Facebook Twitter

3გ-ად-440-კ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: მემკვიდრეებად ცნობა და სოფ. ...-ის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. გ.-მ, ნ. ნ.-მ და ითხოვეს სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 22 ნოემბრის ¹1/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და კომლის უკანასკნელი წევრის, გ. კ.-ის, მემკვიდრეებად ცნობა.

მოსარჩელეები თავიანთ მოთხვონებს ამყარებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის ბიძა გ. კ.-ი გურჯაანის რაიონის სოფ. ...-ის საკოლმეურნეო კომლის უკანასკნელი წევრი იყო. იგი გარდაიცვალა 2001წ. 22 ივნისს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში გ. კ.-ი ცხოვრობდა ლ. პ.-თან ერთად, რომელთანაც არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში და კომლშიც არ ჩაუწერია. ბიძის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელეებსა და ლ. პ.-ს შორის წარმოიშვა დავა სამკვიდროს თაობაზე. 2001წ. 27 სექტემბრის ¹1/14 გადაწყვეტილებით სოფ. ...-ის საკრებულომ დააკმაყოფილა ლ. პ.-ის განცხადება და იგი ჩაწერა გარდაცვლილი გ. კ.-ის კომლში.

2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. გ.-ს, ნ. ნ.-ის სარჩელი, ბათილად ცნო სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 27 სექტემბრის ¹1/14 გადაწყვეტილება და საკრებულოს დაავალა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად კვლავ განეხილა აღნიშნული საკითხი და გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.

2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოფ. ...-ის საკრებულომ ძალაში დატოვა 2001წ. 22 ივნისის ¹1/14 გადაწყვეტილება. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით: სოფ. ...-ის საკრებულომ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება, არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა და ძალაში დატოვა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი 2001წ. 27 სექტემბრის ¹1/14 გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლ. პ.-მა წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა, ეცნოთ გ. კ.-ის საკოლმეურნეო კომლის წევრად და ძალაში დაეტოვებინათ სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 22 ნოემბრის ¹1/15 გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ 1982 წელს იგი დაქორწინდა სოფ. ...-ში მცხოვრებ გ. კ.-ზე და ცხოვრობდა მის ბინაში ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში ლ. პ.-სა და გ. კ.-ს შვილი არ შესძენიათ, ჰქონდათ საერთო მეურნეობა და ოჯახს ერთობლივად უძღვებოდნენ. ლიდა პ.-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ის კომლში არ იყო ჩაწერილი, 20 წელი ცხოვრობდა გ. კ.-თან და ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი იყო, რაც საკრებულომ დაადასტურა 2001წ. 22 ნოემბრის ¹1/15 გადაწყვეტილებით.

2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა: ბათილად ცნო სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 22 ნოემბრის ¹1/15 გადაწყვეტილება; ნ. გ.-ა და ნ. ნ.-ე ცნო გ. კ.-ის მემკვიდრეებად; ლ. პ.-ის შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყეტილება ლ. პ.-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში.

2002წ. 23 სექტემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ლ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ლ. პ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23 სექტემბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მოცემული საქმე განიხილა საქმის სტატუსის მხედველობაში მიუღებლად: სადავო ქონება განეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კატეგორიას და უნდა გადაწყვეტილიყო სპეციფიკური ნიშნით. კასატორმა მიუთითა, რომ ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება შემდეგი: ლ. პ.-ი და გ. კ.-ი შეუღლდნენ 1982 წელს, ცხოვრობდნენ ერთად სოფ. ...-ში, განაგებდნენ და ავითარებდნენ თავიანთ ქონებას პირადი შრომითა და სახსრებით.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ 1985წ. ნოემბერში გ. კ.-ი საქორწინო რეგისტრაციაში გატარდა ლ. პ.-თან და აღიარა იგი მეუღლედ, მათ ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოვლის ტაძარში, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ჯვრისწერის მოწმობა.

კასატორი განმარტავს, რომ 2002წ. 14 ოქტომბერს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების, კონკორდატის, თანახმად ეკლესიის მიერ ჯვრისწერა ითვლება ოფიციალურად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, ლ. პ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასა და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმას.

2002წ. 18 დეკემბერს მოსარჩელეებმა ნ. ნ.-მ და ნ. გ.-მ წარამოდგინეს შესაგებელი ლ. პ.-ის საკასაციო საჩივარზე.

შესაგებელში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შესაგებელის მოთხოვნები დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:

შესაგებლის ავტორთა განმარტებით, გ. კ.-ისა და ლ. პ.-ის ქორწინება არ იყო რეგისტრირებული, რასაც ადასტურებს სოფ. ...-ის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა და მრავალი მოწმე. 2000წ. 27 დეკემბერს გულა კ.-ის მიერ გურჯაანის სოციალური დახმარების განყოფილებაში წარდგენილი განცხადებით დგინდება, რომ გ. კ.-ი ლ. პ.-ს არ აღიარებდა მეუღლედ და ოჯახის წევრად.

შესაგებელში აღნიშნულია, რომ 1985წ. ნოემბერში გ. კ.-ის და ლ. პ.-ის საეკლესიო ჯვრისწერა არც ადრე მოქმედი კანონით და არც ამჟამინდელი სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად არ წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ, უარი ეთქვას ლ. პ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით აწ გარდაცვლილი გ. კ.-ის კომლში, მისი მეუღლის, ლ. პ.-ის, ჩაწერის შესახებ სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 27 სექტემბრის ¹1/14 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი; სოფ. ...-ის საკრებულოს დაევალა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, მე-60, მე-100, 110-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შემდეგ მოტივაციას: რადგანაც სოფ. ...-ის საკრებულომ 2001წ. 22 ნოემბრის ¹1/15 გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ბათილად ცნობილი ამავე საკრებულოს 2001წ. 27 სექტემბრის ¹1/14 გადაწყვეტილება, ამით სოფ. ...-ის საკრებულომ დარღვია კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და სსკ-ს მე-10 მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად სოფ. ...-ის საკრებულოს 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმის მასალებიდან, აგრეთვე, ირკვევა, რომ გარდაცვლილი გ. კ.-ი მისივე კომლის უკანასკნელი წევრი იყო და სკ-ს 1323-ე მუხლის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების დღიდან, რადგანაც ლ. პ.-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა გ. კ.-თან და შესაბამისად, არც მის კომლში ჩაწერილა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადრე მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლისა და ამჟამად მოქმედი სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული დაქორწინება წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. პ.-ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის სარჩელის მეორე მოთხოვნას, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გულა კ.-ს მათ გარდა სხვა წინა რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად კანონით მეორე რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მამკვიდრებლის დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხლები აღარ იყვნენ მათი მშობლები, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრეები იქნებოდნენ, ისინი თანასწორად მიიღებდნენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის სასარჩელო მოთხოვნა გარდაცვლილი ბიძის, გ. კ.-ის მემკვიდრეებად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინება.

3. ლ. პ.-ი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება