Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-441-კ-02 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის იძულებითი გაცდენის დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. გ-ე სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 1960 წლიდან მუშაობდა სასამართლოს ...ად, 07.09.99წ. გაათავისუფლეს სამსახურიდან, გათავისუფლების დროისათვის მისაღები დარჩა 7 თვის ხელფასი (თვეში 21 ლარი), სულ 120 ლარი, შრომის წიგნაკის გაუცემლობით იძულებითი განაცდური 28 თვის ხელფასი – 588 ლარი, პრემია. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.12.01წ. გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს მიერ დავალიანების ნაწილის აღიარების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა, დანარჩენი თანხების დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ო. გ-ემ 23.01.02წ სააპელაიცო საჩივრით მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.12.01წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა 3280 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.09.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ შკკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტს შრომის წიგნაკი დაყოვნებით გადაეცა მოპასუხის – იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ბრალით. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ო. გ-ემ სამინისტროს შრომის წიგნაკის გადაცემის მოთხოვნით მხოლოდ 03 და 18 ივნისს მიმართა. ამასთანავე, შკკ 98-ე მუხლით გათვალისწინებულია მხოლოდ საშუალო ხელფასის და არა პრემიის ანაზღაურების უფლება. პალატამ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით ო. გ-ემ სამუშაოდან გათავისუფლების (07.09.99წ.) შემდეგ შრომის წიგნაკი მოპასუხისაგან მოითხოვა 2001წ. 3 და 18 ივნისს, ხოლო სასამართლოს სარჩელით 29.10.01წ. მიმართა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.09.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. გ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა 07.09.99.წ, არაერთხელ მიმართა ხელმძღვანელობას შრომის წიგნაკის გაცემის მოთხოვნით, შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო 18.06.01წ. და 10.09.01წ. წერილობით მიმართა მინისტრს, რომლითაც ითხოვდა მიუღებელი ხელფასის და შრომითი წიგნაკის მისთვის ჩაბარებას. მიუხედავად ამისა, შრომის წიგნაკი მხოლოდ 24.12.01წ. სასამართლო სხდომაზე გადასცეს. პალატამ შკკ-ს 98-ე მუხლის ნაცვლად, რომელსაც ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა, გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი. კასატორი თვლის, რომ პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მას რაიმე აქტი ან მოქმედება არ გაუსაჩივრებია, იგი ედავებოდა მოპასუხეს უმოქმედობით, შრომის წიგნაკის გაცემის ბრალეული დაყოვნებით, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემა დაყოვნებული იქნა 28 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასთან ერთად მოპასუხე ვალდებულია აუნაზაუროს მას სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული პრემია, თვეში 126 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი 98 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 4086 ლარს. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარის, იუსტიციის სამინისტროს წარომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ დადასტურდა შრომის წიგნაკის გადაცემის დაყოვნება სამინისტროს ადმინისტრაციის ბრალით, ო. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 07.09.99წ, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 29.10.01წ, რის გამოც დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის ვადა. სამინისტროს წარმომადგენელმა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება. საქმეში მესამე პირად ჩაბმული იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, საქმე განხილულ იქნა სასკ-ის 261 მუხლის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ო. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა იუსტიციის მინისტრის 22.09.99წ. ¹79 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 101-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შედეგად პენსიაში გასვლის გამო. შკკ-ს 98-ე მუხლი, რომელსაც ეყრდობა ო. გ-ის მოთხოვნა, ითვალისწინებს ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის საშუალო ხელფასის მიცემას. ო. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გავიდა პენსიაზე, შრომის წიგნაკის მიუღებლობას არ შეუქმნია დაბრკოლება მისი საპენსიო უზრუნველყოფისათვის. ამდენად სახეზე არ არის შკკ-ს 98-ე მუხლით გათვალისწინებული შრომის წიგნაკის გაუცემლობით გამოწვეული იძულებითი განაცდური. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ საშუალო ხელფასის და არა პრემიის, განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტის ანაზღაურებას, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად გამოიყენება არა მხოლოდ აღმასრულებელთა მატერიალური, არამედ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნებისათვის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას რეალურად თანხების ამოღების შედეგად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო ურთიერთობებისადმი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ადმინისტრაციის მიერ შრომის წიგნაკის გაუცემლობა თავისი არსით წარმოადგენს უმოქმედობას, რომელსაც მოიცავს 127-ე მუხლში გათვალისწინებული ტერმინი “მოქმედება”. ადმინისტრაციის უმოქმედობამ გამოიწვია ო. გ-ის მხრიდან სასკ-ს 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის აღძვრა, რომლისთვისაც საერთო წესიდან განსხვავებული, სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმით (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით) დადგენილია სასამართლოში მიმართვის ერთთვიანი ვადა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი დავის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზე მითითება. ო. გ-ე საქართევლოს იუსტიციის მინისტრის 22.09.99წ. ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. საქმეში დაცულია სამინისტროს კადრების და იურიდიული განათლების დეპარტამენტის მრჩევლის ტელეგრამის ასლი ო. გ-ისადმი, რომლითაც მას ეთხოვა სამინისტროში გამოცხადება შრომითი წიგნაკის და ბრძანების ასლის წასაღებად. ამდენად, არ დასტურდება შკკ-ს 98-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციის ბრალი შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებაში. საქმის მასალებით არ დასტურდება განთავისუფლების შემდეგ შრომის წიგნაკის გაცემის მოთხოვნით სამინისტროსათვის მიმართვა. კასატორმა მხოლოდ 2001წ ივლისში მიმართა სამინისტროს განცხადებებით შრომის წიგნაკის მისთვის გადაცემის მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საკასაციო პალატა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის I-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, შკკ-ს 205-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.09.02წ. განჩინება.