3გ-ად-444-კ-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. რ.-ემ, რომლს საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 600000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებეზე:
მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი 1993 წლიდან მუშობდა ქ. თბილისის საბაჟოს გარდაბნის საგუშაგოს ინსპექტორად. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თბილისის საბაჟოს 1995წ. 5 აგვისტოს ¹204 ბრძანებით მოსარჩელე, მისი თანხმობის გარეშე, გადაყვანილი იქნა ქვემო ქართლის საბაჟოზე, რითაც დაირღვა მისი შრომითი უფლებები. ამასთან, არ იქნა შესრულებული არც მითითებული ბრძანება და არ მოხდა მისი გადაყვანა. იმ დღიდან დაკარგა სამუშაო ადგილი.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი დაშვებულ იქნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს ბაზაზე შექმნილ საბაჟო “გ.-ის" ინსპექტორის თანამდებობაზე, მაგრამ საბაჟოს ჩინოვნიკებმა უგულვებელყვეს სასამართლოს გადაწყვეტილება და არ აღასრულეს. მითითებულმა დავამ შეიწირა მისი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა, ვერ შესძლო პირადი ოჯახის მოწყობა. მისმა მდგომარეობამ იმოქმედა ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და მორალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე. პირადად მას მიადგა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, რისი ანაზღაურების მიზნითაც მოსარჩელემ მოითხოვა ჯერ 500000, შემდეგ კი 600000 ლარის მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დაკისრება.
მოპასუხემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. კერძოდ, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს უკანასკნელი აფუძნებდა თავის მოთხოვნას.
იგივე საფუძვლებით დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელი მესამე პირმა _ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო საჩივარს კასატორი ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებდა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და არ გამომდინარეობდა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
მოწინააღმდეგე მხარისა და მე-3 პირის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, როგორც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბასად მიღებული აქტის ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო, დადგენილია, რომ:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. რ.-ე დაშვებული იქნა საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს ბაზაზე შექმნილი საბაჟო ,,გ.-ის” ინსპექტორის თანამდებობაზე, ამავე გადაწყვეტილებით დაგენილი იქნა, რომ ა. რ.-ს ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური დათხოვნის მომენტიდან.
ა. რ.-ე თავის მოთხოვნას საქმის განხილვისას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ თბილისის საბაჟოს უფროსის 1995წ. 5 აგვისტოს ¹204 ბრძანება იყო უკანონო და მითითებული ბრძანებით შეილახა მისი შრომითი უფლებები.
2002წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და ა. რ.-ს ხანდაზმულობის მოტივით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 აპრილის გადაწყვტეილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ა. რ.-ისათვის მისი უფლებების დარღვევის თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი და მიუხედავად აღნიშნულისა, მან მხოლოდ ექვსი წლის შემეგ მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით.
ზემოაღნიშნული გადაწყვტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის განჩინებით.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. რ.-ის უფლებების დარღვევის ფაქტი დადასტურებული არ არის.
ა. რ.-ის წარმომადგენელი ამ ეტაპზე კვლავ სადავოდ ხდის ზემოაღნიშნულ ბრძანებას და თავის მოთხოვნასაც აფუძნებს ამ უკანასკნელის არაკანონიერების საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამრთლოს მითითებას სსკ-ს 266-ე მუხლზე და თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე დაუშვებელია იმ ფაქტებისა და სამართლებრვი ურთიერთობების სადავოდ ქცევა, რომლებიც დადგენილია და დადასტურებულია კანონოერ ძალაში შესული გადაწყვტილებით.
ვინაიდან, ა. რ.-ე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უდებს მისი შრომითი უფლებების დარღვევასა და უკანონოდ სამუშაოდან გათავისუფლებას, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული არ არის, ამასთან, მხარე რაიმე დამატებით გარემოებას ვერ წარმოადგენს, აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაეთანხმოს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნიოს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც, არ არსებობს, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 ა. რ.-ის წარმომადგენლის ნ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.