¹ 3გ-ად-467-კ-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 11 თებერვალს მოპასუხე საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და აღნიშნა, რომ 1991წ. მაისიდან მუშაობდა საქართველოს შსს ორგანოებში, 2000წ. 15 მაისიდან სამუშაოდ გადავიდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში _ «გ.-ის» დაცვის განყოფილებაში. იმავე წ. 13 ივნისიდან იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მარჯვენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულიოზის დიაგნოზით.
2001წ. ივნისში ადმინისტრაციამ მისთვის შეუტყობინებლად გადაიყვანა კადრების განკარგულებაში შტატების შემცირების საფუძვლით, ხოლო 3 თვის შემდეგ 2001წ. 28 სექტემბერს დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, რის გამოც მოპასუხემ უხეშად დაარღვია შკკ-ს 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 422-ე მუხლით გათვალისწინებული მუშაკთა სამსახურიდან განთავისუფლების წესი. ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ პერსონალურად ეცნობებინა ორი კვირით ადრე. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 22 იანვარს. მოითხოვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2001წ. 13 ივლისიდან.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით ს.გ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა: გაუქმდა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ბრძანება და ს. გ.-ი ჩარიცხულ იქნა შსს კადრების განყოფილებაში მისი შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხის გადასაწყვეტად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ს.გ.-მ მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანების გაუქმებაზე, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ს. გ.-ი ჩარიცხულ იქნა შსს კადრების განკარგულებაში მისი შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან ს.გ.-ს აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია და შესაბამისად, სასამართლოსაც არ ჰქონდა უფლება, მასზე ემსჯელა. ასევე მოითხოვა, არ დაკმაყოფილებულიყო აპელანტ ს.გ.-ის სააპელაციო საჩივარი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და ბიულეტენზე 10 თვეზე მეტი ვადით ყოფნის გამო. ს.გ.-მ საქმის სააპელაციო პალატაში განხილვისას შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდური დროის ანაზღაურების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს.გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანება ს.გ.-ის დათხოვნის ნაწილში და აღდგენილ იქნა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, «გ.-ის» დაცვის განყოფილების პოლიციელის თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის გასაჩივრებული ¹53 ბ/შ ბრძანება წარმოადგენდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც ს.გ.-ს ჩაბარდა 2002წ. 28 იანვარს, რომლის გაუქმების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2002წ. 11 თებერვალს და მიიჩნია, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს.გ.-ის გათავისუფლებისას დარღვეული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა წერილობით გაფრთხილების თაობაზე თანამდებობის შემცირებისას 1 თვით ადრე და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ 2 კვირით ადრე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ს. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
ს.გ.-ი განთავისუფლებულ იქნა «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 65-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად შტატების შემცირების მოტივით. ს.გ.-ის მიერ სასამართლოში სარჩელის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა დარღვეული იყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული შკკ-ს 204-ე მუხლი, ვინაიდან ს. გ.-ს სასამართლოსათვის უნდა მიემართა ბრძანების გამოცემიდან (2001წ. 28 სექტემბერი) ერთი თვის ვადაში, მან კი სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2002წ. 11 თებერვალს.
სასამართლომ იმსჯელა ადმინისტრაციულ აქტზე და ჩათვალა, რომ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო კი არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით და არა შრომის კანონთა კოდექსით. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულება და გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, რაც არ წარმოადგენს სათანადო კანონს, რითაც დარეგულირებული იქნება ს.გ.-ის შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შემდგომი სამსახურებრივი მოწყობის საკითხი.
ს. გ.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მოსარჩელე ს.გ.-ი ითხოვდა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანების გაუქმებას და სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შსს დაცვის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანება მიღებულია საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტიის 1999წ. 9 თებერვლის ¹50 დებულებისა და საქართველოს შს მინისტრის 1997წ. 21 მარტის ¹147 ბრძანების საფუძველზე, რომლებიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენენ და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
გასაჩივრებული ¹53 ბ/შ ბრძანება ეხება მოსარჩელე ს. გ.-ის სამსახურიდან დათხოვნას და ამდენად, იგი მოსარჩელესა და დეპარტამენტს შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება საჯარო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მისგან წარმოშობილი დავები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» აქტით გათვალისწინებულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანება მიიჩნია ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად, მასზე გაავრცელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას და განმარტა, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების 1 თვიანი ვადა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი 6 თვიანი ვადა გასულია არ არის ვინაიდან, ს.გ.-ს გასაჩივრებული ბრძანება ჩაბარდა 2002წ. 22 იანვარს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის 2001წ. ნოემბერში უკვე ცნობილი იყო მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან მის მიერ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილი ბოლო საავადმყოფო ფურცელი გაცემულია 2001წ. 14 ნოემბერს, რომელიც, მისივე განმარტებით, იმავე თვეში წარადგინა დეპარტამენტში, სადაც მას განუმარტეს რომ დათხოვნილი იყო სამსახურიდან. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო შტატების შემცირების მოტივით მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 13 ივლისის ¹40 ბ/შ ბრძანება, ვინაიდან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდა 2001წ. 12 ივლისამდე («საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის» დებულების 69 პუნქტის შესაბამისად). მიუხედავად აღნიშნულისა მას სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2001წ. 28 სექტემბრის ¹53 ბ/შ ბრძანება ს.გ.-ის დათხოვნის შესახებ, იგი აღადგინა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში «გ.-ის» დაცვის განყოფილების პოლიციელის თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც ს.გ.-ი დაკავებული თანამდებობიდან (გ.-ის განყოფილების დაცვის პოლიციელის) შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლდა და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს 2001წ. 13 ივლისის ¹40 ბ/შ ბრძანებით, რომელიც გასაჩივრებული არ ყოფილა, ხოლო გასაჩივრებული ¹53 ბ/შ ბრძანება ეხებოდა ს.გ.-ის შსს კადრების განკარგულებიდან განთავისუფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ.-მ გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შსს დაცვის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ს. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.