3გ-ად-436-კ-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ა.-ემ, რომლის საფუძველზეც ...-ის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: იგი მუშაობდა ...-ის სასურსათო კომბინატის დირექტორად. 1996წ. 26 ოქტომბერს რაიონის ყოფილ გამგებლის ნ.ძ.-ის დავალებით მივლინებული იყო “თბილისობის” დღესასწაულზე. თბილისიდან დაბრუნებისას გამგეობის კუთვნილი ავტომანქანა, რომელშიც გამგებელთან ერთად იმყოფებოდა მოსარჩელე, გორის რაიონის სოფ. ...-თან შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდნენ ნ.ძ.-ე და რ.ა.-ე. რ.ა.-ე მიღებული ტრავმის შედეგად დასახიჩრდა. გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. დაკარგა პროფესიული და საერთო შრომის უნარი 100%-ით. დღიდან დაზიანებისა იგი განუწყვეტლივ მკურნალობს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად დაპირებებისა, ...-ის გამგეობას მისთვის არანაირი მატერიალური დახმარება არ გაუწევია. ამის შემდეგ იგრძნო რა, რომ ირღვეოდა მისი უფლებები რ.ა.-ემ მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა: 1996წ. 31 ოქტომბრიდან 20 დეკემბრამდე ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ს/კ იტნსტიტუტში მკურნალობის ხარჯი – 1340,94 ლარი.
1997-2001 წლებში ჩატარებული მასაჟისთვის გადახდილი 10800 ლარი გაძლიერებული კვების, მომვლელის, წამლებისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის 50 ლარი დღის განმავლობაში (დღეში 30 ლარი) სულ – 1500 ლარი.
მომვლელისა და ექთნის მომსახურეობა 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 70 ლარი, სულ – 4200 ლარი.
შრომის უნარის 100% დაკარგვის გამო საოჯახო მეურნეობიდან მიუღებელი შემოსავალი, რაც წელიწადში შეადგენს 2510 ლარს. 5 წლის მანძილზე – 12550 ლარი.
5 წლის მიუღებელი ხელფასი 3000 ლარი; 2002წ. იანვრიდან ყოველთვიურად 60 ლარი.
მენჯ-ბარძაყის ტოტალური პროტეზირებისათვის 2500-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 6000 ლარი.
მედიკამენტების ღირებულება 5 წლის განმავლობაში 5400 ლარი.
სულ მოსარჩელემ რაიონის გამგეობისაგან მოითხოვა 41790 ლარის ერთდროულად და ყოველთვიურად 2002წ. იანვრიდან 130 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
...-ის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მ.მ.-მ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ რ.ა.-ე არ იყო მივლინებული “თბილისობის” დღესასწაულზე და იგი არ იყო გამგეობის თანამშომელი. თუ კი ის თავისმა სამსახურმა მიავლინა თბილისში, ანაზღაურება შესაბამისად უნდა მოსთხოვოს სასურსათო კომბინატს.
სამტედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 31600 ლარის, ხოლო 2002წ. იანვრიდან ყოველთვიურად 130 ლარის გადახდა.
...-ის რაიონის გამგეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ რ.ა.-ე თბილისში იმყოფებოდა არა გამგეობის დავალებით, არამედ მაშინდელი გამგებლის პირადი თხოვნით, არ არსებობს რაიონის გამგებლის არანაირი წერილობით დავალება ან განკარგულება, რომელშიც გამგებელი ავალებს რ.ა.-ს თბილისობის დღესასწაულზე მასთან ერთად წასვლას. ამასთან მასალებით დადგენილია, რომ გამგეობის ავტომანქანის მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და იგი მისი ბრალით არ ყოფილა გამოწვეული, რის გამოც, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.
მოწინააღმდეგე მხარემ რ.ა.-მ და მისმა წარმომადგენლებმა სააპელაიცო საჩივარი არ სცნეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ ა.-მ სხეულის დაზიანება მიიღო გამგეობის კუთვნილი ავტომანქანით მგზავრობისას და მიუხედავად იმისა ასრულებდა თუ არა იგი გამგებლის დავალებას, გამგეობა მაინც ვალდებულია აინაზღაუროს ზიანი, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროთი გამოწვეული, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ ა.-ე მივლინებული იყო “თბილისობის” დღესასწაულზე იმდროინდელი გამგებლის ნ.ძ.-ის დავალებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ...-ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ცვლილება იქნა შეტანილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებაში.
...-ის რაიონის გამგეობას დაეკისრა რ. ა.-ის სასარგებლოდ 20621,4 ლარის ერთდროულად გადახდა დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 500 ლარის გადახდა.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ...-ის რაიონის გამგეობის მიერ შემოტანილი იქნა საკასაციო საჩივარი, ხოლო თავის მხრივ რ.ა.-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შეგებებული საკასაციო საჩივრით.
საკასაციო საჩივარში ...-ის რაიონის გამგეობა ძირითადად მიუთითებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარში. აქვე ის აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მიუთითებს სკ-ს როგორც 1964წ., ასევე 1997წ. ნორმებზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დავის ხანდაზმულობის არარსებობასთან დაკავშირებით. რაიონულმა სასამართლომ, თანახმად სკ-ს 130-ე მუხლისა არასწორად განმარტა მოთხოვნის წარმოშობის დრო. რადგან საქმე გვაქვს ავტოავარიის შედეგად დამდგარ ზიანთან ე.ი. დელიქტურ ვალდებულებასთან, სკ-ს 1008-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, რაც მოსარჩელემ ავტოავარიის ფაქტიდან, კერძოდ კი 1996წ. 26 ოქტომბრიდან იცოდა.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე რ.ა.-ე 2002წ. 6 თებერვლამდე გამგეობისაგან ითხოვდა ავარიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.
ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა რაიონის გამგებლის მ.სტურუას შუამდგომლობა, რომელიც მან გაუწია მოსარჩელეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, სადაც ის დახმარებას სთხოვდა ოპერაციის თანხების ჩარიცხვაზე. კასატორის მითითებით, აღნიშნული არ ადასტურებს გამგეობის მხრიდან ვალდებულების აღიარებას. ვინაიდან გამგეობას სხვა პირებზეც გაცემული აქვს არაერთი მსგავსი შუამდგომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
რ.ა.-ემ შეგებებულ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა ექთნისა და სანიტარის მომსახურების ხარჯის (5 წლის მანძილზე 4200 ლარის), საკარმიდამო ნაკვეთის დაუმუშავებლობით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის 6275 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
შეგებებულ საკასაციო საჩივარს რ.ა.-ე აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებას და ითხოვდა:
1. ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.
2. დაკმაყოფილებულიყო მისი შეგებებული საკასაციო საჩივარი;
ცვლილება ყოფილიყო შეტანილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებაში და ...-ის რაიონის გამგეგბას მის სასარგებლოდ ერთდროულად გადასახდელად დაკისრებოდა მომვლელის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების3600 ლარის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის 6275 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა როგორც საკასაციო ისე შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნები და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1996წ. 26 ოქტომბერს დაახლოებით 09 საათზე ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს გზის 798-ე კილომეტრზე გორის რაიონის სოფ. ბერბუკის მახლობლად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ...-ის რაიონის გამგეობის კუთვნილი მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით 0001 უკანა მხრიდან შეეჯახა მის წინ სავალ ნაწილზე მდგარ “უაზ-452”-ს.
გამგეობის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა მძღოლი, ...-ის გამგებელი ნ.ძ.-ე და სასურსათო კომბინატის დირექტორი რ.ა.-ე.
დადასტურებულია, რომ მითითებული ავტოავარიის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მგზავრმა რ.ა.-ემ, რის შემდეგაც მის მიერ პროფესიული და საერთო შრომის უნარი დაკარგული იქნა 100%-ით და გახდა I ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ რ.ა.-ე “თბილის ქალაქობის” დღესასწაულზე არ იმყოფებოდა სამსახურებრივი დავალებით. საქმეში წარმოდგენილია ...-ის რაიონის საკრებულოს და მათ შორის ...-ის რაიონის გამგებლის მიმართვები რომელიც შეიცავს სპეციალურ ხაზგასმას იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემოაღნიშნული დღესასწაულიდან დაბრუნების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია აღნიშნულ გარემოებაზე სპეციალური მითითება და გამგებლის მხრიდან საკითხის ამ კუთხით დაყენება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მხრიდან სასამართლო განხილვის არცერთ სტადიაზე წარმოდგენილი არ იქნა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება, ხოლო რაც შეეხება მარტოოდენ მის ზეპირსიტყვიერ განმარტებას, აღნიშნული სასამართლოს მხრიდან მიღებული და გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან მითითებულ ნაწილში სწორად იქნა გამოყენებული კანონი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას სკ-ს 1008-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, დელიქტით გამოწვეული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მაგრამ აქვე კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამავე კოდექსის 137-ე მუხლის დეფინაციას, რომლის შესაბამისადაც ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 1996წ. 27 ოქტომბერს ე.ი. სკ-ს ძალაში შესვლის მომენტისათვის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან, ბუნებრივია, გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის ის ნორმები, რაც გათვალისწინებულია ახალი კოდექსით და უნდა დაიწყოს სამწლიანი ვადის ათვლა. (ანალოგიურ ნორმებს ადგენდა ძველი სამოქალაქო კოდექსიც) შესაბამისად საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპების გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილია 1999-2001 წლებით დათარიღებული წერილები რომლებიც ადასტურებენ, დახმარების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ფაქტს. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ რ.ა.-ის მიერ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ყოფილა და არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება გამგეობისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას, სსკ-ს 404-ე მუხლის I ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვერ იქცევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგნად.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის დამატებითი საკასაციო პრეტენზია, მხარე ვერ უთითებს სასამართლოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს ან რაიმე სახის დამატებით გარემოებას, რომელიც, შესაძლოა, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ქცეულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. რ. ა.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება.
4. ...-ის რაიონის გამგეობას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.