3გ-ად-463-კ-02 29 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანამდებობაზე დანიშვნა და ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ივლისს მ. კ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ 1998 წლიდან იგი საზღვაო ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2000 წლიდან იგი საზღვაო ადმინისტრაციის კადრებისა და საიდუმლო საქმეთა განყოფილების უფროსად იქნა დანიშნული, 2001წ. 3 იანვრიდან კი იმავე ორგანიზაციაში კადრებისა და კანცელარიის უფროსად დაინიშნა.
საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის 2001წ. 30 დეკემბრის 43/ა ბრძანებით, რეორგანიზაციის მოტივით, მ. კ.-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე დ.ც-ის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი ჩამოქვეითდა და საზღვაო ადმინისტრაციის კადრებისა და სპეციალური სამუშაოების სპეციალისტად დაინიშნა.
მოსარჩელემ აქვე დაამატა, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2002წ. 12 ივნისის ¹18/კ გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი საშტატო ერთეული ადმინისტრაციის აპარატის უფროსის სახით და მითითებულ თანამდებობაზე დ. ლ.-ე დაინიშნა. მოსარჩელის მოსაზრებით, ახალი საშტატო ერთეულის შემოღებით მისი შემცირებული შტატი კვლავ აღსდგა, რის გამოც ამ თანამდებობაზე უპირატესად დანიშვნის უფლება მას გააჩნდა და არა დ. ლ.-ს.
მოსარჩელემ, საბოლოოდ, ლ.-ის დანიშვნის შესახებ 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, მისი აპარატის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ხელფასებს შორის სხვაობისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა.
საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელი შეცვალა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა ამ მოტივით, რომ ახალი შტატი (აპარატის უფროსი) იგივე უფლება-მოვალეობებს მოიცავდა, რასაც მისი ყოფილი თანამდებობა, ამდენად, აპარატის უფროსის თანამდებობაზე უპირატესი დანიშვნის უფლებაც მას ჰქონდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მ. კ.-ის სარჩელი არაკანონიერი იყო, რადგან იგი არასდროს ყოფილა აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული და მისი მოთხოვნა ამ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან. სასამართლომ აქვე დაამატა, რომ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსს ორგანიზაციის დებულება აპარატის თანამშრომლების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას დაევალა 2002წ. საშტატო განრიგის შესაბამისად მ. კ.-ე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსად დაენიშნა და მისთვის კადრების უფროსისა და აპარატის უფროსის ხელფასებს შორის არსებული სხვაობა (2002წ. 12 ივნისიდან გადაწყვეტილების მიღებამდე) აენაზღაურებინა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ.-მ დარღვეული უფლებების აღსადგენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთ თვიან ვადაში, შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოსარჩელის მხრიდან სარჩელის საგნის შეცვლას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ სარჩელის დაზუსტება მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თანამდებობა სახეშეცვლილ კადრებისა და კანცელარიის უფროსის თანამდებობის წარმოდგენა და მ. კ.-ის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აპარატის უფროსის თანამდებობა პირველ რიგში მისთვის უნდა შეეთავაზებინა _ მართებული იყო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა _ კ. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა სარჩელის საგნის შეცვლას, არამედ სარჩელის დაზუსტებას და განმარტა, რომ «აღდგენა” და «დანიშვნა” სხვადასხვა შინაარსის შემცველი სიტყვები იყო და მათი იდენტური შინაარსით გაგება შეუძლებლი იყო. კასატორმა აქვე დაამატა, რომ მ. კ.-ს ადმინიტრაციის აპარატის უფროსის თანამდებობა არასოდეს ჰქონია დაკავებული და მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, მისი ყოფილი შტატი კი ახალი საშტატო განრიგის შესაბამისად აღარ არსებობდა და რეორგანიზაციის შესაბამისად სრულიად ახალი _ აპარატის უფროსის თანამდებობა ჩამოყალიბდა.
კასატორმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: მოსარჩელე მ. კ.-ე 2001წ. 30 დეკემბრის 43/ა ბრძანებით, საზოგადოების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა დაკავებული კადრებისა და კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან. 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი ადმინისტრციის კადრებისა და სპეციალური სამუშაოების სპეციალისტად დაინიშნა. 2002წ. 12 ივნისის საზღვაო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი საშტატო ერთეული _ აპარატის უფროსის თანამდებობა და ამ თანამდებობე დ. ლ.-ე დაინიშნა.
საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ მ. კ.-ის სასარჩელო განცხადება მისი აპარატის უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა, სასამართლო პროცესზე მხარეთა პაექრობისას კი მან სარჩელის საგანი შეცვალა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მისი დანიშვნა მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. კ.-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სარჩელის დაზუსტებას და განმარტავს, რომ «თანამდებობაზე დანიშვნისა” და «თანამდებობაზე აღდგენის” მოთხოვნებს შორის პრინციპული სხვაობაა და არსებითად სხვადასხვა მოთხოვნებს წარმოადგენენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ.-ის მიერ სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლისას მოპასუხის სავალდებულო წინასწარი თანხმობის შესახებ დარღვეული იყო.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება კასატორის მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:
«საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. «შრომის კანონთა კოდექსის” 34-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ითვალისწინებს, რომ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, ან მუშაკთა რიცხოვნების ან შტატების შემცირების გამო ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ კადრებისა და კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან მ. კ.-ის გათავისუფლება შტატების შემცირების გამო მოხდა, საზღვაო ადმინისტრაციის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აქვე ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავოდ არ გაუხდია.
საქმის მასალებით დადგენილია ის ფაქტიც, რომ განხორციელდა საქართველოს საზღვაო ადმინიტრაციის რეორგანიზაცია, გაუქმდა კადრებისა და კანცელარიის უფროსის საშტატო ერთეული და ოთხი თვის შემდეგ შეიქმნა ახალი _ ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თანამდებობა. საქმეში მოიპოვება როგორც კადრებისა და კანცელარიის განყოფილების უფროსის, ისე აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელშიც ჩამოყალიბებულია ამ თანამდებობათა უფლება-მოვალეობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, ეთანხმება კასატორის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ 2000 წელს დამტკიცებული დებულებით კადრებისა და კანცელარიის განყოფილების უფროსის თანამდებობა პრინციპულად განსხვავდება 2002წ. აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ თანამდებობისგან. ამდენად, საკასაციო სასამრთლო მიიჩნევს, რომ მ. კ.-ის მოთხოვნა, დ. ლ.-ის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი ამ თანამდებობაზე, როგორც მისი ყოფილი თანამდებობის იდენტურ შტატზე, დანიშვნის შესახებ, უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან უსაფუძვლოა მ. კ.-ის მოთხოვნა აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, შესაბამისად, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის 2002წ. 14 ივნისიდან (აპარატის უფროსის თანამდებობაზე დ. ლ.-ის დანიშვნიდან) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მის და აპარატის უფროსის ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;