Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-470-კ-02 3 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო გაცხადებით მიმართა სს «რ.” მოპასუხეების: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 17 აგვისტოს ¹110 ბრძანების ბათილად ცნობა. საქმეში მესამე პირად დასახელებული იქნა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001წ. 17 მარტის ¹24 ბრძანების თანახმად, ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ სს «რ.” ჩატარდა შემოწმება ფასების დაწესებისა და გამოყენების სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი აქტის (20 ივნისი 2001 წელი) საფუძველზე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 17 აგვისატოს ¹110 ბრძამებით სს «რ.” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1.638.474 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა არაკანონიერად შემდეგ გარემოებათა გამო:

1998 წელს სს «რ.” მიერ მოსახლეობაზე და ორგანიზაციებზე რეალიზებული იქნა 9233,2 მ3 ბუნებრივი აირი. რეალიზაციიდან და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 646542 ლარი. აღნიშნული შემოსავლიდან ფასების სახელმწიფო ისნსპექციამ უკანონოდ ჩათვალა 175203 ლარი (ჯარიმის თანხის გათვალისწინებით 350406 ლარი). იმის გამო, რომ ხსენებულ პერიოდში მოქმედი ტარიფები (117,4 , 125 ლ, 150ლ, 175 ლ) არ იყო დარგობრივი სამინისტროს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სანქციას არ ეთანხმებოდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 1998 წელი საზოგადოებამ დაასრულა ზარალით, საბალანსო ზარალმა შეადგინა 251193 ლარი. აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას ბუნებრივი აირის მომხმარებლებისათვის ზარალი არ მიუყენებია.

2. აქტის თანახმად 1999წ. შემოსავლიდან244120 ლარი (საჯარიმო თანხის გათვალისწინებით 488240) უკანონოდ ჩაითვალა იმის გამო, რომ მოქმედი ტარიფი (246 ლარი) არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. მოსარჩელე განმარტავდა, რომ ბუნებრივი აირის რეალიზაციის ტარიფი (246 ლარი) შეთანხმებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან და გადაეცა სს «რ.” სახელმძღვანელოდ. რაც შეეხება მის რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროში, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ რეგისტრაცია მას არ ევალებოდა. ეს უნდა განეხორციელებინა ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოს. რაც შეეხება აირის ტრანსპორტირების ტარიფს _ 1999წ. 14 მაისიდან ძალაშია კანონი «ელექტროენერგეტიკის მოწყობისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, რომლის თანახმადაც რეგულირებას აწარმოებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი). აღნიშნული მეთოდოლოგია ძალაში შევიდა 1999წ. 16 სექტემბრიდან. მეთოდოლოგიის მიღებამდე სემეკ-ში გაგზავნილ იქნა სს «საქგაზი”-ს გენერალური დირექტორის წერილი ტრანსპორტირების ტარიფის შესახებ. მიღებული პასუხის თანახმად, საზოგადოება უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა სახელშეკრულებო ტარიფით.

3. შემოწმების აქტის შესაბამისად 2000 წელს მიღებული შემოსავლიდან უკანონოდ ჩაითვალა 716912 ლარი (საჯარიმო თანხის გათვალისწინებით), რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა იმის გამო, რომ თანახმად სემეკ-ის მეთოდოლოგიისა, ტარიფების წარდგენა ხდება აპრილში. 2000წ. აპრილის თვეში საზოგადოებამ წარადგინა განაცხადი სემეკ-ში, რომლის საფუძველზეც სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ¹41, რომელიც სავალდებულო ლიცენზიატისთვის შესასრულებლად.

მოპასუხემ – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელწიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და სარჩელის შესაგებელში განმარტა, რომ ბუნმებრივ აირზე ტარიფები იყო და დღესაც არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი და მეწარმეს არ აქვს უფლება თვითონ არეგულიროს ბუნებრივი აირის ფასი. 1998 წელს საქართველოში ბუნებრივ აირზე ტარიფებს არეგულირებდა ეკონომიკის სამინისტრო. სავალდებულო იყო ტარიფის შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის შემდეგაც მას ნორმატიულ აქტის სახით რეგისტრაცია უნდა გაევლო იუსტიციის სამინისტროში, ასეთი ტარიფი კანონიერ ძალას შეიძენდა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

1999 წელს სს «რ.”-ს მიერ რეალიზებულ ბუნებრივ აირზე გამოყენებული იყო 246 ლარიანი ტარიფი. ეკონომიკის სამინისტროს 1998წ. 09 სექტემბრის ¹55 ბრძანებით დამტკიცებული იქნა დებულება «სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის” შესახებ, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ტარიფებს ამტკიცებს შესაბამისი სამინისტრო (უწყება) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ტარიფი ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება და ძალაში შედის სამინისტროს, უწყების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დებულების ნორმების დარღვევით მიღებული ტარიფის გამოყენებით მიღებული მთელი შემოსავალი არის უკანონო.

მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მოსარჩელე არასწორად ეყრდნობოდა სემეკ-ის წერილს, ვინაიდან სს «ს.” ან სემეკ-ის წერილით არ რეგულირდება ბუნებრივი აირის ტრენსპორტირების ტარიფი «ელექტროენერგეტიკის მოწყობისა და ბიუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბუნებრივი აირის ტარიფი მტკიცდება სემეკ-ის დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ბუნებრივი აირის განაწილების ტარიფი დადგენილი უნდა იყოს სემეკ-ის გადაწყვეტიებით და არა დადგენილებით. ვინაიდან ბუნებრივი აირის განაწილების ტარიფზე ვრცელდება სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ფასი და შესაბამისად ტარიფი დადგენილი უნდა იყოს სემეკ-ის ნორმატიული აქტით ე.ი. დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით.

მეორე მოპასუხემ _ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ იმავე საფუძვლებზე მითითებით არ ცნო სარჩელი.

მესამე პირმა _ სემეკ-მა მხარი დაუჭირა მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტა: «ელექტროენერგეტიკის მოწყობისა და ბინებრივი გაზის” შესახებ კანონის გარდა, ასევე სავალდებულოა «ნორმატიული აქტის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვა, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გამოიცა ზოგადი ნორმატიული აქტის შესაბამისად და მის შესასრულებლად. მის ბათილობაზე შეიძლება მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება ნორმატიულ აქტს. მოპასუხემ ვერ დაასახელა ის ნორმატიული აქტი, რომელსაც ეწინააღმდეგება სემეკ-ის ¹41 გადაწყვეტილება. ამდენად, სემეკ-ი უფლებამოსილია ცალკეულ ინდივიდუალურ, საკითხებზე საჯარო განხილვის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება და ეს შეეხება მხოლოდ ორ სუბიექტს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს გავრცელდება რუსთავის მოსახლეობაზე. «ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მეორე პინქტის შესაბამისად, სემეკ-ი უფლებამოსილი იყო მოწოდების ტარიფი დაედგინა გადაწყვეტილებით და მას არ სჭირდებოდა რეგისტრაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს «რ.” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტიება სს «რ.” საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი თავის სარჩელში მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ სს «რ.” ჩატარებული შემოწმების შემდეგ, შემმოწმებლების მხრიდან წარმოდგენილი იქნა აქტი ბიუჯეტის სასარგებლოდ 1638474 ლარის გადახდის თაობაზე. საქმის არსებითად გადაწყვეტამდე მოპასუხემ აღიარა 82914 ლარის არასწორად დარიცხვა და წარმოადგინა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2002წ. 10 სექტემბრის ¹01101-01/130 ბრძანება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ამავე სამინისტროს 2001წ. 17 აგვისტოს ¹110 ბრძანებაში და სს «რ.” დარიცხულმა საჯარიმო თანხამ შეადგინა 1555557 ლარი.

სახელმწიფო რეგულირებადი ფასების ნუსხა ეკონომიკის სამინისტრომ დაამტკიცა მის მიერ 1998წ. 9 სექტემბერს მიღებული ნორმატიული აქტით. იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული ნორმატიული აქტი რეგისტრაციაში გატარდა 1998წ. 15 სექტემბერს, შესაბამისად მას იურდიული ძალა მიენიჭა მისი რეგისტრაციის შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 1998წ. 15 სექტემბრამდე არ არსებობდა სახელმწიფო რეგულირებადი ფასების ნუსხა «რ.” ე.წ. დაუმტკიცებელი ტარიფების შედარება «კანონიერ” ტარიფთან (108 ლარი) უნდა გამხორციელებულიყო 1998წ. 15 სექტემბრიდან და არა მთელიწ. პერიოდში, როგორც ეს შემმოწმებლების მხრიდან იქნა გათვლილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1998წ. 15 სექტემბრიდან ბ/ აირის რეალიზაციიდან მიღებულ ფაქტიურ შემოსავალს არ იქნა გამოკლებული ის თანხა, რომელიც გადარიცხული იყო სს «ს.” ბუნებრივი აირის შესასყიდი ღირებულების სახით.

აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით, «რ.” მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მტკიცებულებები თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და შეფასებული, რაც კასატორს მიაჩნია არაკანონიერად.

შემოწმების აქტის თანახმად, 1999წ. 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა უკანონოდ, რასაც კასატორი არ ეთანხმებოდა შემდეგი მოტივით:

თანახმად ეკონომიკის სამინისტროს 1998წ. 9 სექტემბრის ¹55 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა, სახელმწიფო რეგულირებად ფასს ამტკიცებს შესაბამისი სამინისტროს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, რომელიც ძალაში შედის სამინისტროს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. «რ.” სასამართლოს წარუდგინა შეთანხმება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რასაც აღიარებს საოლქო სასამართლო, მაგერამ არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ უნდა მომხდარიყო შესაბამისი გადაანგარიშება უკანონოდ ჩათვლილი შემოსავლებისა 1999წ. იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, რა რიცხვითაცაა დათარიღებული მათ მიერ ქ. რუსთავის მერიაში დასამტკიცებლად გაგზავნილი ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ფასის (ტარიფის) განსაზღვრის კალკულაცია.

«რ.”, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე შეპასუხებასა და სასამართლოსათვის წარდგენილ მოსაზრებაში დავის საგნად მიუთითებდა როგორც რეალიზაციიდან, ასევე ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავლის კანონიერებას.

ტრანსპორტირების ტარიფის არაკანონიერების შესახებ შემმოწმებლის მოტივაცია შემდეგია:

«1999 წელს სს «რ.” მიერ დამტკიცებული ტრანსპორტირების ტარიფი მერყეობს 1 ლარიდან 48 ლარამდე. აღნიშნული ტარიფი «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 1999წ. 14 მაისიდან დამტკიცებული უნდა ყოფილიყო დარგობლივი სამინისროს ბრძანებით და შეთანხმენული ეკონომიის სამინისტროსთან, ხოლო აღნიშნულ კანონში ცვლილებების თანახმად, 1999წ. 14 მაისიდან ბ/აირზე ტარიფი უნდა დამტკიცებულიყო სემეკ-ის დადგენილებით, რაც არ განხორციელდა:.

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება არ იყო რეგულირებადი სახელმწიფოს მიერ არანაირი ნორმატიული აქტით. იგი რეგულირდება სემეკ-ის 1999წ. 8 სექტემბრის ¹6 დადგენილებით _ «ბუნებრივი ტარიფების დადგენის წესებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი შემმოწმებლის მხრიდან არ უნდა ჩათვლილიყო უკანონოდ, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს აფუძნებდა იმავე გარემოებებს რასაც სასარჩელო მოთხოვნას.

2003წ. 19 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგენილ იქნა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლის საფუზველზეც კასატორმა სცნო ბიუჯეტის სასარგებლოდ 118518 ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა ¹110 ბრძანების ბათილად ცნობა იმ მოტივით, სს «რ.” მიერ წარდგენილი ცხრილები არასწორია, ისინი არ ასახავენ განცალკავებულად იმ კონკრეტულ პერიოდისა და ცალკეული დარღვევების მიხედვით ფაქტობრივად შემოსული თანხების ოდენობას და მოცემულია შეცდომით.

ამასთან, როგორც საგადასახადო ორგანოებიდან წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, «რ.” მიერ ფაქტიურად მიუღებელია და ამოღებულია სადავო თანხები.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაქუმება და გასაჩივრებული ბრძანების 1437039 ლარის «რ.” დაკისრების ნაწილში ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იქნა ეკონონმიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის შეპასუხება, რომლის შესაბამისადაც მოწინააღმდეგე მხარემ ფაქტობრივად სცნო საკასაციო საჩივარი და მიუთითა, რომ ს/ს «რ.” მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს «რ.” ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამოღებას ექვემდებარება მხოლოდ 118518 ლარი. აღნიშნული პოზოცია დადასტურებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარ სხდომაზეც.

მითითებულ მოსაზრებას დაეთანხმა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელიც.

მესამე პირის სემეკ-ის წარმომადგენელი გასაჩივრებულ ბრძანებას მიიჩნევდა უკანონოდ და საოლქო სასამართლოს მსგავსად საკასაციო სასამართლოშიც მხარს უჭერდა სს «რ.” პოზიციას. ამასთან, მესამე პირი თავის მოსაზრებას აფუძნებდა იმავე გარემოებას, რასაც საოლქო სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძველებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2001წ. მეორე კვარტალში ს.ს «რ.” ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის მიზნით ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭორბის სამინისტროს მიერ 2001წ. 17 აგვისტოს მიღებილი იქნა ბრძანება ¹110, რომლის შესაბამისადაც სს «რ.” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1638474 ლარის გადახდა.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2002წ. 20 სექტემბრის ¹01101-01/130 ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი ამავე სამინისტროს 2001წ. 17 აგვისტოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში და საბოლოოდ სს «რ.” დარიცხულმა საჯარიმო თანხამ შეადგინა 1555557 ლარი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დაბულებანი.

სსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მითითებული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს სს «რ.” ბიუჯეტის სასრგებლოდ 118518 ლარის დაკისრების სისწორეს და მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ზემოაღნიშნული თანხის ნაწილში სწორია და არ არსებობს ბრძანების მითითებულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება ბრძანების ბათილობას დარჩენილი 1437039 ლარის ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგნილი იქნა მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება, რომლის საფუძველზეც მხარემ სცნო სს «რ.” მოთხოვნის სისწორე და დაადასტურა ამ უკანასკნელის მხრიდან მხოლოდ 118518 ლარის საჯარიმო სანქციის ამოღების მართებულობა. მითითებული პოზიცია დადასტურებული იქნა სასამართლო პროცესზეც, აღნიშნულს დაეთანხმა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელიც. ამდენად, ფაქტობრივად სახეზეა მოპასუხის მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ ცნობის ფაქტი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაცილ ორგანოს.

«ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლს (ფასების კონტროლს) ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, მასთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე კი მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე, იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლების პრინციპიდან გამომდინარე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭორობის სამინისტრო და მასთან არსებული სახელმწიფო ინსპექცია უფლებამოსილი არიან შეიტანონ ცვლილებები მათ მიერვე მიღებულ აქტებში.

ამასთან, საჯარიმო თანხების გამოთვლასა და გადაანგარიშებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფასების სახელმწიფო ინსპექციას, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილია, საფუძვლად სცნოს მათი განმარტება ხელახალი გადაანგარიშების სისწორის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციისა და ეკონომნიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან სარჩელის ცნობა არ სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს და აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,რ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. სს ,,რ.” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. ბათილად იქნას ცნობილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 17 აგვისტოს ბრძანება ¹110 1437039 ლარის დარიცხვის ნაწილში, ხოლო 118518 ლარის, მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.