3გ-ად-439-კ-02 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... ქ. ¹23ა-ში მდებარე სახლი, შემდგარი 9,31კვ.მ ფართის ოთახისაგან, ამჟამად საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოწინააღმდეგე მხარე ე.ე.-ეს. ამ მისამართზე ადრე მდებარე მისი სახლი 1968 წელს დანგრეულ იქნა და როგორც წვიმებისა და ნიაღვრების შედეგად დაზარალებულ ოჯახს, ე. ე.-ს გამოეყო სამოთახიანი ბინა ...-ში, ხოლო ... რაიონის საბჭოს აღმასკომის დავალებით აშენდა 9,31 კვ.მ ფართის ერთი ოთახი და უბნის ინსპექტორის სამუშაო ოთახად გადაეცა ჩუღურეთის რაიონის მილიციას. 1970 წელს ე. ე.-ის ოჯახი გაცვლის წესით საცხოვრებლად გადავიდა ... ¹140-ში მდებარე ოროთახიან ბინაში. 1981 წელს ე.ე.-მ თვითნებურად დაიკავა ... ქ. ¹23ა-ში მდებარე 9,31 კვ.მ ფართობის ერთი ოთახი. ჩუღურეთის (ოქტომბრის) რაიონის სასამართლოს 1986წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ე.-ე გამოსახლებულ იქნა აღნიშნული ოთახიდან და სახლი ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 14 ივლისის ¹9.67.12 გადაწყვეტილებით, საბინაო საკითხთა შემსწავლელი კომისიის 1997წ. 7 ივლისის ¹1 ოქმის საფუძველზე, ვინაიდან ... ქ. ¹23ა-ში მდებარე ოთახი გაძარცვული იყო და რაიონის პოლიცია მას დანიშნულებისამებრ ვერ იყენებდა, გამონაკლისის სახით 9,31 კვ.მ. ოთახი აღდგენილ იქნა საცხოვრებელ ფართობში და გადაეცა ე. ე.-ს, რომელმაც 1999წ. 6 აგვისტოს მოახდინა აღნიშნული ოთახის პრივატიზება, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე. ... ქ. ¹25-ში მცხოვრებმა კასატორმა გ. კ.-მ ე. ე.-ის ეზოში თვითნებურად ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რითაც მიითვისა მისი მიწის ნაწილი.
ე. ე.-მ 2001წ. 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სკ-ს 176-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გ.კ.-ის მიერ თვითნებურად აშენებული დამხარე ნაგებობების მოშლა, ასევე ეზოს გამოთავისუფლება მოთხრილი მიწისა და სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ე.-ის სარჩელი მიწის ნაკვეთის საზღვრის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. კ.-ს დაევალა ე. ე.-ის მიწის ნაკვეთის საზღვრის 310 სმ-ით გადაწევა ჩრდილოეთის მხარეს, რითაც მოსარჩელე ე.ე.-ეს დაუბრუნდა 66 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, გარდა მიწის იმ ნაკვეთისა, რომელზეც განლაგებულია გ. კ.-ის მიერ აშენებული დამხმარე შენობა-ნაგებობები.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-მ და მოითხოვა ე.ე.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობასა და ე.ე.-ეს შორის დადებული ოთახის პრივატიზების ხელშეკრულებისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999წ. ¹9.67.12 გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 14 ივლისის გადაწყვეტილების მართლზომიერების თაობაზე დავაში გ.კ.-ი არასათანადო მოსარჩელეა, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს პირდაპირ ან უშუალო ზიანს აყენებს აქტი. გამგეობის გადაწყვეტილება, რომლითაც ... ქ. ¹23ა-ში მდებარე 9,31 ფართობის ოთახი სარგებლობის უფლებით ე.ე.-ეს გადაეცა, არ ლახავას გ.კ.-ის უფლებებს;
2. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2001წ. 4 ივლისი), გ.კ.-ისათვის ცნობილი იყო სადავო აქტის არსებობის შესახებ, მან კი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა დააყენა 2002წ. მაისში;
3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გ. კ.-ის მოთხოვნა ... ქ. ¹23ა-ში მდებარე 9,31 კვ.მ ოთახის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ მითითებული ადმინისტრაციული გარიგება დადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელემ ვერ მიუთითა.
ამავე სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინებით ე. ე.-ის სარჩელზე გ.კ.-ის მიმართ, უნებართვო ნაგებოების აღებისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ, საქმის წარმოება შეჩერედა შემდეგი მოტივით:
სააპელაციო პალატის მითითებით, ამჟამად იგი არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს უნებართვო ნაგებობების აღებისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების შესახებ და საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, რადგან სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ.კ.-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მითითებით, ... ქ. ¹23ა-ში მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ გ.კ.-ის სიდედრი და სიმამრი, რომელთა ნაჩუქრობითაც ბინა მის სახელზე ირიცხება. ე. ე.-ე ... ქ. ¹23ა-ში ცხოვრობდა 1968 წლამდე, შემდგომ აღმასკომმა აღნიშნული ავარიული ბინა დაანგრია. ე.-ეების ... ქ. ¹23ა-ში ცხოვრების პერიოდში გ. კ.-ს ჰქონდა სამანქანო შესასვლელი თავის ეზოში, ე.-ეების წასვლის შემდეგ კი გააკეთა ღობე და ეზო გააფართოვა. 1968 წლიდან ... ქ. ¹23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი იყო საერთო სარგებლობის და სახელმწიფო საკუთრების, რომელსაც როგორც კასატორი აღნიშნავს, იგი იყენებდა სამანქანო გზად.
გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეთა, ე.ე.-ისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კასატორ გ. კ.-ის შეგებებული სარჩელი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 14 ივლისის ¹9.67.12 გადაწყვეტილებისა და ე.ე.-ის მიერ 9,31 კვ.მ ოთახის პრივატიზების გაუქმების თაობაზე, ხოლო ამავე სასამართლოს განჩინებით, სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა საქმის წარმოება ე.ე.-ის სარჩელზე გ.კ.-ის მიმართ უნებართვო ნაგებობების აღებისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე. კასატორმა გ. კ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე და ზოგადად მისი გაუქმება მოითხოვა არაკანონერების მოტივით, მაგრამ კასატორმა არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში არ მიუთითა სსკ-ს 393-ე მუხლით გათვალისწინებულ კასაციის საფუძვლებზე, თუ კონკრეტულად რომელი კანონი გამოიყენა სასამართლომ არასწორად, რა არ გამოიყენა და რომელი ნორმა არ განმარტა სწორად. საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ ასევე სსკ-ს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებზე მითითებას. როგორც თავდაპირველ, ასევე დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორი ყურადღებას ამახვილებს არა თავისი შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე _ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ¹9.67.12 გადაწყვეტილებისა და ე. ე.-ის მიერ 9,31 კვ.მ ფართის პრივატიზების გაუქმებაზე, არამედ თბილისში, ... ქ. ¹23ა-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობა-საკუთრებაზე და ხაზგასმით მიუთითებს, რომ 9,31 კვ.მ ფართობის, ე.წ. უბნის რწმუნებელის ოთახის პრივატიზებისას ე. ე.-ეს სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება არ მოუხდენია, მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემებით მიწა მის სახელზე არ ირიცხება და რომ 1968 წელს ე.ე.-ის გადასვლიდან მან (გ. კ.-მ) სადავო მიწის ნაკვეთით გაიფართოვა ეზოში შესასველი გზა. ამდენად, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მთლიანად ეხება თბილისში, ... ქ. ¹23ა-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთს, რის შესახებაც სასამართლო წარმოება შეჩერებულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით და რაზეც კერძო საჩივარი გ. კ.-ს არ შეუტანია. ამიტომ საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს და გადაწყვიტოს მიწის ნაკვეთის საკითხი, ხოლო რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონის გამეობის დადგენილებისა და ე. ე.-ის მიერ განხორციელებული პრივატიზების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების გაუქმებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ.კ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა, რადგან კასატორი არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კონკრეტულად არ მიუთითებს ამავე კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებზე.
საკასაციო პალატა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 14 ივლისის ¹9.67.12 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ იზიარებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას. სააპელაციო პალატამ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება განიხილა როგორც ადმინისტრაციული აქტი, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთახმება, რადგან სადავო გადაწყვეტილებით, როგორც გამონაკლისი, ე.წ. უბნის ინსპექტორის სამუშაო ოთახი, 9,31 კვ.მ გადაეცა სარგებლობის უფლებით მოწინააღმდეგე მხარეს _ ე. ე.-ს, რომელმაც იმავე წლის 6 აგვისტოს ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან დადო ამ ოთახის პრივატიზების ხელშეკრულება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ე.ე.-ესთან დადებული ორივე გარიგება (ფართის სარგებლობაში, ხოლო შემდეგ პრივატიზების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაცემა) სამართლებრივად წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ" ქვეპუნქტითა და 65-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის მხარეები არიან ადმინისტრაციული ორგანო _ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (ფართის გამსხვისებელი) და ფიზიკური პირი _ ე. ე.-ე (ფართის მიმღები, შემძენი). რადგან ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სადავო ¹9.67.12 გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ გარიგებასთან _ ე. ე.-ისათვის ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემასთანაა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, ახალი ადმინისტრაციული გარიგების _ ამ ფართის პრივატიზების საფუძველი გახდა, საკასაციო პალატის აზრით, გამგეობის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს _ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ნების ცალმხრივი წერილობითი გამოხატულებაა გარიგებასთან დაკავშირებით (სკ-ს 50-ე მუხლი), რაც არაერთგზის იქნა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებას და გ. კ.-ის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა-დასაშვებობის საკითხის განხილვისას არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, თუმცა აღნიშნულ უსწორობას საქმეზე არ გამოუწვევია უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა გ.კ.-ის შეგებებული სარჩელის საკითხი და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, კასატორი გ. კ.-ი ვერც შეგებებულ სარჩელში და ვერც საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ¹9.67.12 გადაწყვეტილებისა და 9,31 კვ.მ ფართობის პრივატიზების გაუქმების იურიდიულ საფუძვლებზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქმე ე. ე.-ის სარჩელის გამო გ.კ.-ის მიმართ უნებართვო ნაგებობის აღებისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.