3გ-ად-464-კ-02 20 მარტი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: საცხოვრებელ ბინაზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლების შენარჩუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ქ.-ემ მოპასუხეების: შ. ტ.-სა და მ. ს.-ის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს პრივატიზებული ჰქონდა ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹7, 8, 9, რომელიც შედგებოდა 6 საცხოვრებელი ოთახისაგან. ¹4 საბინაო საექსპლოატაციო ორგანიზაციის თხოვნით მოსარჩელემ ¹8 ბინის ორ საცხოვრებელ ოთახში დროებითი მდგმურის უფლებით შეუშვა შ. ტ.-ა და მ. ს.-ე. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს საგარანტიო წერილის თანახმად მოპასუხეებისათვის, შ. ტ.-სა და მ. ს.-ისათვის, უნდა მიეცა კეთილმოწყობილი ბინა, მაგრამ აღნიშნული საკითხი არ გადაწყვეტილა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნულის გამო მოპასუხეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ქ.Oბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს ბინის ღირებულებისა და ბინის ქირის გადახდა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა ბინის 3 წლის ქირის – 1080 ლარისა და ოროთახიანი ბინის ან ასეთი ბინის ღირებულების, 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა 2001წ. 31 დეკემბრამდე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება არ შესრულებულა, რის შედეგადაც მოსარჩელის ოჯახი განიცდიდა სივიწროვეს. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეები არ უხდიდნენ მოსარჩელეს არანაირ თანხას და ჩაკეტილი ჰქონდათ მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ორი ოთახი, შესაბამისად, ამ საკუთრებაზე მოსარჩელე ვერ ახორციელებდა მფლობელობის უფლებას.
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხეებს დაეცალათ ბათუმში, ... მდებარე ¹8 ბინის ორი ოთახი და სახლი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაებარებინათ მოსარჩელისათვის.
2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. ქ.-ის სასარჩელო განცხადება: მოპასუხეებს: შ. ტ.-სა და მ. ს.-ეს დაევალათ ქ. ბათუმში ... მდებარე ბინის ¹8 და ¹9 ოთახების გამოთავისუფლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება.
აღნიშნული გადაწყეტილება მოპასუხეებმა: შ. ტ.-მ და მ. ს.-მ გაასაჩივრეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში.
2002წ. 26 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტთა განმარტებით, საქმეში არსებობდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად შ. ტ.-ა დროებით, სახლის აშენებამდე, შესახლებული უნდა ყოფილიყო ლ. ც.-ის ერთოთახიან ბინაში, ბინაზე განკარგვის უფლების გარეშე. ამ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, ნახსენები იყო, რომ ნ. ქ.-ემ გამოთქვა თანხმობა, მისი ბინის ორ ოთახში ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს შეესახლებინა შ. ტ.-ს ოჯახი, ამ უკანასკნელის სახლის აშენებამდე.
სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად მოპასუხეებს: შ. ტ.-სა და მის შვილს, მ. ს.-ეს, გააჩნდათ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹8 ბინის სარგებლობისა და მფლობელობის უფლება მოპასუხეებისათვის საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ შეპირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებამდე. ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოპასუხეები უნდა შესახლებულიყვნენ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. ივლისის ¹570 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საგარანტიო წერილის საფუძველზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემობას, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა შ. ტ.-ს უზრუნველყოფა საგარანტიო წერილში მითითებული ოროთახიანი, 32 კვ.მ ბინით ან 8000 აშშ დოლარით. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და შესაბამისად, აპელანტებს ალოგიკურად მიაჩნდათ აღნიშნული გადაწყვეტილების დაკავშირება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან.
მოპასუხეებმა: შ. ტ.-მ და მ. ს.-მ სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ ნ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ექნებოდა მხოლოდ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაყვეტილების აღსრულების შემთხვევაში.
სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის განხილვისას არ გამოუყენებია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998წ. 25 ივნისის საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის თანახმად მოსარგებლე ვალდებულია, დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, თუ: ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში; ბ)Oმესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის “ა" ქვეპუნქტში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას; ხოლო აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე შეუნარჩუნდებათ შესაბამისი აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობანი.
აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, დაეკმაყოფილებინა ნ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998წ. 25 ივნისის საქართველოს კანონი იცავდა მოპასუხეების, როგორც კანონიერი მოსარგებლეების, უფლებას, რაც მოტივირებული იყო იმით, რომ ეს უფლება წარმოიშვა თავად მესაკუთრის ნების საფუძველზე, რომელიც სკ-ს თანახმად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე ნ. ქ.-ე ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა მოპასუხეები საცხოვრებელი ბინით, სანამ არ დადგებოდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობები ან შეესრულებინა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998წ. 25 ივნისის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. აპელანტებმა განმარტეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ნორმებზე, რითაც უხეშად დაარღვია მოპასუხეების, როგორც კანონიერ მოსარგებლეთა, უფლებები.
სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა: შ. ტ.-მ და მ. ს.-ემ მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოპასუხეებისათვის ნ. ქ.-ის საკუთრებაში არსებული ¹8 და ¹9 ოთახების მფლობელობისა და სარგებლობის უფლების შენარჩუნება.
აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე ნ. ქ.-მ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
შეგებებულ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ითხოვდა აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც შ. ტ.-ა სახლის აშენებამდე, დროებით შესახლებული უნდა ყოფილიყო ლ.Oც.-ას ერთოთახიან ბინაში, ბინაზე განკარგვის უფლების გარეშე, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ, 1993წ. 22 ივნისის ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის ¹125 გადაწყვეტილება.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა ნ. ქ.-ემ განმარტა, რომ მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო კანონიერ ძალაში შესული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანამხადაც შ. ტ.-ს სახლის აშენების სანაცვლოდ უნდა მიეღო ფულადი კომპენსაცია და უნდა გაეთავისუფლებინა მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ბინა.
2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა შ. ტ.-სა და მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო; უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება; დააკმაყოფილა ნ. ქ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი; ძალადაკარგულად ჩათვალა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 22 ივნისის ¹125 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: შ. ტ.-მ და მ. ს.-ემ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხეთა განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე შეუნარჩუნდებათ შესაბამისი აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობანი.
კასატორთა განცხადებით, ახალი სახლის აშენებამდე მოსარჩელე ნ. ქ.-ის ბინაში ისინი შესახლებულები არიან ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. ¹125 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ბათუმის მერიასაც არ შეუსრულებია ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. ¹125 გადაწყვეტილების მოთხოვნები და შესაბამისად, ამჟამად კასატორებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები.
კასატორთა განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. ¹125 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი უსაფუძვლოდ დაუკავშირა სკ-ს 93-ე მუხლს. კასატორები მიუთითებენ, რომ სკ-ს 93-ე მუხლი ეძღვნება გარიგების იმ პირობის ძალადაკარგულად ცნობას, რომელიც აშკარაა, რომ არ დადგება, ე.Oი. იმ პირობის დადგომის შეუძლებლობა, რომელიც აშკარად არ დადგება, იწვევს აღნიშნული გარიგების შეუსრულებლობას. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ განსხვავებით აღნიშნული მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობისაგან, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებული პირობა, რომლითაც განსაზღვრული იყო კასატორთა ცხოვრების ხანგრძლივობა კერძო საცხოვრებელში, ფაქტობრივად, შესრულებულია, რადგანაც მერიამ ცნო სარჩელი და არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შ. ტ.-ს ბინით უზრუნველყოფაზე. კასატორები აცხადებენ, რომ თუ ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებული პირობა ფაქტობრივად შესრულებულია, მაშინ მათთვის გაუგებარია, რა მოტივით ეყრდნობა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა თავის გადაწყვეტილებაში სკ-ს 93-ე მუხლს, რომელშიც საუბარია საწინააღმდეგოზე - პირობის დადგომის შეუძლებლობაზე.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საქმის განმხილველ სხდომაზე აღნიშნული საკითხის წამოჭრისა, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა ხანდაზმულობის იმ ვადაზე, რომელიც ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის და რაც არ დაუცავს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს. საკასაციო საჩივარში განმარტებულია, რომ კანონის თანახმად სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში, საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ, როგორც უფლებააღმჭურველ აქტს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოსარჩელე ნ. ქ.-ე იცნობდა მიღებიდან, 1993 წლიდან. აქედან გამომდინარე, სასამართლოსათვის მას შეეძლო მიემართა ამ აქტის მე-3 პუნქტის ძალადაკარგულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის მერიის გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვეში, რაც არ მომხდარა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა ვალდებული იყო თანაბარ, პარიტეტულ საწყისებზე განეხილა სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები, მან კი სრულიად უსაფუძვლოდ უგულებელყო აპელანტთა, როგორც კანონიერ მფლობელთა, უფლებები და ფაქტობრივად, არც უმსჯელია სააპელაციო საჩივარზე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო სკ-ს 170-ე მუხლი მაშინ, როდესაც არ გაუთვალისწინებია ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ბათუმში, ... მდებარე ¹8 და ¹9 ოთახების მფლობელობისა და სარგებლობის უფლების მოპასუხეებისათვის შენარჩუნებას ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. ¹125 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების დადგომამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 22 ივნისის ¹125 გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ეს გაფართოების მიზნით მიეცა ქ. ბათუმში, ... მდებარე 25 კვ.მ კეთილმოწყობილი ორი ოთახი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ლ. ც.-ს. იმავე გადაწყვეტილებით შ. ტ.-ა დროებით, სახლის აშენებამდე შესახლებულ იქნა ლ. ც.-ის ყოფილ ბინაში. ამ შესახლების საფუძველი იყო ის, რომ შ.Oტ.-ს საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარა დანგრევას და ქ.Oბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საგარანტიო წერილით მას ოროთახიანი ბინა უნდა გამოყოფოდა ახლად მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, მაგრამ სახლი აღარ აშენდა და შ. ტ. შვილთან, მ. ს.-ესთან, ერთად ბინით ვერ დაკმაყოფილდა.
შ. ტ.-მ 1999წ. 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოპასუხე ქ. ბათუმის მერიისაგან ითხოვდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას _ ბინით დაკმაყოფილებასა და იძულებით გაღებული ბინის ქირის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა შ. ტ.-სა და მ. ს.-ის განმარტება, რომ მათ უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ ნ. ქ.-ის კუთვნილი ფართით, როგორც ამას ითვალისწინებდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 22 ივნისის ¹125 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შემდეგ მოსაზრებას: რადგანაც სახლი, რომლის ბინითაც უნდა დაკმაყოფილებულიყო შ. ტ.-, ვეღარ აშენდება, ამიტომაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა შ. ტ.-ს სხვა ბინით დაკმაყოფილება ან ბინის საფასურის, 8000 აშშ დოლარის, გადახდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად სწორად გამოაცხადა ძალადაკარგულად ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993წ. 22 ივნისის ¹125 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ტ.-ა და მ. ს.-ე სადავო ბინაში ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ, რაზეც მათ სასამართლოში წარადგინეს კიდეც ცნობა, რომ სხვა ბინა ჰქონდათ დაქირავებული და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკისრა კიდეც ქ. ბათუმის მერიას ბინის სამი წლის ქირის გადახდა შ. ტ.-ს სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.Oტ.-ს და მ. ს.-ის მოთხოვნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიუხედავად მათ მაინც დარჩეთ უფლება, იყვნენ ნ. ქ.-ის მიერ პრივატიზებული ბინის ორი ოთახის დროებითი მფლობელები, საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ქ.-ე არის სადავო ბინის მესაკუთრე, რის გამოც, სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, მისი სასარჩელო მოთხოვნა, შ. ტ.-სა და მ. ს.-ის მიერ სადავო ოთახების გათავისუფლების თაობაზე, საფუძვლიანია და სწორად დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამათლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ტ.-სა და მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.