3გ-ად-438-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონის სოფ.ლახუნდარაში მცხოვრებმა მ. ბ.-მ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებლისაგან მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: იგი 1993 წლიდან არის ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის ცალკე კომლი და მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მინიჭებული აქვს მეორე კატეგორია. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით მას უფლება მიეცა 0,14 ჰა მიწის ნაკვეთის მოცვლისა და შევსებისა, მაგრამ სოფლის გამგებელი დ.ლოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. 1996 წლიდან დღემდე მოპასუხე არად აგდებს მის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც, ამ ხნის მანძილზე, სხვადასხვა ოფიციალურ ორგანოებში მისვლა-მოსვლაში მის მიერ გაწეული იქნა გარკვეული ხარჯები. შეილახა მისი პატივი და ღირსება და მიადგა მორალური ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ დ.ლოლაძემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელისათვის არავითარი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რის გამოც უსაფუძვლო და გაუგებარია მხარის მოთხოვნა.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 03 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
გ.ბ.-ის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი აღნიშნავდა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგანაც მოპასუხეს მისთვის მიწის ნაკვეთი არასოდეს შეუთავაზებია, მიწის მიღება-ჩაბარების აქტს მან ხელი იმიტომ მოაწერა, რომ მოპასუხე შეპირდა ერთი წლის შემდეგ მიწის ნაკვეთის შევსებას პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობამდე, რაც მან არ შეასრულა 7 წლის განმავლობაში. მოპასუხემ სცემა მის მოხუც მამას, პირადად მას რამოდენიმეჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა მისი დედა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 03 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე მხარემ წერილობით შესაგებელში სააპელაციო საჩივარი არ სცნო და აღნიშნა, რომ აპელანტს მისი მხრიდან არავითარი მორალური ზიანი არ მისდგომია.
აპელანტის მტკიცება, რომ სოფლის გამგებელი არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას უსაფუძვლოა, რადგანაც აპელანტს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად არ მიუმართავს სასამართლოსათვის სააღსრულებო ფურცლის ამოსაწერად, არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის, რათა მომხდარიყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ვინაიდან არ არსებობს სარჩელის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს აპელაციის საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინებით მ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 03 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გ.ბ.-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარს და მოითხოვდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილია ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ. ბ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ. სოფ. ...-ის საკრებულოს დაევალა, მოსარჩელე მ.ბ.-ისათვის, უვარგისი მიწის ნაკვეთი 0,14 ჰა-ს ოდენობით, მოეცვალა შესაბამისი ვარგისი მიწის ნაკვეთით და სათანადო ცვლილებები და შესწორებები შეეტანა მ.ბ.-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტში.
როგორც სასარჩელო განცხადებიდან იკვეთება მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ს მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირთა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, კანონმდებლის მიერ დადგენილია და განსაზღვრულია შესაბამისი მექანიზმი, კერძოდ კი სააღსრულებო წარმოება.
სააღსრულებო წარმოება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად დაიშვება მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც გამოწერილი უნდა იქნეს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კასატორის მიერ გამოყენებული არ იქნა კანონმდებლობის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებები და მექანიზმები. ამასთანავე სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სწორედ მისი უფლებების დაცვის ზემოაღნიშნული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობაზე.
ხოლო რაც შეეხება მის მოთხოვნას მიყენებულ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გამგებლის მხრიდან, არ ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, მოცემულ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.
აქვე საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას აღსრულების მიზნით შესაბამისი მექანიზმების უშედეგოდ გამოყენების და გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ისეთ სახეს, როგორიცაა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და უცვლელად უნდა იქნას დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.