3გ-ად-468-კ-02 10 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაქვეითებით გამოყენების ნაწილში საქართველოს შს მინისტრის ბრძანების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა, განაცდური ხელფასის თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შს მინისტრის 28.06.01წ. ¹9/7-721 დირექტიული მითითებით შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა 01.07.01წ. მდგომარეობით დაქვემდებარებულ დანაყოფებზე რიცხული ტაბელური იარაღის, ტყვია-წამლის, საინჟინრო, ქიმიური და თავდაცვის საშუალებების სრული ინვენტარიზაციის ჩატარება. აღნიშნული დირექტივის შესაბამისად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.01წ. ¹129 ბრძანებით ი.თ.-ე დაინიშნა საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარედ. ი.თ.-ის ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის თარიღი დაემთხვა მისი კუთვნილ შვებულებაში გასვლის თარიღს. შვებულებიდან გამოსვლის, ე.ი. 22.09.01წ. შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებიდან წარმოდგენილი მასალების შედარების შედეგად, 22.10.01წ. შედგენილ იქნა აქტი, რომელსაც წევრებთან ერთად ხელი მოაწერა კომისიის თავმჯდომარე ი.თ.-ემ, აქტი დამტკიცდა დეპარტამენტის თავმჯდომარის – თ.თ.-ს მიერ.
შს მინისტრის 22.01.02წ. ¹120 ბრძანებით, შს მინისტრის 28.06.01წ. ¹9/7-721 დირექტიული მითითებისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.01 წ. ¹129 ბრძანების მოთხოვნათა უგულვებელყოფისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და დაბალი საშემსრულებლო დისციპლინისათვის, რაც გამოიხატა დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული იარაღების ინვენტარიზაციის ზერელედ და არასრულყოფილად ჩატარებაში და ინვენტარიზაციის მასალების სრულყოფილად შესწავლის გარეშე საბოლოო აქტზე ხელმოწერაში, რამაც განაპირობა დეპარტამენტზე რიცხული 6 ერთეული იარაღის, მათ შორის გ.ხ.-ზე რიცხული «ტანფოლიოს» სისტემის ¹აბ-25840 პისტოლეტის დანაკლისის დამალვა, «პოლიციის შესახებ» კანონის 30-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტისა და შს ორგანოების დისციპლინური წესდების მე-13 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის საფუძველზე ი.თ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაქვეითებით გამოყენებით.
ი.თ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საქართველოს შს ორგანოების დისციპლინური წესდების 27-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობიდან ჩამოქვეითების დისციპლინური სასჯელი, როგორც წესი, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა დისციპლინურმა სასჯელმა ბრალეულზე სათანადო ზემოქმედება ვერ მოახდინა, რაც არ იქნა გათვალისწინებული მისი დასჯის დროს. რეალურად მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და არა ჩამოქვეითება, ვინაიდან ამჟამად იგი არის უმუშევარი. ინვენტარიზაციის ჩატარება დასრულდა 22.10.01წ. და მან, როგორც კომისიის თავმჯდომძარემ, ხელი მოაწერა ინვენტარიზაციის უწყისს იმ ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, რომლებიც წარმოადგინეს სხვადასხვა სტრუქტურებმა, მათ მიერ მოხდა მხოლოდ საბოლოო ციფრების შეჯერება.
მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან თავის გათავისუფლებას უკავშირებს გ.სანაიას მკვლელობას, რასთან დაკავშირებითაც განმარტავდა, რომ ზემოაღნიშნული ტაბელური იარაღით გ.ხ.-ა დაკავებული იქნა 05.12.01წ., ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა 17.08.01წ. ბრძანებით 2001წ. 1 მარტიდან, ამასთანავე, იარაღი მისთვის არავის ჩამოურთმევია. სამსახურიდან გათავისუფლებისას იარაღის ჩამორთმევის შემთხვევაშიც ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან დანაშაული მომხდარი იყო 26.07.01წ. ანუ 26.07.01წ. მდგომარეობით გ.ხ.-ა ითვლებოდა პოლიციის თანამშრომლად და მასზე ირიცხებოდა ტაბელური იარაღი, ხოლო ინვენტარიზაცია 01.07.01წ. მდგომარეობით ჩატარდა. ამდენად, ინვენტარიზაციას არ აქვს რაიმე კავშირი მომხდარ დანაშაულთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა შს მინისტრის 22.01.01წ. ¹20 ბრძანების მე-4 პუნქტის, რომელიც ეხება მის გათავისუფლებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის გადახდა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
23.09.02წ. ი.თ.-ემ განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში პირველი ინსტანციით განხილვისათვის გადასაგზავნად. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.09.02წ. განჩინებით ი.თ.-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა, რომ სზაკ-ს მე-2 მუხლის «გ» და «დ» ქვეპუნქტების თანახმად მინისტრის ბრძანება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, კერძოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, სასკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე განიხილავს საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით. ამდენად, სასკ-ს 26-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. უკანასკნელს საქმის განსჯადობა სასკ-ს 26-ე მუხლის საფუძველზე სადავო არ გაუხდია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილებით ი.თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს შს მინისტრის 22.01.02წ. ¹20 ბრძანების მე-4 პუნქტი ი.თ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაქვეითებით გამოყენების ნაწილში, ი.თ.-ე აღდგენილ იქნა სამუშაოდ საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ან მის თანაბარ თანამდეობაზე, ი.თ.-ის თანხმობით, განაცდური ხელფასის თანხის ანაზღაურებით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარა. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ აღნიშნა, რომ ი.თ.-ე 2001წ. 8 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, მისი შვებულებიდან გამოძახება დაკისრებული მოვალეობის შესასრულებად არ მომხდარა. გ.ხ.-ა 01.07.01წ. მდგომარეობით ჯერ კიდევ ირიცხებოდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და მასზე მიმაგრებული იყო «ტანფოლიოს» სისტემის ¹აბ-25840 ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი. გ.ხ.-ა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 19.10.99წ. ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა, იგი მიმაგრებული იყო შპს «ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის» დაცვაში. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისადმი კომპანიის გენერალური დირექტორის 06.04.01წ. მიმართვის მიხედვით გ.ხ.-ა 2001წ. 1 იანვრიდან არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამო კომპანიის ხელმძღვანელობამ ითხოვა მისი განთავისუფლება 2001წ. 1 მარტიდან. მიმართვაზე სათანადო რეაგირება დროულად არ მომხდარა და მხოლოდ 17.08.01წ. ბრძანებით გ. ხ.-ა დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან 2000წ. 1 მარტიდან. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ გ.ხ.-ას არ ჩამოერთვა მასზე რიცხული იარაღი, რომელიც მას აღმოაჩნდა 05.12.01წ. მისი დაკავებისას. კოლეგიამ აღნიშნა, რომ გათავისუფლების ბრძანების მომენტიდან იარაღის ჩამორთმევა არ გამოიწვევდა რაიმე შედეგს, რადგანაც მკვლელობა 26.07.01წ. იყო მომხდარი. ვინაიდან 01.07.01წ. მდგომარეობით გ.ხ.-ა რეალურად ირიცხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და მასზე ოფიციალურად იყო გაპიროვნებული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს არ ჰქონდა საფუძველი გ.ხ.-აზე რიცხული იარაღი ჩაეთვალა დანაკლისად. კოლეგიამ აღნიშნა, რომ აქტი შედგენილ იქნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებიდან წარმოდგენილი ინვენტარიზაციის მასალების შედარების შედეგად, ხოლო მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაკონკრეტებული თუ რა მექანიზმით უნდა გადაემოწმებინა მას წარმოდგენილი მასალების სისწორე. კოლეგია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ხელს აწერს საინვენტარიზაციო აქტს, არ დასჯილა დისციპლინური წესით. კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს შს ორგანოების დისციპლინური წესდების 27-ე მუხლის მიხედვით თანამდებობიდან ან სპეციალური წოდების ერთ საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სასჯელი, როგორც წესი, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა დისციპლინურმა სასჯელებმა ბრალეულზე სათანადო ზემოქმედება ვერ მოახდინეს. ი.თ.-ე შს ორგანოებში მუშაობის მანძილზე ხასიათდება დადებითად, დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა. ამდენად, ინვენეტარიზაციის აქტზე ხელმოწერით სამსახურებრივი გადაცდომის დადასტურების შემთხვევაშიც, წესდების 27-ე მუხლის თანახმად, მის მიმართ მაინც არ უნდა გამოყენებულიყო დისციპლინური სასჯელის სახე – თანამდებობიდან ჩამოქვეითება. კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ქ.თბილისის პროკურორის 16.09.02წ. დადგენილებით შეწყდა ი.თ.-ის, დ.ჯ.-ისა და სხვათა მიმართ 10.04.02წ. აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კოლეგიამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის შსს დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ადმინისტრაციული ორგანოსა და თვით ი.თ.-ეს შორის სზაკ-ს მე-2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების შედეგად. შს მინისტრის 22.01.02წ. ¹20 ბრძანების მე-4 პუნქტით მოხდა ხსენებული ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად, საქმის გარემოებათა დეტალური შესწავლის, ასევე შინაგან საქმეთა ორგანოებში მოქმედი დისციპლინური წესდების მოთხოვნათა დაცვის გარეშე მოშლა, რის გამო ი.თ.-ე ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შსს წარმომადგენლის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ი.თ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომელსაც უნდა განეხილა სარჩელი. საქმე კანონმდებლობის დარღვევით განხილულ იქნა საოლქო სასამართლოს მიერ, რომელიც არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს, შესაბამისად უკანონოა 28.10.02წ. გადაწყვეტილება. გარდა ამისა, კასატორის აზრით, «პოლიციის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» 73-ე მუხლის თანახმად, პოლიციის მუშაკს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივრონ ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ. ამდენად, პოლიციის მუშაკს, როგორც საჯარო სამართლის სპეციალურ სუბიექტს, უფლება არ აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მის მიმართ გამოტანილი, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის, მათ შორის თანამდებობიდან ჩამოქვეითების თაობაზე ბრძანების გაუქმება, ამ სახის დავები უწყებრივად არ არიან სასამართლოს ქვემდებარე, რის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ი.თ.-ისათვის ცნობილი იყო მისი საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ, მას რაიმე პრეტენზია კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო არ წამოუყენებია. ი.თ.-ემ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ზერელედ, კომისიის დასკვნას ხელი მოაწერა ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის გარეშე, რამაც განაპირობა დეპარტამენტზე რიცხული 6 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის მძიმე დანაშაულში მხილებულ გ.ხ.-აზე რიცხული «ტანფოლიოს» სისტემის პისტოლეტის დანაკლისის დამალვა. ი.თ.-ემ არაჯეროვნად შეასრულა კომისიის თავმჯდომარის დაკისრებული მოვალეობა, ხელქვეითების, ე.ი. კომისიის წევრების მიმართ გამოიჩინა სუსტი კონტროლი, რის გამოც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ინვენტარიზაციის ჩატარებისას ი.თ.-ის შვებულებაში ყოფნა, არ გაითვალისწინა ის, რომ ი.თ.-ემ მოაწერა ხელი ინვენტარიზაციის მასალებს მათი რეალობის გადამოწმების გარეშე, რითაც ჩაიდინა სამსახურებრივი გადაცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 28.10.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, წინააღმდეგობრივია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს. პალატა ეთანხმება კოლეგიის დასკვნას იმის შესახებ, რომ ი.თ.-ე შსს დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა ადმინისტრაციული ორგანოსა და ი.თ.-ეს შორის ადმინისტრაციული გარიგების დადების შედეგად, შს მინისტრის 22.01.02წ. ¹20 ბრძანების მე-4 პუნქტით მოხდა ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად შეწყვეტა. ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობა, თავისი ბუნებით, გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული აქტიდან, არამედ ადმინისტრაციული გარიგებიდან, დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ადმინისტრაციული გარიგებით საჯარო-სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინება* ზ. ფ.-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე). განსახილველი სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვეტილიყო აგრეთვე სასამართლო განსჯადობის საკითხი. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული გარიგებიდან წარმოშობის აღიარება, თავისთავად გამორიცხავდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადობას ამ კატეგორიის საქმეზე, ვინაიდან განსახილველი საქმე არ არის მოცემული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ჩამონათვალით, სასკ-ს მე-5 და სსკ-ს მე-15 მუხლების მიხედვით იგი განეკუთვნება რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კოლეგიამ იქონია მსჯელობა მხოლოდ ერთი ცეცხლსასროლი იარაღის აღურიცხაობის მიზეზებზე მაშინ, როდესაც ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი დარჩა ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ინვენტარიზაციის შედეგად დანარჩენი ცეცხლსასროლი იარაღის აღურიცხაობის მიზეზებზე. ინვენტარიზაციის შედეგად რეალურად უნდა გადამოწმებულიყო დეპარტამენტზე რიცხული და ფაქტიურად სახეზე არსებული შეიარაღება. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ხ.-აზე რიცხული იარაღი ვერ შემოწმდა მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. ამდენად საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობდა გ. ხ.-აზე რიცხული იარაღის დანაკლისად მიჩნევა, ვინაიდან გ. ხ.-ა 01.07.01წ. მდგომარეობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლად ირიცხებოდა და მასზე გაპიროვნებული იყო იარაღი, არის უსაფუძვლო. საოლქო სასამართლოს კოლეგია ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად იარაღის აღურიცხაობაში ი. თ.-ის ბრალის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ აქტი შედგა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებიდან წარმოდგენილი ინვენტარიზაციის მასალების შედარების შედეგად. ამასთანავე, სასამართლო კოლეგიას არ გაურკვევია შსს დპდ დანაყოფებიდან წარმოდგენილი ინვენტარიზაციის მასალების სისწორე, არ დადგენილა თუ რომელმა დანაყოფმა წარმოადგინა მცდარი მონაცემები. სასამართლომ არ გამოითხოვა 22.10.01წ. აქტზე დართული ცნობა _ დასკვნები. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ შეაფასა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანაყოფებიდან წარმოდგენილი ინვენტარიზაციის მასალების ცენტრალური აღრიცხვის მონაცემებთან შედარების სისწორე. საგულისხმოა აგრეთვე, რომ 22.10.01წ. აქტში შს სამინისტროს დაცვის დეპარტამენტზე რიცხული ცეცხლსასროლ იარაღს შორის «ტანფოლიოს» სისტემის პისტოლეტი საერთოდ არ არის ნაჩვენები დეპარტამენტის შეიარაღებაში. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრის სადავო ბრძანებაში საუბარია ი. თ.-ის მიერ ინვენტარიზაციის მასალების სრულყოფილად შესწავლის გარეშე ინვენტარიზაციის აქტზე და 22.10.01წ. შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვის საბოლოო უწყისზე ხელმოწერაზე, კოლეგიამ არ იქონია მსჯელობა უკანასკნელზე და საქმეზე გადაწყვეტილება დაადგინა ამ დოკუმენტის გამოთხოვის და შეფასების გარეშე, მაშინ როდესაც შს მინისტრის 22.01.02წ. ¹20 ბრძანების და 22.01.02წ. შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით სწორედ საბოლოო უწყისში შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები იმის შესახებ, რომ დეპარტამენტზე რიცხული «ტანფილიოს» სისტემის პისტოლეტების რაოდენობა ემთხვევა ინვენტარიზაციის დროს შემოწმებულ პისტოლეტთა რაოდენობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაცია არ ადასტურებს ი. თ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების არამართლზომიერებას. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების 27-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც თანამდებობიდან ჩამოქვეითების გამოყენების შესაძლებლობას. შს მინისტრის 22.01.02წ. ¹20 ბრძანების სადავო ნაწილის უკანონობა არ დასტურდება აგრეთვე სასამართლოს მითითებით იმის შესახებ, რომ ი. თ.-ის მიმართ არზრული სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისის პროკურორის 16.09.02წ. დადგენილებით შეწყვეტილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ი. თ.-ის ქმედებაში განზრახი დანაშაულის _ სამსახურებრივი სიყალბის ნიშნების არარსებობის გამო არ წარმოადგენს შს მინისტრის 22.01.02წ. ბრძანების სადავო ნაწილით დაკისრებული დისციპლინური სასჯელის გაუქმების საფუძველს. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს აგრეთვე ის, რომ შსს დპ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 15.09.02წ. დამტკიცებული შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქციონალური მოვალეობების განაწილებით იარაღის და საბრძოლო მასალების აღრიცხვა არ შეადგენდა ი. თ.-ის სამსახურებრივ მოვალეობას. დეპარტამენტზე რიცხული ტაბელური იარაღის, ტყვია-წამლის, საინჟინრო და თავდაცვის სასუალებების სრული ინვენტარიზაცია შსს მინისტრის 28.06.01წ. ¹9/7-721 დირექტიული მითითებით და შსს დპ დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.01წ. ¹129 ბრძანებით დაევალა შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიას, რომელსაც ი. თ.-ე ხელმძღვანელობდა. უკანასკნელს არ განუცხადებია რაიმე პრეტენზია აღნიშნულის თაობაზე და ხელი მოაწერა 22.10.01წ. აქტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. თ.-ის სარჩელისადმი საერთო სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლის მიხედვით, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. «პოლიციის შესახებ» კანონის 26-ე, საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 73-ე, საქართველოს შს ორგანოების დისციპლინური წესდების 39-ე მუხლებში შს ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში სასამართლო წესით გასაჩივრების უფლების აღნიშვნა არ უარყოფს თანამდებობიდან ჩამოქვეითების შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მთლიანად, მათ შორის დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონსტიტუციის 42-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, 26-ე, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* ix. susg 2002, # 11, admin., gv. 1870-1875.