Facebook Twitter

3გ-ად-473-კ-02 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახაზინო საწარმო, ქ.-ს დირექტორის – ნ.უ.-ის 1999წ. 29 ოქტომბრის ¹17 ბრძანებით, 1999წ. პირველი ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა მთავარ ბუღალტერს – თ. მ.-ეს.

სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანებით “ქ.-ს” ბაზაზე დაფუძნდა შპს “ქ.-ო”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალის 100%-ის მესაკუთრე არის სახელმწიფო, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სახით. საწარმო მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს. იგი აღიარებულია ქ.-ს სამართალმემკვიდრედ და მის დირექტორად დანიშნულია ნ.ჩ.-ე. შპს “ქ.-ო”, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, 2001წ. 12 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრირებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2002წ. 20 მარტს თ.მ.-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანების გაუქმება შპს “ქ.-ის” ბიუროს დირექტორად ნ.ჩ.-ის დანიშვნის ნაწილში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ¹285 ბრძანების შესახებ მან 2002წ. 4 მარტამდე არაფერი იცოდა და კვლავ აგრძელებდა დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. 2002წ. 18 იანვარს მის მიერ სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში შპს “კ.-ის” მიმართ და სწორედ აღნიშნული საქმის სასამართლოში განხილვისას, 2002წ. 4 მარტს შეიტყო სადავო ბრძანების არსებობის შესახებ, ამასთან იგი არ გაცნობია მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დარღველია შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 423-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები, 34 მუხლის მე-2 პუნქტი, 421 მუხლის მე-2 პუნქტი, 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები.

მოპასუხემ და მესამე პირმა არ ცნეს თ.მ.-ის სარჩელი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით თ.მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით თ.მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 29 ოქტომბრის ¹17 ბრძანებით თ.მ.-ს ერთი თვის ვადით დაევალა “ქ.-ს” დირექტორის მოვალეობის შესრულება. თ.მ.-ე აღნიშნულ მოვალეობას ფაქტობრივად 2000წ. 6 სექტემბრამდე ასრულებდა. ამ დღეს გაიმართა “ქ.-ს” თანამშრომელთა საერთო კრება, რომელმაც ერთი წლის ვადით დირექტორად აირჩია ნ.ჩ.-ე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ “ქ.-ო” წარმოადგენდა სახაზინო საწარმოს და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანებით, მის ბაზაზე დაფუნდა შპს “ქ.-ის” ბიურო, რომელიც საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის დადგენილებით გატარდა სამეწარმეო რეესტრში. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვინაიდან შპს დამფუძნებელია სახელმწიფო, ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სახით, 100%-იანი წილით, სამმართველოს სრული უფლება ჰქონდა, როგორც მესაკუთრეს, თავისი შეხედულებით შპს-ს დირექტორად დაენიშნა ნებისმიერი პირი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ.მ.-ის განმარტება, რომ შპს არის სახაზინო საწარმოს სამართალმემკვიდრე და თავად ითვლება მის დირექტორად. სასამართლომ მიუთითა, რომ თ.მ.-ე მხოლოდ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დანიშნოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ არის ვალდებული დირეტორად დანიშნოს ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელი პირი.

2. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ბრძანება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლითაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ – სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ადმინისტრაციული გარიგება – შრომის ხელშეკრულება დადო ნ.ჩ.-ესთან და დანიშნა იგი დირექტორად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ.მ.-ის მოსაზრება შკკ-ს 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით მისი გათავისუფლებისა და დირექტორად ნ.ჩ.-ის დანიშვნის შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებით გაუქმდა 1999წ. 29 ოქტომბრის ბრძანება, რომლითაც თ.მ.-ეს დირექტორის მოვალეობის შესრულება ჰქონდა დავალებული. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თ.მ.-ის არგუმენტი, ვინაიდან ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო სახაზინო საწარმოში, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს, სამართალმემკვიდრეზე უფლებამოსილების გადასვლის პრინციპით ის ითვლება დირექტორად. ამასთან, ბრძანებით თ.მ.-ს ერთი თვით დაევალა დირექტორის მოვალეობის შესრულება და ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო პალატის აზრით, ბრძანება ისედაც ძალადაკარგულად ითვლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-ემ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სადავო ბრძანების გაუქმება:

კასატორის აზრით, სადავო ბრძანების მიღებით ხელყოფილია მისი უფლებები. მას არ მიუღია ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ 2 თვით ადრე, რითაც დაირღვა შკკ-ს 422 მუხლი. კასატორს არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ იგი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა 2000წ. 6 სექტემბრამდე. ამ დღეს ბიურომ ერთი წლის ვადით დირექტორად აირჩია ნ.ჩ.-ე, მაგრამ ის ბრძანებით დანიშნული არ ყოფილა, რის გამოც კოლექტივის მიერ 2001წ. 22 იანვარს გადარჩეული იქნა და დირექტორის მოვალეობას კვლავ იგი (თ.მ.-ე) ასრულებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.მ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი თ.მ.-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანების გაუქმებას შკკ-ს 30-ე, 34-ე, 37-ე, 41-ე, 42-ე, 422, 71-ე, 96-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, რადგან შპს “ქ.-ს” დირექტორად ნ.ჩ.-ის დანიშვნა უკანონოდ მიაჩნდა და თვლიდა, რომ შპს “ქ.-ო” იყო სახაზინო საწარმო “ქ.-ს” სამართალმემკვიდრე, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად იგი იყო დანიშნული 1999წ. 29 ოქტომბრის ¹17 ბრძანებით, იგი კანონით დადგენილი წესით არავის გაუთავისუფლებია და კვლავ აგრძელებს ბიუროს დირექტორის ფუნქციების შესრულებას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ზემოაღნიშნულ ¹285 ბრძანებას კასატორი თ.მ.-ე ნაწილობრივ ასაჩივრებდა შპს “ქ.-ს” დირექტორად ნ.ჩ.-ის დანიშვნის ნაწილში და შესაბამისად დავის საგანია ¹285 ბრძანების მე-4 პუნქტი.

2. სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სადავო ¹285 ბრძანება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა და 65-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია ადმინისტრაციულ გარიგებად და განმარტა, რომ ნ.ჩ.-ის შპს-ს დირექტორად დანიშვნით ადმინისტრაციულმა ორგანომ – სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ ფიზიკურ პირთან – ნ.ჩ.-ესთან დადო ადმინისტრაციული გარიგება – შრომის ხელშეკრულება. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე წამოჭრილ დავად მიიჩნია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 29 ნოემბრის ¹285 ბრძანების პირველი პუნქტით სახაზინო საწარმო “ქ.-ს” ბაზაზე, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე შესაბამისად, შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “ქ.-ო”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალის 100%-ის მესაკუთრეა სახელმწიფო;

ბ) სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ¹285 ბრძანების სადავო მე-4 პუნქტით შპს “ქ.-ს” დირექტორად დაინიშნა ნ. ჩ.-ე (მესამე პირი);

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.6-ე, 44-ე მუხლების, ასევე სკ-ს 24-ე, 29-ე მუხლების თანახმად, არის კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის შექმნის (რეგისტრაციის), საქმიანობისა და მართვის საკითხები რეგულირდება “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში შპს “ქ.-ს” დამფუძნებელი-პარტნიორი საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილით, მართალია, არის სახელმწიფო, ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სახით, მაგრამ სკ-ს 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ (კორპორაციულ) ურთიერთობებში პარტნიორად მონაწილეობს იგივე უფლებებით, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და ამდენად, სახელმწიფოს, როგორც შპს “ქ.-ს” დამფუძნებელი – პარტნიორის უფლება – მოვალეობებიც განსაზღვრულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით;

დ) “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3-ე მუხლის “პ” ქვეპუნქტის მიხედვით დადგენილია, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან შრომის ხელშეკრულების დადება-შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცების შესახებ. ამდენად, დირექტორის დანიშვნა-გამოწვევა და ანგარიშების დამტკიცება პარტნიორთა კრების (პარტნიორის) მნიშვნელოვან კომპეტენციას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ქონების მართვის სამმართველოს სახით, მისთვის ჩვეულ საჯარო უფლებამოსილებას, რაიმე ადმინისტრირებას კი არ ახორციელებს, არამედ მოქმედებს როგორც კორპორაციული ურთიერთობის მონაწილე პარტნიორი, რომლის კომპეტენციაც, როგორც ითქვა, რეგლამენტირებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით;

ე) შპს-ს დირექტორის დანიშვნის შემდეგ, მასთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება. “მეწარმეთა შესახებ” კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს დირექტორის დანიშვნას და მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადებას. დირექტორის დანიშვნა არის საკორპორაციო-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ხდება საზოგადოების მმართველობის ორგანოს შექმნა, ხოლო სასამსახურო ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საზოგადოებასა და დირექტორს შორის. შესაბამისად, სასამსახურო ხელშეკრულების კონტრაჰენტები არიან შპს (თვით საზოგადოება, კერძო სამართლის იურიდიული პირი) და დირექტორი – ფიზიკური პირი. საზოგადოების პარტნიორი სასამსახურო ხელშეკრულებაში მხარედ არ მონაწილეობს, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას სადავო ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ნ.ჩ.-ესთან ადმინისტრაციული გარიგების – შრომითი ხელშეკრულების დადებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, არამედ “მეწარმეთა შესახებ” კანონით წესრიგდება, არც დავის საგანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე წამოჭრილი დავა, ამიტომ სამართლებრივად არ წარმოადგენს იგი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არასწორი განმარტებით, უსწორო შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას და დავის საგანს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განჯადობის დარღვევით მიღებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან სადავოა კორპორაციული ურთიერთობა, სადაც პარტნიორი ადმინისტრაციული ორგანოები ისევე მონაწილეობენ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.