Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-461-კ-02 21 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2000წ. 26 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შპს “...-ის" მაღაზია “ბ-მა" სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ვაკის რაიონის განყოფილების მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წილს 1 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მაღაზია “ბ-ის" დაცვის თაობაზე.

1999წ. დეკემბერს მაღაზიაში მოხდა ხანძარი, რითაც მოსარჩელემ განიცადა ზარალი 15223 აშშDდოლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხანძარი გამოიწვია მოპასუხის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რის გამოც მიმართა მას ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო.

იმ ფაქტს, რომ ხანძარი მაღაზია “ბ-ში" გაჩნდა მოპასუხის უხეში გაუფრთხილებლობით, მოსარჩელე ადასტურებს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქ. თბილისის ვაკის რაიონის ხსს ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რომლის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხანძრის მიზეზი იყო ავტომატური ელექტროდამუხტვის მოწყობილობიდან გამავალი 0,5 მმ კვეთის სადენის გადატვირთვა და მისი აალება. ეს დასკვნა სრულ შესაბამისობაში იყო 1999წ. 8 დეკემბერს სპეციალისტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებთან. ნივთმტკიცების სახით სპეციალისტისათვის წარდგენილ იქნა ხანძრის გამოწვევის სავარაუდო წყარო, კერძოდ, ავტომატური ელექტროდამუხტვის მოწყობილობა, მასში შემავალი და გამომავლი სადენები. დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებული იყო, რომ ავტომატური ელდამუხტვის მოწყობილობიდან გამომავალი 2 მმ კვეთის სადენზე კუსტარულად შემოხვეული იყო 0,5 მმ კვეთის დიამეტრის სპილენძის მრავალძარღვოვ ანი ელექტროსადენი, რომლის ბოლოზეც აღინიშნებოდა ნადნობი. სწორედ სადენების კვეთის ამ შეუსაბამობამ გამოიწვია გადატვირთვა ქსელში, რაც გახდა აალების მიზეზი, ანუ ხანძრის წარმოშობის უშუალო მიზეზი ქსელის გადატვირთვა იყო.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხანძრამდე ერთი დღით ადრე, 1999წ. 29 ნოემბერს, “დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის გახსნის და დათვალიერების" შედგენილ აქტში მითითებულ იქნა, რომ მაღაზია “ბ-ში" გადაიწვა აკუმულატორი და მისი დამცველი. იქვე აღინიშნა, რომ ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ა-ემ და კ-მა დატენეს აკუმულატორი და გამოცვალეს დამცველი. აღნიშნული აქტით და მაღაზიის თანამშრომელთა ჩვენებით დადგინდა, რომ სწორედ იმ დროს კუსტარული წესით მიუერთეს 0,5 მმ კვეთის სადენი 2 მმ კვეთის სადენს, რამაც გამოიწვია ქსელში გადატვირთვა და რაც საბოოლოდ ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ელექტროდამმუხტველი მოწყობილობა მაღაზია “ბ-ის" სახსრებით შეიძინა და დაამონტაჟა მოპასუხემ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999წ. 1 დეკემბრის ღამეს ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებაში არ შესულა განგაშის სიგნალი და როდესაც ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მეხანძრეები იქ დახვდნენ. მანამდე კი ხანძარი შენიშნეს მეზობელი მაღაზიის თანამშრომლებმა, რომლებმაც აცნობეს ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებას და იმავე რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმს. მათი ჩარევითა და არა მოპასუხის თანამშრომელთა რეაგირებით, გადარჩა მაღაზია “ბ-ი" ხანძრისაგან სრულ განადგურებას.

მოსარჩელის განმარტებით, ზარალის განსაზღვრის მიზნით 1999წ. დეკემბერში აღწერა ჩაატარა სპეციალურმა კომისიამ, რაც წინასწარ ეცნობა ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებას, მაგრამ შემდგომ თავისივე სურვილით ისინი არ დაესწრნენ აღწერის პროცედურას.

ამდენად, მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ხანძრის წყარო წარმოიშვა მოპასუხის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც სკ-ს 992-ე და 1001-ე მუხლების საფუძველზე ითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 15223 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივლისის განჩინებით შპს “...-ის" მაღაზია “ბ-ი" მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და იგი შეიცვალა სათანადო მოსარჩელე შპს “...-ით". იმავე სასამართლოს 2000წ. 25 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქ. თბილისის ვაკის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილება _ მესამე პირად.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 15 დეკემბერს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით, იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რადგან მესამე პირებად არ ჩააბა ის ორი ფიზიკური პირი, რომელთა ვითომდა უხეში გაუფრთხილებლობით გაჩნდა ხანძარი მაღაზია “ბ-ში".

გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევამ მას თვითონვე მიაყენა ზიანი, რადგანაც ხანძრის შედეგებსა და ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ამასთან, იგი ხელშეკრულების თანახმად ვალდებული იყო, დაეზღვია თავისი ქონება ყველანაირი ზიანისაგან, დანაკარგებისაგან და რისკისაგან.

საკასაციო საჩივრით კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2003წ. 19 მარტს საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.'

კასატორი დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მხარედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო ფინანსთა სამინისტრო, რადგანაც მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა სახელმწიფო უწყებისგან.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ-ს 992-ე და 1001-ე მუხლებით, გარდა ამისა, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიიღო არასწორი განჩინება.'ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ სსსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე პუნქტის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირის განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორს არ შემოუტანია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი განყოფილების მთავარი ...ის, პოლიციის უფროს ლეიტენანტ დ. ხ-ის მიერ 1999წ. 8 დეკემბერს გაცემული სპეციალისტის დასკვნა და შპს “...-ის" დამფუძნებელთა და თანამშრომელთა კრების 1999წ. 2 დეკემბრის ¹14 ოქმის მონაცემები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორს აღნიშნულის უარსაყოფად არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ მხრივ ახორციელებენ მისი ორგანოები (სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შპს “...-ს" მართლსაწინააღმდეგო, გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენა ზიანი, რის გამოც ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ დელიქტის დროს ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომლის ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან და რომლის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ბრალის ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო დარღვევებს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც საქმეზე სწორი განჩინება გამოიტანა სააპელაციო სასამართლომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.