Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-472-კ-02 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ქ. ქუთაისის მერიის ¹635 ბრძანებისა და 1999წ. 3 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე მ. მ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის და ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და პროექტის გაუქმება, ხელშეკრულების, მიწათსარგებლობისა და ტოპოგრაფიული გეგმების კანონიერად ცნობა, გრუნტის გატანა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელე მ. მ-მა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი დააზუსტეს და ვინაიდან ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ თავად შეცვალა 2000წ. 10 მაისის ესკიზური გეგმა 2001წ. 29 იანვრის ახალი ესკიზური გეგმით, მოითხოვეს ამ უკანასკნელი გეგმის უკანონოდ ცნობა და გაუქმება, ხოლო სხვა სასარჩელო მოთხოვნები უცვლელად დატოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი და გაუქმდა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის კეთილმოწყობის მიზნით საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტზე გაცემული 2001წ. 29 იანვრის ესკიზური გეგმა. ამავე გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მოსარჩელე მ. მ-ს შორის დადებული 1999წ. 3 სექტემბრის ხელშეკრულება 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, მ. მ-ზე გაცემული მიწათსარგებლობისა და ტოპოგრაფიული გეგმები. აქვე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტს სადავო ტერიტორიაზე შეტანილი გრუნტის გატანა თავისივე ხარჯით დაევალა.

ქუთაისის მერიამ 2001წ. 2 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული საქმის განხილვისას საქმეში არ იყო ჩაბმული ის ადმინისტრაციული ორგანო _ მოცემულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერია, რომლის მიერაც სადავო საკითხებზე გამოცემული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განხორციელებული იყო იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი იმავე სასამართლოს 2001წ. 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

2001წ. 7 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შემდეგ, 2001წ. 2 აგვისტოს, მ-მა დამატებითი სასარჩელო განცხადება წარადგნა სასამართლოში, ხოლო 2001წ. 10 სექტემბერს კიდევ დააზუსტა სარჩელი, რომლითაც ქუთაისის მერიის სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ქუთაისის მერიის 1998წ. 7 დეკემბრის ¹635 და 1999წ. 31 აგვისტოს ¹28 ბრძანებულებების კანონიერად მიჩნევა, მ. მ-ის კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 22 დეკემბერს ჩატარებული აუქციონისა და მ. მ-ის მიერ ქუთაისში, ... ქუჩების გადაკვეთასთან არსებული 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ჩრდილოეთით მდებარე 2000 კვ.მ მიწის ფართის შეძენის ფაქტის კანონიერად ცნობა, 1999წ. სექტემბერს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მ-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გაცემული მიწათსარგებლობის და ტოპოგრაფიული გეგმების კანონიერად ცნობა, ქუთაისის მერიის 2001წ. 24 ივლისის ¹375 მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სხვა განკარგულებების ბათილად ცნობა და გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელე აქვე ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ესკიზების, სახელმწიფო არქიტექტურისა და სამშენებლო ინსპექციის 2001წ. 24 აგვისტოს ¹გას/141 დოკუმენტის ბათილად გამოცხადებას და ქუთაისის მერიისათვის მასთან შეთანხმების გარეშე მისი კუთვნილი ტერიტორიის ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაწყვეტილების მიღების აკრძალვას, მისთვის მშენებლობაზე უფლების მიცემას, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის დავალდებულებას გრუნტის გატანაზე და გრუნტის შემოტანით მ. მ-ზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა.

2001წ. 14 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. მ-ის საქმე ქუთაისის მერიის სარჩელთან გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 22 დეკემბერს ჩატარებული აუქციონი და მ. მ-ის მიერ მიწის ფართის შეძენის ფაქტი, 1999წ. 3 სექტემბერს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მ. მ-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, გაცემული ტოპოგრაფიული გეგმები. ქუთაისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 29 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად შპს «ბ-ი” ჩააბა, რომელმაც სასარჩელო განცხადება წარადგინა სასამართლოში.

შპს «ბ-ი” თავის მოთხოვნას შემდეგ არგუმენტებზე ამყარებდა: 1993წ. 27 იანვარს ქ. ქუთაისის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა შპს «ბ-ის” თხოვნა ... და ... გადაკვეთაზე, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო ტერიტორია, რომლის ზუსტი საზღვრები და ფართი პროექტის ტექნიკურ სტადიაზე დამუშავების დროს უნდა განსაზღვრულიყო. 1998წ. 7 დეკემბრის ¹633 ბრძანებით ქალაქის მერიამ იმავე ტერიტორიაზე აუქციონი ისე გამოაცხადა, რომ ზემოთმითითებული მშენებლობის განკარგულება არ გაუუქმებია.

შპს «ბ-ის» მოსაზრებით, ქუთაისის მერიის ბრძანებულება გამოცემულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ, რადგან «ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი მიწა უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა შპს «ბ-ს". აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1998წ. 28 ოქტომბერს, ხოლო მერიამ ბრძანება 7 დეკემბერს გამოსცა, რაც ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, შპს «ბ-მა» აუქციონის შედეგების, 1999წ. 3 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტზე გაცემული 2001წ. 29 ივნისის ესკიზური გეგმის ბათილობაც მოითხოვა.

მ. მ-ი და ქუთაისის მერია არ დაეთანხმნენ შპს «ბ-ის" სარჩელს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 26 აგვისტოს ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 22 დეკემბერს ჩატარებული აუქციონი, მ. მ-ის მიერ ქუთაისში ... და ... ქუჩის გადაკვეთასთან არსებული 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთით მდებარე 2000 კვ.მ მიწის ფართის შეძენის ფაქტი, 1999წ. 3 სექტემბერს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და მ. მ-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გაცემული ტოპოგრაფიული გეგმები. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის 2001წ. 24 ივლისის ¹375 განკარგულება, ქუთაისის არქიტექტურული და ქალამშენებლობის სამმართველოს მიერ გამოცემული ესკიზები, სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო ინსპექციის 2001წ. 24 აგვისტოს ¹გას/141 დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის ბათილად გამოცხადების შესახებ. კანონიერად იქნა ცნობილი ... და ... ქუჩის გადაკვეთასთან არსებული 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთით მდებარე 2000 კვ.მ მიწის ფართზე მშენებლობის პროექტი, მასზე გაცემული დასკვნები და მ. მ-ს ნება დაერთო მშენებლობის წარმოებაზე. აქვე დადგენილ იქნა, რომ სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტს თავის ტერიტორიაზე შეტანილი გრუნტის გატანა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო, ხოლო რაც შეეხება მ-ის მოთხოვნას სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიამ ამავე გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილდა ქუთაისის მერიის სარჩელი, შპს «ბ-ის" სარჩელს კი უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება შპს «ბ-მა" საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ის ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მისი სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან მასა და ქუთაისის მერიას შორის ურთიერთობა წარმოიშვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლამდე და მასზე აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა გავრცელებულიყო. მეტიც, მან თავისი დარღვეული უფლების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სასამართლომ იგი საქმეში მესამე პირად ჩააბა. ამდენად, კასატორის თქმით, მას ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ აქვს.

შპს «ბ-ი» აქვე დაამატებს, რომ უკანონო იყო ქუთაისის მერიის ¹635 ბრძანება, რადგან იგი ეხებოდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც უკვე გამგეობის 1993წ. 27 იანვრის განკარგულებით შპს «ბ-ს" სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული და ეს უკანასკნელი აქტი არ გაუქმებულა. ამდენად, შპს «ბ-მა" მერიის ¹635 ბრძანებისა და, შესაბამისად, 1999წ. 3 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მიღებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს «ბ-ის" საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს «ბ-ის" მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქუთაისის მერიის ¹635 ბრძანებას და მის შესაბამისად, 1999წ. 3 სექტემბერს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა, ამდენად, იგი საკასაციო პალატის განსჯადი ვერ გახდება.

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მხარეს კი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის მერიამ 1998წ. 7 დეკემბერს გამოსცა ¹635 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა აუქციონი ქ. ქუთაისში, ... 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთით არსებულ ნაკვეთზე მრავალპროფილიანი სამოქალაქო ტიპის ნაგებობის მშენებლობისათვის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად. ამავე ბრძანებით აუქციონის მოწყობა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა.

1998წ. 22 დეკემბერს ჩატარებულ აუქციონში მოქალაქე მ. მ-მა გაიმარჯვა. 1999წ. 3 სექტემბერს კი, აუქციონის შედეგების შესაბამისად, მიწის მართვის სამმართველოსა და მ. მ-ს შორის მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ... გამზირზე 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი მ. მ-ს საკუთრებაში გადაეცა მრავალპროფილიანი სამოქალაქო ნაგებობის მშენებლობისათვის.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

აღნიშულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, «სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიეყიდებათ მიწის სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვით ამ კანონის მიერ დადგენილი ფასით. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში)». საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, რომ რაიონის, ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგებლობაში) წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მიწის სამართლებრივი რეჟიმით განსაზღვრული სახელმწიფო სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი დადგენილია, რომ სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული აუქციონი, ქუთაისის მერიის ¹635 ბრძანება და შესაბამისად გაფორმებული 1999წ. 3 სექტემბრის მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. დაცულ იქნა ასევე სკ-ს იმპერატიულად დადგენილი უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვის ნოტარიულად დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პირობაც, მაშინ, როცა კასატორს სადავო მიწის ფართი სარგებლობაში სსრ მიწის კოდექსით დადგენილი წესით არ ჰქონია გადაცემული. კერძოდ, მიწის კოდექსი ითვალისწინებდა, რომ პირისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა მანამ იყო აკრძალული, სანამ სათანადო მიწათმომწყობი ორგანოები ამ ნაკვეთის საზღვრებს ადგილზე დაადგენდნენ და გასცემდნენ შესაბამისი მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოცუმენტს (მუხლი 18). ამავე კოდექსის მე-20 მუხლი კი ადგენდა, რომ დროებით სარგებლობის უფლების დადასტურება მიწით დროებითი სარგებლობის უფლების შესახებ აქტით ხორციელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მოთხოვნები შპს «ბ-ის" მიერ დაცული არ ყოფილა, მისთვის არ ყოფილა გადაცემული შესაბამისი მიწათსარგებლობის აქტი. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს «ბ-ს» სადავო მიწის ნაკვეთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენელობისათვის ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ კასატორს მითითებული უფლება დღემდე არ გამოუყენებია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შპს «ბ-ის» მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე და კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ს პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო (ადმინისტრაციული) საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, მტკიცება იმისა, რომ მის საქმეზე ადმინისტარციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელდეს, უსაფუძვლოა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.