გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-452-კ-02 28 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 14 დეკემბერს ნ. ლ-ემ სარჩელით მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹310 დადგენილების გაუქმება და ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის მესამე სართულზე არსებულ 12 კვ.მ ბინაზე მესამე პირის, ლ.ი-ას სახელზე გამოწერილი საბინაო ორდერის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო 12 კვ.მ არის მისი ბინის მომიჯნავე ფართი და ამ ფართის ლ.ი-აზე გადაცემით შეილახა მისი უფლებები. მთაწმინდის რაიონის სასამართლომ 1999წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ.ლ-ის სარჩელი: გააუქმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹214.11.310 დადგენილების მესამე პუნქტი _ მოქ. ლ.ი-ასათვის ქ.თბილისში, ... მდებარე 12 კვ.მ ოთახის დამტკიცების შესახებ მისგან გამომდინარე ყველა შედეგებით – ორდერის გამოწერითა და აღნიშნული პრივატიზაციის გაუქმებით.
1999წ. 28 დეკემბერს ლ.ი-ამ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ რაიონის სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო შეტყობინების და სასამართლოში გამოცხადების წესი; იგი, როგორც ერთ-ერთი მხარე, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის, რაც ამავე კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. პირველი თებერვლის განჩინებით ბათილად ცნო ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება.
ნ.ი-ამ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ.ლ-ის მიერ სადავო 12 კვ.მ-ის პრივატიზების გაუქმება და ნ.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შემდგომ ლ.ი-ამ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოთხოვა მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის ¹9 გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ნ.ლ-ის ოჯახს სადავო 12 კვ.მ დამხმარე სათავსად გადაეცა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹24.11.310 დადგენილების მესამე პუნქტი მისგან გამომდინარე ყველა შედეგით – ლ.ი-ზე გამოწერილი ორდერისა და 1998წ. 29 ივლისის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებით და მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის სადავო 12 კვ.მ ოთახის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებით. ასევე დაკმაყოფილდა მესამე პირის, ლ.ი-ას დამოუკიდებელი სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის ¹9 გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გაუქმდა 1995წ. 26 ივლისს ნ. ლ-ეზე გაფორმებული ... მდებარე ბინის, ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა დამხმარე სათავსების პრივატიზებას. მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა სადავო 12 კვ.მ-ის განაწილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹ ¹24.11.310 დადგენილების მესამე პუნქტი ლ.ი-ასათვის სადავო 12 კვ.მ დამტკიცების შესახებ და მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის ¹9 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სადავო ფართი გადაეცა მოსარჩელე ნ.ლ-ეს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ზედაპირულად იქნა მიღებული. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ნ.ლ-ის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში დამხმარე სათავსების ფართი არაზუსტად იყო მითითებული და გამგეობის მიერ სადავო ფართზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ხელახალი პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ი-ამ, ნ.ლ-ემ და მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.
ლ.ი-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹14.11.310 დადგენილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიიჩნევდა, რომ მას სადავო 12 კვ.მ ფართის ოთახი დაკავებული ჰქონდა 1988 წლიდან, ხოლო 1998 წელს გასანაწილებელი ბინები ეკუთვნოდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს და არა რაიონის გამგეობას და ამიტომ ბინების განაწილებისას გამგეობის თანხმობა აღარ იყო საჭირო. ლ.ი-ამ დამატებით მოითხოვა ნ.ლ-ის მიერ სადავო ფართის პრივატიზების გაუქმება.
ნ.ლ-ე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავო ოთახის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ეს ოთახი წარმოადგენდა მისი ბინის განუყოფელ ნაწილს. 2000წ. 13 იანვრისათვის, როდესაც სადავო ოთახის განაწილება მოხდა, ძალაში იყო მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება. აპელანტი მიიჩნევდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ პრივატიზების ხელშეკრულებაში დამხმარე სათავსების ფართის არაზუსტად მითითება მასში ცვლილების შეტანის და არა მისი გაუქმების საფუძველია. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ნ.ი-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ნ.ლ-ის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან დამხმარე სათავსების პრივატიზაციის გაუქმების და მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა ი.ი-ას სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ი-ას საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო ნ.ლ-ის და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დააკმაყოფილა: გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ.ლ-ის სარჩელი და ბათილად ცნო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 16 ივლისის ¹14.11.310 დადგენილების მესამე პუნქტი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. მესამე პირის, ლ.ი-ას, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის ¹9 გადაწყვეტილებისა და 1995წ. 26 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-ას რწმუნებულმა ს. ლ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ლ.ი-ას სარჩელი და ბათილად იქნებოდა ცნობილი ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 13 იანვრის ¹9 გადაწყვეტილება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. ასევე მოითხოვა ნ. ლ-ესა და ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანს შორის 1995წ. 26 ივლისს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა დამხმარე სათავსების ნაწილში იმგვარად, რომ სათავსები ამ ხელშეკრულებაში ასახულიყო მისი და ლ.ი-ას ოჯახის, საერთო ფართად, ხოლო ლ. ი-ას 12 კვ.მ ერთოთახიანი ბინა 1998წ. 29 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ასახულიყო მისი და ნ.ლ-ის ოჯახის საერთო დამხმარე სათავსად. აგრეთვე ნ.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინებით ლ. ი-ას წარმომადგენლის ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2003წ. 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ლ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ლ. იუსებოვას წარმომადგენელს ლ-ეს არ ჰქონდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან გასული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო ნ. ლ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნევს რომ ნოდარ ლ-ის განცხადება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 421-ე მუხლით, გამონაკლისის სახით, დაშვებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის ორი სახე: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, ანუ განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა, საქმე განსახილველად უკან დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს და ამდენად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღებისა და მისი არსებითად განხილვის წინაპირობა. შესაბამისად, ნ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხლმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 421-423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.