Facebook Twitter

3გ-ად-451-გ-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე გ. კ.-მ 2002წ. 28 იანვარს სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს ...-ის დარგში უფროს სპეციალისტად. განცხადების საფუძველზე სამმართველოს უფროსის 2000წ. 14 ნოემბრის ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა ამავე სპეციალობის მიხედვით შტატგარეშე მოსამსახურედ. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სამმართველოს აღნიშნული ბრძანება თავისი სამართლებრივი შედეგებით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე მოითხოვდა თავის ადრინდელ სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის _ 417 ლარის _ მოპასუხისათვის დაკისრებას.

მოპასუხე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველომ სარჩელი არ სცნო იმ მოტივით, რომ, მართალია, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა გ. კ.-ის სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ბრძანება, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, რადგან საქმე არ იყო დაბრუნებული რაიონულ სასამართლოში. გარდა აღნიშნულისა, გ.კ.-ე თავისივე განცხადების საფუძველზე გადაყვანილი იყო დამხმარე სპეციალისტად და შტატგარეშე იურისკონსულტად. სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობდა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება; შემდგომში მოსარჩელეს სხვა მუშაკთან წარმოეშვა კონფლიქტი; 2001წ. თებერვალში სამინისტროს სისტემაში მოხდა რეორგანიზაცია, განთავისუფლდა ყველა მუშაკი და დაინიშნენ გამოცდაჩაბარებული პირები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით გ.კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ.კ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში შეწყდა წარმოებით, ხოლო იძულებითი განაცდურის სახით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს გადასახდელად დაეკისრა 51 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დავა უნდა შეწყვეტილიყო სსკ-ს 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, რადგან არსებობდა იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ გ.კ.-ის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ 2001წ. თებერვალში მოხდა რეორგანიზაცია, რა დროსაც ამავეწ. 11 თებერვლიდან განთავისუფლდა ყველა მუშაკი, რეორგანიზაციის შედეგად ხაშურის სამმართველოში დაშვებულ შტატებზე დაინიშნენ გამოცდაჩაბარებული და კონკურსგავლილი მუშაკები, რადგან მოსარჩელეს საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჰქონდა გავლილი, იგი მუშაკთა ახალი დაკომპლექტებისას სამუშაოზე არ იქნებოდა დანიშნული.

რაიონულმა სასამართლომ განაცდურის ანაზღაურების პერიოდად მიიჩნია 2000წ. 14 ნოემბრიდან 2002წ. 11 თებერვლამდე – ანუ პერიოდი 2000წ. 14 ნოემბრის ბრძანების გამოცემიდან – სისტემაში მომხდარ რეორგანიზაციამდე. რაც 3 თვეზე გაანგარიშებით შეადგენდა 51 ლარს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიება აპელანტ გ.კ.-ის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

აპელანტი გ.კ.-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ არასწორი იყო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გავლილი საკვალიფიკაციო გამოცდა და ბუნებრივია, იგი ვერ დაინიშნებოდა სამუშაოზე. ამასთან საფუძველს იყო მოკლებული სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ იძულებითი განაცდური ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ, რითაც სასამართლომ გარკვეულ წილად შეცვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც იგი აღდგენილ იყო სამუშაოზე. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვდა 2000წ. 14 ნოემბრიდან ანუ ბრძანების გამოცემიდან 443 (553-113) ლარის დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა გ.კ.-მ დააზუსტა თავისი მოთხოვნა იმდაგვარად, რომ იგი არ ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას და მოითხოვდა მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს მისთვის უნდა აენაზღაურებინა განაცდური 554 ლარის ოდენობით, რადგან აღნიშნული თანხა აპელანტის აზრით, წარმოადგენდა იმ თანხას, რომელიც მას უნდა მიეღო უფროსი სპეციალისტის სატარიფო განაკვეთის 37 ლარის თვრამეტ თვეზე გაანგარიშებით.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ლ.მ.-მ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ გ.კ.-ე სამუშაოდან განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე და იგი გადაყვანილ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ. საჯარო სამსახურში მოსალოდნელი რეორგანიზაციის გამო მის წინანდელ სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი იყო, რადგან მინისტრის ბრძანებით გაუქმდა შტატი.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით მ.კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.კ.-ე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს უფროსის 2000წ. 14 ნოემბრის ¹12 ბრძანებით გათავისუფლდა სახელმწიფო ...-ის დარგში უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა ამ დარგში დანიშნული უფროსი სპეციალისტის დამხმარედ იმავე ფუნქციის შესასრულებლად საზოგადოებრივ საწყისებზე ხელშეკრულების მიხედვით მასვე დაეკისრა სამმართველოს იურისკონსულტის მოვალეობა. სამმართველოს უფროსის აღნიშნული ბრძანება ძალაში შედიოდა გარკვეული პირობების დაცვით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოაღნიშნული ბრძანება. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. თებერვალში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სისტემაში მოხდა რეორგანიზაცია და 2001წ. 11 თებერვალს საშტატო რიცხოვნების შემცირებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს უწყებასა და ყველა დაქვემდებარებულ სამმართველოში განთავისუფლდა ყველა მუშაკი, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და მომხდარი რეორგანიზაციის გამო სწორად აუნაზღაურა იძულებით განაცდური 2000წ. 14 ნოემბრიდან 2001წ. 11 თებერვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-მ. კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 83-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან მოპასუხის დამოკიდებულების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა მის მიერ სასამართლოს სახელზე გაგზავნილი, 2002წ. 2 ივლისით დათარიღებულ განცხადებისადმი, რომლითაც მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის მოხსნას და არც იცოდა, მიიღო თუ არა სასამართლომ აღნიშნული განცხადება წარმოებაში.

2. ასევე არასწორად მიაჩნია სასამართლოს განჩინებაში იმის აღნიშვნა რომ სასამართლოს სხდომაზე მან მოხსნა თავისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

3. რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა სამი დოკუმენტი, რომლიდანაც ერთზე, ადმინისტრაციასა და კასატორს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პროექტზე, განაცხადა, რომ ყალბი იყო, მაგრამ სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება, როგორც ეს სსკ-ს 137-ე მუხლითაა გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლოში საქმის მოსმენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ორჯერ იყო დანიშნული მ/წლის 8 და 21 იანვარს. მიუხედავად იმისა რომ კასატორს საქმის განხილვის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და საკასაციო პალატის სახელზე გამოაგზავნა განცხადება, რომლითაც ითხოვდა საკასაციო საჩივრის განხილვიდან მოხსნას. სასამართლოს თხოვნაზე, რომ კასატორს განემარტა სასამართლოსათვის, თუ რას გულისხმობდა განხილვიდან საკასაციო საჩივრის მოხსნაში, კასატორმა დააკონკრეტა, რომ ითხოვდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

სსკ-ს 401-ლი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლო საკასაციო საჩივარს იმ შემთხვევაში დატოვებს განუხილველად, თუ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობა, ხოლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის კასატორის განცხადების საფუძველზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მექანიზმი, ამიტომ საკასაციო სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადგილზე თათბირით დაადგინა საკასაციო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც გ.კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის გზით. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებდა გ. კ.-ს, უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და მოწინააღმდეგე მხარის დამოკიდებულებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მხარის აღნიშნული უფლება განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლითაც იმ განსხვავებით, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს უარი სარჩელზე ან სარჩელის ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში გ. კ.-ე წარმოადგენდა რა ფიზიკურ პირს, მასზე ვრცელდებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ს მე-3 მუხლით მინიჭებული დისპოზიციურობის პრინციპი.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ აპელანტი აღარ ითხოვს სამუშაოზე აღდგენას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორი იცნობდა სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმს, მაგრამ სსკ-ს 291-ე მუხლის შესაბამისად სხდომის ოქმზე შენიშვნები არ გაუკეთებია სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან სამი დღის განმავლობაში, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სხდომის ოქმის უსწორობის თაობაზე. მით უფრო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით, 2002წ. 26 ივნისით დათარიღებული გ.კ.-ის განცხადებითაც დადასტურებულია, რომ იგი ხსნის თავის თავის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ითხოვს მხოლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო საჩივრის განხილვას.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის შემდეგი მოსაზრება: სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო საჩივარში გ.კ.-ის მიერ ადმინისტრაციასა და მას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პროექტის სიყალბის თაობაზე გაკეთებული განცხადება. სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან გ.კ.-ემ უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ამიტომ სააპელაციო პალატას უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც სამუშაოზე აღდგენას ეხებოდა.

4. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს უფროსის 2000წ. 14 ნოემბრის ¹12 ბრძანება (რომლითაც გ.კ.-ე განთავისუფლდა სამსახურიდან) გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამიტომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურება უნდა მოხდეს 2000წ. 14 ნოემბრიდან 2001წ. 11 თებერვლამდე, ვინაიდან დადგენილია, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში მოხდა რეორგანიზაცია და 2001წ. 11 თებერვალს სისტემაში საშტატო რიცხოვნების შემცირებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს უწყებასა და ყველა დაქვემდებარებულ სამმართველოში განთავისუფლდა ყველა მუშაკი და რეორგანიზაციის შედეგად სამმართველოში დაშვებულ შტატებზე დაინიშნენ კონკურსგავლილი მუშაკები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.