3გ-ად-437-კ-02 11 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 21 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სარჩელი აღძრა რ. კ-ის მიმართ და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ამ უკანასკნელის სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 2000წ. 30 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში გამართულ კონკურსზე, იჯარით გაცემის მიზნით გამოტანილი იქნა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე 34,28 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო და ხსენებულ ფართზე იჯარის უფლება მოიპოვა მოქ. ნ. მ-ემ.
საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება მოიჯარესთან ვერ ხერხდება იმის გამო, რომ სადავო ფართი უკანონოდ აქვს დაკავებული მოქ. რ. კ-ს. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხე წინააღმდეგია გამოანთავისუფლოს ფართი, რითაც ხელს უშლის კონკურსში გამარჯვებულს მისი უფლების განხორციელებაში.
მოპასუხე რ. კ-მა სარჩელი არ სცნო და მოსარჩელეთა მიმართ თავად აღძრა შეგებებული სარჩელი 2000წ. 30 ივნისს ჩატარებული კონკურსის ¹10 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, კონკურსის ჩატარებისას ინფორმაციის საჯარობისა და სკ-ს 533-ე და 581-ე მუხლების მე-2 ნაწილის (უფლებრივად ნაკლული ნივთის გაცემა) დარღვევის მოტივით.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ის სარჩელი სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან რ. კ-ის ოჯახის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. კ-ის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო კომისიის 2000წ. 30 ივნისის სხდომის ¹10.I ოქმი და კონკურსის შედეგები, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თავდაპირველ მოსარჩელეთა – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამნისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ის სარჩელი სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან რ. კ-ის ოჯახის გამოსახლების შესახებ, ხოლო რ. კ-ის შეგებებულ სარჩელს საკონკურსო კომისიის სხდომის ¹10.1 ოქმისა და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობაზე ეთქვა უარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით:
1. საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
2. “დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების შესაბამისად რ. კ-ისა და მისი ოჯახისათვის დროებით სარგებლობაში ქ. ქუთაისში ..... მდებარე ფართის, აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე, გადაცემას.
3. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსათვის მის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობით.
უზენაესი სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ არასათანადო მოსარჩელე – ქ. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო შეცვლილი იქნა სათანადო მოსარჩელით – ქ. ქუთაისის მერიით. ხოლო 2002წ. 10 ივნისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მითითებული განჩინება ქუთაისის საოლქო სასამართლომ დააფუძნა შემდეგ მოსაზრებებს:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არაა საკმაოდ დასაბუთებული. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს თუ სამართლებრივ ნორმებს დაეყრდნო გადაწყვეტილების გამოტანისას. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება იყო შეუძლებელი და სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ჩათვალა კანონის დარღვევით მიღებულად და ამავე კოდექსის 385-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დააბრუნა I ინსტანციის სასამართლოში.
აქვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან საქმეში ქ. ქუთაისის მერიის სახით ჩაბმული იქნა ახალი მხარე და მას არ უნდა დაკარგვოდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით მინიჭებული უფლება, უფრო მართებული იქნებოდა საქმის ხელახლა განხილვის მიზნით I ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.
ზემოაღნიშნული განჩინება რ. კ-ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას ითხოვდა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
1. კასატორი არ ეთანხმებოდა სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა რა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და უარი უთხრა მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იურიდიულად არასაკმაოდ დაასაბუთა, თუ რა საფუძველზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
საქმის განხილვისას გამოიკვეთა ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული აუქციონის ბათილობის რამოდენიმე გარემოება, რასაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას:
1. სადავო ფართზე კონკურსი გამოცხადდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის წესების შესახებ” დებულების მე-4 მუხლის I-ლი პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი წესით “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანო).
მართალია, სადავო ფართის იჯარით აღების უფლების მოპოვებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს პერიოდულ საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის 2000წ. 30 აპრილსა და 31 მაისის ნორმებში, მაგრამ ეს ნომრები ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში არ იყიდება და მისი რეალიზაცია ხდება მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში. ქუთაისში გამომავალი ადგილობრივი პრესის რომელიმე სხვა ორგანოში ხსენებული კონკურსის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რის გამოც, გარდა მოპასუხე მ-ისა სხვა პირები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში.
2. აუქციონი ჩატარდა უფლებრივად ნაკლოვან ნივთზე. მოპასუხე რ. კ-სა და მისი ოჯახის წევრებს სადავო არასაცხოვრებელი ფართი დაკავებული ჰქონდათ კონკურსის ჩატარებამდე ანუ 2000წ. 30 ივნისამდე, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებიდან. აქედან გამომდინარე, ნივთი უნაკლოდ ვერ ჩაითვლებოდა და ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო, სამსახურებრივად ვალდებული იყო, კონკურსის ჩატარებამდე აღმოფხვრა ეს ნაკლი.
3. ქონების მართვის სამინისტროს ¹1/2734 ბრძანებით დამტკიცებული დებულების I-ლი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე “გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან და დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება.
სადავო ქონება იმყოფება ქუთაისის მერიის გამგეობაში, შესაბამისად საჭირო იყო მისი თანხმობა ქონების აუქციონზე გასატანად. ასეთი თანხმობა მიღებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული აქტით, რომელიც მერიას არ მიუღია. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს კონკურსის ბათილობის საფუძველს. ყოველივე აღნიშნული, კასატორს მიაჩნდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად.
მოგვიანებით რ. კ-მა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ადგილი ჰქონდა საპროცესო დარღვევებს, რის გამოც:
ა) ვინაიდან, ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, მისი მოთხოვნის ნაწილში ძალაში უნდა ყოფილიყო დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
ბ) გამომდინარე იქედან, რომ რ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში საოლქო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია, ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს;
გ) რაც შეეხება ქუთაისის მერიას, იგი სსკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების გარეშე დააყენოს კ-ის გამოსახლების მოთხოვნა I ინსტანციის სასამართლოში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა, გაუქმებულიყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინება ფართზე მდებარე ქუთაისში, ..... კონკურსის გამოცხადება-ჩატარებისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი საკასაცი საჩივარს არ დაეთანხმა და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა, ფაქტიურად, ნაწილობრივ სცნო საკასაციო საჩივარი და მიუთითა, რომ საქმეში სათანადო მოსარჩელის ჩაბმა, როდესაც ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი საფუძვლები იგივეა რაც თავდაპირველი მოსარჩელის მიერ, არ წარმოადგენს საქმის I ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს, რის გამოც, საქმე არსებითად განხილული უნდა ყოფილიყო ქუთაისს საოლქო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ შემდეგ მოსაზრებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან მოპასუხე რ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრთა გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა რ. კ-ის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი და გაუქმდა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადება, ამავე კონკურსის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის 2000წ. 30 ივნისის ¹10.1 ოქმი და ამავე კონკურსის შედეგები.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიჩნეული იქნა რა უკანონოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2001წ. 21 ივნისს მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ის სარჩელები, ხოლო რაც შეეხება რ. კ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
რ. კ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინდიკაციური სარჩელი აღძრული იყო არამესაკუთრის, კერძოდ კი ქონების მართვის სამმართველოს მიერ და მიუთითა, რომ სასამართლოს სსკ-ს 84-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემსჯელა სათანადო მოსარჩელეობის საკითხზე.
ზემოაღნიშნული მითითების საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე არასათანადო მოსარჩელე სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო შეცვლილი იქნა სათანადო მოსარჩელით ქ. ქუთაისის მერიით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინებით, არსებითი განხილვის გარეშე, საქმე დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო დასაბუთებული და არ შეიცავდა იმ მითითებებს, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ ნორმებს დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.
აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ სათანადო მოსარჩელის მეორე ინსტანციაში ჩაბმის გამო, მიზანშეწონილი იყო, მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით, საქმე დაბრუნებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ამავე კოდექსის 380-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნას ახალი ფაქტები და წარმოდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებანი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ხელახლა არსებითად, სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით, რის გამოც ეს უკანასკნელი უფლებამოსილია თვითონვე გამოიკვლიოს საქმის მასალები და ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბუნებრივია, ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, თითქოს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, არ იყოს უფლებამოსილი საქმე დააბრუნოს ხელახლა განხილვის მიზნით, მაგრამ წარმოდგენილ შემთხვევაში, მეორე ინსტანციის სასამართლო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ფაქტები და გარემოებები საჭიროებენ გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები, კონკრეტულად რა საპროცესო მოქმედებებია შესასრულებელი ან რომელი სამართლებრივი ნორმების გამოუყენებლობას აქვს ადგილი I ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ, საქმე არსებითად განსახილველად ისე დაუბრუნა საქალაქო სასამართლოს, რომ განჩინებაში არ მიუთითა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა საოლქო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობა, განჩინება არის აბსოლუტურად დასაბუთებული და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებებს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას სათანადო მოსარჩელის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმის დაბრუნების თაობაზე. საქმის გაცნობის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტიურად სახეზეა სათანადო მოსარჩელის ფორმალური შეცვლა, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი სრულად და მთლიანად იზიარებს თავთდაპირველი მოსარჩელის სარჩელს. არ უთითებს რაიმე დამატებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე (საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის დამოუკიდებელი წერილობითი სარჩელი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმის დაბრუნების ხელოვნური საფუძვლები, და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მიიჩნევს, რომ გაუქმებული უნდა იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, მითითებულ ნაწილში ძალაში უნდა ყოფილიყო დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა, პროცესუალური თვალსაზრისით, ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნას განუხილველად.
სსკ-ს 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია I ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სკ-ს 84-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს არასათანადო მოსარჩელით, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დეფინიციას და მიუთითებს, რომ არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლა თავისთავად არ იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას, აღნიშნულისათვის აუცილებელია მეორე ძირითადი პირობის არსებობა, კერძოდ სათანადო მოსარჩელე, მოცემულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერია, არ უნდა იყოს თანახმა, შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, რასაც წარმოდგენილ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორის მოთხოვნა არ ეფუძნება კანონის არცერთ ნორმას და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.