Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-459-კ-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ც-ემ და მისმა მეუღლემ _ ნ. თ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილების მიმართ და მიუთითეს, რომ ვ. ც-ე არის სამამულო ომის მონაწილე და პირველი ჯგუფის ინვალიდი, ღებულობს პენსიას 45 ლარის ოდენობით, ხოლო ნ. თ-ე – 14 ლარის ოდენობით. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ» 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის თანახმად მათ აქვთ ორი სახეობის ომის ინვალიდობის (45 ლარი) და მოხუცებულობის გამო (შრომის წევრთა ნამსახურობისათვის) პენსიის ერთდროულად მიღების უფლება. რის გამოც, მოითხოვეს კანონის ძალაში შესვლის დღიდან მეორე სახის პენსიის, 42 ლარის დანიშვნა და განვლილი პერიოდის თანხების ანაზღაურება.

ანალოგიური სარჩელით სასამართლოს მიმართეს გ. მ-მა, ი. ტ-ემ, ქ. ხ-ემ, ნ. ბ-ემ, გ. მ-ემ, ს. ქ-ემ, ს. თ-ემ, ტ. ლ-ემ, ლ. მ-ემ, ვ. ბ-ემ და მოითხოვეს საპენსიო დავალიანების – 187889,60 ლარის გადახდა.

სარჩელი დასაბუთებული იყო იმით, რომ მათ, როგორც სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს ეკუთვნოდათ ორი სახეობის პენსია _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო სახეობა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა ზემოთდასახელებული თანხა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ ორივე საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და საბოლოოდ, 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებას დაევალა მოსარჩელეების: გ. მ-ის, ქ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ის და ვ. ც-ისათვის 2001წ. 1 დეკემბრიდან მოხუცებულობის პენსიის, ასევე ორი მინიმალური პენსიის, 42 ლარის ოდენობის დანამატის დანიშვნა.

2. მოპასუხეს დაევალა დასახელებულთაგან თითოეულისათვის მოპასუხისადმი განცხადებით მიმართვის დღიდან სამი თვის პერიოდის პენსიის, 126 ლარის გადახდა.

3. გ. მ-ის, ქ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ის და ვ. ც-ის სარჩელი 1997წ. იანვრიდან საპენსიო თანხის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. ი. ტ-ის, გ. მ-ის, ს. ქ-ის, ს. თ-ის, ლ. მ-ის, ვ. ბ-ის და ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დასაბუთებული იყო იმით, რომ გ. მ-ი, ქ. ხ-ე, ნ. ბ-ე, ტ. ლ-ე და ვ. ც-ე არიან ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილენი, შეუსრულდათ 75 წელი, არიან ომის I და II ჯგუფის ინვალიდები და შესაბამისად, მათზე ვრცელდება «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს 1996წ. 18 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლი და მათ აქვთ ორი სახეობის – ომის ინვალიდობის და მოხუცებულობის გამო პენსიის, ერთდროულად მიღების უფლება.

მოპასუხის მიერ სარჩელის უარსაყოფად მითითებული გარემოება ის, რომ დასახელებული პირები არ მიეკუთვნებოდნენ ოფიცერთა შემადგენლობას, გავლენას არ ახდენს სარჩელის დაკმაყოფილების საკითხზე, რადგანაც კანონის «ბ», «გ» და «დ» პუნქტებიდან აშკარად ჩანს, რომ ორი სახეობის პენსიით უზრუნველყოფის უფლება ენიჭებათ არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგითი შემადგენლობის მეომრებსაც.

ვ.ქ-ისათვის სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია ის, რომ იგი არ პასუხობს ზემოთმითითებული კანონის მე-60 მუხლით დადგენილ პირობებს: მართალია იგი ომის მონაწილე და 75 წელს გადაცილებულია, მაგრამ სამხედრო სამსახურის გავლისას არ დაინვალიდებულა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილებისა და ს.ქ-ის მიერ.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სააპელაციო საჩივრის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ გ.მ-ზე, ქ.ხ-ეზე, ნ.ბ-ეზე, ტ.დ-სა და ვ.ც-ეზე არ ვრცელდებოდა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წეთრვა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლი, ვინაიდან ეს უკანასკნელნი არ მიეკუთვნებოდნენ ოფიცერთა შემადგენლობას.

თავის მხრივ ს.ქ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ფონდი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მხარე უტოვებდა იმ გარემოებას, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლი ადგენს რა საპენსიო უზრუნველყოფის სპეციალურ სუბიექტს, საკმარისად მიიჩნევს, რომ აღნიშნული იყოს 75 წელს გადაცილებული ომის მონაწილე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატამ გაიზიარა რა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი 2002წ. 17 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ს,ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; დააკმაყოფილა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. მ-ის, ჯ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ის და ვ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მითითებულ პირებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ს. ქ-ის, ვ. ც-ის, გ. მ-ის, ნ. ბ-ის, ჯ. ხ-ის, ტ. ლ-ის, ვ. ბ-ის, ი. ტ-ის, გ. მ-ის და ს. თ-ის მიერ.

კასატორები საკასაციო საჩივარს საფუძვლად მიუთითებდნენ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორი განმარტება მიეცა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონს, რამაც გამოიწვია უკანონო გადაწყვეტილების მიღება და მათი უფლებების შელახვა. აღნიშნულის შესაბამისად ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილებულ იქნებოდა მათი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ გ. მ-ს, ქ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ისა და ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ს.ქ-ეს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ი. ტ-ის, გ. მ-ის, ს. თ-ის და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნას დაუსწრებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. მ-ი, ქ. ხ-ე, ნ. ბ-ე, ტ. ლ-ე და ვ. ც-ე არიან 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეები, 75 წელს გადაცილებულები, ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები.

მითითებული პირები «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის თანახმად ითხოვენ მათზე საპენსიო შეღავათების გავრცელებას და ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას. მითითებული ნორმის მიხედვით «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან კათანაბრებულ პირებს, რომელთაც უკვე შეუსრულდა 75 წელი და ან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსია – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურებისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულ პირებზე არ შეიძლება გავრცელდეს მითითებული მუხლის მოქმედება ვინაიდან მათ ომის შემდგომ არ გაეგრძელებიათ სამხედრო სამსახური, არა აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ი, ქ. ხ-ე, ნ. ბ-ე, ტ. ლ-ე და ვ. ც-ე არიან «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ბ» გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის სუბიექტები, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგი დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეები».

მითითებულ ხუთივე პიროვნება სწორედ დიდ სამამულო ომშია დაინვალიდებული და მიეკუთვნებიან მითითებული კანონის მე-19 მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ ომის ინვალიდებს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები: გ.მ-ი, ქ.ხ-ე, ნ.ბ-ე, ტ.ლ-ე და ვ.ც-ე აკმაყოფილებენ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის საჭირო პირობებს, რის გამოც ომის ინვალიდობისათვის დანიშნულ პენსიასთან ერთად მოსარჩელეებს უნდა დაენიშნოთ მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო, მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის (42 ლარი) დანამატით.

რაც შეეხება ს.ქ-ის მოთხოვნის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს ახრით აღნიშნულს სწორად ეთქვა უარი და ამდენად არ არსებობს მისი დაკმაყოფთილების საფუძველი.

კერძოდ, ს.ქ-ე არის დიდი სამამულო ომის მონაწილე და 75 წელს გადაცილებული, რითაც ის აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის I და II კრიტერიუმებს, მაგრამ ორი სახეობის პენსიის დანიშვნა –მიღებისათვის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მესამე არსებით პირობას – I და II ჯგუფის ომის ინვალიდობას. მართალია ს.ქ-ეს უვადოდ დადგენილი აქვს ინვალიდობა, მაგრამ აღნიშნულის დადგენა გამოწვეულია საერთო დაავადების გამო და ამდენად იგი არ არის კანონის I მუხლის «ბ» პუნქტითა და მე-19 მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდი ანუ კასატორი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებული პირი. რის გამოც საკასაციო სასამართლო ს.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ი.ტ-ის, გ.მ-ის, ს.თ-ისა და ვ.ბ-ის საკასაციო საჩივრებს, აღნიშნული მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად შემდეგი მოსაზრების გამო:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მითითებულ პირებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არცერთ მათგანს მხრიდან ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ ყოფილა.

სსკ-ს 264-ე მუხლის I ნაწილის «გ» პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

მითითებული პირების მიმართ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც აღნიშნულ პირთა კასაცია არ აკმაყოფილებს სსკ-ს 401-ე მუხლის მოთხოვნებს და მიჩნეული უნდა იქნას დაუშვებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 386-ე, 399-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. ტ-ის, გ. მ-ის, ს. თ-ის, ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. გ. მ-ის, ჯ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ის და ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

4. გაუქმდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

5. გ. მ-ის, ჯ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ისა და ვ. ც-ის სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილებას დაევალოს მოსარჩელეების გ. მ-ის, ჯ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ტ. ლ-ის და ვ. ც-ისათვის 2001წ. სექტემბრიდან, სასამართლოსათვის განცხადების მიმართვიდან მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა ამავე პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით, კერძოდ ყოველთვიურად 42 ლარის ოდენობით.

6. საქარველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.