Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-469-კ-02 26 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 14 მარტს ზ. მ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ იგი 1997წ. 30 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის პროკურატურაში სამი წლის ვადით სტაჟიორად იქნა დანიშნული, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურორის 1998წ. 12 დეკემბრის ბრძანების თანახმად პროკურატურის სისტემიდან დისციპლინის უხეში დარღვევის გამო დაითხოვეს.

მოსარჩელემ სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული ბრძანების მიღების საფუძველი გურიის ოლქის პროკურორის წარდგინება გახდა, რომელიც თავის მხრივ ოზურგეთის რაიონის პროკურორის ახსნა-განმარტებას ეყრდნობოდა. აღნიშნული ახსნა-განმარტებით ოზურგეთის რაიონის პროკურორმა გურიის ოლქის პროკურორს აცნობა, რომ ზ. მ-ეს შვებულება 5 ნოემბრისათვის დაუმთავრდა, მაგრამ სამსახურში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მისი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ” ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვა, რათა შემდგომ პროკურატურის ორგანოებში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცემოდა.

მოსარჩელის მითითებით, სამსახურში გამოუცხადებლობა მისმა ავადმყოფობამ განაპირობა, რასაც მძიმე ოჯახური პირობებიც დაერთო. ამასთან, მას რაიონის პროკურორთან კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა და პირადი განცხადების საფუძველზე შეეცადა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას, მაგრამ მისი მდგომარეობა გათვალისწინებული არ იქნა და იგი პროკურატურის ორგანოებიდან უკანონოდ დაითხოვეს.

მოპასუხე მხარემ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზ. მ-ე პროკურატურის სისტემიდან კანონიერად იქნა დათხოვნილი, რადგან შვებულების დამთავრების შემდეგ იგი სამსახურში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და განმარტა, რომ აღარ სურდა პროკურატურაში მუშაობა. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მოსარჩლეს პროკურატურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდა, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეეძლო, ხოლო ის გარემოება, რომ ზ. მ-ემ გურიის ოლქის პროკურორის მოხსენებითი ბარათის გაუქმების მიზნით რამდენჯერმე მიმართა სასამართლო ორგანოებს, არ იძლეოდა საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალური პროკურორის 1998წ. 12 დეკემბრის ¹517-პ ბრძანება ზ. მ-ის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. ზ. მ-ე დაუყონებლივ იქნა აღდგენილი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ზ. მ-ის პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას დარღვეულ იქნა «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის «დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 1998წ. 3 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე იგი ტუბდისპანსერში ამბოლატორიულად მკურნალობდა, რის გამოც მისი სამსახურში გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზად არ უნდა ჩათვლილიყო.

სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა მოპასუხის მტკიცებას, რომ მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული იქნა.

ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ ზვიად მ-ის მიმართ გამოყენებული იქნა მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება. «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე” ქვეპუნქტი სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს სწორედ რომ პროკურატურიდან დათხოვნას და არა ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ სხვა დისციპლინურ სახდელებს.

კასატორის მითითებით, ზ. მ-ეს არც გენერალურ პროკურატურაში და არც ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში არ წარუდგენია თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა. ასეთი ცნობები, ისიც ამბულატორიული მკურნალობის, მან მხოლოდ სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ წარმოადგინა.

კასატორი თვლის, რომ ზ. მ-ეს პროკურატურიდან დათხოვნის ბრძანების გაუქმების შესახებ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული აქვს, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მას მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით ერთი თვის ვადაში შეეძლო გაესაჩივრებინა სადავო ბრძანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა, რადგან აღნიშნული საქმე მოსარჩელე ზ. მ-ის გათავისუფლების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის 1998წ. 12 დეკემბრის ¹517-პ ბრძანების ბათილობასა და მის სამუშაოზე აღდგენას შეეხებოდა. კერძოდ, დავის საგანს ზ. მ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ გენერალურ პროკურატურას შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების _ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ბ”ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციული გარიგების შესახებ ე.წ. «ორსაფეხურიან თეორიას” იცნობს, კერძოდ, ამ თეორიის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგების დადება ორი სტადიისაგან შედგება: 1. ადმინისტრაციული აქტის მიღება ადმინისტრაციული გარიგების დადების შესახებ და 2. თვით ადმინისტრაციული გარიგების დადება. ამრიგად, ადმინისტრაციული გარიგების დადებისათვის ადმინისტრაციული ორგანო იღებს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც, მართალია, თავისი შინაარსითა და დამახასიათებელი ნიშნებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს ემსგავსება, მაგრამ იგი მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებასთან ერთიანობაში მოიაზრება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების კანონიერების საკითხი, საქმე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციის წესით არ უნდა განხილულიყო და იგი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს არსებითად განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად განხილვისას ფაქტობრივმა სასამართლომ შემდეგი გარემოებები უნდა დაადგინოს:

პირველ რიგში, რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა ზ. მ-ის სარჩელი ხანდაზმული. კერძოდ, სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, უნდა გაარკვიოს, თუ როდის გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის საქართველოს გენერალური პროკურორის 1998წ. 12 დეკემბრის ¹517-პ ბრძანება პროკურატურის სისტემიდან მისი დათხოვნის შესახებ და როდის გაასაჩივრა იგი. საქმის გარემოებების შეფასებისას, რაიონული სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი რაიონული პროკურატურიდან რესპუბლიკურ პროკურატურაში გაგზავნილი წარდგინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. თუ ზემოთ მითითებული გარემოებების შეფასებისას, რაიონული სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ზ. მ-ეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არა აქვს, მაშინ მან უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, იყო თუ არა მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიო, კერძოდ, ჩაითვლება თუ არა პირის ამბოლატორიულ მკურნალობაზე ყოფნის ფაქტი სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს «პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის «დ" ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობაზე სტაჟიორის მიმართ და ასევე 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე" ქვეპუნქტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.