Facebook Twitter

3გ-ად-456-კ-02 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საზოგადოების პირადი აღრიცხვის ბარათიდან დარიცხული დავალიანების ჩამოწერა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ი-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გარდაბნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის და მესამე პირის საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია “მ-ეს” მიმართ და მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კონტროლის სამმართველომ შეამოწმა შპს “ი-ის” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა. შემოწმების აქტით შპს “ი-ს” ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა 110306,4 ლარი, რომელიც შესასრულებლად გაეგზავნა გარდაბნის რაიონულ ინსპექციას.

შემოწმების აქტის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შემდგომში წარმოებით შეწყდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით და იუსტიციის სამინისტოს ექსპერტიზის ცენტრის მიერ ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იქნა, რომ შპს “ი-ის” მიერ გადახდილი იყო “მ-ეს” სახელით შემოტანილი საწვავის მთლიანი ღირებულება და გადასახადები. მათ შორის დღგ. შემოწმების აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ 1103064 ლარის გადაუხდელობა არ დადასტურდა და ექსპერტიზის აქტის საფუძველზე შპს “ი-ის” დაეკისრა 9808,86 ლარი, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გადახდილი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად პროკურატურის მიმართვისა და მათ მიერ მრავალგზის მოთხოვნისა, მოპასუხეს შპს “ი-ის” პირადი აღრიცხვის ბარათზე შესწორება არ შეუტანია და შემოწმების აქტის საფუძველზე უკანონოდ დარიცხული დავალიანება არ ჩამოუწერია. ამიტომ ითხოვდა გარდაბნის რაიონულ საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა შპს “ი-ის” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოეწერა საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 12 ივნისის შემოწმების აქტით უსაფუძვლოდ დარიცხული დღგ-ს დავალიანება.

მოპასუხე – გარდაბნის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციამ და მესამე პირმა საქველმოქმედო ასოციაცია “მ-ემ” სარჩელი ცნეს და აღნიშნეს, რომ შპს “ი-ის” სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 11 თებერვალს შპს “ი-ს” და საქველმოქმედო კავშირ “მ-ეს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “მ-ეს” სახელზე გამოგზავნილი ტვირთის 747763 კგ ლ-40 მარკის დიზელის საწვავის გადამისამართდა. ხელშეკრულების თანახმად “მ-ე” განახორციელებდა შპს “ი-ის” სახსრებით მის სახელზე გამოგზავნილი ტვირთის განბაჟებას. ამავე ხელშეკრულებით შპს “ი-ი” განახორციელებდა სრულ ანგარიშსწორებას საწვავის მიმწოდებელთან. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულებების მიხედვით ყველა ოპერაცია შესრულებული იყო სათანადო ნორმების დაცვით, “მ-ეს” არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საქონლის განბაჟება-რეალიზაციაში და არანაირი თანხა არ მიუღია საწვავის რეალიზაციიდან.

ასევე მიუთითა, რომ პროკურატურის 2000წ. 13 ნოემბრის დადგენილებით დადასტურებული იყო რომ შპს “ი-ის” მხრიდან გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ საფუძვლებით:

სასარჩელო განცხადებით მოპასუხეს წარმოადგენდა გარდაბნის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, როდესაც მოთხოვნის საფუძველი იყო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მნიშვნელოვან საქმეთა კონტროლის სამმართველოს შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც შპს “ი-ის” დაერიცხა 110306.4 ლარი გადასახდელად პირად ბარათზე. მიაჩნდა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული აქტის ბათილობა არ მოუთხოვია და მოპასუხედ აქტის შემდგენი სამმართველო არ მოუწვევია, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა არასათანადო მოპასუხის მიმართ. ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებული იყო, გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო არცერთ სამართლებრივ ნორმაზე, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კონტროლის სამმართველოს 2000წ. 12 ივნისის აქტის ბათილად ცნობაც მოითხოვა. ხოლო მოპასუხეებად საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, გარდაბნის რაიონის საგადასახადო ინსპექცია და მესამე პირად საბაჟო დეპარტამენტი მიუთითა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კონტროლის სამმართველოს 2000წ. 12 ივნისის აქტი ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი და დაევალა გარდაბნის რაიონის საგადასახადო ინსპექციას ჩამოეწერა შპს “ი-ის” პირადი ბარათიდან უკანონოდ დარიცხული 102665 ლარი და 54 თეთრი.

სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქველმოქმედო კავშირ “მ-ეს” მიერ აზერბაიჯანის ფირმა “ს-ისაგან” მიღებული 747763 კვ.მ ლ-40 მარკის დიზელის საწვავზე, საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, გადახდილი თანხა გადაიხადა შპს “ი-მა” მანვე განახორციელა ანგარიშსწორება საწვავის მიმწოდებელთან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის 1995წ. 31 იანვრის ¹16 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის, “საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისათვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციების გაფორმების შესახებ” 3.1 მუხლის თანახმად “საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქონლის გამგზავნის ან მიმღების მიერ დამოუკიდებლად საწარმოებისა, ორგანიზაციების ან იურიდიული პირების ხელშეკრულების საფუძველზე” და საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლას ექვემდებარებოდა საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ-ს თანხა, რომელიც შპს “ი-მა” გადაიხადა განბაჟებისას, მიუხედავად იმისა, რომ შპს “ი-მა” საწვავი ანგარიშფაქტურის გარეშე მიიღო და მიუთითა, რომ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2000წ. 10 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შპს “ი-ის” დავალიანება ბიუჯეტისადმი შეადგენდა 9808,96 ლარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა გასაჩივრებული აქტის არაკანონიერებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და სააპელაიცო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა გასაჩივრებული აქტის ავტორის დასწრების გარეშე, რითაც დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს “ი-ის” მიერ სასარჩელო მოთხოვნის გადიდება, თუმცა იგი არ წარმოადგენდა აპელანტს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ი-ის” სარჩელი და დაევალა გარდაბნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შპს “ი-ის” პირადი აღრიცხვის ბარათიდან დავალიანების 110306,4 ლარის ჩამოწერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

შპს “ი-მა” სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კონტროლის სამმართველოს 2000წ. 12 ივნისის აქტის – სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს “ი-ისათვის” 110306,4 ლარის დარიცხვის შესახებ – ბათილად ცნობა და ამ აქტის საფუძველზე შპს “ი-ის” პირად ბარათზე დარიცხული დავალიანების ჩამოწერა.

დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დასახელებული იქნა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. საქმეში არ მოიპოვება შპს “ი-ის” დაზუსტებული სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების განჩინება, მისი განხილვის მიზანშეწონილობის საკითხი გადაწყდა სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის მთავარ სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა მოპასუხედ დასახელებული საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელი და მისთვის ცნობილი არ ყოფილა დაზუსტებული სასარჩელო განცხადების განხილვის შესახებ. ხოლო, მანამდე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე საგადასახადო დეპარტამენტის საპროცესო სტატუსი განსაზღვრული არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო პალატა იზიარებს კასატორის მოტივს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის დარღვევის შესახებ, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქარველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.