Facebook Twitter

3გ-ად-454-კ-02 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ა.-ი და ვ. ჩ.-ე 1991წ. 12 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ა. ჩ.-ე დაბადებული 1991 წელს და ა. ჩ.-ე დაბადებული 1992 წელს.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, ვ. ჩ.-ემ 1994წ. 24 მარტს მოახდინა ქ. თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინის პრივატიზება, რომელშიც იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. შემდგომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვისა და ერთად ცხოვრების შეუძლებლობის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ა.-სა და ვ. ჩ.-ს შორის ქორწინება შეწყდა, მხარეთა შეთანხმებით არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად დარჩნენ ნ. ა.-თან.

ნ. ა.-მ 2001წ. 13 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ვ. ჩ.-ის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის თანამესაკუთრეებად მისი შვილების ან. და ა. ჩ.-ეების ცნობა და მათთვის ფართის გამოყოფა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო, მისი არასრულწლოვანი შვილები არ იქნენ ცნობილი სადავო ბინის თანამესაკუთრეებად და უარი ეთქვათ ბინიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა მიღებული წარმოებაში, რადგან იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 3 იანვრის განჩინებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2001წ. 9 ნოემბერს ნ. ა.-მ სასარჩელო განცხადება შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა 1994წ. 24 მარტს ჩუღურეთის რაიონის ¹41 საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და ვ. ჩ.-ეს შორის გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით აღნიშნული ხელშეკრულება კანონის დარღვევით იქნა დადებული. კერძოდ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-2 მუხლით, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბინის პრივატიზების პერიოდში იგი იყო ვ. ჩ.-ის ოჯახის სრულწლოვანი წევრი და მას არ მიუცია თანხმობა ბინის პრივატიზებაზე, რაც ბინის პრივატიზაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელს ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი, რაზეც ნ. ა.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა იმავე მოთხოვნებს, რასაც რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი. კერძოდ, ნ. ა.-მ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107-ე დადგენილების თანახმად, ბინის საკუთრებაში გადაცემისას აუცილებელია ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. არ არის მითითება, რომ საჭიროა მხოლოდ ბინაში ჩაწერილი ოჯახის წევრების თანხმობა. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამდენად, აღნიშნული პუნქტი არ ითვალისწინებს, რომ დამქირავებლის ოჯახის წევრები აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული დამქირავებლის ბინაში. აპელანტის მითითებით მას, როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრს უფლება ჰქონდა მოეხდინა სადავო ბინის პრივატიზება და გამხდარიყო ამ ბინის თანამესაკუთრე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის განჩინებით საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმული იქნა თბილისის ¹... სანოტარო კანტორა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა.-ის სარჩელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება 1994წ. 24 მარტს ვ. ჩ.-ესა და ¹... საბინაო-საექსპლუატაციო ორგანოს შორის დაიდო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107-ე დადგენილების თანახმად. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტით საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მე-2 პუნქტით, მოქალაქის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა ¹57-ში რეგისტრირებული იყვნენ ვ. ჩ.-ე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ნ. ა.-ის განმარტებით, იგი 1991 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ვ. ჩ.-ესთან და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას, ამდენად სააპელაციო პალატის აზრით, მას იმის გათვალისწინებით, რომ ბინის ქირას აღარ იხდიდნენ, ხელშეკრულების დადების შესახებ მისი დადების მომენტიდან უნდა სცოდნოდა. სკ-ს 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა ექვსი წელი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ასეთად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინების არსებობა სკ-ს 133-ე მუხლით მხოლოდ მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე აჩერებს ხანდაზმულობის ვადის დენას, ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა კი ამ ურთიერთობის ფარგლებს სცილდება, ნ. ა.-ის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 2001წ. 9 ნოემბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა.-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 1994წ. 24 მარტის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა:

კასატორის მითითებით, ბინის სადავო პრივატიზების ხელშეკრულების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001 წელს, ხელშეკრულება დაიდო ნ. ა.-ის თანხმობის გარეშე და ამ დროიდან მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, რითაც არ დაურღვევია სკ-ით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარზე შეპასუხება შეიტანა ვ. ჩ.-ემ, მისი მითითებით საკასაციო საჩივარი წარმოადგენს რაიონულ და საოლქო სასამართლოში განხილული საკითხების განმეორებას. იგი არ შეიცავს ახალ გარემოებებს და ფაქტებს. ამასთან საკასაციო საჩივარი დაგვიანებით არის შეტანილი, რადგან სსკ-ს 397-ე მუხლით თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ნ. ა.-მა კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 31 ოქტომბერს. ამდენად, ვ. ჩ.-ე მიიჩნევს, რომ ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარის – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმოადგენელმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, მართალია, დასაშვებია, მაგრამ დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის ვ. ჩ.-ის მოსაზრებას, სსკ-ს 397-ე მუხლის საფუძველზე, ნ. ა.-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის გამო. რადგან ბინის პრივატიზების შესახებ დავები სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებს, მათი სასამართლოში განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციფიურობის გათვალისწინებით. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით, განსხვავებით ვ. ჩ.-ის მიერ მითითებული სსკ-ს 397-ე მუხლის მეორე ნაწილისა, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პროცესის მონაწილე პირს გადაწყვეტილების გამოცხადების მიუხედავად, სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება კასატორ ნ. ა.-ს ხელზე პირადად ჩაბარდა 2002წ. 7 ოქტომბერს, ხოლო საკასაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 31 ოქტომბერს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმის დაცვით შეტანილია ერთი თვის ვადაში, ამიტომ ვ. ჩ.-ის მოთხოვნა, დაუშვებლობის მოტვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, უსაფუძვლოა.

2. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ. ა.-ს უარი ეთქვა ვ. ჩ.-ის მიერ 1994წ. 24 მაისს განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილად ცნობაზე, ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის აღძვრის გამო, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მეუღლის ვ. ჩ.-ის მიერ ერთად ცხოვრების პერიოდში, 1994 წელს განხორციელებული ბინის პრივატიზების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2001 წელს. სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად: “ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ”. კასატორის ყოფილმა მეუღლემ ვ. ჩ.-მ თბილისში, ... მდებარე ¹57 ბინის სადავო პრივატიზება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, 1994წ. 24 მარტს განახორციელა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე. “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” ზემოაღნიშნული დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით, მთელს საქართველოში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეებზე საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული უფლების რეალიზება შეუზღუდავად შეეძლოთ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს. კასატორ ნ. ა.-ს სწორედ მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე პრივატიზებული აქვს ... ¹51 კორპუსში მდებარე ოროთახიანი ბინა ¹128, კასატორის მამას გ. ა.-საც ასევე აქვს პრივატიზებული ... მე-11 კორპუსში მდებარე სამოთახიანი ბინა ¹52. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორ ნ. ა.-ს შეეძლო და უნდა სცოდნოდა ვ. ჩ.-ის მიერ თანაცხოვრების პერიოდში, 1994 წელს განხორციელებული ბინის სადავო პრივატიზების შესახებ, რადგან თავადაც და მისმა ოჯახის წევრებმაც (მშობლებმაც) ისარგებლეს ¹107 დადგენილებით საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მინიჭებული ბინის უსასყიდლოდ პრივატიზების უფლებით. ამიტომ საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად თვლის კასატორის მითითებას, რომ 1994წ. ბინის პრივატიზების შესახებ მისთვის თითქოს ცნობილი გახდა განქორწინების შემდეგ, 2001 წელს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის მოტივით ნ. ა.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. გარდა სარჩელის ხანდაზმულობისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ა.-ს სარჩელი ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ არსებითადაც უსაფუძვლოა, რადგან “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით: საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი ოჯახის სრულწლოვან წევრებს შეიძლება გადასცემოდათ საერთო საკუთრებაში. ამ პერიოდისათვის მოქმედი სკ-ს 104-ე მუხლის I-II ნაწილის მიხედვით კი მოქალაქეს პირად საკუთრებად შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი), ხოლო ერთად მცხოვრებ მეუღლეებს და მათ არასრულწლოვან შვილებს ასევე შეიძლება ჰქონოდათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი), რომელიც შეიძლება ერთ-ერთი მათგანის საკუთრება ყოფილიყო ან მეუღლეთა საერთო საკუთრება. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე კასატორმა ნ. ა.-მაც მოახდინა ... მდებარე უსასყიდლო პრივატიზება და ბინა მისი კერძო საკუთრება გახდა. ამიტომ სკ-ს 104-ე მუხლიდან გამოდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რადგან ბინის სადავო პრივატიზების განხორციელების პერიოდისათვის კასატორს უკვე გააჩნია კერძო საკუთრების ერთი ბინა, მისი მოთხოვნა ყოფილი მეუღლის ვ. ჩ.-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილობაზე მისი თანხმობის არარსებობის გამო, არათუ უსაფუძვლოა, არამედ ეწინააღმდეგება იმჟამად მოქმედ სამოქალაქო კანონმდებლობას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სს-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენა-შეფასებითა და კანონის სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.