3გ-ად-449-კ-02 17 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 სექტემბერს კ. გ.-მ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, ხოლო 2002წ. 15 იანვარს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ იგი 1990 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 1996 წლიდან გათავისუფლებამდე ჯერ ბოლნისის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების ოპერატიული ქვემორიგის, ხოლო 1998წ. 10 სექტემბრიდან ბოლნისის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსის თანამდებობა ეკავა. 1998წ. 19 დეკემბერს ბოლნისის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორიდან კედლის განგრევის გზით ოთხი პატიმარი გაიქცა. 1998წ. 24 დეკემბერს ბოლნისის რაიონის პროკურატურაში პოლიციის თანამშრომელთა დაუდევრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1999წ. 13 იანვრის ბრძანებით მოსარჩელე პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულების მოტივით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა.
ბოლნისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის 1999წ. 7 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად პოლიციის მუშაკთა ქმედებაში დანაშაულის არ არსებობის გამო მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
მოსარჩელის მითითებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს დადგენილებით იგი სრულად იქნა რეაბილიტირებული, რის გამოც მისი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი იმ საფუძვლით არ ცნო, რომ მოსარჩელეს «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბრძანების სასამართლო წესით გასაჩივრების ვადა გაშვებული ჰქონდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1999წ. 13 იანვრის ¹16 ბრძანება კ. გ.-ის ბოლნისის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გაუქმდა და იგი აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე. მას ასევე გათავისუფლებიდან სამუშაოზე მის აღდგენამდე, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური მიუღებელი ხელფასის სახით. მოსარჩელეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ს. დ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ მოსარჩელე კ. გ.-ს დარღვეული აქვს «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება. ამდენად კანონით დადგენილი ვადა მოსარჩელის მიერ დაცული არ ყოფილა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ერთთვიანი ვადის დარღვევის შედეგად, რომელიც აითვლებოდა ბრძანების გამოცემის დღიდან ანუ 1999წ. 13 იანვრიდან.
აპელანტის განმარტებით კ. გ.-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო, არამედ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, რის გამოც სასამართლოს დადგენილება რეაბილიტაციის შესახებ მის სამუშაოზე აღდგენას საფუძვლად ვერ დაედებოდა.
კ. გ.-ის მიერ დარღვეულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წესდების მოთხოვნები, რის გამოც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან კანონიერად იქნა დათხოვნილი. ამდენად, აპელანტის განმარტებით ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნა გაზიარებული არ უნდა ყოფილიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ს. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ კ. გ.-ი სამუშაოზე აღდგენილ უნდა ყოფილიყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, რომლითაც მისი რეაბილიტაცია მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის დადგენილებით კობა გ.-ი რეაბილიტირებულ იქნა, მაგრამ იგი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლით გათავისუფლებული არ ყოფილა, ამასთან საყურადღებოა ის გარემოება, რომ კ. გ.-ი ასევე არ ყოფილა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა კ. გ.-ის მიერ არ იყო გაშვებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. გ.-ი, როგორც პოლიციის თანამშრომელი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ამდენად მასზე უნდა გავრცელებულიყო «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-11-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ” ქვეპუნქტის თანახმად პოლიციის თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში «პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი სპეციალური კანონია, რომლითაც დარეგულირებული არ არის სასამართლოსთვის მიმართვის ვადა. ამდენად, ამ შემთხვევაში სასამართლოს საქმის ფაქტიური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. კანონის ეს ნორმა მოხელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ კ. გ.-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანება 1999წ. 13 იანვარს იყო გამოცემული, ხოლო კ. გ.-მ სასამართლოს სარჩელით 2001წ. 28 სექტემბერს მიმართა, რითაც დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების შესახებ მიმართვის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება კ. გ.-მ საკაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათაA გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 1998წ. 14 დეკემბერს ბოლნისის რაიონის პროკურატურაში პოლიციის თანამშრომელთა დაუდევრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქართველოს შინაგან საქმეთაA მინისტრის 1999წ. 13 იანვრის ბრძანებით კ. გ.-ი პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობებისადმი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულების მოტივით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა. ბოლნისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის 1999წ. 7 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის «გ” პუნქტის თანახმად პოლიციის მუშაკთაA ქმედებაში დანაშაულის არ არსებობის გამო საქმე შეწყდა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კ. გ.-ი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებული არ ყოფილა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ კ. გ.-ი არც ბრალდებულის სახით ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.
საკაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მართებულად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა, რომ კ. გ.-ს სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდა, რადგან ზემოთმითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება აგრეთვე მოქმედება. ამასთან, კანონის ეს ნორმა აღნიშნული ვადის საპატიოდ ჩათვლას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება კ. გ.-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის თაობაზე 1999წ. 13 იანვარს იყო გამოცემული, ხოლო კ. გ.-მ სასამართლოს სარჩელით 2001წ. 28 სექტემბერს მიმართა. ამდენად, კასატორმა დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების შესახებ მიმართვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან კ. გ.-ი სამსახურიდან შინაგან საქმეთა მინისტრის 1999წ. 13 იანვრის ბრძანებით იქნა დათხოვნილი, მას სასარჩელო განცხადება სასამართლოში «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში უნდა შეეტანა, რაც მის მიერ მხოლოდ 2001წ. 8 ოქტომბერს განხორციელდა ანუ 2 წლისა და 8 თვის დაგვიანებით, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კასატორის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 1999წ. 7 დეკემბერს შეწყდა, მას 1 წლითა და 7 თვით მაინც აქვს გაშვებული ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.A
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.