასაბათილებლად წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2000წ. დეკემბერში და ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ კ. მ-ს გაშვებული აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 6-თვიანი ვადა, რომლის ათვლა იწყება ადმინისტრაციული აქტის გაცნობის მონეტიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კასატორისათვის ადმინისტრაციული აქტების თაობაზე ცნობილი გახდა 2000წ. ივნისიდან, ვინაიდან საქმეში არსებული გორის რაიონის შპს «ს-ის" 2000წ. 27 ივლისის წერილით ირკვევა, რომ კ. მ-ი არ ეთანხმება გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 22 მარტის ¹87 დადგენილებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ საქართველოს სამოქალაქო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კ. მ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემით კანონით დაცულ მის რომელ უფლებას ან ინტერესს მიადგა ზიანი, ან უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება, ვინაიდან მარტოოდენ ის გარემოება, რომ გ. ს-ის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა კ. მ-ის მიერ მავთულბადით მოწყობილი სათავსის აღება, არ შეიძლება საფუძველი გახდეს მის სარჩელის დაკმაყოფილების, ვინაიდან კ. მ-ს სათავსი მოწყობილობა ჰქონდა უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხოლო გ. ს-ზე ავტოფარეხის მოწყობის ნებართვა გაცემულია კანონოთ დადგენილი წესით და კასატორი ვერ მიუთითებს გასაჩივრებული აქტების გამოცემით კანონის რომელი ნორმა დაირღვა, რაც შეიძლება მისი ბათილობის საფუძველი გახდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინება.

3. კ. მ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.