Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-440-კს-03 22 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარჩელის დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს პარლამენტის წევრმა კ. დ-მა 18.03.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა “საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, სზაკ-ს 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით განკარგულებაში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება მისი გასაჩივრება, ამ ორგანოს მისამართი და გასაჩივრების ვადა. არსებითად დარღვეულია განკარგულების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ამასთან, განკარგულების თანდართული დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი საკითხი უკვე განხილული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ, შესაბამისად, გადაწყვეტილების პროექტი არ წარდგენილა არათუ ფრაქციებსა და კომიტეტებს, არამედ პარლამენტის ბიუროს წევრებსაც, რაც “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით" დადგენილი პროცედურის არსებით დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულების ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.03.03წ. განჩინებით საქართველოს პარლამენტის წევრ კ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულება “საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ" არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რადგან სადავო განკარგულება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კონსტიტუციურ პრეროგატივას მიკუთვნებული უფლების განხორციელებისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არა ადმინისტრაციული აქტს. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა საქართველოს პრეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, მოსარჩელე, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, უფლებამოსილია თავისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავით, “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"'საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არ არის უფლებამოსილი სასარჩელო განცხადებით მიმართოს საერთო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების კანონიერების დადგენის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა კ. დ-მა სარჩელის მიღებაზე უარის თქმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა 18.03.03წ. განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სასკ-ს მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა" ქვეპუნქტს, ხოლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეწინააღმდეგება სზაკ-ს 1-ლი, 2.1, 3.4. მუხლების დებულებებს. კერძო საჩივრის შემტანი თვლის, რომ კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას აქვს არა მხოლოდ კონსტიტუციის მე-3 თავით, “საქართველოს პარლამეტნის წევრის სტატუსის შესახებ" კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 42-ე მუხლებს, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" პრეამბულას და მე-10 მუხლს, “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის" მე-6, მე-13 მუხლებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.03.03წ. განჩინებით კ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გამოცემით საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური ფუნქცია, პარლამენტთან ურთიერთობის პრეროგატივა შეადგენს მის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მონაწილეობდეს საკანონმდებლო საქმიანობაში. კერძო საჩივრის ავტორს აქვს სასამართლოში მიმართვის უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში კ. დ-მა სასამართლოს მიმართა არა როგორც ფიზიკურმა პირმა საკუთარი უფლებების დასაცავად, არამედ როგორც სახელმწიფო პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა. ამასთან, სარჩელში მითითებული არ არის მოსარჩელის რა უფლება დაირღვა გასაჩივრებული განკარგულებით და, შესაბამისად, განსაზღვრული არ არის რომელი უფლების დაცვას ითხოვს მართლმსაჯულებისაგან კ. დ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავით, “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებასთან ერთად გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" პრეამბულით და დეკლარაციის მე-10 მუხლით, “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის" მე-6 და მე-13 მუხლებით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეულს უზრუნველყოფილი აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზება ხდება დაინტერესებული პირის მიერ სასარჩელო განცხადების წარდგენით. სასარჩელო განცხადების წარდგენა თავისთავად არ იწვევს საქმის აღძვრას, საამისოდ საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი უნდა პასუხობდეს პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსკ-ს 177-ე, 178-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძვლების არარსებობა იწვევს იმავე კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის მიღებაზე უარის თქმას. ამასთანავე, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე საქმის წარმოების აღძვრისას სავალდებულოა ადმინისტრაციული კანონდემბლობით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

“საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იქნეს გამოცემული. რამდენადაც ადმინისტრაციული აქტის გადმოცემით ხდება სამართლის ნორმით განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია, შეუძლებელია ადმინისტრაციული აქტის არსებობა-არარსებობის ან თუნდაც მისი კანონიერების დადგენა, მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების გარეშე, არ დაიშვება ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმის გარეშე. აღნიშნული მოთხოვნა უზრუნველყოფს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გამჭირვალობას და შესაძლებელს ხდის სასამართლოს მხრიდან ამ აქტის ადრესატის უფლებების შეზღუდვის კანონიერების გადამოწმებას. განსახილველ შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს გარკვეული მოქმედების უფლებამოსილებით აღჭურავს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათისაა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ორგანიზაციისა და საქმიანობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლი აწესრიგებს რიგგარეშე სესიების და სხდომების მოწვევის წესს. ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილების მსგავსად (მაგ., კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და სხვ.), საქართველოს პრეზიდენტი არ ეწევა მმართველობით საქმიანობას, ადმინისტრირებას, რის გამო იგი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფეროში. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები კონსტიტუციურ-სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა რიგს განეკუთვნება.

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა იქნეს მიღებული. ადმინისტრაციული კანონმდებლობა აღიარებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალურ გაგებას და ასეთად მიიჩნევს კანონით მინიჭებული მმართველობითი ფუნქციების განხორციელების პროცესში ნებისმიერ პირს და ორგანოს, მიუხედავად ხელისუფლების ამა თუ იმ შტოსადმი მისი ორგანიზაციული კუთვნილებისა. განსახილველ შემთხვევაში აქტის გამომცემი სუბიექტი _ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი საქმიანობის ამ პროცესში არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, ფუნქციონალური გაგებით იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტზე. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პარლამენტთან ურთიერთობის კონსტიტუციური პრეროგატივა არის მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება მონაწილეობდეს საკანონმდებლო საქმიანობაში, ხელი შეუწყოს საპარლამენტო კონტროლის განხორიცლებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრას (“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" კანონის მე-4 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემული აქტი საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ არის შექმნილი საჭიროებით გამოწვეული პოლიტიკური აქტი, საქართვლოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ფუნქციებს ასრულებს ფართო დისკრეციის პირობებში, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ დასაშვებია სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთანავე, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას მის მიზანშეწონილობაზე, სასამართლო წარმოების დროს მიზანშეწონილობის შემოწმების დაშვება გამოიწვევდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევას, ერთი ხელისუფლების მხრიდან მეორის საქმიანობაში ჩარევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.03.03წ. ¹286 განკარგულება არ განეკუთვნება სასკ-ს მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.05.03წ ¹286 განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას არ ეწინააღმდეგება სასკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის, სზაკ მე-2, მე-3 მუხლების მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, სსკ-ს 186-ე, მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 187-ე, 285-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პარლამენტის წევრის კ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.03.03წ. და 14.04.03წ. განჩინებები.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.