Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-450-კ-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობდა გურჯაანის რაიკოოპკავშირის წიგნების მაღაზია, საერთო ფართით 270კვ.მ. გურჯაანის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 12 თებერვლის ¹2/28 გადაწყვეტილების თანახმად, ... ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ავარიული შენობა, მისი ნორმალური ექპლუატაციის შეუძლებლობის გამო, ლიკვიდირებულ იქნა. 1988 წლიდან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაიწყო «წიგნის სახლის" მშენებლობა, რომლის პირველი სართული, გურჯაანის რაიონის მთავარი არქიტექტორის 1988წ. 8 იანვრის წერილის საფუძველზე, მთლიანად უნდა გადასცემოდა რაიკავშირს. გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987წ. 22 ივლისის ¹170 განკარგულებით «წიგნის სახლის" ერთი მესამედი ნაწილი დაეთმობოდა გურჯაანის რაიკოოპერატივს, რომელსაც დაევალა პროექტირების ღირებულების გადახდა 21800 მანეთის ოდენობით, კულტურულ-სპორტული კომპლექსის ანგარიშზე გადარიცხვით.

1990 წელს «წიგნთა სახლის” მშენებლობა დასრულდა და იგი მთლიანად აყვანილ იქნა გურჯაანის კულტურის განყოფილების ბალანსზე. 1995წ. 19 მაისს მიღება-ჩაბარების აქტი შედგა გურჯაანის რაიონის კულტურის განყოფილებასა და რაიკოოპკავშირს შორის, რომლის მიხედვით რაიკოოპკავშირს საკუთრების უფლებით, უსასყიდლოდ გადაეცა ახლად აშენებული შენობის 194კვ.მ ფართი.

გურჯაანის რაიკოოპკავშირის გამგეობამ 2000წ. 15 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის სასამართლოს და შემდეგი მოტივით მოითხოვა გურჯაანის კულტურის განყოფილების უკანონო მფლობელობიდან «წიგნის სახლის" 353კვ.მ ფართობის გამოთავისუფლება და გურჯაანის რაიკავშირისათვის გადაცემა:

გურჯაანის რაიაღმასკომის 1987წ. 22 ივლისის ¹170 განკარგულების მიხედვით, გურჯაანის რაიკავშირს ეკუთვნის სახლის ერთი მესამედი, ხოლო რაიონის არქიტექტორის 1988წ. 8 იანვრის ¹10 მიმართვით, რაიკავშირს უნდა დასთმობოდა წიგნის სახლის მთლიანი პირველი სართული. გურჯაანის საპროექტო განყოფილების მიერ გაცემული ნახაზების მიხედვით, «წიგნის სახლის” პირველი სართულის მთლიანი ფართი შეადგენს 547კვ.მ. 1995წ. 1 ივნისის ¹55 მიმართვის საფუძველზე გურჯაანის კულტურის განყოფილებამ რაიკავშირს გამოუყო «წიგნის სახლის” მხოლოდ 194კვ.მ ფართი, ხოლო დანარჩენი ფართის _ 353კვ.მ გადაცემაზე უარი განაცხადა.

გურჯაანის კულტურის განყოფილებამ არ ცნო სარჩელი და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

გურჯაანის რაიკავშირს სადავო ფართზე პრეტენზია არ გამოუთქვამს არც 1990 წელს «წიგნის სახლის” მშენებლობის დამთავრებისას და არც მათთვის «წიგნთა სახლის” 194კვ.მ ფართის გადაცემისას. ამასთან, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული შენობა ირიცხება კულტურის განყოფილების ბალანსზე და საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა მშენებლობაში მონაწილეთა იდეალური წილები. მშენებლობაში გამოყენებული მათი სახსრების ოდენობის შესაბამისად, კულტურის განყოფილებას განესაზღვრა 1/4 წილი, განათლების განყოფილებას 1/5 წილი, ხოლო რაიკოოპკავშირს 1/30 წილი. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, იგი ძალაშია და, ამდენად, გურჯაანის რაიკავშირი «წიგნის სახლში” უნდა ფლობდეს შენობის 1/30 წილს. «წიგნის სახლის” სადავო ფართი 1990 წლიდან ირიცხება კულტურის განყოფილების ბალანსზე და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამდენად, კულტურის განყოფილება კანონიერად ფლობს მის მიერ დაკავებულ ფართს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით გურჯაანის რაიკოოპკავშირის გამგეობას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიკოოპკავშირის გამგეობამ და მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გურჯაანის რაიკავშირისათვის «წიგნთა სახლის” მთლიანი პირველი სართულის მიკუთვნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინებით გურჯაანის რაიკოოპკავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 1995წ. 19 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ რაიკოოპკავშირს ახლად აშენებულ შენობაში საკუთრების უფლებით გადაეცა 194 კვ.მ ფართი. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის ¹5/96 გადაწყვეტილებით რაიკოოპკავშირის წილი «წიგნთა სახლში" განსაზღვრულია 1/30 ნაწილით. აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაასტურებდა რაიკავშირის მხრიდან დამატებით რაიმე ფართის ფლობის, მით უფრო საკუთრების ფაქტს. სადავო ფართი ტექბიუროს ჩანაწერებით ირიცხება გურჯაანის რაიონის კულტურის განყოფილებაზე, რაც საფუძველს აძლევს სასამართლოს გაიზიაროს რაიონული სასამართლოს მტკიცება, რომ სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს სისწორის პრეზუმფცია, სანამ არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიკოოპკავშირმა და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, გურჯაანის რაიკოოპკავშირისათვის მისი კუთვნილი, «წიგნთა სახლის" შენობის ერთი მესამედის გადაცემა და რაიკავშირის სახელზე დაკანონება:

კასატორის მითითებით, გურჯაანის რაისაბჭოს აღმასკომის 1987წ. 22 ივლისის ¹170 განკარგულების, 1987წ. 31 ივნისის ¹227 დადგენილებისა და რაიონის მთავარი არქიტექტურის 1988წ. 8 იანვრის ¹10 წერილის საფუძველზე, გურჯაანის რაიკოოპკავშირს კულტურულ-სპორტული კომპლექსის ანგარიშზე 22000 მანეთის გადარიცხვის შემდეგ, ახლადაშენებული «წიგნთა სახლის" შენობაში უნდა დასთმობოდა მთელი შენობის ერთი მესამედი ნაწილი, ხოლო არქიტექტორის წერილის მიხედვით _ შენობის მთელი პირველი სართული. კასატორმა არასწორად მიიჩნია უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მითითება რაიკავშირისათვის 1/30 წილის მიკუთვნების შესახებ. კასატორის მითითებით, გურჯაანის რაიკავშირს ეკუთვნის მთელი შენობის ფართის _ 2580,8 კვ.მ-ის ერთ მესამედი წილი _ 860 კვ.მ, საიდანაც რაიკავშირმა მიიღო მხოლოდ 194 კვ.მ, დანარჩენი 666 კვ.მ-ის გადაცემაზე კულტურის განყოფილებამ უარი განაცხადა.

«წიგნი სახლის" შენობის საკითხი შემოწმებულია გურჯაანის რაიონის პროკურორის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზეც რაიკოოპკავშირი სასარჩელო განცხადებებით მიმართავდა როგორც პირველ ინსტანციას, ისე უზენაეს და საარბიტრაჟო სასამართლოს, მაგრამ კანონიერი გადაწყვეტილება არცერთ სასამართლოს არ გამოუტანია. კერძოდ, რაიკოოპკავშირმა მიმართა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს შენობის ერთი მესამედი ნაწილის გადაცემაზე, მაგრამ ეს საკითხი ყოველთვის განუხილველი რჩებოდა, რის გამოც 1997წ. 13 დეკემბერს მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, სარბიტრაჟო სასამართლოდან საქმის გამოთხოვისა და მისი განხილვის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ გამოითხოვა საქმე და 1998წ. 30 მარტს გადასცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქმე უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა. 1996წ. 16 მარტის ¹17 წერილით რაიკოოპკავშირმა მიმართა უზენაეს სასამართლოს საქმის განხილვის ან განსახილველად საქმის გურჯაანის რაიონის სასამართლოსათვის დაქვემდებარების მოთხოვნით. 1998წ. 2 ოქტომბერს ¹63 წერილით კვლავ მიმართა რაიკოოპკავშირმა უზენაეს სასამართლოს. საქმე არ იქნა განხილული და იგი გაუჩინარდა უზენაეს სასამართლოში, რის შემდეგაც მოხდა ახალი სარჩელის შეტანა გურჯაანის რაიონის სასამართლოში.

«წიგნთა სახლის" შენობა 1990 წელს მიიღო კომისიამ და 1991 წელს შენობა აღირიცხა კულტურის განყოფილების ბალანსზე, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს შეტყობინება ¹1 და რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990წ. 28 სექტემბრის ¹467 გადაწყვეტილების საფუძველზე, არც მიმღებ კომისიას და არც კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება შენობა გაენაწილებინა და გადაეცა სხვადასხვა ორგანიზაციების ბალანსზე. კასატორის აზრით, განაწილება უნდა მომხდარიყო იმ ორგანიზაციიდან, ვის ბალანსზეც დაჯდა შენობა მთლიანი ღირებულებით. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ტექბიუროს ჩანაწერებით სადავო ფართი ირიცხება კულტურის განყოფილების ბალანსზე, ფართის მიკუთვნების შემდეგ ხდება ჩანაწერი და რეგისტრაცია ტექბიუროში. კასატორის მითითებით, ისინი ფაქტობრივად ფლობდნენ შენობის პირველ სართულს, საიდანაც მოტყუებით მოხდა მათი გამოყვანა სიტყვიერი დაპირებით, რომ შემდგომში ისევ დაიბრუნებდნენ სადავო ფართს.

მოწინააღმდეგე მხარის _ გურჯაანის რაიონის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიკოოპკავშირის გამგეობის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი ზოგადად ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, მაგრამ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ უთითებს კასაციის საფუძვლებზე, კონკრეტულად რომელი კანონი გამოიყენა სასამართლომ არასწორად, რომელი არ გამოიყენა, მაგრამ უნდა გამოეყენებინა და რომელი ნორმა არ განმარტა მართებულად. კასატორი, ასევე არ მიუთითებს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური, უდავო საფუძველია. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. კასატორი თავდაპირველი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა გურჯაანის კულტურის განყოფილების უკანონო მფლობელობიდან «წიგნის სახლის" 353კვ.მ ფართობის გამოთავისუფლებას და გურჯაანის რაიკავშირისათვის გადაცემას, ხოლო საკასაციო საჩივარში გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა 666 კვ.მ ფართობის გადაცემა, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სსკ-ს 406-ე მუხლის იმპერატიული მითითებით: «დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია";

3. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კასატორ რაიკოოპკავშირის წილი ახლადაშენებულ «წიგნის სახლში" განისაზღვრა 1/30-ით. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორს არ გაუსაჩივრებია, კანონიერ ძალაშია შესული და მხარეებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. გურჯაანის რაიონის კულტურის განყოფილებასა და კასატორს შორის 1995წ. 19 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, გურჯაანის რაიკოოპერატივს ახლადაშენებული «წიგნის სახლის" შენობაში გადაეცა 194 კვ.მ ფართი, რაც რაიკოოპერატივმა მიიღო, 2000წ. 15 დეკემბრამდე სადავოდ არ გაუხდია და სარჩელში მითითებული 353 კვ.მ ფართის მისთვის გადაცემა მანამდე არ მოუთხოვია სასარჩელო წარმოების წესით. მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 194 კვ.მ ფართი კასატორის სახელზე რეგისტრირებულია გურჯაანის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროში, ხოლო სადავო 353 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლება რაიკოოპერატივს რეგისტრირებული არა აქვს. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სკ-ს 312-ე მუხლთან დაკავშირებით. რადგან რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი 353კვ.მ ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და რაიკოოპკავშირისათვის გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან ზემოაღნიშნული კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა, ხოლო 172-ე მუხლის მიხედვით მხოლოდ მესაკუთრეს აქვს ვინდიკაციის უფლება და შეუძლია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის გურჯაანის რაიკავშირის საკუთრების უფლება სადავო 353 კვ.მ. ფართზე ტექბიუროში რეგისტრირებული არ არის, ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისათვის საჭიროა საჯარო რეესტრში ან ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაცია, ხოლო 194 კვ.მ ფართს, რაც რეგისტრირებულია რაიკოოპერატივის სახელზე, კასატორი ფლობს, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, კასატორის მოთხოვნა 353 კვ.მ. ფართის გამოთხოვაზე უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის განჩინება.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიკოოპერატივის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტოვით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით, ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიკოოპკავშირის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინება;

3. გურჯაანის რაიკოოპკაშირის გამგეობას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 40 ლარის გადახდა;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.