გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-456-კ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 ივნისს მოსარჩელე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» დირექტორმა ბ. ა-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1988წ. 8 ივლისს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებსა და მშენებლობის სამინისტროს ¹9 სამშენებლო ტრესტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ.გორში, წ-ის დასახლებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობის, კერძოდ, ორი ოცდახუთბინიანი კორპუსის მშენებლობას. იმავე წლის აგვისტოში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივმა ქ.გორში მდებარე «ბ-ის» ¹... ანგარიშზე შეიტანა 335300 მანეთი.
მოსარჩელის განმარტებით, იმავე ხელშეკრულებით აღნიშნული ბინათმშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1989წ. მესამე კვარტალში, მაგრამ საქართველოში იმ დროს შექმნილი ვითარების გამო მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დასრულდა.
სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1992წ. დეკემბერში კოოპერატივმა მიიღო მითითება ქ.გორის კომუნალური სამსახურისაგან, რომ ბინათმშენებლობის დასაწყებად სასწრაფოდ დაეფარათ მთლიანი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად გადასახდელი თანხის 60% ხელშეკრულების თანახმად უნდა გადაეხადათ 2013წ. ბოლომდე. კოოპერატივის წევრებმა 1992წ. დეკემბერში დამატებით გადაიხადეს 493623 მანეთი, მაგრამ არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული კორპუსები აშენებულა და არც გადახდილი თანხა დაბრუნებიათ კოოპერატივის წევრებს.
მოსარჩელის განმარტებით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივმა და მისმა წევრებმა სრულყოფილად შეასრულეს 1988წ. 8 ივნისის ხელშეკრულება, რაც გამოიხატა თანხის მთლიანად გადახდაში, მაგრამ სახელმწიფომ არ შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით კოოპერატივის წევრების მიერ იმ დროს გადახდილი თანხა შეადგენდა სულ 553125 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის 553125 აშშ დოლარის, აგრეთვე, ათი წლის მინიმალური პროცენტის _ ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით კოოპერატივ «წ-ის» თავმჯდომარის ბ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება კოოპერატივ «წ-ის» თავმჯდომარე ბ.ა-ის წარმომადგენელმა კ.ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორის განმარტებით, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, ვინაიდან სასარჩელო განცხადება ადმინისტრაციული წესით განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის შემადგენლობამ, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ კოოპერატივების დავალიანება ცნო სახელმწიფომ და აღნიშნულ საკითხს არეგულირებს კანონი «სახელმწიფო ვალის შესახებ», ხოლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტი, რომ საქართველოს 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებით სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების შესრულების ვადა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განისაზღვრა 1999წ. IV კვარტლიდან 2005 წლამდე ეტაპობრივად და ამ გადაწყვეტილებით თურმე არ დამდგარა ვალდებულების შესრულების ვადა, არასწორადაა განმარტებული, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებაში მითითებულია, რომ დავალიანების დაფარვა უნდა მოხდეს 2005 წლამდე ეტაპობრივად და არა 2005წ. შემდეგ, ხოლო კოოპერატივ «წ-ისათვის» ვალის ნაწილობრივი დაფარვაც არ დაწყებულა.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 1512-ე მუხლისა და «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის შესაბამისად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში ბინათმშენებლობისათვის მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხები სახელმწიფომ აიღო საშინაო ვალში და ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრებს სახელმწიფოსაგან ეკუთვნით ქ.გორში, წყალწმინდის დასახლებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის, მათ მიერ 1988წ. აგვისტოში გადახდილი 335300 მანეთისა და 1992წ. დეკემბერში გადახდილი 493623 მანეთის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, მაგრამ ამ დროისათვის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრებს არ გააჩნიათ მათ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
«სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
«საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა 1999წ. 30 ივნისს გამოსცა ¹413 ბრძანებულება «ზოგიერთი სახის კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ», რომლის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999წ. 11 ოქტომბერს მიიღო ¹226 ბრძანება «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის დამტკიცების შესახებ». აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების თითოეული წევრის საკომპენსაციო ერთჯერადი განაცდურის ოდენობა განისაზღვრა 1 კვ.მ საერთო ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ დადგენილი სიების საფუძველზე რიგითობის დაცვით. კოოპერატივის წევრთა თანხებით დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება თვით კოოპერატივის საერთო კრების წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით, რომელიც გადაეცემა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას, რათა მან მითითებული რიგითობის დაცვით აანაზღაუროს თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრთა მიერ ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე დადგენილი რიგითობისა და წესების დაცვით. საქმის მასალებიდან და კასატორის განმარტებიდან კი ირკვევა, რომ კოოპერატივის წევრთა თანხებით დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრის თაობაზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» საერთო კრება არ ჩატარებულა და არც საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის არის ცნობილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრთა მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრებს საკომპენსაციო თანხების მიღების უფლება ექნებათ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ დადგენილი სიების საფუძველზე რიგითობის დაცვით.
ამასთან, «საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ» საქართველს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების შესრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად 1999წ. IV კვარტლიდან 2005 წლამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 366-ე მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო ვალდებულების შესასრულებლად, კრედიტორს არ შეუძლია შესრულება ვადამდე ადრე მოითხოვოს. ამდენად, საქმის განხილვის დროისათვის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» წევრთა მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, რადგანაც მათი რიგითობა ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით უნდა იყოს განსაზღვრული და ფინანსთა სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, შეცვალოს დადგენილი რიგითობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» მოთხოვნა, მისი წევრების მიერ გადახდილი თანხების სახელმწიფოსგან ანაზღაურების შესახებ, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა, რადგანაც მოთხოვნის ვადა ჯერ დამდგარი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «წ-ის» თავმჯდომარე ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.